ქართული პრესის მიმოხილვა 15.03.2021

მამუკა არეშიძე - “რუსეთის მიზანია, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა მუდმივად რყევის რეჟიმში იყოს”

გაირკვა რის დათმობას აპირებს “ოცნება” და რას თმობს ოპოზიცია - შეთანხმების სცენარი

გარღვევა “კოვაქსთან” და ჩავარდნა მწარმოებლებთან მოლაპარაკებებში - ვაქცინის პირველი დოზები უკვე თბილისშია

* * *

მამუკა არეშიძე - “რუსეთის მიზანია, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა მუდმივად რყევის რეჟიმში იყოს”

“მოლაპარაკებების პოზიტიურ ფინალს ეჭვის თვალით ვუყურებდი იმ შემთხვევის გარდა, თუ მიშელის გუნდი ისეთ რამეს შესთავაზებდა მხარეებს, განსაკუთრებით ოპოზიციას, რაც მათ ჩიხურ მდგომარეობაში ჩააყენებდა. როგორც ჩანს, ასეთი შეთავაზება მართლაც იყო - დაახლოებით ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებიდან. ვინაიდან ჩვენ ჯერ არ ვიცით საბოლოო შეთანხმების პირობები, მეტის თქმა გამიჭირდება. ფაქტია, რომ დანიელსონმა გასწია უდიდესი სამუშაო. ოპოზიციას აქამდე ჰქონდა დღის წესრიგი, რომელიც ყოველგვარ კომპრომისს გამორიცხავდა. მათი მთავარი პირობა, ფაქტობრივად, ძალაუფლების მათთვის გადაბარება იყო. რაც შეეხება ხელისუფლებას, მიმაჩნია, რომ მას საქმე აქამდე არ უნდა მიეყვანა, მაგრამ მიიყვანა”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “რუსეთის მიზანია, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა მუდმივად რყევის რეჟიმში იყოს” / “დღეს სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირება მიმდინარეობს და ჩვენ მის ეპიცენტრში ვართ, თუმცა ჩვენს პოლიტიკოსებს ამის გაგება არ სურთ”.

“საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან დელიკატურ მდგომარეობაში ჩავიგდეთ თავი. ერთი მხრივ, სირცხვილია, რომ ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვას ვერ ვახერხებთ, ამიტომ ყოველთვის, როცა მხარეებს შორის პოლიტიკური უთანხმოება გაჩნდება, ვიღაც აუცილებლად უნდა ჩამოვიდეს ბრიუსელიდან ან ვაშინგტონიდან და ჩვენი მორიგება სცადოს. მეორე მხრივ, სიმწარეგარეული იუმორით ვიტყვი - თურმე რამხელა ფასი ჰქონია პატარა საქართველოს, რომ აქ სტაბილურობის შენარჩუნების პროცესში ამდენი და ასეთი რანგის ხალხი ჩაერთო. რაც შეეხება პლებისციტს, აქამდეც ვფიქრობდი, რომ ეს შექმნილი ვითარებიდან ყველაზე მარტივი გამოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო. ამაზე კარგა ხანია, ლაპარაკობენ, თუმცა, დარწმუნებული ვარ, თუ დღევანდელი საზოგადოებრივი განწყობა შენარჩუნდა, პლებისციტის შედეგად ჩვენი საზოგადოება უარს იტყვის ვადამდელ არჩევნებზე, რადგან ეს უმრავლესობისთვის გაუგებარი, მეტიც - მიუღებელია. “ნაცმოძრაობაში” ფიქრობენ, რომ 2024 წელს, სავარაუდოდ, გამოჩნდება ისეთი პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც მათ უპრობლემოდ ჩაანაცვლებს. ჩემი აზრით, ამიტომაც ეშურებიან ვადამდელ არჩევნებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“აქამდე მრჩებოდა შთაბეჭდილება, რომ ერთ მხარეს ამ შეთანხმების მიღწევა არ სურდა. ვნახეთ, რამხელა რანგის დასავლელი დიპლომატი - შარლ მიშელი ჩამოვიდა ჩვენი საქმეების მოსაგვარებლად. ერთი შეხედვით, გასაოცარიც კია, ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის ასეთი სერიოზული ფიგურა რომ ჩაერთო პროცესში, თუმცა ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი. ახლა უკვე მისი პირადი წარმომადგენელი ჩამოვიდა. აქედან გამომდინარე, ჩანს, რამხელა მნიშვნელობა აქვს დასავლეთისთვის ამ რეგიონს და საქართველოს, როგორც აქ მის საყრდენს. ეს არის მათთვის ერთგვარი პლატფორმა და, ბუნებრივია, იმ რეგიონული ცვლილებების ფონზე, რაც სამხრეთ კავკასიაში ხდება, ევროპელ თუ ამერიკელ პოლიტიკოსებს აქ შექმნილი ვითარება უფრო აღელვებთ, ვიდრე ის, საქართველოს პარლამენტში ვინ შევა და ვინ არა... დღეს სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური დაპირისპირებაა და ჩვენ მის ეპიცენტრში ვართ, თუმცა ჩვენს პოლიტიკოსებს ამის გაგება არ სურთ. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ოპოზიცია ვერ აცნობიერებს შექმნილ ვითარებას. რომ გითხრათ, ხელისუფლება სრულად ხედავს რეალობას-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ შედარებაც არ არის იმიტომ, რომ ოპოზიცია მხოლოდ იმაზეა გადაგებული, როგორმე ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რადიკალურ ოპოზიციაში ის კი არ აინტერესებთ, რეალურად ვის უჭერს მხარს ამომრჩეველი, არამედ მათ უპირობოდ სურთ ძალაუფლება ჩაიბარონ. ანუ მათი რიტორიკა ასეთია - “არჩევნები აუცილებლად მე უნდა მოვიგო”. რაც შეეხება პლებისციტს, ვფიქრობ, ამით ოპოზიციას საყრდენი საბოლოოდ გამოეცლება. დასავლელი პოლიტიკოსებისგან უკვე ისმის კითხვები, რატომ ცდილობენ ქართული რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მათივე პარტნიორების იმიჯის შელახვას, მათ დისკრედიტაციას მუდმივად იმაზე ლაპარაკით, რომ არჩევნები გაყალბდა, როდესაც ძალიან ავტორიტეტული დასავლური საერთაშორისო ორგანიზაციები თუ ცალკეული ქვეყნები ამ არჩევნებს ლეგიტიმურად მიიჩნევენ. რა თქმა უნდა, აღნიშნავენ, რომ იყო დარღვევები, მაგრამ არც ერთ დამკვირვებელ ორგანიზაციას არჩევნების შედეგები საეჭვოდ არ მიუჩნევია. ბუნებრივად ისმის კითხვა: ვის თამაშს თამაშობს რადიკალური ოპოზიცია ამაზე მუდმივი პედალირებით?! მათი ნაწილი, შეიძლება გაუცნობიერებლადაც კი, მესამე ძალის ძალიან სახიფათო თამაშის მონაწილეა!” - მიიჩნევს ექსპერტი.

“დღეს რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე, როდესაც სამხრეთ კავკასიაში გავლენები მნიშვნელოვნად იცვლება და ყარაბაღის ომის შედეგი საბოლოო არ არის, მუდმივად არეულობის კერის შექმნის სურვილი ვისი ინტერესი შეიძლება იყოს, თუ არა რუსეთის? მე არაფერს ვამტკიცებ, ვსვამ შეკითხვას - ხომ ფაქტია, რომ აქ დასავლეთის გავლენის შესუსტება, დასავლური ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ჩვენი საზოგადოების დანაწევრებაა რუსეთის მიზანი, რასაც, წლებია, ცდილობს. მაშ, რატომ ვერ ხედავენ ამას ოპოზიციაში?მენიშნა ბრაიზას განცხადება, რომლის მიმართ დიდი სიმპათია არ მაქვს - ყველასთვის ცნობილია, რომ მას “ნაცმოძრაობასთან” ახლო კავშირი აქვს, თუმცა ვფიქრობ, მის განცხადებაში გამოჩნდა სწორედ იმის შიშიც, რომ ამ პროცესის უკან მესამე გარე ძალა შეიძლება იდგეს. მან ილაპარაკა როგორც ხელისუფლებაზე, ისე ოპოზიციაზე, მაგრამ საინტერესოა, რომ მისი მიმართვის ადრესატი დასავლეთიც იყო - ჩემი აზრით,ბრაიზა სწორედ ამიტომ მოუწოდებს სიფრთხილისკენ პარტნიორებს, რომ ქართულ პოლიტიკურ პროცესში გარე ძალის ინტერესებს ხედავს”, - ამბობს მამუკა არეშიძე.

“ გეთანხმებით, რომ ხელისუფლებამაც დაუშვა არაერთი შეცდომა, მათ შორის - მელიას დაპატიმრება, რაც არასწორი და გაუმართლებელი ნაბიჯი იყო. რატომღაც ჩათვალეს, რომ ახლა ამის გაუკეთებლობა მათ სისუსტეს წარმოაჩენდა... “ნაციონალურმა მოძრაობამ” ეს პროვოკაცია მაშინ დაგეგმა, როცა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული პირი აირჩიეს პარტიის თავმჯდომარედ, ხელისუფლება კი ამ პროვოკაციას დაუფიქრებლად წამოეგო. გარდა ამისა, უდიდესი შეცდომები დაუშვეს აქამდეც, თუნდაც კოაბიტაციის პროცესში თუ სასამართლო სისტემის ვითომ რეფორმირების დროს - რომელი ერთი ვთქვა, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს მაინც ტაქტიკური შეცდომებია. მნიშვნელოვანი სტრატეგიული შეცდომა “ოცნებას” არ დაუშვია, მით უფრო - ბოლოდროინდელ პროცესებში, განსხვავებით ოპოზიციისგან, რომლის მთავარ გამწევ ძალად იქცა `ნაციონალური მოძრაობა~, რომელიც მზად არის, ნებისმიერ ფასად დაბრუნდეს ხელისუფლებაში... ყველაზე მეტად “ლელოსგან” მიკვირს - ამ პარტიას ჰქონდა საშუალება და რესურსი, რომ დამოუკიდებლად ეთამაშა და მართლაც ქცეულიყო მესამე ძალად, თუმცა მათ გადაწყვიტეს “ნაციონალური მოძრაობის” გავლენით ემოქმედათ, რაც ჩემთვის აუხსნელია. დანარჩენი პარტიების ნაწილი “ნაცმოძრაობის” ნატეხია და არაფერია მათგან გასაკვირი, ნაწილი კი სულ ორ-სამკაციანი, სრულიად ურეიტინგო პარტიებია, რომლებსაც ხმაური აწყობთ და ამიტომაც მიეკედლნენ “ნაცმოძრაობას”, - დაასკვნის რესპონდენტი.

“ქუთაისში გამართული აქცია კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ არის აცდენილი ერთმანეთს საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესები. სწორი და ლოგიკურია თუ არა ეს საპროტესტო აქციები სახელმწიფო ინტერესების თვალსაზრისით, ეს სხვა თემაა, მაგრამ მთავარი ის არის, რომ საზოგადებას, ხალხს ვერ აუხსნეს, კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე და რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ენერგოუსაფრთხოება. მხოლოდ ნამოხვანს არ ვგულისხმობ, ვლაპარაკობ იმაზე, რაც ზოგადად ენერგეტიკული პროექტების განვითარების თვალსაზრისით ხდება. საზოგადოების განწყობაა ისეთი, რომ ყველგან და ყველანაირი ჰესის აშენებას ეწინააღმდეგებიან. ჩემი აზრით, ეს პროცესი მესამე, გარე ძალის მართულია. მოკლედ, პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის ნაპრალია, რაც პოლიტიკოსებმა უნდა გაითვალისწინონ. სხვა შემთხვევაში ერთ მხარეს ხელისუფლებაში დარჩენა გაუჭირდება, მეორეს - მოსვლა”, - განმარტავს ექსპერტი და შეკითხვაზე - “რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა განაცხადა: "ვაშინგტონში იზრდება უკმაყოფილება საქართველოს მმართველი პარტიისადმი, ისინი გაღიზიანებული არიან, რომ `მეოცნებეები'' სრულად არ ასრულებენ დაკვეთას, უპირობოდ მისდიონ ევროატლანტიკურ კურსს..." - პასუხობს:

“ნარიშკინის განცხადებები ქართულმა პოლიტიკურმა ძალებმა რატომღაც მოწინააღმდეგის მხარდაჭერად აღიქვეს, ანუ “ოცნებამ” ეს “ნაცმოძრაობის” მხარდაჭერად მიიჩნია, “ნაცმოძრაობამ” კი - პირიქით, რაც არასწორი მიდგომაა. ნარიშკინის ეს განცხადება, უპირველესად, გზავნილია დასავლეთისთვის, მათთვის კიდევ ერთხელ შეხსენება, ჩვენც აქ ვართო... უკვე ვთქვით, რომ მიშელის ჩამოსვლა და ქართული პოლიტიკური კრიზისის მოსაგვარებლად დასავლეთის გააქტიურება მაინცდამაინც იმით კი არ არის გამოწვეული, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტის ბედი აღელვებთ - რა თქმა უნდა, არა! მათთვის მნიშვნელოვანია, რეგიონში მიმდინარე ცვლილებების ფონზე აქ იყოს სტაბილურობა და გაგრძელდეს დემოკრატიის განვითარება, რადგან ჩვენი ქვეყანა არის მათი საყრდენი რეგიონში. და მოგეხსენებათ, სადაც საყრდენია დასავლეთისთვის, რუსეთს სურს, იქ იყოს ქაოსი. ეს არის ნარიშკინის განცხადების შინაარსიც და ქვეტექსტიც... თუ აქ პოლიტიკური კრიზისის შექმნასა და გაღრმავებაში მართლაც მონაწილეობს მესამე ძალა, მაშინ ხომ გასაგებია, რისთვისაც სჭირდება კრემლს ამგვარი განცხადებები?! რუსეთის მიზანია, დასავლეთისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა მუდმივად რყევის რეჟიმში იყოს”.

გაირკვა რის დათმობას აპირებს “ოცნება” და რას თმობს ოპოზიცია - შეთანხმების სცენარი

“საქართველოში 5-თვიანი პოლიტიკური კრიზისის შემდეგ, პირველად ჩნდება შანსი, რომ ევროკავშირის შუამავლობის შემდეგ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგეს. ევროპული მედიაციის მესამე დღეს ხელისუფლებაც და ოპოზიციაც წითელ ხაზებს აუქმებს და გაჩნდა მოლოდინი, რომ კომპრომისზე წასული მხარეები მორიგდებიან. ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელთან და აშშ-ის ელჩ კელი დეგნანთან ერთად ორი დღის განმავლობაში რამდენჯერმე შეხვდა როგორც მმართველი პარტიის, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს. პროცესში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენლების განცხადებებიდან ჩანს, რომ შეთანხმების მიღწევა რეალურია და მიუხედავად იმისა, რომ დახურული შეხვედრისას მიმდინარე განხილვის დეტალებზე ღიად არავინ საუბრობს, ცალკეული მინიშნებებიდან უკვე შესაძლებელია ვიმსჯელოთ, თუ რაზე თანხმდებიან მხარეები”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გაირკვა რის დათმობას აპირებს “ოცნება” და რას თმობს ოპოზიცია - შეთანხმების სცენარი.

“სავარაუდოდ, ხელისუფლება მიდის დათმობაზე და წელს შემოდგომაზე დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პარალელურად გაიმართება პლებისციტი - უჭერს თუ არა მხარს საქართველოს მოსახლეობა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვას. დადებითი პასუხის შემთხვევაში კი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 2022 წლის გაზაფხულზე გაიმართება. ოპოზიცია შედის პარლამენტში და აქტიურად ერთვება საარჩევნო რეფორმაში, რომელიც შემოდგომამდე უნდა მოესწროს და რასაც რიგ შემთხვევებში კონსტიტუციის შეცვლა და პარლამენტში 113 ხმის მოგროვება დასჭირდება. თავის მხრივ, ოპოზიცია დათმობს ნიკა მელიას და გიორგი რურუას საკითხს - მელია, სავარაუდოდ, გადაიხდის გირაოს და დატოვებს საპატიმროს. რურუას ბედი კი გაურკვეველი რჩება. მმართველი გუნდის პოზიცია ასეთია - რურუას პატიმრობა უკვე მისჯილი აქვს და მისი გათავისუფლება მხოლოდ პრეზიდენტის შეწყალებითაა შესაძლებელი. ხოლო რა გადაწყვეტილებას მიიღებს სალომე ზურაბიშვილი, ეს მისი პირადი საქმეა. ამ შეთანხმების შესახებ პირველი განცხადება შესაძლოა ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ერთობლივი შეხვედრის შემდეგ გაკეთდეს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“იმედი გვაქვს, მოლაპარაკებების პროცესი წარმატებით დასრულდება, რაც მხარეებზეა დამოკიდებული. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ დიალოგის წარმატებით დასრულებისთვის”, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მანვე გააკეთა პირველი მინიშნება, რომ ხელისუფლება ვადამდელ არჩევნებს ან ამ საკითხზე პლებისციტის გამართვას წითელ ხაზად აღარ განიხილავს. “ჩვენ ვიხელმძღვანელებთ სამართლიანობის პრინციპით და რასაც სამართლიანად ჩავთვლით, იმას, ბუნებრივია, ხელს მოვაწერთ. წითელი ხაზია სამართლიანობა, მეტი არაფერი”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით კი, ოპოზიციასთან დიალოგის პროცესში, სამართლიანი პრინციპების გარშემო, შეთანხმება მიღწევადია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ვფიქრობ, რომ სამართლიანი პრინციპების გარშემო შეთანხმება მიღწევადია და თუ ოპოზიციაც ამ რეალური გადმოსახედიდან შეაფასებს შეთანხმების შესაძლებლობას, იმედი მაქვს, შედგება შეთანხმება... გვინდა ისეთი შეთანხმების მიღწევა, რომელიც იქნება მდგრადი, გრძელვადიანი და უზრუნველყოფს ქვეყანაში პოლიტიკურ თანამშრომლობას. ამისთვის “ქართულმა ოცნებამ” ფუნდამენტური, დემოკრატიული რეფორმები გაატარა და, პირველ რიგში, ჩვენ გვსურს, რომ ამ რეფორმებმა მოიტანოს პოლიტიკური სტაბილურობა და ისეთი პოლიტიკური კულტურა, სადაც არა ზიზღი და ურთიერთდაპირისპირება, არამედ თანამშრომლობა და საქმის მშვიდობიანი განაწილება იქნება შესაძლებელი. ამ დიალოგში, ვფიქრობ, ჩვენ მოგვეცა საშუალება, ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის კიდევ უფრო დეტალურად აგვეხსნა, რა არის ქვეყანაში პოლიტიკური კონტექსტი და რა გამოწვევები და საჭიროებები დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ერთი რამ ცალსახაა - ევროკავშირის მხრიდან არის საქართველოს ურყევი მხარდაჭერა”, - აცხადებს არჩილ თალაკვაძე, რომლის თქმით, “ამ დიალოგში მათი მონაწილეობა სწორედ ამ მხარდაჭერას გამოხატავს”, - დასძენს გამოცემა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი წევრი სალომე სამადაშვილი, რომელიც კრისტიან დანიელსონთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, “რეზონანსთან” ამბობს, რომ მოლაპარაკების დეტალებზე ჯერჯერობით ვერ ისაუბრებს, თუმცა ადასტურებს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ დატოვებული 6-პუნქტიანი გეგმის გარშემო შეთანხმება მიდის. სამადაშვილი ამბობს, რომ ამ პუნქტებთან დაკავშირებით უფრო მეტ დეტალებზე ჰქონდათ საუბარი, რადგანაც ბევრი კომპლექსური საკითხებია, რომელზეც ორივე მხარის თანხმობაა საჭირო. პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი, რომელიც ასევე შეხვედრაზე იმყოფებოდა ამბობს, რომ მოლაპარაკების დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა მოლაპარაკების პროცესი წინ მიიწევს და შეთანხმების მიღწევის შანსიც გაჩნდა. მედიატორები მხოლოდ ამბის მიმტან-მომტანები არ არიან და ისინი საკუთარ პოზიციებსაც აფიქსირებენ. ამიტომაც, თუკი მხარეებს რეალურად შეთანხმების სურვილი აქვთ, ეს ნამდვილად შესაძლებელია”, - წერს სტატიის ავტორი.

“არსებობს საკითხები, სადაც მხარეების პოზიციები ერთმანეთისგან დაშორებულია... თუ “ოცნებას” პოლიტიკური ნება აღმოაჩნდება, შეთანხმების სივრცე ნამდვილად არსებობს. ერთი რამ ცხადია - ეს შეთანხმება ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგანაც ქვეყანა კიდევ უფრო ღრმა პოლიტიკურ კრიზისში არ შევიდეს. ამ კრიზისის გაღრმავება ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს და “ოცნება” მას გადაჰყვება. ამიტომ შეთანხმების მოტივაცია ხელისუფლებას მაღალი უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება “ოცნების” შემოთავაზებებს, ამაზე საუბარი ადრეა, რადგანაც ჩვენ მედიატორებს იმიტომ ველაპარაკებით, რომ ის საკუთარ ხედვებს გვაცნობს და მერე ამ ხედვების დატესტვა ორივე მხარეს ხდება. ამიტომ არის, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას ცალ-ცალკე ხვდებიან. “ოცნებასაც” კიდევ დამატებით შეხვდებიან და ამ პროცესში შეთანხმებისთვის სივრცე მოისინჯება. ამიტომ “ოცნებიდან” შეთავაზებებზე და ოპოზიციიდან პასუხებზე ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სალომე სამადაშვილი.

“ჯერჯერობით მოლაპარაკების დეტალებზე ვერ ვისაუბრებ. თუმცა, მე პირადად გამიჩნდა მოლოდინი, რომ თუკი რელურად შეთანხმების სურვილი გვაქვს, ეს აუცილებლად მოხდება. არაა გამორიცხული, რომ დღესვე გვიან ღამით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრაც შედგეს. კი, ბატონო, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილ 6-პუნქტიან გეგმაზე ვსაუბრობთ, თუმცა სიღრმისეულ დეტალებში ვერ შევალ. მედიატორები მხოლოდ ამბის მიმტან-მომტანები არ არიან. ისინი საკუთარ პოზიციებსაც აფიქსირებენ. რაც მე ვნახე, პროცესი წინ მიდის. თითოეულ საკითხზე დეტალური შეთანხმება ხდება. თუ ყველა გარკვეულ კომპრომისზე წავალთ, შეთანხმება იქნება. ამ მოლაპარაკების შემდეგ გამარჯვებას ვერავინ იზეიმებს. მოლაპარაკებას წარმატების შანსი აქვს”, - თვლის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მეგრელიშვილი.

“ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი “რეზონანსთან” აცახდებს, რომ “ქართული ოცნება” ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თვიმმართველობის არჩევნებამდე მივიდეს. ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ხელისუფლება პლებისციტს დასთანხმდეს და ამით პატარა პარტიები პარლამენტში შეიტყუოს. მისი აზრით, პლებისციტის მოგების შანსი ხელისუფლებას აქვს. ამიტომ მაქსიმალური კომპრომისი, რაზეც ხელისუფლება წავა, ეს ნიკა მელიას გათავისუფლება და პლებისციტი იქნება, ოღონდ იმ დათქმით, რომ ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიცია ხელისუფლებას ულტიმატუმის ენით არ უნდა ელაპარკოს, რადგანაც მოლაპარაკების დროს მსგავსი რიტორიკით საუბრი წარმოუდგენელია, მით უმეტეს შედეგის მიღწევა გაჭირდება. არაა გამორიცხული პლებისციტზე კომპრომისი შედგეს, ოღონდ იმ დათქმით, რომ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს იქნება, თუკი პლებისციტი ხელისუფლებამ წააგო”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“არაა გამორიცხული ხელსიუფლება პლებისციტს დასთანხმდეს, თუმცა მოგების შანსი მას უფრო აქვს. პლებისციტი ფარად შესაძლოა პატარა პარტიებმა გამოიყენონ და პარლამენტში შევიდნენ. ხელისუფლებას ახლა ადგილობრივ არჩევნებამდე მისვლა სჭირდება. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღება მაინც სარისკოა. მართალია, მოგების დიდი შანსი აქვს, მაგრამ გარკვეული რიკსები მაინც არის. თუკი პლებისციტს თვითმმართველობის არჩევნებთან ერთად ჩაატარებს, მოგების შანსები კიდევ უფრო იზრდება. თუკი ხელისუფლება თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს, ამის შემდეგ ოპოზიციას რიგგარეშე არჩევნებზე ხელისუფლების დათანხმება გაუჭირდება. ხელისუფლება ადგილობრივი არჩევნებისთვის ხალხის გულის მოგებას შეეცდება და სხვადასხვა პროექტების და ფინანსური დახმარებების შედეგად ოპოზიციას ხალხის მხარდაჭერას წაართმევს. “ოცნებამ” წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაიწყო. ამიტომაც, თუ შედეგები მათთვის სასარგებლო იქნება, რიგგარეშე არჩევნებზე არაფრით არ წავა. ადგილობრივი არჩევნები როგორ ჩაივლის, ხელისუფლება ამისდა მიხედვით იმოქდებს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.

“ძალიან რთული სათქმელია ხელისუფლება რა დათმობაზე წავა. თუმცა ოპოზიციის და ხელისუფლების განცხადებებიდან კარგად ჩაანს, რომ გარკვეული წითელი ხაზები წაშლილია. ეს კი უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია და გარკვეულ იმედს აჩენს. ოპოზიცია ამ პროცესის პარალელურად პარლამენტში უნდა შევიდეს. სავარაუდოდ, ხელისუფლება პლებისციტს დასთანხმდება, თუმცა, ეს თუ თვითმმართველობის არჩევნებს მიება, “ოცნებას” პლებისციტის მოგების დიდი შანსი აქვს. ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს იმას ევროსაბჭოდან რა სახის გზავნილებია. ამისდა მიხედვით “ოცნებაც” მეტ დათმობაზე წავა. ვნახოთ, მოვლენები დროში როგორ განვითარდება. ევროპისთვის ახლა საქართველოში არსებული შიდა პოლიტიკური სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამიტომაც ამის დასარეგულირებლად უკან არაფერზე დაიხევენ და ყველა ბერკეტს გამოიყენებენ. სავარაუდოდ, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე საუბარი, თუკი ოპოზიციამ პლებისციტი მოიგო, 2022 წელს უნდა იყოს, რადგანაც საარჩევნო სისტემის რეფორმა და ცესკოს ადმინისტრაციის ცვლილება უნდა მოხდეს. სხვაგვარად რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას აზრი არ აქვს”, - დაასკვნის გამოცემასთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

გარღვევა “კოვაქსთან” და ჩავარდნა მწარმოებლებთან მოლაპარაკებებში - ვაქცინის პირველი დოზები უკვე თბილისშია

“ჯანდაცის სამინისტროს მიერ დაანონსებული 22 მარტის ნაცვლად, საქართველომ “კოვაქს” პლატფორმისგან ვაქცინების პირველი პარტია 9 დღით ადრე მიიღო. “ასტრაზენეკას” 43 200 დოზა თბილისში შაბათს ჩამოვიდა და ორშაბათიდან ქვეყანაში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლების ტოტალური ვაქცინაცია იწყება. საქართველოს ერთ-ერთი პორველი ქვეყანაა ევროპაში, რომელმაც “კოვაქს”პლატფორმიდან ვაქცინები მიიღო. თუმცა, უშუალოდ ვაქცინების მწარმოებლებთან საქართველოს ხელისუფლების მოლაპარაკება ჯერჯერობით არც ისე წარმატებით მიმდინარეობს. ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჟურნალისტების კითხვას, აიცრება თუ არა კორონავირუსის ვაქცინით, განაცხადა, რომ ვინც აცრას საჭიროებს, გაცილებით მეტი ადამიანია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად აიცრება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გარღვევა “კოვაქსთან” და ჩავარდნა მწარმოებლებთან მოლაპარაკებებში - ვაქცინის პირველი დოზები უკვე თბილისშია.

“რა თქმა უნდა, საჭიროების შემთხვევაში მეც აუცილებლად ავიცრები. თუმცა, ვთვლი, გაცილებით მეტი ადამიანია, ვინც საჭიროებს პირველად ვაქცინაციას. შევეცდები, რომ არ ვისარგებლო ჩემი სტატუსით. ის ვაქცინა, რომელიც შეიძლება სხვისთვის გაცილებით უფრო მეტი ეფექტის მომტანი იყოს, არ ვისარგებლო ამ პრიორიტეტით. თუმცა, თუ ეს საჭირო გახდა კამპანიისთვის, რა თქმა უნდა, მე უარს არ ვიტყვი ვაქცინაციაზე”, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. “კოვაქს” პლატფორმიდან ვაქცინების გაცემა 24 თებერვლიდან დაიწყო და ვაქცინების პირველი პარტია - “ასტრაზენეკას” 600 ათასი დოზა - განამ მიიღო. აღსანიშნავია, რომ “კოვაქსი” პირველ ეტაპზე ვაქცინებს მხოლოდ აფრიკის, აზიისა და ლათინური ამერიკის სახელმწიფოებს აწვდიდა. პირველი ევროპული ქვეყანა, რომელმაც “კოვაქსის” პლატფორმით ვაქცინა მიიღო, მოლდოვაა, სადაც 5 მარტს “ასტრაზენეკას” 14 400 დოზა ჩაიტანეს. თუმცა, მანამდე მოლდოვამ მეზობელი რუმინეთისაგან საჩუქრად მიიღო იგივე “ასტრაზენეკას” 21 600 დოზა. “კოვაქვს” პლატფორმიდან ვაქცინები ჯერაც არ მიუღია უკრაინას. გაირკვა, რომ უკრაინა “კოვაქსის” საშალებით ჯამში დაპირებული “ასტრაზენეკას” 2 215 200 ვაქცინის ნაცვლად 1 776 000 ვაქცინას მიიღებს. თუმცა, უკრაინამ უშუალოდ მწარმოებელთან მოლაპარაკებით, თებერვალში შეიძინა ინდოეთში წარმოებული “ასტრაზენეკას” ანალოგი ვაქცინები და აცრები 24 თებერვლიდან დაიწყო”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოში “კოვაქს” პლატფორმიდან 43 200 დოზა “ასტრაზენეკას” შაბათს დილით შემოვიდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ექიმებს მოუწოდა, რომ ორშაბათიდან, როცა ქვეყანაში ვაქცინაცია დაიწყება, საზოგადოებას მაგალითი მისცენ. “პირველ ეტაპზე, ჩვენი ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, აიცრება ყველაზე მაღალი პრიორიტეტის ჯგუფი - ჯანდაცვის მუშაკები, ექიმები, ექთნები, უმცროსი სამედიცინო პერსონალი, დამხმარე პერსონალი, ვინც დასაქმებულია ჯანდაცვის სექტორში, რადგან ისინი არიან კოვიდთან ბრძოლის წინა ხაზზე. მოვუწოდებ ჩვენს კოლეგებს, ორშაბათიდან, როცა ვაქცინაცია დაიწყება, მისცენ მაგალითი მთლიანად საზოგადოებას ამ ყველაზე დიდი სიკეთის შესახებ, რაც კი საზოგადოებას ამ 200 წლის განმავლობაში მოუგონია. მოგეხსენებათ, რომ ვაქცინაციამ გადაარჩინა მილიონობით ადამიანის სიცოცხლე და სწორედ ვაქცინაცია დაასრულებს 21-ე საუკუნის ყველაზე დიდ გამოწვევას, რაც არის კოვიდპანდემია”, - განაცხადა გამყრელიძემ, რომლის თქმით, ყველა მედმუშაკი უნდა იეოს ვიყოთ სოლიდარული და მობილიზებული, რომ ეს პროცესი ქვეყანაში კარგად წარიმართოს”, - განაგრძობს გამოცემა.

“აღსანიშნავია, რომ დანიამ, ისლანდიამ და ნორვეგიამ “ასტრაზენეკას” ვაქცინის გამოყენება დროებით შეაჩერეს მას შემდეგ, რაც ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში რამდენიმე აცრილს თრომბოემბოლია განუვითარდა და ერთ-ერთი გარდაიცვალა. დანიის ჯანდაცვის სააგენტო ამბობს, რომ გარდაცვალების მიზეზსა და ვაქცინაციას შორის კავშირი არ არის. ევროპის მედიკამენტების სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, არ არსებობს მტკიცებულება, რომ უშუალოდ “ასტრაზენეკას” ვაქცინამ გამოიწვია თრომბოემბოლია. გადაწყვეტილება დანიამ სიფრთხილის ზომებიდან გამომდინარე მიიღო, ვიდრე დასრულდება გამოძიება, რომელიც აცრილ პაციენტებში თრომბების განვითარების შემთხვევებს იკვლევს. აღნიშნავენ, რომ ამ დროისთვის არ არსებობს არავითარი მინიშნება, რომ თრომბი, რომელიც ვაქცინის გვერდითი ეფექტების ნუსხაში აღრიცხული არ არის, ვაქცინაციამ გამოიწვია. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ კი მოსახლეობას მოუწოდა, რომ არ შეწყვიტონ ვაქცინაცია. იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეკოვი აცხადებს, რომ მსგავსი ინციდენტებისაგან დაზღვეული არავინაა და ეს არ უნდა იწვევდეს ვაქცინისადმი სკეპტიკურ დამოკილდებულებას”, - დასძენს გამოცემა.

“ეს ჩვეულებრივი პროცესია, შეიძლება არაა კორექტული შედარებაა, მაგრამ წელიწადში მინიმუმ 6-7 ავიაკატასტროფა ხდება, მაგრამ ამის გამო ავიაციის შეწყვეტა არავის გადაუწყვეტია. მესმის, თვითოეული ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ძალიან მნიშვნელოვანია. ერთბაშად ერთმა მილიონმა კაცმა “იბუპროფენი” რომ დალიოს, იქედან დარწმუნებული ვარ, რაღაც პროცენტს სისხლის შედედების პრობლემაც დაემართება და როცა ერთბაშად ამდენი ადამიანი იკეთებს აცრას, ბუნებრივია იქ პრობლემებიც გამოუვლინდებათ. ამით იმის თქმა მინდა, რომ გვერდითი მოვლენების გარეშე არაფერი არ არსებობს და პირველ რიგში ამას ჩვენ ვხვდებით, ექიმები”, - ამბობს კულუმბეგოვი. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ყოფილი ხელმძღვანელი და ექსპერტი აკაკი ზოიძე “რეზონანსთან” აღნიშნავს, ჯანმო და ევროპის წამლების სააგენტომ ქვეყნებში “ასტრაზენეკას” გამოყენების შეჩერების საკითხი შეისწავლეს და გართულებები რეალურად ვაქცინაციასთან კავშირში არ იყო, რაც, მისი თქმით, ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა უსაფრთხოების ყველა სტანდარტს პასუხობს”, - წერს სტატიის ავტორი.

“ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ევროპის წამლების სააგენტომ ეს ვაქცინა კვლევების შედეგადაც დაუშვა და ჩათვალეს, რომ უსაფრთხოების სტანდარტს ყველა შეესაბამება. მილიონობით ადამიანმა უკვე გაიკეთა. ვაქცინა ეფექტიანია და აჩერებს როგორც მძიმე ფორმის კოვიდს და სიკვდილობას, ასევე დაახლოებით ორ მესამედ შემთხვევაში უსიმპტომო გადადების ჯაჭვს წყვეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ევროპის წამლის სააგენტომ, ინგლისის მარეგულირებელმა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ დასკვნა უკვე დადეს, რომ თრომბოემბოლია ვაქცინაციასთან დაკავშირებული არაა. მაგრამ რომც ყოფილიყო, ჩვენთან არ შემოსულა, ეს კი კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ მთავრობები და მარეგულირებლები რაოდენ სიფრთხილით და პასუხისმგებლობით ეკიდებიან ყველაფერს” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას აკაკი ზოიძე.

“ქართველი ექიმების ნაწილს საქართველოში შემოტანილ ვაქცინასთან დაკავშირებით გარკვეული უნდობლობა აქვს. მათი ეჭვები უკავშრდება იმ გარემოებას, რომ ქვეყანაში თავდაპირველად გამოცხადებული “ფაიზერის” ნაცვლად “ასტრაზენეკას” ვაქცინები შემოვიდა. გარდა ამისა, სრულყოფილი იმუნიზაციიისათვის თითოეული ადამიანის 2-ჯერ აცრაა საჭირო და ჯერ ზუსტად არაა ცნობილი როდის შემოვა ქვეყანაში ვაქცინების შემდეგი პარტია, რომ მარტში აცრილმა ექიმებმა მეორე აცრაც გაიკეთონ. “როცა ვაქცინაციაზე დავეთანხმე და ხელიც მოვაწერე, “ფაიზერზე” იყო ლაპარაკი. რატომ გამოგვიცვალეს? აქ რაღაც წმინდად არაა საქმე. ჩვენ ხომ ექსპერიმენტის მონაწილეები არ ვიქნებით”, - განაცხადა ტელეკომპანია “მთავართან” ექიმმა პროფესორმა გიორგი ჩახუნაშვილმა. იანვარში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებდა, რომ პირველი პარტია, რომლითაც მედიკოსები აიცრებოდნენ, “ფაიზერის”ვაქცინა იქნებოდა, ამაზე ზოიძე ამბობს, რომ მსოფლიოში ვაქცინების ხელმისაწვდომობაზე პრობლემაა და მთავარია ვაქცინაციის პროცესი დროულად დაიწყო და რომელი ვაქცინა შემოვიდოდა, არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა”, - დასძენს სტატიის ავტორი.

“ამასთან დაკავშირებით უადგილო აჟიოტაჟი ატყდა, მაგრამ, ამასთან, კონკრეტული მიზეზები იყო. ზოგადად მთელს მსოფლიოში ვაქცინების ხელმისაწვდომობაზე პრობლემაა, გეგმაში ასე ეწერა, რომ რისკ ჯგუფების ვაქცინაცია პირველი კვარტლიდან დაიწყებოდა და შემოდის “ასტრაზენეკა” და იწყება პირველი კვარტლიდან. თუ რომელი ვაქცინა შემოვა, ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს. მოსახლეობისთვის მთავარი ისაა, რომ 100%-იანი სანდოობა აქვს, რომ სიკვდილობისგან გვიცავს და მძიმე ფორმებს, რომელსაც ჰოსპიტალიზაცია და ინტენსიური ტერაპია სჭირდება, ძალიან მაღალი 90%-მდე ეფექტურობა გააჩნია, კვლევების პერიპოდში 72% იყო, მაგრამ ამით მოქალაქეებისთვის შეცდომაში შეყვანა ხდება იმიტომ, რომ არასწორი ინტერპრეტაცია ხდება, მთავარია, რომ ეს ამ დაავადებისგან გამოწვეული სიკვდილობისგან 100%-ით გვიცავს და მძიმე ფორმაბი ძალიან იშვიათი შემთხვევაა და ორ მესამედ შემთხვევაში საერთოდ გადაცემისგან გვიცავს, ეს ძალიან შთამბეჭდავი შედეგები და ეფექტიანობაა, რომელიც გრიპის ვაქცინის ეფექტიანობას გაცილებით აღემატება”, - დაასკვნის ზოიძე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა