ვანო მაჭავარიანი - პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება, მაგრამ ამისთვის „ქართულ ოცნებას“ უნდა მოვთხოვოთ, არ იყოს „ქართული ოცნება“

დღევანდელმა ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას, არის მიიღოს მსგავსი დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებული კანონი, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს დანარჩენი 11 პუნქტის შესრულება, რომელიც თუ პოლიტიკური ნება არსებობს, შესასრულებელია, - ამის შესახებ ექსპერტმა ვანო მაჭავარიანმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც “დეოლიგარქიზაციის“ შესახებ ევროკომისიის მოწოდება შეაფასა.

მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა იყვნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მიიღონ ყველა სიკეთე ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით თუ გადააყოლოს ქვეყანა ერთი ადამიანის ინტერესს, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო და ერთპიროვნულად წყვეტს საქართველო ევროპულ გზას დაადგეს თუ იყოს ამ ჭაობში.

ექსპერტის შეფასებით, ის, რომ ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვას მისცა კანდიდატის სტატუსი, ხოლო საქართველოს ხელისუფლებას მისცა პირობები შესასრულებლად, ნიშნავს იმას, რომ ევროკომისია „ქართული ოცნების“ ბოლო წლების მმართველობიდან გამომდინარე, ხელისუფლებას არ ენდობა.

„ევროკომისიაში და ევროპის დედაქალაქებში მიაჩნიათ, რომ ძირითადი პრობლემა, სწორედ, ერთი ადამიანია - ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არ არის პოლიტიკაში, მაგრამ მას აქვს ყველა საშუალება, როგორც სახელმწიფოს მართვაში, ისე ეკონომიკაში, ასევე სხვა სფეროებშიც ძალიან აქტიურად არის ჩარეული.

ამის გამოსასწორებლად , სწორედ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების არ დაკარგვის პერსპექტივიდან გამომდინარე, მოლდოვამ მიიღო სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც არის ევროპული კანონმდებლობა - დეოლიგარქიზაციის შესახებ. იგივე გზას ადგას უკრაინა. დღევანდელმა ხელისუფლებამ პირველი ნაბიჯი, რაც უნდა გადადგას, არის მიიღოს მსგავსი კანონი, რომელიც თანხვედრაშია ევროპულ კანონმდებლობასთან. ამის შემდეგ უნდა დაიწყოს დანარჩენი 11 პუნქტის შესრულება, რომელიც თუ პოლიტიკური ნება არსებობს, შესასრულებელია. თუ დღევანდელი ხელისუფლება ამ პირობებს არ შეასრულებს, საქართველოს პერსპექტივა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, ნულს უტოლდება.

საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადაწყვიტონ, უნდათ თუ არა იყვნენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და მიიღონ ყველა სიკეთე ფინანსური, ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით ან გადააყოლონ ქვეყანა ერთი ადამიანის ინტერესს, რომელსაც მიტაცებული აქვს სახელმწიფო და ერთპიროვნულად წყვეტს საქართველო ევროპულ გზას დაადგეს თუ იყოს ამ ჭაობში“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

კითხვაზე: თუ რას გულისხმობს ევროპული კანონმდებლობა დეოლიგარქიზაციის შესახებ, ექსპერტი ამბობს, რომ ეს არის მთელი რიგი პაკეტი კანონებისა, რომელიც გაწერილია ევროკავშირის კონკრეტულ მოთხოვნაში პოსტსაბჭოურ ქვეყნებთან მიმართებაში. მისი თქმით, ყველაფერი არის გაწერილი, არაფერი გამოსაგონებელი „ქართულ ოცნებას“ არ აქვს.

„თუ გინდა, რომ ევროკავშირის წევრი გახდე, შესაბამისობა უნდა იყოს ევროპულ კანონებთან, დემოკრატიული მმართველობის პრინციპებთან და კანონის უზენაესობასთან მიმართებაში. ეს არის ევროკავშირის მოთხოვნები, რეგულაციები და კანონები, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს და ამით პირველი ნაბიჯი უნდა გადადგას, მაგრამ ამისთვის „ქართულ ოცნებას“ უნდა მოვთხოვოთ, რომ არ იყოს „ქართული ოცნება“. მათ ურჩევნიათ ბიძინა ივანიშვილი, ვიდრე საქართველომ, მოლდოვას და უკრაინასთან ერთად მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

კითხვაზე: რამდენად გულისხმობს ევროპარლამენტარების მოწოდება - „ ქვეყანას სჭირდება დეოლიგარქიზაცია“, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, როგორც საკითხი ოპოზიციის ცალკეულ წარმომადგენელს ესმის, მაჭავარიანმა აღნიშნა, რომ თუ დღევანდელი ხელისუფლება უარს აცხადებს ან არ აქვს პოლიტიკური ნება ან შესაძლებლობა შეასრულოს მოთხოვნები, რომელიც არის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა, ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება ხელისუფლების ცვლილება.

„ნორმალურ დემოკრატიულ სახელმწიფოში ხდება ხელისუფლების ცვლილება. მთავრობა გადადგება და პოლიტიკური ლიდერებიდან, რომლებიც „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციაში არიან, ერთიანი ხელისუფლება დგება, სადაც რეფორმები 12 პუნქტის სახით იქნება პოლიტიკური ნებით გამაგრებული და კანონმდებლობით უზრუნველყოფილი.

ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება“ უარყოფს ნებისმიერ პრობლემას, ეძებს საფრთხობელას ყველგან, გარდა თავის პოლიტიკურ რეალობაში. „ქართული ოცნება“ ცდილობს წარმოაჩინოს, თითქოს ევროპის, საზოგადოების და ოპოზიციის ბრალია , რომ „ქართულ ოცნებას“ ხელი ეშლება ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ეს არის ინფორმაციის გამიზნული დამახინჯება. პერსპექტივა, რომ საქართველო გახდება ევროპული სივრცის ნაწილი, არის ქართული სახელმწიფოს მისია, რომელიც უნდა შესრულდეს“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

ვაჟა ბერიძე - სამოქალაქო დაპირისპირება რეალურია, რაშიც ხელისუფლებაც და ოპოზიციაც თანაბრადაა დამნაშავე
პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!
ქართული პრესის მიმოხილვა 27.03.2023
კახა ოქრიაშვილი ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაზე - ვეცადე, რბილი ვყოფილიყავი ჩემს შეფასებებში
Jeep-ის და Alfa Romeo-ს ცენტრში განსაკუთრებული აქცია დაიწყო
კრიპტოვალუტის შეძენა უკვე ფეიბოქსებშია შესაძლებელი
NCURA-ს „სამხრეთ კავკასიის და უკრაინის ინიციატივა“ BTU-ში განხორციელდება
ქართული ღვინის ახალი სიტყვა თანამედროვე ორგანულ ბაზარზე
ონკოლოგიური და ძვირადღირებული მედიკამენტების მომსახურება PSP-სთვის მომგებიანი არასდროს ყოფილა