ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2023

თენგიზ ფხალაძე - “შეიძლება მივიღოთ იმ ტიპის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც სახელმწიფოს დაგვინგრევს”

პრეზიდენტი ზურაბიშვილი “ოცნებასთან” ხიდს საბოლოოდ წყვეტს - “ვეტომდებელი მარგველაშვილის ტრადიციებს აგრძელებს”

ვახტანგ ძაბირაძე - “სიცრუეს ოპოზიცია შავი ჭირივით უნდა ერიდოს”

რამდენი დარჩა პუტინს? - პოლიტოლოგების აზრი იმაზე, რამდენს გაძლებს რეჟიმი რუსეთში

გიორგი კობერიძე - “პრიგოჟინიადა”, პუტინი და ატომური იარაღი

* * *

თენგიზ ფხალაძე - “შეიძლება მივიღოთ იმ ტიპის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც სახელმწიფოს დაგვინგრევს”

“სანქციების კოორდინატორების ვიზიტით უფრო ცხადად გამოჩნდა, რა დიდი ყურადღება ექცევა, რომ მაქსიმალურად შეიზღუდოს სანქციების გვერდის ავლის შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით მობილიზებულია როგორც აშშ, ისე ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაცია იყო ჩამოსული. მათი განცხადებებით გამოჩნდა, რამხელა ყურადღებას აქცევენ ჩვენი პარტნიორები საქართველოსთან თანამშრომლობას, იმას, რომ რაიმე მიზეზით საქართველო არ აღმოჩნდეს რუსულ სქემებში ჩართული. ითქვა, რომ რუსეთი ცდილობს გვერდი აუაროს დაწესებულ სანქციებს მესამე ქვეყნების მეშვეობით და ამგვარი ცდები მომავალშიც ექნება. საქართველო სწორედ ამ თვალსაზრისით არის რისკის ზონაში. ჩვენი პარტნიორები ყველა ძალისხმევას მიმართავენ, რათა არ დავუშვათ საბედისწერო შეცდომა, რადგან ეს მართლაც ძალიან ძვირად დაუჯდება ქვეყანას. რაც ყველაზე მეტად მახარებს, იმ კონკრეტული დასახელების პროდუქციაზე, რის თაობაზეც ამჯერად იყო ლაპარაკი, მნიშვნელოვანი თანამშრომლობა შედგა”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ რადიკალიზაცია გადავიდა ქუჩაში, მისი მართვა შეუძლებელი გახდება”.

“მოგეხსენებათ, ვიზიტი არ შეეხებოდა მთელ სანქციებს, ის ითვალისწინებდა კონკრეტული დასახელების პროდუქციის მოძრაობას და ამის წინააღმდეგ ერთობლივი, კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმას. როგორც ჩანს, ეს შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან პროდუქტიული იყო და თანამშრომლობის დამატებით მექანიზმებზე, რაც აუცილებელია ტვირთების მოძრაობის გასაკონტროლებლად, შეთანხმება შედგა. საქართველოს არც ერთ ნორმალურად მოაზროვნე მოქალაქეს არ შეიძლება სურდეს საქართველო დადგეს იმ მხარეს, სადაც მისი ადგილი არ არის. ასე რომ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ კონკრეტული დასახელების პროდუქციის საკონტროლოდ არსებობს თანამშრომლობის კარგი მექანიზმი, რომელიც ქმედითია და იმედია, მომავალშიც იმუშავებს შეფერხებების გარეშე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, როგორც ითქვა, ეს დამატებითი შესწავლის საგანია, მათ შორის რუსეთთან პირდაპირი ფრენები”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“შეხსენება უცხოელებისგან არ უნდა გვჭირდებოდეს - ისედაც უნდა ვხვდებოდეთ, რომ დღეს ძალიან სარისკოა რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. ჩვენ არაერთხელ ვიწვნიეთ ამის მძიმე შედეგები, რამდენჯერ დაგვიწესა კრემლმა ემბარგო, სანქციები. დღეს ეს რისკები გაცილებით მეტად არის გაზრდილი. რუსეთს უარი არ უთქვამს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოლიტიკურ ბერკეტებად გამოყენებაზე და თუ დღეს კონკრეტულად 40 დასახელების პროდუქციის მოძრაობის შესასწავლად იყვნენ ჩამოსული ეს კოორდინატორები, ხვალ შესაძლოა ჩამონათვალი გაფართოვდეს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირთან, ორიენტირებული უნდა იყოს სწორედ მის სრულ ათვისებაზე და არა იმაზე, რომ რუსეთთან გააძლიეროს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სამწუხაროა, რომ ყოველწლიური ანგარიშში პრემიერმა იქით გადაბრალების გზა აირჩია, არადა, ჩვენ რომ არ მივიღეთ ევროკავშირის წევრობის სტატუსი, ჩვენი ბრალია და არა ევროკავშირის. საქართველოს ჰქონდა ყველა წინა პირობა, რომ მიეღო სტატუსი, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი არასწორი ქმედებებითა და წარმოუდგენელი ანტიდასავლური კამპანიით მოვახერხეთ, რომ პარტნიორებს უარი ეთქვათ. ვისურვებდი პრემიერის გამოსვლაში ყოფილიყო მეტი თვითკრიტიკა და არა თვითკმაყოფილება, ყოფილიყო აქცენტი ჩვენს ნაკლოვანებებზე, მათი აღმოფხვრის გზებზე და არა იმაზე ლაპარაკი, 9 წელი ჯობდა თუ ბოლო 11 წელი. სამწუხაროდ, მთელი მისი მოხსენების პათოსი იყო ისევ და ისევ “ქართული ოცნებისა” და “ნაციონალური მოძრაობის” შედარებითი დახასიათება. ამ პარადიგმიდან ვერა და ვერ ამოვედით. ეს ყველაფერი არ ემსახურება ქვეყნის ინტერესებს. ამ უსაგნო ლაპარაკში ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“რაც შეეხება ნატოს, კიდევ უფრო სავალალო ვითარება გვაქვს. ქვეყანა, რომელიც იმ სამხედრო მისიებისა და კიდევ სხვა ნაბიჯების გამო, რაზეც ლაპარაკობდა პრემიერი, ყოველთვის სამაგალითო იყო და განსაკუთრებულად აღნიშნავდნენ ჩვენს როლსა და მნიშვნელობას, დღეს მივიწყებულია. ესეც ჩვენი ბრალია, რადგან დღეს ნატოსთან დაკავშირებულ ვერანაირ აქტივობას ვერ ვხედავთ. ამის ნაცვლად ჩვენ გვესმის სრულიად სხვა ტიპის განცხადებები, არ ვმონაწილეობთ წვრთნებში, რომლებიც იმართება ევროპაში და სადაც გვიწვევენ. მსოფლიოში მსჯელობენ უსაფრთხოების ახალ არქიტექტურაზე. ჩვენი პარტნიორები თავად ამბობენ, რომ უნდა გაძლიერდეს პარტნიორი ქვეყნების თავდაცვისუნარიანობა და ამ დროს საქართველო წარმოუდგენლად პასიურობს. ამის შედეგი იყო მადრიდის სამიტზე მიღებული დეკლარაცია, რომელშიც საქართველოზე ძალიან მწირი ჩანაწერი შევიდა. როგორც ჩანს, განსაკუთრებული მოთხოვნებით არც ვილნიუსის სამიტზე მივდივართ. თუ არ ითხოვ, არ აქტიურობ, რატომ ელი, რომ სხვა შენს გასაკეთებელს გააკეთებს?” - დაასკვნის ექსპერტი.

“იმის ნაცვლად, გვქონდეს ინტენსიური კომუნიკაცია პარტნიორებთან და ვამზადებდეთ ვილნიუსის სამიტზე საქართველოსთვის საჭირო გადაწყვეტილებას, სულ სხვა პოზიციაზე ვართ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ის არის, რომ დღეს ფაქტობრივად, არ დაგვრჩა ქვეყანა, რომელიც საქართველოს ინტერესებს გაუწევს ადვოკატირებას ევროკავშირსა და ნატოში. აქამდე გვყავდნენ მხარდამჭერები, რომლებიც ჩვენს ინტერესებს იცავდნენ იმ ფორმატებში, სადაც ჩვენ არა ვართ, იმავე ევროკავშირსა და ნატოში. მე პირადად ვარ შემსწრე, როგორ იცავდნენ საქართველოს ინტერესებს ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი. ამას თავისი შედეგები მოჰქონდა, ახლა კი ისევ და ისევ ჩვენი რიტორიკით და პარტნიორებთან გაუგებარი დამოკიდებულებით, უსაფუძვლო ბრალდებებით მოვახერხეთ, რომ მხარდამჭერი აღარ შეგვრჩა. არადა, სამიტის გადაწყვეტილებები სხვანაირად ვერ მომზადდება. იმისთვის, რომ შენთვის სასიკეთო გადაწყვეტილება მიიღონ, საჭიროა სწორედ ასეთ პარტნიორებთან მუშაობა”, - ამტკიცებს რესპონდენტი.

“ჩვენი ხელისუფლება ხშირად თავმოწონებით ამბობს, გაიზარდა მოთხოვნა შუა დერეფანზეო, კი, ასეა, მაგრამ ეს ობიექტურმა რეალობამ განაპირობა და არა ხელისუფლების ძალისხმევამ. შუა დერეფნით დაინტერესება განაპირობა რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ შექმნილმა ვითარებამ, აგრესორი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებამ. ჩვენ რას ვაკეთებთ, რომ შუა დერეფნის გამტარუნარიანობა გავზარდოთ? დღეს უფრო პრობლემებს ვხედავ, ვიდრე განვითარებას, მაგალითად ისევ რიკოთზე შექმნილი ვითარება გამოდგება”, - ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე - “ადამიანებს ქუჩაში თავს ესხმიან, ამან კამპანიური ხასიათი მიიღო. ხელისუფლების წარმომადგენლები თითქოს კი გმობენ ამ შემთხვევებს, მაგრამ შანსს არ უშვებენ ხელიდან, რომ მომხდარში დაზარალებულებიც დაადანაშაულონ...” - პასუხობს:

“ამ ტიპის პრეცედენტები უდავოდ ძალიან საშიშია, მით უფრო, როდესაც ეს კამპანიის სახეს იღებს. არ შეიძლება განსხვავებული აზრისთვის ადამიანს თავში ურტყან, მით უფრო არ შეიძლება, ამას ხელისუფლებისგან არ მოჰყვეს სათანადო რეაქცია. რადგან პრემიერის გამოსვლაზე ვისაუბრეთ, ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ვისურვებდი, პარლამენტში გამოსვლისას მას ელაპარაკა ამ საკითხზე და ეთქვა ცალსახად, ყოველგვარი “მაგრამის” გარეშე, რომ ეს დაუშვებელია”.

“თუკი საზოგადოება მიეჩვია ლინჩის წესით საქმის გარჩევას, ეს კატასტროფამდე მიგვიყვანს. ხელისუფლება იმიტომ არის ხელისუფლება, იმიტომ არის ქვეყანაში სახელმწიფო სამსახურები, რომ ამგვარი გარჩევები ქუჩაში არ ხდებოდეს. წარმოუდგენელია, საკითხი წყდებოდეს მუშტი-კრივით და განსხვავებული აზრისთვის ადამიანებს დევნიდნენ... ამის დიდი საფრთხეა. არჩევნები ჩვენთან მუდმივად გამოირჩევა დაძაბული გარემოთი და მაღალი პოლიტიკური ტემპერატურით. თუ ამას კიდევ ამგვარი გარჩევები დაემატა, ძნელი წარმოსადგენი არ არის ის მძიმე სურათი, რომელიც შეიძლება მივიღოთ. დაპირისპირება თანდათან უფრო გამწვავდება. ძალიან საშიშ პროცესს ვადევნებთ თვალს. თუ რადიკალიზაცია გადავიდა ქუჩაში, მისი მართვა შეუძლებელი იქნება. შეიძლება მივიღოთ იმ ტიპის სამოქალაქო დაპირისპირება, რაც სახელმწიფოს დაგვინგრევს”, - დასძენს ფხალაძე.

პრეზიდენტი ზურაბიშვილი “ოცნებასთან” ხიდს საბოლოოდ წყვეტს - “ვეტომდებელი მარგველაშვილის ტრადიციებს აგრძელებს”

“პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედიასთან ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს პერსპექტივებზე, საკუთარ გადაწყვეტილებებზე ვეტოს დადებასთან დაკავშირებით, დეპოლარიზაციაზე, სააკაშვილის დასჯის მექანიზმსა და უკრაინა-რუსეთთან საქართველოს ურთიერთობებზე ისაუბრა. მისი განცხადებები “ოცნებაში” აღიქვეს, როგორც ხიდის საბოლოოდ ჩატეხვა და “ვეტომდებელი მარგველაშვილის ტრადიციების გაგრძელება”, ოპოზიცია კი მის გზავნილებს დაეთანხმა. პრეზიდენტის მთავარი გზავნილები ანალიტიკოსებმა შეაფასეს. ექსპერტი ნიკა ჩიტაძე ზურაბიშვილის განცხადებებს სრულიად ადეკვატურს უწოდებს და ფიქრობს, რომ ხელისუფლება ვალდებულია შეასრულოს დაკისრებული საზოგადოების დაკვეთა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე კი სალომე ზურაბიშვილს “ნაცმოძრაობის მესიჯ-ბოქსის” გახმაურებაში ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი აცდენილია საზოგადოების განწყობებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით პრეზიდენტი ზურაბიშვილი “ოცნებასთან” ხიდს საბოლოოდ წყვეტს - “ვეტომდებელი მარგველაშვილის ტრადიციებს აგრძელებს”.

“პრეზიდენტის ინსტიტუტი, არის რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი, მისი უფლებამოსილება არის განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით, პლუს სახელმწიფოს მეთაურია, მოგვწონს ეს თუ არ მოგვწონს, პრეზიდენტის ინსტიტუტს უნდა ვცეთ პატივი. თუ არ სცემენ პატივს და ზურაბიშვილი არის მათი ხელისუფლების კრიტიკის ობიექტი, საკუთარ თავს დააბრალონ. რაც შეეხება ნატოსთან და ევროკავშირთან ურთიერთობას, ნატოს დღის წესრიგში არც დგას საქართველოსთვის გაწევრიანების გეგმის მინიჭების საკითხი. ნატო სამხედრო პოლიტიკური ბლოკია. მაგრამ პირველ რიგში ნატო არის დემოკრატიული ქვეყნების გაერთიანება, ნატოს მხრიდან ასეთი მოთხოვნა ყოველწლიური პროგრამის ფარგლებში არის ის, რომ საქართველო უნდა იყოს დემოკრატიული ქვეყანა, უნდა იყოს უზრუნველყოფილი კანონის უზენაესობა. სამწუხაროდ ამ მიმართულებით საქართველოს წინსვლა არა აქვს. ნატოს წვრთნებშიც არ მონაწილეობდა საქართველო. და, არ არის გამორიცხული რომ ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველოს ხელისუფლება გახდება ნატოს ხელმძღვანელობის კრიტიკის ობიექტი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

„ევროკავშირთან მიმართებით, ევროკავშირმა მიანიშნა რომ 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 არის შესრულებული. არა მგონია, რომ საქართველომ რამე პროგრესს მიაღწიოს თუნდაც დეოლიგარქიზაციის კუთხით. ამასთანავე, როდესაც აკრიტიკებ ევროკავშირს და პირად შეურაცხყოფას აყენებ იქაურ პოლიტიკოსებს, აქედან გამომდინარე, ბუნებრივია რომ ევროკავშირის მხრიდან შესაბამისი ზომები იქნას მიღებული, რომ საქართველოს წელს არ მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მაგალითად, ირაკლი კობახიძემ სახალხო პარტიის წარმომადგენელს უწოდა კრიმინალები. პლუს როდესაც საუბრობენ, რომ ევროკავშირს სურს საქართველოს ომში ჩათრევა, შეიძლება რუსეთს არ უნდა ეომო, მაგრამ ის, რომ რუსეთს არ აკრიტიკებ და ევროკავშირს და ამერიკაზე ამბობ, რომ მას სურს საქართველოს ომში ჩათრევა, ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, საით მიჰყავს „ქართულ ოცნებას" ქვეყანა”, - განაგრძობს ექსპერტი.

“ამასთან საქართველომ უნდა გადადგას დემოკრატიული ნაბიჯები და მოლდოვის გზას მიმართოს, რომელმაც დაიმსახურა კანდიდატის სტატუსი. საქართველოს სჭირდება უკრაინასთან მეგობრული ურთიერთობა. სააკაშვილის ელექტრონულ სამაჯურს რაც შეეხება, ჯობია, რომ ზურაბიშვილმა ექსპრეზიდენტი შეიწყალოს, სამაჯურით თითქოს მოიხსნა ზურაბიშვილმა პასუხისმგებლობა. ამასთან, გვარამია არის უდანაშაულო და სავსებით ადეკვატური იყო ზურაბიშვილის ნაბიჯი მის შეწყალებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება პოლარიზაციას, პრემიერის გამოსვლა და შეურაცხყოფის მიყენება ოპოზიციისადმი, ეს რა თქმა უნდა ზრდის პოლარიზაციას. “ქართული ოცნების” პირობებში თუ რუსეთის მოქალაქე იღებს ორმაგ მოქალაქეობას და ხდება საქართველოს მოქალაქეც, ის, რუსეთის მოქალაქე დავალებული იქნება “ქართული ოცნების” წინაშე და “ქართული ოცნება” არჩევნებზე დამატებით მოიპოვებს ხმებს. მაშინ როდესაც შარშან 10 ათასზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ დატოვა საქართველო და 10 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე დარჩა საქართველოში, დემოგრაფიული ვითარება შეიცვალა და ესეც არის, რა თქმა უნდა, დიდი პრობლემა”, - დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.

“ძალიან არადამაკმაყოფილებელი და სამწუხარო იყო ის, რომ პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოავლინა ქედმაღლობა და თქვა ისეთი უპატიებელი რამ, რაც ჩვენს ქვეყანაში არ უნდა თქვას არჩეულმა უმაღლესმა თანამდებობის პირმა. გასაგებია, რომ ის არ არის ანგარიშვალდებული პოლიტიკურ ძალებთან, მაგრამ სალომე ზურაბიშვილს არ უხსენებია, რომ ის ვალდებულია ამომრჩეველთან, რომელიც იყო მილიონზე მეტი 2018 წელს. აქ კიდევ გამომჟღავნდა მისი ხისტი ხასიათი, რაც მას ძალიან უშლის მინიჭებული მანდატის შესრულებაში. ძალიან კარგია რომ კონსტიტუციის მიხედვით პრეზიდენტის უფლებამოსილება შეზღუდულია, სალომე ზურაბიშვილი არ არის უფლებამოსილი, რომ წარმართოს საქართველოს საგარეო პოლიტიკა. რაც მან განაცხადა საგარეო, თუნდაც საშინაო თემებზე, არაფრით განსხვავდებოდა სალომე სამადაშვილისგან, ლევან ხაბეიშვილისგან, ანი წითლისგან და “ნაცმოძრაობის” ლობისტი ევროპარლამენტარებისგან. ცხადია, რომ ზურაბიშვილმა საბოლოოდ კარი დაუკეტა თავის ამომრჩევლებს, ზურგი შეაქცია და არ პასუხობს ამომრჩევლის ნება-სურვილს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“რაც შეეხება დეპოლარიზაციას, აქ მე ვიტყოდი რომ სალომე ზურაბიშვილი არაშორსმჭვრეტელია პოლიტიკურად, ვერ აცნობიერებს რომ წინა პოლიტიკური შეწყალებებიც, ისევე როგორც ახლა ნიკა გვარამიას შეწყალებით, მან ხელახალი პოლიტიკური ჟანგბადი მიანიჭა დესტრუქციულ “ნაციონალურ მოძრაობას”, რომელიც ორიენტირებულია არა არჩევნებზე, არამედ ქაოსისა და არეულობის შექმნის საფუძველზე. ზურაბიშვილს მიაჩნია რომ მცირერიცხოვანი პროტესტი გვარამიას შეწყალების მოთხოვნით აღნიშნავს ხალხის განწყობებს. აქაც ის ცდება ხალხის განწყობებში, როდესაც პოლიტიკურ რეიტინგებზე საუბრობს. თუ სალომე ზურაბიშვიშვილი ეყრდნობა კვლევებს, რომელთაც ახორციელებენ “ენდიაი” და “აირაი”, ეს არის მისი პოლიტიკური პრობლემა, მისი პირადული პრობლემა, იმიტომ რომ ის ეყრდნობა იმ კვლევებს, რომლებსაც ატირაჟირებს ნაციონალური მოძრაობა და მისი განშტოებები”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.

“რაც შეეხება ევროკავშირთან ურთიერთობას, აქაც უმძიმესი და სამარცხვინო განცხადება გააკეთა, საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ეს იყო გაფრთხილება და არა შეცდომა. სალომე ზურაბიშვილამდე შეცდომა რომ იყო სტატუსის არმონიჭება, ეს თქვეს ევროპელმა ლიდერებმა. ამიტომ ევროპელი ლიდერების განცხადებები უფრო დასაჯერებელია, ვიდრე სალომე ზურაბიშვილის, რომელიც ბოლო რამდენიმე წელიწადია, “ნაცების მესიჯ-ბოქსის” გამტარებელია. რაც შეეხება უკრაინასთან ურთიერთობას, რატომღაც სალომე ზურაბიშვილს დაავიწყდა ან ცუდი მეხსიერება აქვს, ვინ დაიწყო საქართველოს ხელისუფლების დამუნათება პირველად. ეს იყო ოფიციალური კიევი, სადაც შეკედლებული ჰყავთ პოლიტიკური დესანტი “ნაცმოძრაობის” ყოფილი ჩინოსნების. მათ დაიწყეს სანქციების გვერდის ავლაზე ლაპარაკი, აკრძალული ტვირთების რუსეთში შეტანაზე და ა.შ. ეს ხომ უარყო საერთაშორისო აქტორებმა, მაინც კიევიდან გრძელდება უნამუსო კასკადი, რასაც სამწუხაროდ სალომე ზურაბიშვილი ეთანხმება”, - ამბობს აბაშიძე.

“რაც შეეხება რუსეთთან პოლიტიკას, კარგია რომ ზურაბიშვილს საგარეო პოლიტიკის საჭე კიდევ ერთხელ არ უჭირავს. პატარა ქვეყანა რომელიც ოკუპირებულია, რომელსაც არა აქვს დასავლური დაცვის საშუალებები, ვერ იცავს დასავლური უსაფრთხოების ბადე, სადაც ძალიან ფრთხილობს საქართველო აგრესორ ვეშაპ რუსეთთან, ამაზე თქვა, რომ დათმობის პოლიტიკაა და არა ლავირების პოლიტიკა, ეს არ ეკადრება გამოცდილ ფრანგ დიპლომატს. ფაქტია, რომ უკვე სალომე ზურაბიშვილი დე იურედ და დე ფაქტოდ არის საქართველოს პრეზიდენტი თუმცა ვერ გრძნობს საზოგადოების განწყობებს. “ქართულ ოცნებას” აქვს უმრავლესობის მხარდაჭერა იმის გამოც, რომ მშვიდობიან პოლიტიკას ატარებს და დანის პირზე უწევს სიარული, საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში. ამას ვერ ხედავს გამოცდილი დიპლომატი იმიტომ, რომ არ უნდა დაინახოს. სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს ვეტომდებელი მარგველაშვილის ტრადიციებს, ეს არის პოლიტიკური დემარში, რომლის დაძლევაც 76 ხმით არის შესაძლებელი”, - თვლის რესპონდენტი.

“რაც შეეხება მოქალაქეობას, აქაც გამოჩნდა რომ სალომე ზურაბიშვილისთვის პრიორიტეტულია ჩვენი თანამემამულენი, რომლებიც ცხოვრობენ დასავლეთში, და არა რუსეთში მცხოვრები ჩვენი 100 ათასობით თანამემამულე. აქაც იგივე პრობლემაა, დაშორებულია ის საზოგადოებას. როგორი საინვესტიციო კლიმატი იქნება, როგორი ეკონომიკა იქნება, ეს მისი საქმე არ არის. ის არის ამ შემთხვევაში პოლიტიკური კომენტატორი, და არა აქტორი და რაღაც პოლიტიკის განმახორციელებელი. ნატოსთან ურთიერთობას რაც შეეხება, აქაც სალომე ზურაბიშვილის მიკერძოებული განცხადებები, იმის მიუხედავად ის ვის ხვდება დასავლეთში, ვისთან აქვს მოლაპარაკებები, აქ უფრო მნიშვნელოვანია, რას ამბობენ ნატოს წევრი ქვეყნები და ნატოს ხელმძღვანელობა. მათ აქვთ ლამაზი ფრაზები, სამიტიდან სამიტამდე, მათ შორის უკრაინაზეც. როდესაც საქართველო ოკუპირებულია და უკრაინა ოკუპირებულია, მოლოდინები არ უნდა შევქმნათ, საქართველოს პერსპექტივა არა აქვს დეოკუპაციამდე”- ამტკიცებს აბაშიძე.

“დეოკუპაციას საქართველო არ ახორციელებს მშვიდობიანი პოლიტიკით, დასავლეთის მხარდაჭერით. ვერანაირი სამხედრო მოქმედებით საქართველო თავის ტერიტორიებს ვერ გაათავისუფლებს რუსი ჯარისგან. ამიტომ სანამ დეოკუპაცია არ მოხდება, არც უკრაინაში და არც საქართველოში ნატოში ფანჯრის გახსნის პერსპექტივებზე საუბარი არაა. არის მხოლოდ რაღაც კონფერენციებზე გამოთქმული ოცნებები და არარეალისტური პროგნოზები. სალომე ზურაბიშვილს კარგად უნდა ესმოდეს რომ როგორც პრეზიდენტის ინსტიტუტი მას არაფერი ესაქმება მართლმსაჯულებაში, აღკვეთის რა ღონისძიებას შეუფარდებს სასამართლო დამნაშავე სააკაშვილს, ეს არის სასამართლოს გადასაწყვეტი”, - დასძენს გია აბაშიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - “სიცრუეს ოპოზიცია შავი ჭირივით უნდა ერიდოს”

“სამწუხაროდ, საქართველოში პოლიტიკური ჯგუფების დაპირისპირება ბოლო 30 წლის განმავლობაში მუდმივად არის. დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავდება მაშინ, როდესაც მმართველი გუნდი ელექტორალურ მხარდაჭერას კარგავს და მისი მთავარი საყრდენი ხდება ძალოვანი სტრუქტურები. ფაქტია, `ქართული ოცნება~ ელექტორატს კარგავს. ამას მშვენივრად ხედავენ მმართველი გუნდის წევრები. ერთადერთი ფაქტორი, რის გამოც `ოცნება~ დღემდე ახერხებს ხელისუფლების შენარჩუნებას, `ნაციონალური მოძრაობაა~. ჩხუბი და დაპირისპირება ყოველთვის იქნება ქვეყანაში, სადაც ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი არ მიმდინარეობს და წლების განმავლობაში არაფერი ხდება, გარდა ხელისუფალთა ჩანაცვლებისა. თუ გვინდა უფრო ცივილიზებული პარლამენტი და აღმასრულებელი ხელისუფლება გვყავდეს, უპირველესად პოლიტიკური გარემო უნდა შევცვალოთ, ამისთვის კი, როგორც ჩანს, საზოგადოება არ არის მზად”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, გამორიცხული აღარ იქნება”.

“ღარიბაშვილი ყოველთვის იტყვის, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” ადამიანის უფლებებზე საუბრის მორალური უფლება არა აქვს. ეს კოზირია მის ხელში და ამით შეეცდება გადაფაროს თავისი მსგავსება “ნაციონალებთან”. ისეთი შეხლა-შემოხლა, როგორიც ახლაა, 2011 წელსაც დაიწყო, მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ჯერ სამოქალაქო დაპირისპირების ნიშნები არ არის, მაგრამ თუ ასე დიდხანს გაგრძელდება, გამორიცხულიც აღარ იქნება. მაშინ შეხლა-შემოხლა სამოქალაქო დაპირისპირებაში არ გადაიზარდა იმიტომ, რომ 2011 წელს ივანიშვილმა შეძლო ოპოზიციური ელექტორატის გაერთიანება. დღეს ასეთი პოლიტიკური ლიდერი ოპოზიციაში არ არის, არც რომელიმე პოლიტიკური ძალაა, რომელსაც ამ მისიის შესრულება შეუძლია. ამიტომ ადვილი შესაძლებელია, დღეს თუ არა, ხვალ, უარყოფითმა მუხტმა იფეთქოს, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება. ამიტომ აუცილებელია ყველამ, როგორც საზოგადოებამ, ისე პოლიტიკოსებმა დიდი სიფრთხილე გამოვიჩინოთ. განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ენიჭება ოპოზიციას, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში მყოფი პირები რაც არიან, უკვე ყველამ ვიცით, ახლა მნიშვნელოვანია ოპოზიციამ იმოქმედოს გონივრულად”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“ხომ ნახეთ, ცოტა ხნის წინ საქართველოში ჩამოსულმა სანქციების ჯგუფმა რა განაცხადა? ძალიან ბევრი ილაპარაკეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა, “ქართული ოცნება” სანქცირებულ ტვირთებს ატარებს რუსეთშიო, მაგრამ კომისიის წევრებმა გასაგებად თქვეს, რომ საქართველოს სანქციებისთვის გვერდი არ აუვლია. ამით იმის თქმა მინდა, რომ არ არის სწორი, როდესაც დასავლელი პარტნიორები მხოლოდ მაშინ მოგწონს, როდესაც გაქებენ. ღარიბაშვილს ძალიან რომ მოეწონა ევროპელი პოლიტიკოსების ნათქვამი, საქართველოზე სანქცირებული ტვირთები არ გადისო, ისიც იღოს ყურად, რომ ეუბნებიან, 12 პუნქტიდან მხოლოდ სამია შესრულებულიო. ხელისუფლება ბევრ შეცდომას უშვებს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის 85%-ზე მეტი პროდასავლურად არის განწყობილი, დათქმებით, მაგრამ კანდიდატის სტატუსი მაინც უნდა მოგვცენ. ეს ქვეყანას მართლა მისცემს სტაბილურად განვითარების საშუალებას და მოსახლეობაშიც გაზრდის დასავლელი პარტნიორებისადმი ნდობას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“საქართველოს მიმართ ყოველთვის იყო ეჭვი, რომ სანქცირებული ტვირთების გამტარია და ამის შესახებ საჯარო განცხადებებიც კეთდებოდა. კი მაგრამ, დასავლელი პარტნიორები თუ ეჭვების საფუძველზე აკეთებდნენ ასეთ განცხადებებს, ვითომ ახლა რატომ უნდა გამხდარიყვნენ ასეთი მორიდებული? რუსეთ-უკრაინის ომის გამო ამერიკა ჩინეთს უპირისპირდება, რუსეთისთვის იარაღის მიწოდების საშუალებას არ აძლევს და საქართველოს დასანქცირება რა პრობლემაა მისთვის?! ახლა ასეთი აბსურდული საუბრები ოპოზიციისთვის სიკეთის მომტანი არ არის. შეიძლება დახურულ კარს მიღმა მართლა იყო მკაცრი საუბარი, მაგრამ ეს რას ცვლის?! სიცრუეს ოპოზიცია შავი ჭირივით უნდა ერიდოს”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“მმართველი გუნდის ლიდერები კი ხშირად იტყუებიან, მაგრამ მათ მომხრეები მაინც ჰყავთ, რადგან ძალაუფლება აქვთ და სახელისუფლებო რესურსის გამოყენება შეუძლიათ. ოპოზიციისთვის კი მნიშვნელოვანია გარღვევა მოახდინოს. ხომ გახსოვთ, “ნაციონალებმა” სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგში საჩივრის გაგზავნა რომ გააჭიანურეს? როგორ გგონიათ, რატომ? იცოდნენ, რა შედეგსაც მიიღებდნენ და იმიტომ. კაცს ორმოცზე მეტი დაავადება სჭირდა და როგორც კი სტრასბურგის გადაწყვეტილება მოვიდა, კაცმა უკრაინის გადასარჩენად გაიწია. როგორ შეიძლება ეს “ქართულმა ოცნებამ” არ წამოაძახოს?! “ქართული ოცნება” იმას კი არ ამბობს, კარგი ვარო, არა, “ნაციონალები” ჩემზე უარესიაო. ერთი წუთით წარმოიდგინეთ - ერთ დღეს “ოცნებამ” რომ გამოაცხადოს, პუტინი ჯალათი და სისხლისმსმელიაო, ოპოზიციას დარჩება რამე სალაპარაკო? ჩვენი პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ “ქართული ოცნება” პრორუსულია?! ამას გარდა, ათი წელი მხოლოდ ამაზე რომ ლაპარაკობ და შედეგი არა გაქვს, არ გიჩნდება კითხვა, პრორუსულობა მუშაობს ასე კარგად, თუ შენ არ გიჯერებს ხალხი?! ხელისუფლება ხშირად ცრუობს, მაგრამ ტყუილი ისე არ აზარალებს, როგორც ოპოზიციას. ამიტომ ოპოზიციის ერთადერთი გამოსავალი სიმართლეა”, - დასძენს ძაბირაძე.

რამდენი დარჩა პუტინს? - პოლიტოლოგების აზრი იმაზე, რამდენს გაძლებს რეჟიმი რუსეთში

“პრიგოჟინის ამბოხმა აჩვენა, რომ პუტინის რეჟიმის დამხობა შეიძლება არა მარტო თეორიაში, არამედ პრაქტიკაში. ყველა, პროკრემლისტური ანალიტიკოსებიც კი თანხმდებიან, რომ “ვაგნერის” ამბებმა რეჟიმი დაასუსტა, მათ შორის რუსი ნაციონალისტების თვალში, რომელთათვისაც ძნელად გადასატანია უკრაინის ომიდან რუსების ყველაზე ბრძოლისუნარიანი დანაყოფების გასვლა. ამ საკითხზე საუბრისას ქართველი პოლიტოლოგები აცხადებენ, რომ, მიუხედავად პუტინის დასუსტებისას, რეჟიმის მყისიერ დამხობას არ უნდა ველოდეთ. ჯიპას ასოცირებული პროფესორი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” ამბობს, რომ პუტინის რეჟიმი უახლოეს თვეებში არ დაემხობა, თუმცა უახლოეს წლებში გამორიცხული არ არის. პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ პუტინის რეჟიმის დასრულება-გაგრძელების პერსპექტივები დამოკიდებულია რუსი ხალხის დათმენისა და უკრაინის კონფლიქტის განვითარებაზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რამდენი დარჩა პუტინს? - პოლიტოლოგების აზრი იმაზე, რამდენს გაძლებს რეჟიმი რუსეთში.

“ალბათ მაგ კითხვაზე პასუხს ეძებს ყველა - რამდენი დარჩა პუტინს? ფაქტია, რომ მისი ძალაუფლება დასუსტებულია. ეს პრიგოჟინის ამბოხმაც გვაჩვენა, და მომავალში კიდევ უფრო დასუსტდება, რაც პირდაპირპროპორციულია უკრაინის წარმატებასთან ფრონტზე. ანუ, რაც უფრო მეტი წარუმატებლობა აქვს რუსეთს, რაც უფრო მეტი დანაკლისი აქვს, რაც უფრო ეფექტიანია უკრაინის კონტრშეტევა და რაც უფრო ეფექტიანია სანქციები, მით უფრო მეტად სუსტდება პუტინის რეჟიმი. მაგრამ, ეს იმდენად რთული და კომპლექსური თემაა, იმდენი ინტერესთა ჯგუფები არის და იმდენად რთული ბრძოლა მიმდინარეობს კლანებს შორის თავად რუსეთში, რომ დღეს თქმა, რაღაც ვადებისა რამდენ ხანში მოხდება პუტინის შეცვლა, არის ძალიან ძნელი. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ უახლოეს თვეზე, პასუხია - არა, თუ ვლაპარაკობთ უახლოეს წლებზე, პასუხია - კი”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“მაგ საკითხზე რაიმე პროგნოზის გაკეთება ფუჭი საქმეა, იმიტომ რომ ყველანაირი შემთხვევა ყოფილა ისტორიაში. ყოფილა ისეთი შემთხვევაც რომ პუტინზე უარეს დღეში ყოფილან დიქტატორები და მერე კიდევ ყოფილან ხელისუფლებაში, მაგალითად სადამ ჰუსეინმა, მას შემდეგ რაც შეიჭრა კუვეითში და დამარცხდა ომში ამერიკელებთან, მერე მაინც 10-12 წელი დაჰყო ქვეყნის ლიდერად. ამიტომ ძნელი სათქმელია... რუსეთი აუცილებლად დამარცხება უკრაინის კონფლიქტში, მაგრამ არ ვიცით ზუსტად როდის მოხდება, იქ რომ სამოქალაქო ომი დაწყებულიყო, ეს მალე მოხდებოდა, მაგრამ სამწუხაროდ, მალე ვეღარ მოხდება, მაგრამ რისკები ყოველთვის არსებობს, რუსეთში ისევ სამოქალაქო ომი ან გადატრიალება მოხდეს, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დასრულდეს პუტინის რეჟიმი, თუ არადა შეიძლება ეს ომი გაგრძელდეს კიდევ ერთი-ორი წელი, სანამ გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა და რუსეთის მოსახლეობა სანამ მოითმენს ამ შეტევას, რასაც პუტინი ახორციელებს. ისე პროგნოზებს ვერ გავაკეთებთ გრძელი დღე დარჩა თუ მოკლე დღე პუტინის რეჟიმს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კახა გოგოლაშვილი.

გიორგი კობერიძე - “პრიგოჟინიადა”, პუტინი და ატომური იარაღი

“თუ გავითვალისწინებით, რომ რუსეთს ამ ატომური სადგურის ნაწილი დიდი ხანია დანაღმული აქვს და კაშხალიც ააფეთქა, რუსეთისგან გამორიცხული არაფერია. ეს იქნება დამანგრეველი არა მარტო უკრაინისთვის, არამედ თავად რუსეთისთვისაც, საერთოდ, მთელი მსოფლიოსთვის. ეს იქნება უპრეცედენტო ტერორისტული აქტი და უკრაინის განცხადებები იმის შესახებ, რომ შესაძლოა რუსეთი ამაზე წავიდეს, არის ერთგვარი პრევენციული მექანიზმი, რომ რუსეთს თავის მართლების გზა მოჭრილი ჰქონდეს. თუკი ასეთი რამ მოხდება, ისეთი აქტორების, როგორიც არიან ჩინეთი და თურქეთი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ნეიტრალური პოზიცია აქვს, დამოკიდებულება რუსეთისადმი უკვე ძალიან მწვავე გახდება და საერთო ჯამში, შეიძლება არა მარტო პუტინის რეჟიმის, არამედ რუსეთის სახელმწიფოებრიობის საკითხიც კი დადგეს. ეს იქნება ღია ტერორისტული აქტი და დანაშაული კაცობრიობის წინაშე, რომელსაც აუცილებლად მოჰყვება ადამიანების მასობრივად განადგურება. ამიტომაც ვფიქრობ, რომ რუსეთში თვითმკვლელები არ არიან და ატომური იარაღის გამოყენებაზე ლაპარაკს უფრო პოლიტიკური დანიშნულება აქვს”, აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “პრიგოჟინიადა”, პუტინი და ატომური იარაღი.

“რუსეთი რაც უფრო ხშირად დააშანტაჟებს დასავლეთს, მით მეტად გამკაცრდება დასავლეთის პოლიტიკა. წარმოვიდგინოთ, რომ დასავლეთი დაჰყვა რუსეთის შანტაჟს, ეს იქნება კატასტროფული პრეცედენტი საერთაშორისო პოლიტიკისთვის, ბიძგი ტერორისტული სახელმწიფოებისთვის, რომ ამ თემით მანიპულაციით შეიძლება მიიღონ შედეგი. ამიტომ დასავლეთი ამ პრეცედენტს ვერ დაუშვებს. სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა აგებულია დიპლომატიაზე. შეიძლება იყოს უკანონო, მაგრამ კონვენციური ომები, მაგრამ მასობრივი განადგურების იარაღის გამოყენება უპრეცედენტო დანაშაულია და საერთაშორისო საზოგადოებრიობა ამ იარაღით შანტაჟს არ დაუშვებს. ჩინეთი და ირანიც კი, რომელიც ჩინეთისგან განსხვავებით, ნეიტრალური კი არა, რუსეთის მხარდამჭერია, არ იქნებიან ამაზე თანახმა. ჩინეთი გლობალური მოთამაშეა, მას სულ სხვა ამბიციები აქვს და სულაც არ სურს რუსეთთან იყოს ასოცირებული. რუსეთმა მართლაც რომ გამოიყენოს ატომური იარაღი, სრულ იზოლაციაში აღმოჩნდება, ამას ვეღარაფერი გამოასწორებს და დარწმუნებული ვარ, ეს იციან რუსეთში. ამიტომაც ატომურ იარაღზე ლაპარაკი შანტაჟია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“პუტინი ძალიან ფრთხილია და მშიშარაც არის. ამას მოწმობს მისი ბიოგრაფიაც. ამიტომ მგონია, რომ ამას ვერ გაბედავს. მე პრობლემას უფრო იმაში ვხედავ, რომ ერთია, პუტინის რა ბრძანება იქნება და მეორე, რამე ინციდენტი არ მოხდეს და თავად პუტინს არ აუფეთქდეს რაიმე ნაღმი, თუ აქვს, ან ვინმემ ლოკალურად არ მიიღოს გადაწყვეტილება. თუკი პუტინმა ატომური იარაღის რაიმე ფორმით გამოყენების ბრძანება გასცა და პოლიტიკური თვითმკვლელობა გამოაცხადა, ეს ახლანდელი რუსეთის დასასრული იქნება. ამ ჰიპოთეზურ ვერსიაშიც გამოვრიცხავ ატომური სადგურის აფეთქებას, შეიძლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცეს”, - განაგრძობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “იმის შანსი თუ არის, რომ პუტინის გადაწყვეტილების გარეშე აუფეთქდეთ?” - პასუხობს:

“არ არის მაღალი, რადგან ატომური სადგურის ნაწილი დიდი ხანია, დანაღმულია. როგორც ამბობენ, ის ნაწილი, სადაც გამაგრილებელი სისტემაა. თუ რაიმე აფეთქდა, აპრიორი არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც სადგური დაზიანდება და კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. თუმცა, გამორიცხული არაფერია”.

“ფრონტის ხაზი ძალიან მიუახლოვდა ზაპოროჟიეს ატომურ სადგურს... არ არის გამორიცხული, უკრაინელებმა მანამდე დაიკავონ ის ადგილები, სანამ რუსები რამეს შეძლებენ და ამიტომ შესაძლოა ხალხი გაარიდეს. დასავლეთს წლების განმავლობაში ეშინოდა და ახლაც ეშინია იმის, ვის ხელში აღმოჩნდებოდა ეს იარაღი. ეს საფრთხე ახლაც არსებობს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც პრიგოჟინის აჯანყება ვნახეთ, რომელმაც ცხადი გახადა, რომ ატომური იარაღის გაკონტროლების საფრთხე დიდია. ამაზე პასუხი მსოფლიოს როგორი შეიძლება ჰქონდეს, რთული სათქმელია. ეს შეიძლება სადღეისოდ ყველაზე რთული გამოწვევა იყოს. ნატო ყველაზე რთულ სცენარებს ამუშავებს და დარწმუნებული ვარ, ამაზეც იქნება ლაპარაკი, თუნდაც დღის წესრიგში არ ჩაწერონ. მით უმეტეს, უკრაინა მუდმივად შეახსენებს მსოფლიოს, რა მოხდება, თუკი რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს ან რუსეთი გაიმარჯვებს. ასეთ საკითხებზე მსჯელობას უკრაინელებიც აყენებენ ხოლმე დღის წესრიგში და ცხადია, ამ სამიტზეც შეიძლება იმსჯელონ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა, ფართო საზოგადოებრიობისთვის ცნობილი გახდეს, როგორ პასუხს გასცემენ. რუსეთის ხელისუფლება კი ამას აუცილებლად გაიგებს - შანტაჟს სჭირდება პასუხი და დასავლეთი აუცილებლად გასცემს”, - დაასკვნის კობერიძე.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა