ალექსანდრე თვალჭრელიძე - არჩევნები ვნებიანი იქნება და საარჩევნო კამპანიები - მყრალი, არჩევნების შემდეგ მყისიერად სხვა პოლიტიკურ რეალობაში გადავალთ

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“, საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, არჩევნებამდე 2 თვეზე ნაკლებია დარჩენილი. მას შემდეგ, რაც მმართველი გუნდი 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოვიდა, პოლიტიკური ვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ ქვეყნისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით მნიშვნელოვნად შეცვლილი ჩანს.

ჩვენ ამ თემებს აუცილებლად შევეხებით, მაგრამ ალბათ ლოგიკური იქნება, თუ ჩვენ საუბარს საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე მსჯელობით დავიწყებთ. თქვენ როგორ შეაფასებდით არჩევნებამდე ქვეყნის საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- ამ კითხვაზე მოკლე პასუხის გაცემა საკმაოდ რთულია. უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი გვარწმუნებს, რომ ზუსტად პოლიტიკა განსაზღვრავს ჩვენი ცხოვრების სტილს და არიქა, გვერდში დამიდექითო. სინამდვილეში ეს, რასაკვირველია, ასე არ არის. პოლიტიკა ჩვენი ყოფის განუყოფელი, მაგრამ მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია და როგორც მრუდი სარკე ჩვენი ნაკვთების კარიკატურას გვაჩვენებს, ისევე პოლიტიკა ყოველდღიურობის დამახინჯებული ანარეკლია.

პოლიტიკა ჩვენი ყოფის განუყოფელი, მაგრამ მხოლოდ ერთი პატარა ნაწილია და როგორც მრუდი სარკე ჩვენი ნაკვთების კარიკატურას გვაჩვენებს, ისევე პოლიტიკა ყოველდღიურობის დამახინჯებული ანარეკლია

ამ თვალსაზრისით ჩემთვის ეჭვგარეშეა, რომ პოლიტიკური დაპირისპირება, რომელსაც აგერ უკვე ოცდაათი წელია ვერსად გავექეცით, იმის დასტურია, რომ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია საკმაოდ მძიმე სოციალურ-ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც ვლინდება ყოველ წუთს.

ჩვენი ერი დაქსაქსულია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინტერესტთა ჯგუფებად, რომელთა შორის სრული გაუგებრობა, შუღლი, ზიზღი და აგრესია სუფევს. ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთთად ლაპარაკის უნარი, ხოლო პაექრობის ქარცეცხლში გახვეულებს ელემენტარული ზრდილობის ნორმები გვავიწყდება.

ჩვენი ერი დაქსაქსულია, ასე ვთქვათ, სხვადასხვა ინტერესტთა ჯგუფებად, რომელთა შორის სრული გაუგებრობა, შუღლი, ზიზღი და აგრესია სუფევს. ჩვენ დავკარგეთ ერთმანეთთად ლაპარაკის უნარი, ხოლო პაექრობის ქარცეცხლში გახვეულებს ელემენტარული ზრდილობის ნორმები გვავიწყდება

აგრესიულად განწყობილ ჯგუფებს ურჩევნიათ შეურაცყოფა მიაყენონ, გაჟლიტონ, გასრისონ, სიცოცხლეს გამოასალმონ თავისი ოპონენტი, ვიდრე წყნარად მოისმინონ მისი განსხვავებული აზრი. ჩვენ ჟლეტვის დემიურგი დაგვეუფლა.

ნახეთ, რა ხდება ჩვენ თავს - ყოველდღიურად ვკითხულობთ, თუნდაც „ინტერპრესნიუსში“, რომ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, არაფრის გამო, ახალგაზრდა ადამიანი ან სიცოცხლეს გამოასალმეს, ან უკეთეს შემთხვევაში მძიმედ დაჭრეს. გადახედეთ ფეისბუქს, ნახეთ როგორი ზიზღისა და ლანძღვის ტალღა იღვენთება ანტივაქსერების ჯგუფებიდან.

სიტუაცია პარადოქსულია - მე თავისუფალი ადამიანი ვარ და მინდა ავიცრები, მინდა არა. ნურას უკაცრავად, თურმე ჩემი თავისუფალი არჩევანი ამ ექსტრემალური ჯგუფის მსოფლმხედველობას აკნინებს და მე უბინძურესი კამპანიის მსხვერპლი ვხდები.

თურმე მე „ხალხის მტერი“ ვყოფილვარ. ხდება ზუსტად ის, რაც ამავე სახელწოდების პიესაში ჯერ კიდევ 1882 წელს ჰენრიკ იბსენმა აღწერა და ფაშიზმის დაბადება იწინასწარმეტყველა. ძალიან სახიათო ტენდენციებთან გვაქვს საქმე.

ყველაზე ცინიკური და უზნეო კი ის არის, რომ ამ ნახევრადგაუცნობიერებელ სულისკვეთებას ორი მნიშვნელოვანი ინსტიტუტი აქეზებს - ჩვენი სამღვდელოების ნაწილი და პოლიტიკური პარტიები.

გეხსომებათ ალბათ, 5 ივლისს ზოგიერთი, ასე ვთქვათ, „სულერი მამის“ საქციელი - შემწყნარებლობისა და არჩევანის თავისუფლების მხარდაჭერის ნაცვლად მათი პირიდან აგრესიის შეუფარავი მოწოდებანი ისმოდა. არავინ კი არ დასჯილა.

პოლიტიკურ რეალობაზე კი ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია, ისიც მითქვამს, რომ მძიმე სოციალური ფონი და უკიდურესი პოლარიზაცია ორი ყველაზე უფრო რეიტინგული პარტიის წისქვილზე ასხავს წყალს - ასე რომ მხარდამჭერთა მობილიზება გაადვილებულია და ეს ტექნოლოგიები ამ პარტიებს დაზეპირებული აქვთ. ყველა ბოლოდროინდელი მოვლენა ზუსტად ამ ქვაკუთხედიდან უნდა შევაფასოთ.

მძიმე სოციალური ფონი და უკიდურესი პოლარიზაცია ორი ყველაზე უფრო რეიტინგული პარტიის წისქვილზე ასხავს წყალს - ასე რომ მხარდამჭერთა მობილიზება გაადვილებულია და ეს ტექნოლოგიები ამ პარტიებს დაზეპირებული აქვთ. ყველა ბოლოდროინდელი მოვლენა ზუსტად ამ ქვაკუთხედიდან უნდა შევაფასოთ

- 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გამოსვლას ჩვენი პარტნიორების მხრიდან კრიტიკა მოჰყვა. სხვათა შორის, ამ საკითხში „ქართული ოცნების“ მიმართ საკმაოდ კრიტიკული პრეზიდენტი ზურაბიშვილიც იყო და იყო მოლოდინი, რომ მმართველი გუნდი შეთანხმებას დაუბრუნდებოდა. მაგრამ, ასე არ მოხდა.

ფაქტია, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლით ჩვენს დასავლელ პარტნიორებში ხელისუფლებას და ქვეყანას რეპუტაციული ზიანი მიადგა, რეალურად საქართველოშიც შეიცვალა სიტუაცია.

რა შეიძლება ყოფილიყო 19 აპრილის შეთანხმებიდან მმართველი გუნდის გამოსვლის მიზეზი? თქვენთვის რამდენად დამაჯერებელი იყო ამ თემაზე ხელისუფლების განმარტებები?

- მას შემდეგ, რაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა „ქართული ოცნება“ ობლად დატოვა, პარტიას ცალსახად ემჩნევა სტრატეგიული ხედვის მკვეთრი დეფიციტი. გამონაკლისი მხოლოდ კახი კალაძეა, მაგრამ იგი უფრო მერობაზე ზრუნავს, ვიდრე პარტიის შორეულ მომავალზე.

დღეს „ქართული ოცნება“ მხოლოდ ერთ ტაქტიკურ ამოცანას ისახავს მიზნად - ეს ადგილობრივი არჩევნები გადავაგოროთო და მერე ვნახოთ, რა მოხდებაო. თუ ამ კუთხით შევხედავთ შარლ მიშელის შეთანხმებიდან გასვლის მიზეზებს, მაშინ სულ მცირე სამ გარემოებას უნდა გავუსვათ ხაზი.

პირველი, რასაკვირველია, 43%-ის ბარიერის დამოკლეს მახვილი. მეორე, მცდელობა „ნაცმოძრაობა“ ექსტემისტულ ძალად უკვე მერამდენედ გამოაცხადოს და მისი უარი დოკუმეტზე ხელმოწერაზე პოლიტიკური კრიზისის ძირითად მიზეზად წარმოაჩინოს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მესამე მიზეზი - დაამშვიდოს თავიანთი პარტიის წევრები და ძალაუფლების სხვადასხვა სტუქტურებში განწესებული წარმომადგენლები, რომლებიც ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შიშით კარგავდნენ სულის სიმშვიდესა და, შესაბამისად, ერთგულებას.

სხვა სიტყვებით, „ქართულ ოცნებაში“ წუთიერმა პოლიტიკურმა პრაგმატიზმმა გადაწონა ყველაფერი, სამშობლოს სიყვარული, ქვეყნის ევროატლანტიკური გზა, უცხოელი პარტნიორებისა და მხარდამჭერთა ნდობა.

„ქართულ ოცნებაში“ წუთიერმა პოლიტიკურმა პრაგმატიზმმა გადაწონა ყველაფერი, სამშობლოს სიყვარული, ქვეყნის ევროატლანტიკური გზა, უცხოელი პარტნიორებისა და მხარდამჭერთა ნდობა

ამ თვალსაზრისით მე მთლიანად ვეთანხმები პრეზიდენტის - ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის აზრს და მის განცხადებებს ორივე ხელით მოვაწერდი.

- „ქართული ოცნების“ ლიდერები აცხადებენ, რომ მოახლოებულ არჩევნებზე 3%-ს მიიღებენ თუ 93%-ს, თავად გადაწყვეტენ ჩატარდება თუ არა ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

ბევრი თვლის, რომ ამ თემაზე რა განცხადებებიც არ უნდა აკეთონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ამომრჩეველთა უდიდესმა ნაწილმა უკვე იცის, რომ თუ ოქტომბრის არჩევნებზე „ქართულმა“ ოცნებამ“ ხმების 43% ვერ მიიღო, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

იმ შემთხვევაში თუ „ქართულმა ოცნებამ“ პროპორციულ არჩევნებში 43% ვერ მიიღო, მმართველი გუნდი დანიშნავს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს?

- ვიყოთ ზუსტნი განმარტებებში. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ნიშნავს არა მმართველი გუნდი, არამედ საქართველოს პრეზიდენტი. მაგრამ, ამისთვის მას კონსტიტუციით გაწერილი ძალიან ზუსტი მიზეზები უნდა ჰქონდეს.

ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზთაგანია საპარლამენტო უმრავლესობის დაშლა. ეს კი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ნამდვილად შეიძლება მოხდეს. ყველაფერი არჩევნების შედეგებზე იქნება დამოკიდებული. თუ გნებავთ, სხვა დროს ეს შესაძლებლობა დეტალურად გავაანალიზოთ.

- თუ „ქართულმა ოცნებამ“ 43% ვერ მიიღო, მაგრამ ვადამდელი არჩევნები არ დანიშნა, ეს „ქართულ ოცნებასთან“ დამოკიდებულებაში ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის იქნება ის „წითელი ხაზი“?

- ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩვენ მყისიერად სხვა პოლიტიკურ რეალობაში გადავალთ. არც ერთი პოლიტიკური პარტია თავისი ნებით ძალაუფლებას არ თმობს, ამას მას სხვა პოლიტიკური აქტიორები აიძულებენ.

ადგილობრივი არჩევნების შემდეგ ჩვენ მყისიერად სხვა პოლიტიკურ რეალობაში გადავალთ

ჩვენი დასავლელი პარტნიორები კი სიღრმისეულად გააანალიზებენ ახალ პოლიტიკურ რეალობას და ამ რეალობიდან გამომდინარე იმოქმედებენ.

- დამკვირვებელთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ახლა ექსპრემიერი გახარია თავისი პარტიით „ქართული ოცნების“ თავის ტკივილია, რომელიც მათ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერების ხმებს წაართმევს და რის გამოც მათ შესაძლოა, ვერ მიიღონ ხმების 43%.

ბევრი არ გამორიცხავს, რომ გახარიას საარჩევნო შედეგები შესაძლოა, ივანიშვილისთვისაც საინტერსო იყოს, ამიტომ, რადგან გახარიაზე საუბარი აქტუალურია, გკითხავთ - რამდენად დიდია იმის ალაბთობა, რომ არჩევნების შემდეგ გახარია ქართულ პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ფიგურად იქცეს?

- იგი უკვე ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ფიგურაა და მისი რეიტინგი მზარდია. შექმნილ ვითარებას, როცა მის მიმართ ორივე ფლანგიდან აბსოლუტურად აბსურდული ბრალდებები ისმის, იგი ოსტატურად თავისი მიზნებისთვის იყენებს, ბრალდებებს არ პასუხობს, არ იმცირებს თავს და მოქალაქეებს ღირსების შენარჩუნებასა და პატიოსანი შრომისთვის სათანადო პირობების შექმნას პირდება.

სხვათა შორის, თქვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში მე ზუსტად ასეთი ტაქტიკის შემუშავებას ვთავაზობდი. არ ვიცი, იქონია თუ არა ამ ჩემმა მცირე მოკრძალებულმა კომენტარმა რაიმე გავლენა.

გიორგი გახარია სულაც არ არის დაინტერესებული „ქართული ოცნებისა“ და „ნაცმოძრაობის“ ერთგული მხარდამჭერების გადმობირებაზე. მისი რესურსი წინა არჩევნებზე არმოსული 50% ხმის უფლების მქონე მოქალაქეებია.

ამიტომ იგი არ ხარჯავს დროს სხვა პარტიების ლანძღვა-გინებაზე, რომელმაც თავი ასე მოგვაბეზრა, არ გამორიცხავს კოალიციის შექმნას სხვა პარტიებთან და მხარს დაუჭერს სხვა პარტიების კანდიდატებს არა პარტიული ნიშნით, არამედ პერსონალური თვისებების გათვალისწინებით.

გიორგი გახარია საქართველოში ქმნის „თეთრი საყელოების“, ანუ პროფესიონალთა სოციალურ ფენას. ამიტომ მე მის პარტიას ნახევრადხუმრობით უპარტიოთა პარტიას დავარქმევდი. აქედან გამომდინარე, თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, გიორგი გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებზე, ვთქვათ სიფრთხილით, მეტად დამაჯერებელ შედეგს მიაღწევს.

თუ რაიმე მოულოდნელი არ მოხდა, გიორგი გახარიას პარტია ადგილობრივ არჩევნებზე, ვთქვათ სიფრთხილით, მეტად დამაჯერებელ შედეგს მიაღწევს

ამას კიდევ ერთი არსებითი მნიშვნელობა აქვს. როგორც იქნა, იცვლება სოციალური გარემო და ნეგატიურ რიტორიკას პოზიტიური დისკურსი ანაცვლებს.

- მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოვიდა, ოპოზიციურ ფლანგზეც საინტერესოდ განვითარდა პროცესები. ჯერჯერობით ყველაფერი ნათელი და ცხადი არაა, მაგრამ გარკვეული კონტურები უკვე ჩანს.

თქვენ როგორ შეაფასებდით ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე პროცესების იმ ნაწილს, რისი კონტურებიც ცხადადაც კი ჩანს?

- ისე ვამბობთ „ოპოზიციური ფრთა“, თითქოს იგი არაწინააღმდეგობრივი და ჰომოგენური ყოფილიყოს. რა საერთო აქვს, ვთქვათ, ნიკა მელიას და ალეკო ელისაშვილს ან იაგო ხვიჩიას?

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ოპოზიციაში პლურალიზმი შემოიტანა და მიხეილ სააკაშვილს, როგორც გურუს, აღარ უსმენენ. ამიტომ არ ვიცი, რამდენად საინტერესოდ განვითარდა თქვენს მიერ ნახსენები მოვლენები, ვფიქრობ, რომ მოვლენების განვითარება მხოლოდ ეხლა იწყება და საბოლოო პოლიტიკური აბრისი სრულიად გაურკვეველია.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებმა ოპოზიციაში პლურალიზმი შემოიტანა და მიხეილ სააკაშვილს, როგორც გურუს, აღარ უსმენენ... ვფიქრობ, რომ მოვლენების განვითარება მხოლოდ ახლა იწყება და საბოლოო პოლიტიკური აბრისი სრულიად გაურკვეველია

- 5 ივლისის მოვლენებსა და ჟურნალისტების ცემა-ტყეპაზე გვახსოვს თქვენი აღშფოთება „კვირის პალიტრისათვის“ მიცემულ ინტერვიუში.

ვიცით, რომ სამართალდამცავებმა 5 ივლისს მომხდარში ეჭვმიტანილები დააკავეს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ამ თემებზე გამოძიება მაინც საკმაოდაც კი ძნელად მიდის. მეტიც, ის, რომ 5 ივლისის შემოქმედნი და ორგანიზატორები დაუსჯელები რჩებიან, ბევრ კითხვას ბადებს.

თქვენ როგორ შეაფასებდით 5 ივლისის გამოძიების მიმდინარეობის შედეგებს?

- მიმდინარეობს კი სრულფასოვანი გამოძიება? რაღაც ეჭვი მეპარება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენთვის 5 ივლისის ცნობილი აგრესიის წამქეზებლები, როგორც სასულერო პირები, ისე მოქალაქეები თავს დაცულად და ხელშეუხებლად გრძნობენ. არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მოახლოებული არჩევნების ლანდი თუ ლატენტური და ფარული თანადგომა.

5 ივლისის ცნობილი აგრესიის წამქეზებლები, როგორც სასულერო პირები, ისე მოქალაქეები თავს დაცულად გრძნობენ, არ ვიცი, რა არის ამის მიზეზი, მოახლოებული არჩევნების ლანდი თუ ლატენტური და ფარული თანადგომა

- „ქართული ოცნების“ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამოსვლამ მმართველი გუნდის საგარეო კურსის მიმართ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვა გააჩინა. ამ თემებზე ხელისუფლების ამომწურავი პასუხებიც არ ჩანს.

ასეთ ფონზე „პატრიოტთა ალიანსმა“ ღია წერილით მიმართა პრეზიდენტ პუტინს და რუსულ-ქართული ურთიერთობების აღდგენაში მხარდაჭერა მოითხოვა. მოსკოვის პასუხმაც არ დააყოვნა, მეზობლებთან უნდა მოძებნოთ საერთო ენაო.

იმედია წერილის ავტორები მიხვდნენ, რომ „მეზობლებში“ მოსკოვმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი იგულისხმა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების მიერ დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭების ფონზე პუტინისადმი გაგზავნილი წერილის ავტორების გააქტიურება შემთხვევითი არ იყო.

თქვენი აზრით რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ამ პროცესებს შორის კავშირი არსებობს და მასში ხელისუფლებაც მონაწილეობს?

- რუსეთი და საქართველოში მისი მეხუთე კოლონა, რასაკვირველია, ნებისმიერ შესაძლებლობას გამოიყენებს საკუთარი გავლენის გასაძლიერებლად. ჩვენ კი, საქართველოს პატრიოტები, მშვიდად უნდა ვიყოთ. ხომ ნახეთ მოსკოვის პასუხი? ასეც უნდათ.

1989 წლის ცხრა აპრილისა და 2008 წლის ცხელი აგვისტოს შემდეგ საქართველოს მოქალაქეების და არა მარტო ქართველების, არამედ სომხების, აზერბაიჯანელების, ებრაელების, უკრაინელების, წარმოიდგინეთ რუსებისაც კი სოციალურ შეგნებაში შეუქცევადი ცვლილებები მოხდა და რუსული პოლიტიკური ჩექმა საქართველოში ვერასდროს გაიხარებს.

ამიტომ, პუტინისადმი მიმართვები და სხვა ამის მსგავსი პოლიტიკური დემარშები კატის შიშით შეპყრობილი თაგვების ხროვის ალიაქოთს წააგავს.

პუტინისადმი მიმართვები და სხვა ამის მსგავსი პოლიტიკური დემარშები კატის შიშით შეპყრობილი თაგვების ხროვის ალიაქოთს წააგავს

- უკანასკნელ პერიოდში ჩვენში განვითარებულ პროცესებს დამკვირვებელთა ნაწილი საკმაოდ სახიფადოთაც კი მიიჩნევს.

ბევრი თვლის, რომ მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გამოვიდა, საქართველო შორდება პოლიტიკური თამაშის იმ წესებს, რაც აუცილებელია ქვეყნის ევროინტეგრაციისთვის და ნელ-ნელა ვემსგავსებით აბსოლუტურად არაპრონოგზირებად სახელმწიფოს, რაც საკმაოდ სახიფათოა.

მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს მუნიციპალური არჩევნები ტარდება, მოახლოებული არჩევნები იმის საზომიც შეიძლება აღმოჩნდეს, თუ რამდენად სურს ქვეყნის მოსახლეობას ქვეყნის გაცხადებული პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსი.

თქვენც ფიქრობთ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები შესაძლოა ცივილიზაციური არჩევნებიც კი იყოს?

- პრორუსულობა პოლიტიკურ იარლიყად იქცა და „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძარაობა“ მიამიტური ენთუზიაზმით მას ერთი მეორეს აკრავს. ამიტომ ჩემთვის გაუგებარია, როგორ ასახავს არჩევნების შედეგები პოლიტიკური კურსის ცვლილებას. პოლიტიკური კურსი ხომ ქმედებებში და არა განცხადებებში აისახება.

ჩემთვის გაუგებარია, როგორ ასახავს არჩევნების შედეგები პოლიტიკური კურსის ცვლილებას. პოლიტიკური კურსი ხომ ქმედებებში და არა განცხადებებში აისახება

ამ თვალსაზრისით, რუსეთთან მიმართებაში ნებისმიერ პოლიტიკურ პარტიას მანევრის სივრცე შეზღუდული აქვს. თუ რუსეთთან კარგი დამოკიდებულება სურს, პარტიამ უნდა სცნოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა და მაშინ რა გავლენა ექნება მას საქართველოში? ამიტომ იდეოლოგიურად პრორუსული პოლიტიკოსები, მაგალითად, ნინო ბურჯანაძე, თავის ქმედებებში პროდასავლურ კურსს ატარებენ.

გზა ევროპისკენ იდეალური წრფე არ არის, იგი კლაკნილია და მას წინ დაბრკოლებები ხვდება. ამას კარგად ხვდებიან ჩვენი პარტნიორებიც და, ჩვენი წამყვანი პოლიტიკური პარტიებისაგან განსხვავებით, ხედავენ განსხვავებას ტაქტიკასა და სტრატეგიას შორის.

არჩევნები კი ვნებიანი იქნება და საარჩევნო კამპანიები - მყრალი. მთავარია, არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვის ქვეშ არ დადგეს.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა