NDI - ევროკავშირის მხარდაჭერა გაიზარდა, რაც ევროინტეგრაციისადმი მოსახლეობის ერთგულებაზე მიუთითებს - მოქალაქეებს ყველაზე მეტად ფასების ზრდა აღელვებთ და ყოველი მე-5 მოქალაქე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ევროკავშირის მხარდაჭერა 81%-მდე გაიზარდა, რაც იმის დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები ევროინტეგრაციის ერთგულნი რჩებიან.

კვლევის თანახმად, მსგავსი ტენდენციაა ნატოსთან მიმართებაშიც - მოსახლეობის უმრავლესობა - 73% საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობას კვლავ უჭერს მხარს.

ამასთან, ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობას ყველაზე მეტად ფასების ზრდა/ინფლაცია, უმუშევრობა, სიღარიბე და დაბალი ხელფასები აწუხებს. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ ყოველი მეორე მოქალაქე მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა უმრავლესობას (51%) ეჭვი ეპარება, რომ საქართველოს მთავრობას ეკონომიკური პრობლემების მოგვარება შეუძლია. გარდა ამისა, ყოველი მეხუთე მოქალაქე მომდევნო 12 თვის მანძილზე საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლაზე ფიქრობს. წასვლის მსურველთა რიცხვი განსაკუთრებით მაღალია 50 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში: მათგან თითქმის ყოველი მესამე ემიგრაციაში წასვლას განიხილავს.

“ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მაღალი მხარდაჭერა ცხადჰყოფს, რომ ევროატლანტიკური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ურყევი ნებაა. გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე, რომ ფასების ზრდას საქართველოს ოჯახების უმრავლესობაზე ძალიან მძიმე გავლენა აქვს. აუცილებელია, რომ ეკონომიკა ნებისმიერი პოლიტიკოსისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის დღის წესრიგის სათავეში მოექცეს. ნათელია, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაშია, ამიტომაც თუ პოლიტიკურ პარტიებს მოსახლეობაში ნდობის აღდგენა სურთ, ხალხისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა კონცენტრირდნენ,” - აცხადებს ალან გილამი, NDI საქართველოს დირექტორი.

კვლევის მიხედვით, მთავრობის საქმიანობის დადებითი შეფასების 10 პროცენტიანი ზრდის მიუხედავად (41%-დან 51%-მდე), მმართველი და ოპოზიციური პარტიების მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეების 61% ამბობს, რომ საქართველოში არსებული არცერთი პარტია მათ ინტერესებს არ წარმოადგენს, რაც 2022 წლის ზაფხულის მერე ხუთ პროცენტიანი ზრდაა. “ქართული ოცნების” მხარდამჭერების მესამედი და ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ ემსახურება.

“პოლიტიკურ ელიტასა და მოსახლეობას შორის მზარდი დისტანცია ზიანს აყენებს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ნდობის აღსადგენად პოლიტიკოსებმა და არჩეული თანამდებობის პირებმა აქცენტი ხალხის საჭიროებებზე უნდა გააკეთონ და არა საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ დღის წესრიგზე. საგულისხმოა, რომ ახალი კვლევა პოლიტიკაში მეტი ქალის მონაწილეობის სურვილზე მიუთითებს. ეს დასტურია იმისა, რო მოქალაქეებს პოლიტიკურ დისკურსში და დღის წესრიგში ცვლილებების შეტანა სწყურიათ.” - განაცხადა ალან გილამმა.

აღნიშნული ანგარიში 3 დეკემბრიდან - 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით).

დეკემბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო