პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც დეპუტატები „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საკანონმდებლო ორგანოს წევრებს მოუწოდა საკუთარი დრო არა გამოსვლისთვის, არამედ, კითხვის დასმისთვის გამოეყენებინათ.
„ბუნდესტაგში ერთი საათი რომ გაეწელათ და დეპუტატებს კითხვების ნაცვლად დრო გამოსვლებისთვის გამოეყენებინათ ნამდვილად შეაწყვეტინებდნენ. ერთ საათს, დეპუტატების ფასეულ დროს არ დახარჯავდნენ ამაში. გუშინ გააცდინეს დეპუტატებმა სხდომა და ახლა უნდათ საკუთარი გაცდენილი სხდომა აინაზღაურონ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის მოწოდებას, „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა უპასუხა.
„თქვენ არ გაქვთ უფლება გაარჩიოთ პარლამენტის წევრების კითხვები და პოზიციები, დაემორჩილეთ კანონს! ნუ გადიხართ კანონის ჩარჩოებიდან! არ გაქვთ ამის უფლება და მშობელთა კრებაზე არ ზიხართ აქ!“- მიმართა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს. მაუწყებლები, რომლებიც სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვის მოთხოვნას დაარღვევენ, ჯერ გაფრთხილებას მიიღებენ. ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ანალოგიური დარღვევის ჩადენის შემთხვევაში - დაეკისრებათ ჯარიმა ბოლო ერთი წლის შემოსავლის 0,5%-ის ოდენობით, არანაკლებ 2 500 ლარისა. მომდევნო ანალოგიური დარღვევის შემთხვევაში, ჯარიმის თანხა იზრდება. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 55/2-ე მუხლი მედია მომსახურების მიმწოდებლის პროგრამაში ან რეკლამაში სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების გავრცელების აკრძალვას ითვალისწინებს. ჯერ კიდევ მოქმედი კანონით, აღნიშნული აკრძალვის დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მხოლოდ მედიამომსახურების მიმწოდებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებშია შესაძლებელი. კანონპროექტის ავტორი და ინიციატორები არიან უმრავლესობის დეპუტატები: დავით სონღულაშვილი, ეკა სეფაშვილი, ბეჟან წაქაძე, ისკო დასენი, ირაკლი კირცხალია, ანტონ ობოლაშვილი და ირმა ზავრადაშვილი.