სამწუხაროდ, ამ უმძიმესი ტრაგედიის ფონზე, ჩვენ დავინახეთ როგორი იყო საკრებულოს სხდომა და ეს არის პირადად ქალაქის მერის პასუხისმგებლობა, რომელიც კითხვებზე პასუხების გაცემას თავს არიდებს, - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, თბილისის საკრებულოს წევრმა, საბა ბუაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით ოპოზიციის შეკითხვები არის წმინდა შინაარსობრივი და "ლელო" ამ კითხვების დასმას აუცილებლად გააგრძელებს.
"სამწუხაროდ, ამ უმძიმესი ტრაგედიის ფონზე ჩვენ დავინახეთ როგორი იყო საკრებულოს სხდომა და ეს არის პირადად ქალაქის მერის პასუხისმგებლობა, რომელიც თავს არიდებს კითხვებზე პასუხების გაცემას, მაგრამ საკრებულოს სხდომაზე მის გარეშეც ვხედავთ, რა პასუხები აქვს "ქართული ოცნების" უმრავლესობას. გვესმის რაღაც მორალური ბრალდებები, გვესმის მორალურ ჭრილში ამ საკითხის გადატანა, მაგრამ მათი მცდელობის მიუხედავად, ჩვენ ფოკუსს არ ვკარგავთ. ჩვენი შეკითხვები ამ საკითხთან დაკავშირებით არის წმინდა შინაარსობრივი და აუცილებლად გავაგრძელებთ ამის დასმას. როგორც არ უნდა უნდოდეს კალაძეს, რომ ეს ტრაგედია საზოგადოებას დაავიწყდეს, იმიტომ რომ ამ ტრაგედიის დავიწყება ნიშნავს კიდევ ახალ ტრაგედიას მომავალში და ჩვენი, როგორც არჩეული თანამდებობის პირების პირდაპირი პასუხისმგებლობაა, რომ ყველაფრის ფასად შევეწინააღმდეგოთ ასეთი შემთხვევების გამეორებას. პრევენცია იქნება შეუძლებელი, თუ საკრებულო არ შეასრულებს თავის ფუნქციას. მე გულწრფელად ვწუხვარ, რომ დღეს აქ კოლეგების ნაწილს დაავიწყდა კოლეგიალობის ვალდებულება მიუხედავად პარტიული განსხვავებებისა და მივიღეთ ის სანახაობა, რომელიც საზოგადოებამ დაინახა," - განაცხადა საბა ბუაძემ.
შეგახსენებთ, დედაქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. ოპოზიციამ უკმაყოფილება გამოთქვა, იმის გამო, რომ თბილისის მერი კახა კალაძე საკრებულოს რიგგარეშე არ მივიდა და ტრაგედიის შესახებ მათ კითხვებს არ უპასუხა.
უმრავლესობის წარმომადგენლებმა კი განაცხადეს, რომ ოპოზიცია ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის პოლიტიზირებას ცდილობს და ტრაგედიით სპეკულირებს.
ოპოზიციის ნაწილმა პროტესტის ნიშნად, თბილისის საკრებულოს სხდომა დატოვა.