სოზარ სუბარის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებებით „ძალიან გაკვირვებული“ დარჩა, ვინაიდან პრეზიდენტის მხრიდან ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადი არ შესულა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებებით „ძალიან გაკვირვებული“ დარჩა, ვინაიდან პრეზიდენტის მხრიდან ვიზიტებთან დაკავშირებით განაცხადი არ შესულა.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რომც შესულიყო პრეზიდენტის მიერ უკრაინაში წასვლასთან დაკავშირებით განცხადება, უკრაინაში პრეზიდენტის ვიზიტი სწორი არ იქნებოდა.

„პრეზიდენტს ვუსმენდი და გულწრფელად რომ გითხრათ, ძალიან გაკვირვებული დავრჩი. შემდეგ ვცადე მომეკითხა ეს ამბავი და როგორც გავიგე, მსგავსი არაფერი ყოფილა. მე რაც ვიცი, მსგავსი განაცხადი არ შესულა.

თუმცა, დავუშვათ, რომ შესულიყო მსგავსი განაცხადი, როდესაც ამ ჩამონათვალში არის უკრაინა, მე არ მიმაჩნია, რომ უკრაინაში წასვლა პრეზიდენტის მხრიდან სწორი იქნება, ან მთავრობის მეთაურის მხრიდან, მაშინ როდესაც ქვეყანას გაწვეული ჰყავს საქართველოდან ელჩი, ძალიან მკაფიო განცხადებით: „იმიტომ გავიწვიეთ, რომ მან ვერ შეძლო საქართველოს ომში ჩართვა“ - ასეთი წინადადებები იყო და „მაშინ დავაბრუნებთ, როდესაც საქართველოსგან მეგობრულ ნაბიჯებს დავინახავთო“. ეს ისეთი განცხადებაა, რომლის შემდეგაც სახელმწიფოს მეთაური, ან მთავრობის მეთაურის ჩასვლა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, სანამ ეს პოზიცია არ გადაიხედება უკრაინელი მეგობრების მხრიდან“,-აღნიშნავს სუბარი.

მან პრეზიდენტის ის განცხადებაც შეაფასა, სადაც აღნიშნავს, რომ ევროპულ მომავალთან დაკავშირებით არ უნდა გადავყვეთ არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს.

როგორც სუბარი განმარტავს, პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება „უსამართლო და არასწორია“, განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელმაც ყველაზე კარგად იცის, „თუ რას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი და რა დემოკრატიული ცვლილებები განხორციელდა მიხეილ სააკაშვილის შეცვლის შემდეგ“.

„ცოტა პიროვნულადაც მტკივნეულია, როდესაც ყველამ ვიცით, რამხელა რესურსი ჩავდეთ იმაში, რომ სალომე ზურაბიშვილი დაგვეცვა ძალიან უსამართლო თავდასხმებისგან, რომელსაც საარჩევნო პერიოდში ატარებდნენ. რეპუტაციული ზიანი, რომელიც მაშინ მიიღო „ქართულმა ოცნებამ“, მსგავსი რეპუტაციული ზიანი ჩვენ არ მიგვიღია, დღემდე მოგვყვება ეს ზიანი. ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მას მხარდაჭერა ჰქონოდა. ბევრი ჩვენი ძველი თანაგუნდელი დაგვცინოდა, როდესაც სალომე ზურაბიშვილს ვირჩევდით, რომ ნახავთ, სალომე ზურაბიშვილი რამდენ პრობლემას შეგიქმნითო. საქართველოს ისტორიის გამთლიანებას ვეძახდი, როდესაც ემიგრაციის წარმომადგენელი გახდა პრეზიდენტი. ამ ყველაფრის ფონზე, ძალიან გულდასაწყვეტია და უსამართლოა განცხადებები, რასაც აკეთებს. მასზე უკეთ არავინ იცის, რა ბოროტებას წარმოადგენდა მიხეილ სააკაშვილი, მთელი მისი გუნდი თავის ნიკა გავარამიანად და იმ ადამიანებით, ვინც დღესაც არის პოლიტიკაში და ასევე წასულია“,- აღნიშნავს სუბარი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ბრიუსელის შემდეგ ვიზიტის განხორციელება კიდევ რამდენიმე ქვეყანაში სურდა, თუმცა მთავრობისგან უარი მიიღო, რის გამოც ბრიუსელიდან თბილისში დაბრუნება უწევს. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ სჯერა, რომ რამე სხვა მომავალი არსებობდეს საქართველოსთვის თუ არა ევროპული მომავალი: „არ მიმაჩნია, რომ ვინმეს უნდა გადავყვეთ ამ პროცესის წინ წასვლაში, არც სააკაშვილს, არც გვარამიას და არც ბიძინა ივანიშვილს“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

აღნიშნული განცხადებების შემდეგ, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ არავის შეწყალებას არ აპირებს და სპეკულაციები უნდა შეჩერდეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო