პროკურატურა - მიხეილ სააკაშვილი ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე, სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი

მიხეილ სააკაშვილი ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე, სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენით ცნობილია დამნაშავედ და სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით, ხოლო რაც შეეხება ტელეიმედის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების საქმეს, ასევე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი თანხების გაფლანგვის ფაქტს, მიხეილ სააკაშვილს წარდგენილი აქვს ბრალდება და მიმდინარეობს განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით, ცნობილია დამნაშავედ სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია, ჩადენილი ძალადობით), 25,117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზება) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში. როგორც გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებით დადგენილია, რომ 2005 წლის 14 ივლისს, იმჟამინდელი პრეზიდენტის - მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოქვეყნებული შეურაცხმყოფელი სტატიის გამო, მიხეილ სააკაშვილის, ივანე მერაბიშვილის და ერეკლე კოდუას ორგანიზებით, „სოდ“-ის სპეცრაზმის თანამშრომლები, შურისძიების მიზნით, თავს დაესხნენ პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილს და ცეცხლსასროლი იარაღის კონდახების გამოყენებით სასტიკად სცემეს. თავდასხმის შედეგად ვალერი გელაშვილმა მიიღო ცხვირის და სახის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, რამაც სახის წარუშლელი დამახინჯება გამოიწვია და სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანებად შეფასდა.

რაც შეეხება სანდრო გირგვლიანის საქმეს, უწყების ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ასევე, სამივე ინსტანციის სასამართლოს განაჩენებით ცნობილია დამნაშავედ პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში გასამართლებულ პირთა წინასწარი შეთანხმებით შეწყალების ეპიზოდში და საქართველოს სსკ-ის 332 მუხლის მე-2 ნაწილით („ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით), საბოლოოდ განსაზღვრული აქვს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წლის 27 იანვარს, ქ. თბილისში, კაფე „შარდენ ბარში“ თამარ მერაბიშვილს (სალაყაია), დავით ახალაიას, ოლეგ მელნიკოვს, გურამ დონაძეს და სხვებს, ამავე ბარში მყოფ სანდრო გირგვლიანთან და მის მეგობარ ლევან ბუხაიძესთან მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება. წარმოქმნილი კონფლიქტის საფუძველზე, შურისძიების მიზნით, დავით ახალაიას დავალებით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სანდრო გირგვლიანი და ლევან ბუხაიძე ძალის გამოყენებით გაიტაცეს ქალაქგარეთ, ოქროყანის სასაფლაოზე და აწამეს, რის შედეგადაც სანდრო გირგვლიანი გარდაიცვალა.

„აღნიშნულ საქმეზე, 2006 წელს გასამართლებულნი იქნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები გ.ალანია, ა.ღაჭავა, მ.ბიბილურიძე და ა.აფციაური, რომლებიც სასჯელაღსრულების N10 დაწესებულებაში იმყოფებოდნენ კომფორტულ და პრივილეგირებულ მდგომარეობაში, სასჯელის მოხდის პერიოდში, საპატიმრო დაწესებულებას ტოვებდნენ ყოველგვარი დოკუმენტაციის და ნებართვის გარეშე და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან წინასწარი შეთანხმებით, მის მიერ 2008 წელს შეწყალებულებიც იქნენ“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს