გიგი უგულავა - ის, რაც კალაძისგან ვიხილეთ, ადამიანური ტრაგედიაა - სახედაკარგული ბრჭყალებით ეპოტინება ძალაუფლებას და ცოტა ფეხები უკანკალებს: „ვაიმე, დედა რა მეშველება“

ჩვენ უკვე ვხედავთ სახედაკარგულ ხელისუფლებას. ის, რაც გუშინ კალაძისგან ვიხილეთ, ადამიანური ტრაგედია იყო, სახედაკარგული, ძალაუფლების მოპოტინე ადამიანი, რომელიც ბრჭყალებით ეპოტინება ძალაუფლებას და ცოტა ფეხები უკანკალებს, - ამის შესახებ ფოთის მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. როგორც უგულავამ აღნიშნა, როდესაც მმართველი პარტია საკუთარ ხალხს ეჯიბრება, ის შეჯიბრი დაწყებამდე უკვე დამარცხებულია.

„ჩვენ უკვე ვხედავთ სახედაკარგულ ხელისუფლებას. ხელისუფლება და ბატონი კალაძე იმის ნაცვლად რომ გვთავაზობდეს კონკრეტულ გეგმებს, პროგრამებს, საუბრობდეს, როგორ დავძლიოთ გაჭირვება, საუბრობდეს მთავარ პრობლემაზე, კოვიდზე, რომელიც მხოლოდ მაშინ ახსენდებათ, თუ ვინმეს „გაშავება“ უნდათ. ის, რაც გუშინ კალაძისგან ვიხილეთ, ადამიანური ტრაგედია იყო, სახედაკარგული, ძალაუფლების მოპოტინე ადამიანი, რომელიც ბრჭყალებით ეპოტინება ძალაუფლებას და ცოტა ფეხები უკანკალებს - „ვაიმე, დედა რა მეშველება“. ამხელა კაცია, ძალაუფლების გარეშე არ უცხოვრია? იცხოვრებს თანამდებობის გარეშე, რა მოხდა?! ეს თანამდებობა ძალაუფლებისთვის უნდა. მარტო ევრორემონტის ჩატარება და მერე „პლეიბოივით“ სიარული ქუჩაში არ არის მერობა“, - განაცხადა უგულავამ.

ამასთან, უგულავას შეფასებით, ხელისუფლება განწირულია და ეს არჩევნების პირველმა ტურმაც აჩვენა, სადაც მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ დამაჯერებელი მარცხი იწვნია.

„რომელ დამაჯერებელ გამარჯვებაზე ვსაუბრობთ, დამაჯერებელი მარცხი იწვნიეს ყველა ქალაქში. ის, სადაც ოდნავი თავისუფლება და კონკურენციაა, მათ არჩევნები წააგეს. ვიგინდარების, ქურდბაცაცების პარტიად ჩამოყალიბდა „ქართული ოცნება“. სიტყვის თავისუფლებაზე გველაპარაკება ხელისუფლება და რა საგანგებო რეჟიმზე გადადის „იმედი“?! საგანგებო რეჟიმზე რომ გადახვიდე, ჯერ უნდა გამოხვიდე საგანგებო რეჟიმიდან. ეს არ შეიძლება, ქვეყნისთვის არის ცუდი. ხელისუფლება განწირულია ან ეს კონტრაქციის მოწყობა რა უგუნურებაა? უკვე დაწყებულია „მარშუტკების“ დაბევება, ხალხის აღრიცხვა, აქაც, ფოთშიც მიდის მასწავლებლების და საჯარო მოხელეების დაწიოკება, რომ თბილისში უნდა წაიყვანონ. როგორც კი ხელისუფლება ამ გზაზე დადგამს ფეხს, პირდაპირ ფოცხი ხვდება ცხვირში. ხელისუფლება, რომელიც ხალხთან იწყებს შეჯიბრს, ის აუცილებლად წააგებს, რადგან არათანაზომადი ძალებია, სხვადასხვა კატეგორიაა. როდესაც მმართველი პარტია ეჯიბრება საკუთარ ხალხს, ის შეჯიბრი დაწყებამდე უკვე დამარცხებულია და ამას ჩვენ უკვე ვხედავთ. ეს ისტერიკაც ამის მანიშნებელია“, - განაცხადა უგულავამ და დასძინა, რომ „შხამის ნიაღვარი, რაც მოედინება, ბიძინა ივანიშვილის თავიდან მოსდის“.

„ეს ყველაფერი დამახასიათებელია ბიძინა ივანიშვილის მენტალობისთვის. აქ ერთი დიდი „მეგატვინი“, თუ ამას ტვინი შეიძლება ეწოდოს, უფრო შხამია, ეს ყველაფერი არის ბიძინა ივანიშვილი, მისი მენტალობა, მისი ღირებულებები, მისი დამოკიდებულება ინდივიდების მიმართ. ეს შხამის ნიაღვარი მოედინება ბიძინა ივანიშვილის თავიდან. მან გამოიყვანა „უტიფართა ჯიში“, „უკეთურთა ჯიში“, მატყუარების და ყველაფრის მკადრებლების. კალაძე რომ ვითომ თავს იკავებდა, ის არის ყველაფრისმკადრებელი განსხვავებით კობახიძისგან. კობახიძე არ არის ფულის მონა, კალაძე არის ფულის ხამი, ამიტომ სახიფათო ძალად ჩამოყალიბდნენ. ეს არის კომპრომატებით გაერთიანებული კრებული, რომელსაც პარტია პირობითად ჰქვია. მეორე ასპექტია მდინარაძის განცხადება, რომელსაც ვერ წარმოუდგენია არჩევნების წაგება. ვერც ხვდება ბატონი მდინარაძე, რომელმაც თქვა, რომ პრაქტიკულად დიქტატორული რეჟიმი ვართო. ნორმალურ, დემოკრატიულ წესწყობილებაში შეიძლება ერთი ქალაქის მერი ერთი პარტიის წარმომადგენელი იყოს, სხვა ქალაქში, სხვა პარტიის წარმომადგენელი იყოს მერი და ა.შ. ამ თავისი ბჟუტურით მდინარაძემ თქვა, რომ ჩვენ ვართ ერთ სისტემაზე, ერთ კაცზე დაფუძნებული დიქტატურა, რომელსაც ერთი პატარა ხვრელიც თუ გაუჩნდა, იშლება მარტივ-მამრავლებად. ამას ამბობს მდინარაძე, რომ თუ ერთ ქალაქში მაინც გაიმარჯვებს ოპოზიცია, ის გახდება შავი ხვრელი, რომელიც დაანგრევს დიქტატურას, მაგრამ მოხდება პირიქით, რევოლუციური ბუნაგი კი არ გახდება, ზუსტად ის ქალაქი იქნება განვითარების და თავისუფლების ბრძოლის არეალი“, - განაცხადა უგულავამ.

იხილეთ ვიდეო:ქუჩაში "ფლეიბოივით" სიარული, ეს მერობა არ არის - გიგი უგულავა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა