შალვა პაპუაშვილი - ზოგიერთ პოლიტიკურ ჯგუფს პარტიის წევრები ფრაქციის აპარატში ჰყავს გაფორმებული და როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმდენად უნდათ დეპუტატობა, ჟურნალისტებს კომენტარს პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილ ადგილზე აძლევენ

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა შინაგანაწესში ცვლილებით, პარლამენტის დეპუტატისთვის განკუთვნილ ადგილზე ჟურნალისტებისთვის კომენტარის მიცემა პარტიისა თუ პოლიტიკური ჯგუფების იმ წარმომადგენლებს ეხებათ, რომლებიც აპარატში არიან გაფორმებულები. ამის შესახებ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განმარტა.

„რაც შეეხება იმას, თითქოს, აპარატის თანამშრომლებთან კომუნიკაციაზე ჟურნალისტებს შეზღუდვა უწესდებათ, აქ საქმე ეხება პარლამენტის თანამშრომლების შინაგანაწესს. ზოგიერთ პოლიტიკური ჯგუფს „ლელოს“, „საქართველოსთვის“ პარტიის წევრები ფრაქციის აპარატში ჰყავს გაფორმებული და ხელფასს ფრაქციის აპარატიდან უხდიან, რაც პრობლემა არაა, თუმცა, როგორც ჩანს, ამ ადამიანებს იმდენად უნდათ პარლამენტის წევრობა, ჟურნალისტებს კომენტარს პარლამენტის წევრისთვის განკუთვნილ ადგილზე აძლევენ. რამდენჯერმე გავაფრთხილეთ, როგორც ფრაქციის თუ პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელობა, ისე თავად ეს პირები. ისინი საქართველოს პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს აგდებულად ექცევიან. ეს წესი შემოდის. თუ სერგო ჩიხლაძესა და ბერდია სიჭინავას დეპუტატობა სურთ, მიიღონ მონაწილეობა პარლამენტის არჩევნებში, გახდნენ წევრები და ექნებათ ის შესაძლებლობა, რომ საქართველოს დროშისა და პარლამენტის სიმბოლიკასთან მისცენ კომენტარი. პრობლემა არ არის ჰქონდეთ კომუნიკაცია, მაგრამ არა იქ, იმ ადგილებში, რომლებიც გამოყოფილია პარლამენტის წევრებისთვის. ყველამ პატივი უნდა სცეს საქართველოს პარლამენტს. ეს არ არის ის ადგილი, სადაც პირადი ეგოები უნდა დაიკმაყოფილონ და ტრიბუნასთან დგომის ჭია გაახაროს ამა თუ იმ პარტიის წევრმა.

ჟურნალისტებს არაფერი ეკრძალებათ, თუმცა აპარატის თანამშრომლებს, იგულისხმებიან აქ პოლიტიკოსები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის თანამშრომლები არიან, შეუძლიათ მისცენ კომენტარი სადაც უნდათ, სხვა სივრცეში, თუმცა არა იქ, სადაც გამოყოფილია სივრცე პარლამენტის წევრებისთვის. ეს იწვევს მათ შორის დაბნეულობას საზოგადოებაში და ხალხს ჰგონია, რომ სერგო ჩიხლაძე და ბერდია სიჭინავა თუ სხვები არიან პარლამენტის წევრები და დეპუტატები. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის აპარატს ჰქონდა არაერთი კომუნიკაცია ამ პოლიტიკურ ჯგუფებთან. მათ შორის უხერხულ მდგომარეობაში აგდებენ თავად ჟურნალისტებს, რომლებმაც იციან, რომ ეს ადგილი მხოლოდ პარლამენტის წევრებისთვისაა. ასე უხეშად, უტიფრად მაინც დგებიან - ხოლმე ტრიბუნასთან. ამის შემდეგ გეცოდინებათ, რომ ეს არის შინაგანაწესით მოწესრიგებული. თუ აპარატის თანამშრომლობა უნდათ, უნდა დაემორჩილონ შინაგანაწესს, სხვა შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ დისციპლინური ზომები იქნება მიღებული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის აპარატის მოსამსახურეს, შესაძლოა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე დეპუტატებისთვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აეკრძალოს. ასეთი შინაარსის ამკრძალავი ნორმის შემოღება პარლამენტის აპარატის შინაგანაწესში იგეგმება. ამასთან, პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბრძანება პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ჯერ არ გამოუცია, ბრძანებაზე ხელი მოწერილი არ არის და არსებობს პროექტის სამუშაო ვარიანტი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო