პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის ფაქტებზე

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების დაუფლების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტებზე.

კერძოდ, როგორც უწყებაში აღნიშნავენ, „ტელეიმედის" დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის და პატარკაციშვილების ქონების დაუფლების ფაქტზე, მიხეილ სააკაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ძალადობითა და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) და 333-ე მუხლის მეორე ნაწილით (სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების, სახელმწიფოს და საზოგადოების კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც გენერალურ პროკურატურაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, გამოძიებით დადგენილია, რომ 2006-2007 წლებში „ტელეიმედის“ ეთერში გავიდა არაერთი მწვავე სიუჟეტი, რაც რადიკალურად მიუღებელი აღმოჩნდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის, რომელმაც ბადრი პატარკაციშვილის მიმართ განახორციელა მუქარა, რათა ამ უკანასკნელს ნებაყოფლობით დაეთმო ტელევიზია, წინააღმდეგ შემთხვევაში მის მიმართ დაიწყებოდა „ სისხლისსამართლებრივი დევნა და მოხდებოდა, როგორც „ტელეიმედის“, ასევე სხვა ქონების იძულებით ჩამორთმევა. მიუხედავად მუქარისა, ბადრი პატარკაშვილმა არ დათმო ტელევიზია და მისი შენარჩუნებისთვის უფრო მეტი გარანტიის შექმნის მიზნით 2007 წლის ნოემბერში, „ტელეიმედის“ მართვის უფლება ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ მედიამაგნატს გადასცა.

საზოგადოებაში დაგროვილი მასობრივი უკმაყოფილება ხელისუფლებისადმი, 2007 წლის ნოემბრის საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. 2007 წლის 4 ნოემბერს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარდა თათბირი, რომელსაც სხვა თანამდებობის პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი. თათბირზე, ივანე მერაბიშვილის მხრიდან გაიცა უკანონო დავალება, რომ ძალოვანი უწყებების გამოყენებით, მომხდარიყო მომიტინგეების ცემა და მათ მიმართ კანონით აკრძალული საშუალებების გამოყენება, რა გზითაც მოხდებოდა ქვეყანაში საპროტესტო ტალღის ჩახშობა.

2007 წლის 7 ნოემბერს, პარლამენტის შენობის წინ მყოფ მოშიმშილე მომიტინგეებს, გაფრთხილების გარეშე, დილის საათებში თავს დაესხნენ ხელკეტით შეიარაღებული პოლიციის თანამშრომლები და ძალის გამოყენებით დაარბიეს. აღნიშნულმა ფაქტმა გამოიწვია საპროტესტო აქციის მონაწილეთა რაოდენობის გაზრდა, რომელთა დასაშლელადაც გამოიყენეს არაპროპორციული ძალა და კანონით აკრძალული არალეტალური იარაღი. სცემეს სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიის წევრები, ჟურნალისტები, ხოლო მომიტინგეებს, რომლებიც თავს აფარებდნენ შენობებს, სპეცრაზმი ფიზიკურად გაუსწორდა. მომიტინგეთა ხელახალი შეკრების აღსაკვეთად, საქართველოს კონსტიტუციისა და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით, საქართველოს პრეზიდენტის და ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდლის, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე, გამოყვანილი იქნა თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა, რომელსაც ადგილზე ხელმძღვანელობდა თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი. გარდა ზემოაღნიშნულისა, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის დავალებით, ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილ მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შეიჭრნენ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებმაც უკანონოდ დაიკავეს აღნიშნული ტერიტორია და გამოაძევეს თანამშრომლები.

მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა შექმნილი სიტუაცია, საქართველოს კონსტიტუციის და მოქმედი კანონმდებლობის დარღვევით გადაწყვიტა ძალოვანი უწყებების გამოყენებით „ტელეიმედის“ დარბევა და მაუწყებლობის ეთერიდან გათიშვა. 2007 წლის 7 ნოემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის და გენერალური პროკურორის ზურაბ ადეიშვილის დავალებით, სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, „ტელეიმედის“ შენობაში, უკანონოდ შეიჭრნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმები და ოპერატიული თანამშრომლები. მათ მიზანმიმართულად დაამსხვრიეს საეთერო ჩართვის აპარატურა, გამორთეს ტელეკომპანიის სატელევიზიო სიგნალი, ამასთან ჟურნალისტებს და ტელეკომპანიაში მყოფ პირებს, ასევე, იქ დასაქმებულ პერსონალს მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მათ შორის „ტელეიმედის“ ეზოში ჟურნალისტების წინააღმდეგ, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა იგნორირებით გამოიყენეს არალეტალური იარაღი. აღნიშნული მოვლენების შემდგომ, ერთი თვის განმავლობაში ტელეკომპანიის ტერიტორია ბლოკირებული ჰქონდათ ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს.

რაც შეეხება სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის ფაქტს, უწყების ცნობით, აღნიშნულ საქმეზე მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი ფულადი თანხის დიდი ოდენობით გაფლანგვისათვის, რაც სასჯელის სახედ და ზომად შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, მის მიერ საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივად გამოყენების ფაქტების გამჟღავნების თავიდან აცილების მიზნით, საიდუმლო ფორმით, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყო თანხები.

2009 წლის 1 მაისიდან 2013 წლის 25 თებერვლამდე, მიხეილ სააკაშვილის დავალებით და ორგანიზებით, მისი პირადი მიზნებისთვის, აღნიშნული თანხიდან არამიზნობრივად დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 9 024 367 ლარი.

ორივე სისხლის სამართლის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში განხილვა მიმდინარეობს“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო