ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე “ინტერპრესნიუსი“ არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინდექსი - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკატერინე ციმაკურიძეს ესაუბრა.

- ქალბატონო ეკატერინე, საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესები ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემებია, მას ჩვენ აუცილებლად შევეხებით.

საუბარი კი შიდა პოლიტიკაში არსებული ვითარებაზე მსჯელობით უნდა დავიწყოთ. დამკვირვებელთა ნაწილი თვლის, რომ ადგილობრივი არჩევნების შემდეგაც ვერ დაწყნარდა და ვერ დამშვიდდა ვითარება შიდა პოლიტიკაში. ბევრი არც არაფერი შეცვლილა. მეტიც, „ქვეყანა აგრძელებს განგრძობით კრიზისში ცხოვრებას.“

საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებაზე ოპოზიციას და ხელისუფლებას დიამეტრულად განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ.

ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ქვეყანაში არანაირი კრიზისი არაა, ოპოზიცია თვლის, რომ ხელისუფლება ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების საპირისპირო გადაწყვეტილებებს იღებს - გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, გააგრძელა მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, საკრებულოებში კი აგრძელებს ოპონენტების გადაბირებას, გაუგებარი მიზეზით გადაავადა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპარლამენტის მონაწილეობით „ჟან მონეს“ დიალოგი.

ხელისუფლების მსგავსად ოპოზიციაც აგრძელებს როგორც მინიმუმ გაუგებარი პოლიტიკის წარმოებას. „ნაციონალები“ გუნდის ბირთვში ცვლილებები მოხდა, მათ მთავარ მიზნად სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა რჩება, ამბობენ პარლამენტში შევალთო, მაგრამ ჯერ არ ჩანს, კიდეც რომ შევიდნენ, იქ რამდენად ეფექტური იქნება მათი საქმიანობა.

საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესების ფონზე როგორ შეაფასებდით საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

- როცა საუბრობენ პოლიტიკურ კრიზისზე, გულისხმობენ ოპოზიციის ბოიკოტს, სინამდვილეში, იგულისხმება მართვის კრიზისი ანუ, მმართველი ხელისუფლების უარი თანამშრომლობაზე.

ბოლო რამდენიმე წელია, მას შემდეგ რაც „ქართული ოცნება აღარაა“ კოალიციური მმართველი, არც ერთი გადაწყვეტილება ხელისუფლებას არ მიუღია კონსენსუსის გზით. ამიტომ ხდება, რომ ბოიკოტის დასრულების, ოპოზიციის პარლამენტში შესვლის შემდეგ ჩნდება მოლოდინი რომ კრიზისი დასრულდება, თუმცა ეს ასე არ ხდება.

კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი. ბოლო წლებში საპარლამენტო ცხოვრებაში არ უარსებია პრაქტიკულად არც ერთ შემთხვევას, როცა „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა რომელიმე, თუნდაც მისთვის მოსაწონი საპარლამენტო ოპოზიციის ინიციატივას, ან ოპოზიციის ცალკეული რეკომენდაცია მაინც გაითვალისწინა.

ვერც ისეთ შემთხვევას გავიხსენებთ, როცა მმართველმა ხელისუფლებამ ოპოზიციური სპექტრის ერთსულოვანი პოზიცია გაითვალისწინა. ასეთ დროსაც კი, საპარლამენტო უმრავლესობა არჩევს საკითხის გადაწყვეტაში დარჩეს შეუვალი და მარტო, თავისი გუნდის და მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლების მხარდაჭერის ამარა.

ვერც ისეთ შემთხვევას გავიხსენებთ, როცა მმართველმა ხელისუფლებამ ოპოზიციური სპექტრის ერთსულოვანი პოზიცია გაითვალისწინა. ასეთ დროსაც კი, საპარლამენტო უმრავლესობა არჩევს საკითხის გადაწყვეტაში დარჩეს შეუვალი და მარტო, თავისი გუნდის და მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლების მხარდაჭერის ამარა

გადაწყვეტილებების ის სერია, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, სწორედ ასეთი, არაკონსენსური ანუ არადემოკრატიული გზით არის მიღებული, ექსკლუზიურად „ქართული ოცნების“ მიერ, და წარმოადგენს მართვის კრიზისის შედეგს.

გავიხსენოთ, საკრებულოების ახალი შემადგენლობების არჩევისთანავე, როგორ დაამტკიცეს მუნიციპალური ბიუჯეტები წინა შემადგენლობის საკრებულოებმა იქ, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნების შედეგად უმრავლესობა ვერ მოიპოვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევას, მოსამართლეების დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების შესუსტებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას, ცესკოს თავმჯდომარის კონსენსუსით არჩევის წესის გაუქმებას „ქართულმა ოცნებამ“ როგორც ოპოზიციის, ისე სტრატეგიული უცხოელი პარტნიორების მკაფიო კრიტიკის ფონზე, ერთპარტიულად დაუჭირა მხარი.

- პრემიერმა ღარიბაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა - შედეგი შთამბეჭდავია, ყველა კრიზისი დასრულებულია...ყველა კრიზისი არის დასრულებული იქნებოდა ეს პოლიტიკური კრიზისი თუ სხვა კრიზისები, რომელიც ქვეყანაში იყო შექმნილი“...

ვფიქრობ, რომ ჩვენ, ყველამ, ერთიანმა გუნდმა ერთად დავძლიეთ ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე და ჩვენი ხალხის წინაშე იყო ამ ერთი წლის განმავლობაში.

იმავე ეთერში პრემიერმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საქმიანობა, „პოლიტიკურ მასტერკლასადშეაფასა და თქვა, რომ მას მმართველი პარტიის გუნდშიჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებაშიმთავარი წვლილი მიუძღვის. როგორ შეაფასებდით მმართველი გუნდის საქმიანობასა და ამ პროცესში ირაკლი კობახიძის „მასტერკლასის“ შედეგებს?

- საკუთარი გუნდის მისამართით ნათქვამი სიტყვებია. ხალხს არ მიმართავს ამ შემთხვევაში. ჩემი აზრით, აქ კრიზისში იგულისხმა მთელი ის დისკომფორტი, რის წინაშეც მის პარტიას ოპოზიციასთან თანამშრომლობის აუცილებლობა აყენებდა.

გასული წლის ძირითადი მოვლენები რომ გავიხსენოთ, „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა შარლ მიშელის შეთანხმება და შესაბამისად, უარი თქვა კონსენსუსის პრინციპის ამუშავებაზე.

გასული წლის ძირითადი მოვლენები რომ გავიხსენოთ, „ქართულმა ოცნებამ“ დატოვა შარლ მიშელის შეთანხმება და შესაბამისად, უარი თქვა კონსენსუსის პრინციპის ამუშავებაზე

ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება წლის ბოლოს დაჩქარებული წესით და ოპოზიციის თანხმობის გარეშე მიიღო, რითაც სწორედ კონსენსუსის წესით გადაწყვეტილებების მიღების პროცედურები გააუქმა. სულ ახლახან უარი თქვა ჟან მონეს ფორმატზე, რომელიც ასევე ოპოზიციასთან თანამშრომლობის კულტურის ჩამოყალიბებას ემსახურება.

ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა ისე, რომ ინარჩუნებს მხარდამჭერებს, მეტიც, პოლარიზაციის იმ ნიშნულს მიაღწია, როცა მისი მხარდამჭერები ეთანხმებიან არა მხოლოდ „ნაცმოძრაობასთან,“ არამედ ზოგადად ოპოზიციასთან თანამშრომლობაზე უარს, ანუ „ქართული ოცნების“ პარტია ჰარმონიაშია საკუთარ თავთან.

თუმცა, უნდა ითქვას, რომ დემოკრატიულ მოწყობაში ასეთი ანომალიური მდგომარეობა დიდხანს არ გრძელდება ხოლმე.

- თუ „კრიზისი დასრულებული“ არაა, საშინაო პოლიტიკაში რა ტიპის კრიზისთან გვაქვს საქმე?

- „ქართული ოცნების ბოლო თუნდაც ერთი წლის პოლიტიკა, რაზეც უკვე ვისაუბრე, ქმნის ვითარებას, როცა ჩვენ გვაქვს სახელმწიფოს დემოკრატიული მოწყობა არადემოკრატიული პროცესის პირობებში - არსებობს ბევრი პარტია, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის იღებს ერთი, არსებობს უმრავლესობა და ოპოზიცია, მაგრამ არ არსებობს კონტროლისა და შეკავების სისტემა.

გვაქვს სახელმწიფოს დემოკრატიული მოწყობა არადემოკრატიული პროცესის პირობებში - არსებობს ბევრი პარტია, მაგრამ გადაწყვეტილებას ყოველთვის იღებს ერთი, არსებობს უმრავლესობა და ოპოზიცია, მაგრამ არ არსებობს კონტროლისა და შეკავების სისტემა

ამიტომ, პოლიტიკური კრიზისი იარსებებს მანამ, სანამ საზოგადოებაში არ გაიზრდება მოთხოვნა დემოკრატიული პროცესის და არა პეტრეს ან პავლეს პარტიის მიმართ.

- გასულ კვირის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილმა გაუგებარი მიზეზით გადაავადა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ევროპარლამენტის მონაწილეობით „ჟან მონეს“ დიალოგი.

მმართველი გუნდი ამტკიცებს - ოპოზიციის მტკიცება, რომ პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებთან შესახვედრად ვერ მოიცალა, სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ, ფაქტია, რომ ამ თემაზე თავად სამი ევროპარლამენტარის განცხადება სხვაგვარი ინტერპრეტაციის საშუალებას არც იძლევა.

ოპოზიცია ასევე აცხადებს, რომ პაპუაშვილმა ევროპარლამენტარებთან შეხვედრა იმიტომ გადაავადა, რომ ოპოზიციასთან ურთიერთობასა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციების შეუსრულებლობაზე სათქმელი ხელისუფლებას არაფერი ჰქონდა.

უცნაური იყო ამ თემაზე პარლამენტის თავმჯდომარის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადება. მხედველობაში მაქვს ის, თითქოს ევროპარლამენტარები იწვევენ საქართველოში პოლიტიკურ ძალებს შორის პოლარიზაციას.

ვითარებაში, როცა მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის თანამშრომლობა ვერ, თუ არ ხერხდება, თქვენ როგორ აღიქვით მმართველი გუნდის მიერ ევროპარლამენტარების მონაწილეობით „ჟან მონეს“ დიალოგის გადავადება?

- სამწუხაროდ, არ მაქვს მოლოდინი, რომ დიალოგი გაგრძელდება ან შედეგიანი იქნება. „ქართული ოცნების“ დამკვიდრებული პოლიტიკა, პრემიერ-მინისტრის განცხადება, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ჟან მონეს“ ფორმატი „ქართული ოცნებისთვის“ „ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებულ და უკვე დაძლეულ კრიზისში“ დაბრუნების ტოლფასი იქნება.

საპარლამენტო ოპოზიციამ დროულად უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი ერთი მხრივ, მუდმივ ბოიკოტსა და მეორე მხრივ, ხელისუფლების შემაკავებლისა და მაკონტროლებლის კონსტიტუციური როლის შესრულებას შორის

ამ ხელისუფლების პოლიტიკა არ არის ვინმესთან თანამშრომლობა.

- საშინაო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე მსჯელობისას კონფლიქტოლოგმა გიორგი კანაშვილმა ინტერპრესნიუსთან” ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო მოსაზრება გამოთქვა -უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას“.

თქვენი დაკვირვებით მართლაც არსებობს თუ არა ჩვენს რეალობაში პოლიტიკაში დაკვეთა ახალ პოლიტიკურ კულტურაზე? თუ კი, სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ პოლიტიკოსები ამას ვერ გრძნობენ და ამგვარ რეალობას ალღოს ვერ უღებენ?

- საზოგადოებაში სულ უფრო შესამჩნევი ხდება ადამიანთა ის ნაწილი, ვისაც სურს დაინახოს რეალური სამუშაო პროცესი არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ ოპოზიციის მხრიდანაც.

ეს საზოგადოების ის ნაწილია, რომელიც მხარს დაუჭერდა არა ოპოზიციის ბოიკოტს, არამედ იმას, რომ ოპოზიციას გამოეყენებინა კონსტიტუციით მინიჭებული ბერკეტები. მაგალითად, მიეღწია პარლამენტის რიგგარეშე სესიის მოწვევისთვის უკრაინის საკითხზე რეზოლუციის პროექტის განხილვის მიზნით. ოპოზიციის ეს ინიციატივა გასული წლის დეკემბერში საპარლამენტო უმრავლესობამ არც კი განიხილა.

კონსტიტუციით ოპოზიციას არაერთი სხვა შემაკავებელი ბერკეტი აქვს მიკუთვნებული, რომლის გამოყენებაც ეფექტიანად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია თუ, პარლამენტში ოპოზიცია სრულადაა წარმოდგენილი.

ამდენად, ვფიქრობ, საპარლამენტო ოპოზიციამ დროულად უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი ერთი მხრივ, მუდმივ ბოიკოტსა და მეორე მხრივ, ხელისუფლების შემაკავებლისა და მაკონტროლებლის კონსტიტუციური როლის შესრულებას შორის.

საზოგადოება ვერ დაინახავს ოპოზიციის შესაძლებლობებს თუ, ოპოზიცია არ გააკეთებს არჩევანს ერთი მხრივ, მუდმივ ბოიკოტსა და მეორე მხრივ, კონტროლისა და შეკავების კონსტიტუციური ფუნქციის შესრულებას შორის

- შესაძლოა ვცდებოდე, მაგრამ ამ თემებზე მსჯელობისას ნებსით თუ უნებლიეთ ჩნდება განცდა, რომ პოლიტიკური ველი იმდენჯერ და ისე ძლიერად გაიკრიფა, რომ პოლიტიკურ სცენაზე პოლიტიკოსების სიმრავლის მიუხედავად, ეს სცენა ან ნახევრადცარიელია, ან ისევ მხოლოდ ორი ფიგურა ჩანს, ერთში ივანიშვილი იოლად იცნობა, ხოლო მეორეში ციხეში მჯდომი მესამე პრეზიდენტი სააკაშვილი...

დამკვირვებელთა ნაწილის შეფასებით ვიდრე ასეა, საშინაო პოლიტიკაში ჩიხური ვითარება კიდევ კარგა ხანი იქნება. თქვენც ასე ფიქრობთ? თუ კი, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ 2024 წლამდე ივანიშვილისა და სააკაშვილისაგან ძლიერი და დამოუკიდებელი პარტია, ან პარტიები შეიქმნას?

- ძალაუფლებაში მესამედ მოსული პოლიტიკური ძალისგან რთულია სიახლეს ელოდე. მით უფრო, საქმე გვაქვს ძალასთან, რომელსაც არ გააჩნია ხალხისთვის პროგრესის შეთავაზების დემოკრატიული სტიმულები. მან ამ სტიმულებს თავად გამოუთხარა ძირი. ამიტომ, პოლიტიკური და ეკონომიკური ვითარება, რაც დღეს გვაქვს, მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესდება.

არც ისე მარტივი ვითარებაა და იდეალური გამოსავალი არ უნდა ვეძებოთ. არჩევანი უნდა გავაკეთოთ იქიდან რაც გვაქვს და არჩევანი არ დგას მხოლოდ „ქართულ ოცნებასა“ და „ნაცმოძრაობას“ შორის.

თუმცა, საზოგადოება ვერ დაინახავს ოპოზიციის შესაძლებლობებს თუ, ოპოზიცია არ გააკეთებს არჩევანს ერთი მხრივ, მუდმივ ბოიკოტსა და მეორე მხრივ, კონტროლისა და შეკავების კონსტიტუციური ფუნქციის შესრულებას შორის.

ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ „ჟან მონეს“ ფორმატი „ქართული ოცნებისთვის“ „ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებულ და უკვე დაძლეულ კრიზისში“ დაბრუნების ტოლფასი იქნება

- საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით პოლიტიკის ანალიტიკოსმა გიორგი ანთაძე „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესების ფონზე, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ამოცანაა უსაფრთხოების ფუნდამენტურ მიზნებზე ეროვნული ძალისხმევის კონსოლიდაცია“.

პარლამენტმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებაც ვერ მიიღო. შედეგად ვნახეთ, რომ უკრაინის მხარდამჭერი განცხადება „ნაცმოძრაობამ“ გააკეთა. საპარლამენტო ოპოზიცია იძულებული გახდა პრემიერ-მინისტრთვის მოეწოდებინა უსაფრთხოების საბჭოს სხდომის მოწვევა, მმართველ გუნდს კი პარლამენტის მიერ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისკენ მოუწოდა.

თქვენი დაკვირვებით რატომ ვერ ახერხებენ ფუნდამენტურ საკითხებზე შეთანხმებას მმართველი გუნდი და ოპოზიცია?

- კონსენსუსი ხშირად გაგებულია ისე, თითქოს ოპოზიციამ უნდა დაუჭიროს მხარი იმას, რაც ხელისუფლებას სურს. ასეც შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს არ არის კონსენსუსის კლასიკური მაგალითი.

კონსენსუსი ნიშნავს იმას, რომ ის ვისაც ხელეწიფება კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება, საკუთარი ნებით თმობს რაღაცას, სხვათა აზრის გათვალისწინების სანაცვლოდ.

ეს ნიშნავს, რომ შეთანხმების მიღწევა ხელისუფლებაზე უფროა დამოკიდებული ვიდრე ოპოზიციაზე. ხელისუფლებამ უნდა აღიაროს რომ მასზეა შეთანხმების მიღწევის მთავარი პასუხისმგებლობა.

შეთანხმების მიღწევა ხელისუფლებაზე უფროა დამოკიდებული ვიდრე ოპოზიციაზე. ხელისუფლებამ უნდა აღიაროს რომ მასზეა შეთანხმების მიღწევის მთავარი პასუხისმგებლობა

- უკრაინის თემაზე ხელისუფლება სიფრთხილეს რომ იჩენს, თითქოს გასაგებია, რეალურად რა გადაწყვეტილებებს მიიღებს კრემლი უკრაინასთან მიმართებაში ჯერ არ ჩანს. თუმცა, საფრთხე რომ რეალურად არსებობს ფაქტია.

ფაქტია ისიც, რომ უკრაინის გარდა საფრთხე ემუქრება საქართველოს მიერ 30 წლის წინ განსაზღვრულ საგარეო პოლიტიკურ კურსს. მაშინ როცა ახლა წყდება არა მხოლოდ ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურის ბედი, საქართველო ამ პროცესებისგან თვითდისტანცირების რეჟიმშია. ამ თვალსაზრისით სურათი ვერ შეცვალა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ზალკალიანის განცხადებამ, რომელმაც უკრაინას მხარდაჭერა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოუცხადა. დაგვიანებით, მაგრამ მხარდამჭერი განცხადება ასევე გააკეთა პარლამენტის სპიკერმა.

უკრაინის მხარდამჭერი განცხადება ასევე გაავრცელა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმაც. მაგრამ, ამ განცხადებიდან არ ჩანს, უკრაინის სუვერენიტეტს ვინ ემუქრება ნაურუ თუ რუსეთი.

როგორ აფასებთ უკრაინის საკითხში საქართველოს ხელისუფლების როგორც მინიმუმ, უხერხემლო პოზიციას? როგორადაც არ უნდა დასრულდეს უკრაინის გამო არსებული კრიზისი, როგორ აისახება კრიზისულ ვითარებაში ოფიციალური თბილისის ზედმეტადაც კი ფრთხილი პოზიცია საქართველოს დეკლარირებულ საგარეო პოლიტიკურ მისწრაფებებზე?

- სულ მესმის სიფრთხილის არგუმენტი. ამასთან, საკითხი შეეხება სახელმწიფო უსაფრთხოებას, რაც დიდწილად დახურული სფეროა და ესეც გასათვალისწინებელია. თუმცა, ვერც საკითხის სენსიტიურობა, ვერც მისი დახურული ხასიათი, ვერაფერი ვერ გაუკეთებს ანულირებას პარლამენტის დანიშნულებას, რეაგირება მოახდინოს ისეთ დიდ საფრთხეებზე, როგორიც არის ომი, ოკუპაცია, საგარეო კურსის ცვლილება.

სინამდვილეში, პარლამენტი არის ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პირველადი განმსაზღვრელი, პარლამენტს აქვს ფუნქცია ომის საკითხებზე და ვალდებულია გააკონტროლოს მთავრობის მუშაობა ქვეყნის უსაფრთხოების მიმართულებით.

ეს არის პარლამენტის კონსტიტუციური ფუნქცია და ჩვენი სახელმწიფოს არქიტექტურა, რომლისთვისაც სრულიად შეუსაბამოა საკითხის ისე დაყენება, თითქოს რამე აუქმებდეს ამ არქიტექტურას.

ამიტომ, პასუხი კითხვაზე რატომ არ რეაგირებს პარლამენტი, ვერ იქნება ის, რომ საკითხი საფრთხილოა. კითხვები შეიძლება დავსვათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით და რა რეაგირება უნდა ჰქონდეს პარლამენტს. ეს ყველაფერი ვფიქრობ პასუხობს იმ კითხვასაც, რატომ არ იყო საკმარისი უკრაინის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრის ან პრეზიდენტის გამოხმაურება. ეს მათი ფუნქცია არ არის, ეს პარლამენტის კომპეტენციაა.

პასუხი კითხვაზე რატომ არ რეაგირებს პარლამენტი, ვერ იქნება ის, რომ საკითხი საფრთხილოა. კითხვები შეიძლება დავსვათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით და რა რეაგირება უნდა ჰქონდეს პარლამენტს. ეს ყველაფერი ვფიქრობ პასუხობს იმ კითხვასაც, რატომ არ იყო საკმარისი უკრაინის საკითხზე საგარეო საქმეთა მინისტრის ან პრეზიდენტის გამოხმაურება. ეს მათი ფუნქცია არ არის, ეს პარლამენტის კომპეტენციაა

ვიცით, რომ დეკემბრის და იანვრის განმავლობაში ხსენებულ საფრთხეებთან კავშირში პარლამენტში მხოლოდ ორი საკომიტეტო შეხვედრა გაიმართა რამდენიმე მინისტრის მოადგილის დონეზე. შეხვედრები დახურული იყო და რაიმე გადაწყვეტილება პარლამენტის მხრიდან არ მოჰყოლია.

ამასთან, ამ საკითხზე საპარლამენტო ოპოზციის მიერ ჯერ კიდევ დეკემბრის დასაწყისში ინიციირებულია ორი რეზოლუციის პროექტი, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ არც კი განიხილა.

სულ ამით შემოიფარგლება რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე პარლამენტის რეაქცია, რაც ბუნებრივია, ხალხში აჩენს არაერთ კითხვას და ეჭვებს, მათ შორის, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით.

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა