ქართული პრესის მიმოხილვა 26.10.2023

ევროინტეგრაციის პროცესის აჩქარება და საქართველოს პერსპექტივა

“ასეთი არასერიოზული ოპოზიცია არასდროს გვყოლია” - რამაზ საყვარელიძე

“რუსებმა 6 დღეში იმაზე მეტი ტექნიკა დაკარგეს, ვიდრე უკრაინამ სამ თვეში” - ავდიივკა როგორც გასაღები დონეცკისკენ

* * *

ევროინტეგრაციის პროცესის აჩქარება და საქართველოს პერსპექტივა

“ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა მოლდოვისა და უკრაინის დეპუტატებს ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსს სთავაზობს. ანალიტიკოსთა შეფასებით, ეს იმის ცალსახა ნიშანია, რომ ინტეგრაციის პროცესები ჩქარდება. საქართველოსთან მიმართებაში კი მსგავსი შეთავაზება შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ გაჩნდეს. ევროკომისიის შუალედურ ანგარიშს ქვეყანა 8 ნოემბერს ელოდება, წლის ბოლოს კი ევროპულმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს გვეკუთვნის თუ არა სტატუსი. აღნიშნულ შეთავაზებაზე გამოცემა “პოლიტიკო” წერს. წყაროს ცნობით, ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა მიიჩნევს, რომ უკრაინისა და მოლდოვის დეპუტატები, მათი ქვეყნების ევროკავშირში ოფიციალურ გაწევრიანებამდეც კი, შეიძლება, რომ ევროპარლამენტში დამკვირვებლების სტატუსით იყვნენ წარმოდგენილნი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროინტეგრაციის პროცესის აჩქარება და საქართველოს პერსპექტივა.

“ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო შორს წავიდეთ და ევროპარლამენტში დამკვირვებელი დეპუტატები ჩავრთოთ - მსგავს ჟესტებს, ამ ქვეყნების საზოგადოებებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს”, - განაცხადა მეცოლამ. მეცოლამ აღნიშნა, რომ ამის შესახებ ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებთან შეხვედრებს გამართავს. რაც შეეხება საქართველოს, ახლა ქვეყანა იმის მოლოდინშია თუ რა რეკომენდაციას გასცემს 8 ნოემბერს ევროკომისია. “ქართული ოცნება” იმედოვნებს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება - როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ამბობს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის, “რომელთანაც შედგა ძალიან სიღრმისეული განხილვა”. როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, “პრემიერ-მინისტრმა დეტალურად გააცნო ბატონ ევროკომისარს ჩვენი ქვეყნის მხრიდან, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან გადადგმული ნაბიჯების შესახებ, იმ საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ქვეყანამ გასწია ბოლო პერიოდის განმავლობაში იმისთვის, რომ შესრულებული იყოს 12 პრიორიტეტი”, - აღნიშნავს გამოცემა.

“თავად ოლივერ ვარჰეი აღნიშნავს, რომ საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. “კარგი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრა. შევაფასეთ 12 ძირითადი პრიორიტეტის შესრულებისთვის საქართველოს ბოლოდროინდელი ძალისხმევა, რაც აისახება გაფართოების ანგარიშში. ქვეყნის ძალისხმევა კარგად იქნა მიღებული. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება და ყველა მხარდაჭერას მიიღებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე”, - წერს ოლივერ ვარჰეი. ოპოზიცია კი მიიჩნევს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურებაა და არა მმართველი პარტიის”, - განაგრძობს გამოცემა.

“საქართველოს კანდიდატის სტატუსი უკვე აქვს, რასაც “ქართული ოცნება” და სხვა ვერავინ მიიწერს - ეს პირველ რიგში, ქართველი ხალხის დამსახურებაა!” - აღნიშნული განცხადება პარლამენტში, პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა გააკეთა. ბუჩუკურმა ამ კონტექსტში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის, რისთვისაც ქვეყანა სტატუსს მიიღებს, არის ქართველი ხალხის ბოლო 30-წლიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის, ევროპული მომავლისთვის და დასავლური ღირებულებებისთვის. მისივე თქმით, საქართველო წლების განმავლობაში როგორც რეგიონში, ასევე, „ასოცირებული ტრიოს" ფარგლებში, დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით ლიდერი ქვეყანა იყო. მისი თქმით, კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რისთვისაც საქართველოს სტატუსს მისცემენ, გეოპოლიტიკური პროცესებია. “ჩვენს პარტნიორებს ძალიან კარგად ესმით, რომ საქართველოს მარტო დატოვება ქვეყნის იზოლირებას და რუსეთისთვის საჩუქრის გაკეთებას და რუსეთის გავლენების გაზრდას ნიშნავს”, ამბობს ბუჩუკური, რომლის თქმით “ეს არის ის მიზეზები, რის გამოც საქართველო კანდიდატი ქვეყნის სტატუსს მიიღებს, რასაც ვერც “ქართული ოცნება” და ვერც სხვა ვერ მიიწერს”, - დასძენს გამოცემა.

“ჯიპა-ს ასოცირებული პროფესორი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თენგიზ ფხალაძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ ევროინტეგრაციული პროცესები ჩქარდება და ის, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსი მიეცემათ, ეს ამის ნათელი მაგალითია. ფხალაძე იმედოვნებს, რომ ამ ინიციატივას ევროპლარამენტი მხარს დაუჭერს. რაც შეეხება საქართველოს პერსექტივებს, ფხალაძე გვეუბნება, რომ ეს შეთავაზება ჯერჯერობით საქართველოსთვის არაა, თუმცა, შესაძლოა კანდიდატის სტატუსის მიღების შემდგომ იყოს. თსუ-ს პროფესორი და ანალიტიკოსი კორნელი კაკაჩია “რეზონანსთან” ამბობს, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ ახალ შეუქცევად კონტურებს ჩაუყაროს საფუძველი ევროკავშირის არჩევნებამდე”, - წერს სტატიის ავტორი.

“თავისთავად შეთავაზება ძალიან კარგია, უკრაინასაც და მოლდოვასაც გულით წარმატებას ვუსურვებ, რადგან ეს ყველაფერი მათ ინტეგრაციას ხელს შეიუწყობს. ფაქტიურად გამოდის, რომ მათი საკანონმდებლო უწყებები ევროპული საპარლამენტო პროცესის მონაწილეები ხდებიან. მართალია, მათ ხმის უფლება არ ექნებათ, მაგრამ ეძლევათ შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ განხილვას დაესწრნენ, მათ შორის იმ საკითხების, რომლებიც ამ ქვეყნებისთვის განსაკუთრებით საჭიროა. ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და იმედი მაქვს, რომ ევროპარლამენტი მხარს დაუჭერს. ევროინტეგრაციული პროცესები ჩქარდება და უფრო და უფრო მწიფდება გადაწყვეტილება, რომ ორივე ქვეყანასთან (უკრაინა,მოლდოვა) გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს, რაც ასევე ძალიან კარგია და დანარჩენი უკვე ამ ქვეყნებზეა დამოკიდებული - რამდენად მახერხებენ ამ გზაზე პროგრესის ჩვენებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ამ ყველაფრის ფონზე კი სამწუხაროდ საქართველო იქ არაა, სადაც უნდა იყოს. საქართველოსთან მიმართებაში ამ ეტაპზე ასეთი მოსაზრება არ არსებობს, რომ ევროპარლამენტში დამკვირვებლის სტატუსი მოგვეცეს. ჩვენ ისევ ჩვენი მეგობრების ლანძღვით და კონსპირაციის თეორიებით ვართ დაკავებული. საქართველოსთან მიმართებაში ნოემბრის დასაწყისში ანგარიშს ველოდებით - თუ დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ეს იქნება გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ ჩვენ მართლაც ძალიან კარგები ვართ. სამწუხაროდ ბევრი პრობლემები გვაქვს და ამ პრობლემების მოგვარების ნაცვლად, სხვა რამეზე ვართ კონცენტრირებულები. დღეს საქართველო იმის იმედადაა, რომ გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე იქნება და იმის გათვალისწინებით, რაც დამოუკიდებლობის დღიდან საქართველოს გაუკეთებია ქვეყნისთვის და არა ის თუ რა გავაკეთეთ ბოლო პერიოდში”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.

“ასეთი შეთავაზებები ადრე თუ იყო, არ მახსენდება, ეს ყველაფერი იმ გეოპიოლიტიკური მომენტუმითაა განპირობებული, რომელიც უკრაინის ომის შემდგომ შეიქმნა, რადგან ევროკავშირში უკვე სერიოზულად დაიწყეს დაფიქრება და ვიცით, რომ ამაზე სხვადასხვა ჯგუფები მუშაობენ, თუ როგორ წარმოუდგენიათ გეოპოლიტიკური ევროპა. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მომავალ წელს არჩევნებია და დღევანდელი ევროკავშირის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს, რომ გარკვეული საფუძველი ჩაუყაროს ახალ კონტურებს, რომელიც შეუქცევადი იქნება. სწორედ ამის გამოხატულებაა ყველანაირად რომ ცდილობენ კანდიდატ ქვეყანას რაც შეიძლება მაქსიმალურად ხელი შეუწყონ, რომ ევროპულ სტრუქტურებს შეაჩვიონ. ისინი ჯერ ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან, მაგრამ, უბრალოდ მონაწილეობა რომ მიიღონ, ევროპის მომავლის შესახებ სტრატეგიულ დებატებში და თავი ევროკავშირთან უფრო ახლოს იგრძნონ”, - თვლის გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას კორნელი კაკაჩია.

“თუ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ, ალბათ საქართველოსთანაც დაახლოებით მსგავსი შემოთავაზება იქნება. თუ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსი მოგვცა, ეს გეოპოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება და არა იმის გამო, რომ საქართველომ 12 პრინციპი საოცრად შეასრულა. რომელი ქვეყანაც მომავალში ევროკავშირში მოიაზრება მნიშვნელოვანია, რომ მათი ხმა რაღაცნაირად იყოს. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნებისთვის სხვადასხვა ფორმატები შეიძლება იყოს. არ გამოვრიცხავ, რომ როცა საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, შესაძლოა ამ პერიოდისთვის უკრაინას და მოლდოვას სხვა სტატუსი ჰქონდეს. ისინი უკვე მოლაპარაკებას დაიწყებენ და ერთი ნაბიჯით წინ იქნებიან”, - დასძენს კორნელი კაკაჩია.

“ასეთი არასერიოზული ოპოზიცია არასდროს გვყოლია” - რამაზ საყვარელიძე

“ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირება გრძელდება, ნიკა მელია პარტიის ახალ მენეჯმენტს პირობას უყენებს გაემიჯნოს კეზერაშვილ-მერაბიშვილის არაფორმალურ მმართველობას, წინააღმდეგ შემთხვევაში ის პოლიტიკური მოძრაობიდან წასვლის გადაწყვეტილებას მიიღებს. ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე აცხადებს, რომ ჩრდილოვანმა მმართველობამ პარტიას ამომრჩეველი დააკარგვინა, ახალი თავჯდომარის ხაბეიშვილის პირობა კი სააკაშვილის ციხიდან გათავისუფლების თაობაზე, არ სრულდება. “ნაციონალურ მოძრაობაში” მიმდინარე პროცესებს აფასებენ “ოცნებაში”. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ ოპოზიციურ პარტიაში ბრძოლა მიდის იმისთვის, ვის ექნება გავლენები, არადა, მათი თქმით, “პარტია რეალურად არ არსებობს, ენმ დაშლილია და უფრო მეტად იშლება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ასეთი არასერიოზული ოპოზიცია არასდროს გვყოლია” - რამაზ საყვარელიძე.

“რაც შეეხება ახალი კონფიგურაციის ჩამოყალიბებას ოპოზიციურ ველზე, აქაც პასიურობაა, თუ არ ჩავთვლით მმართველი გუნდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას - პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, ექსპრემიერ გიორგი გახარიასა და ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას შესაძლო ალიანსზე. რა სურათს მივიღებთ უახლოეს პერიოდში ოპოზიციურ ფლანგზე, ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ, თუმცა, არ გამორიცხავენ, რომ მთავარ ოპოზიციურ პარტიაში კრიზისი უფრო გამწვავდებს და პარტია ორად გაიყოს. რაც შეეხება ზურაბიშვილ-გახარია-ლომჯარიას ალიანსს, პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ ამ სამეულის ირგვლივ ზედმეტი მოლოდინებია. პეტრე მამრაძის თქმით, კი “ნაციონალური მოძრაობა” არასდროს ყოფილა პარტია, ეს იყო დაჯგუფება, რომელიც ეყრდნობოდა სიძულვილს, ძალადობას და ტყუილს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ასეთი არასერიოზული ოპოზიცია არასდროს გვყოლია. ამდენი აქტივობა აქვს და სერიოზული შედეგი არ არის. დღევანდელი ოპოზიციის მოქმედების მიმართულება ძალიან ძნელად იკითხება. რაც შეეხება ნიკა მელიას, მის საქციელში ლოგიკა არ იკითხება. არანაირი ლოგიკა არ არის ზურაბიშვილის, გახარიას და ლომჯარიას შესაძლო ალიანსთან დაკავშირებითაც. არც ერთი არ არის რეიტინგული ფიგურა. ურეიტინგო გინდა სამი გაერთიანდეს და გინდ 83-ი. დასავლეთმაც უკვე უთხრა ოპოზიციას, დავიღალეთ, ნუ გვაწვალებთ, ნუ დარბიხართ ჩვენთან კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეთო. ასეთი პასაჟის მომსწრე პირველად ვარ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ყოველთვის დიდი იყო “ნაციონალური მოძრაობიდან” გასვლის შიში, რადგან ის არასდროს ყოფილა პარტია. ეს იყო დაჯგუფება, რომელიც ეყრდნობოდა სიძულვილს, ძალადობას და ტყუილს. როცა ადეიშვილს გატანილი აქვს კომპრომატები საკუთარი გუნდის წევრებზე, პარტიიდან გასვლა ახლაც ძნელი იქნება. მელიას განცხადება, პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით კი ნაკარნახევია იმით, რომ მას სხვა გამოსავალი არ აქვს, მისი წასვლა-წამოსვლა პოლიტიკური თვალსაზრისით ნულის ტოლია. პარტიას ვერ ტოვებს იმიტომ, რომ ვერ შექმნა თავის გუნდი, რამაც გააღრმავა მისი იზოლაცია. ახალ კონფიგურაციებთან დაკავშირებითაც ვხედავთ, რომ არჩევნები ახლოვდება და ახალი კონფიგურაციები არ იკვეთება. ზურაბიშვილ-გახარია-ლომჯარიას ირგვლივ მოლოდინები, ვფიქრობ გადაჭარბებულია. ამ სამეულის პოლიტიკური კარიერა მთავრდება და არავითარი შანსი აღარ აქვთ. რაც შეეხება გვარამიას, იგი ქარიზმატული ლიდერი ვერასდროს იქნება”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პეტრე მამრაძე.

“რუსებმა 6 დღეში იმაზე მეტი ტექნიკა დაკარგეს, ვიდრე უკრაინამ სამ თვეში” - ავდიივკა როგორც გასაღები დონეცკისკენ

“უკრაინის ფრონტის ხაზზე ბრძოლები კვლავ აქტიურად მიმდინარეობს. განსაკუთრებული ყურადღება ისევ ავდიევკას და ყირიმის მიმართულებაზეა. ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ რუსები ცდილობენ იქ გააძლიერონ დაცვის ხაზი, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონცენტრაცია იზრდება. მათი თქმით, ახლა ყველაზე მეტად რუსებს ავდიევკა აშინებთ, რადგან ის ქალაქ დონეცკის მთავარი საყრდენია. თუკი მისი გარღვევა მოხდება, მაშინ ქალაქს საფრთხე დაემუქრება. ამიტომ რუსები უკრაინელებს შეტევას ასწრებენ და ავდიევკაში კონტრშეტევაზე თავად ცდილობენ გადასვლას. თუმცა ზარალი იმხელაა, რომ მათი დანაკარგები 6 დღის განმავლობაში უკრაინელების 3 თვის დანაკარგს უდრის. თუმცა, ზამთრის მოახლოვებასთან ერთად, ორივე მხარე ბრძოლის ტაქტიკის შეცვლას შეეცდება. ამის პარალელურად კი რუსეთი უკრაინის ქალაქების დაბომბვას აგრძელებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “რუსებმა 6 დღეში იმაზე მეტი ტექნიკა დაკარგეს, ვიდრე უკრაინამ სამ თვეში” - ავდიივკა როგორც გასაღები დონეცკისკენ.

“ბერისლავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვლადიმერ ლიტვინოვის ცნობით, საერთო ჯამში, რუსმა სამხედროებმა დაახლოებით 35 მართვადი ბომბი ესროლეს ბერისლავის რაიონის დასახლებულ უბნებს. რუსეთი აგრძელებს ხერსონის ოლქის მარცხენა სანაპიროს ტერიტორიის კონტროლს ხერსონიდან აზოვისა და შავი ზღვების ჩათვლით. რეგიონი მუდმივი საარტილერიო და სარაკეტო თავდასხმების სამიზნეა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით კი რუსული უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევები ხმელნიცკის ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოვარდა, რამაც აფეთქება გამოიწვია და დაზიანდა ატომური ობიექტის ადმინისტრაციული და ლაბორატორიული შენობები. 11-ვე უპილოტო თვითმფრინავი, რომლებიც თავს დაესხა უკრაინას ოთხშაბათს ღამით, ჩამოაგდეს, მაგრამ აფეთქება კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე ჩამოვარდნილმა ნამსხვრევებმა გამოიწვია. უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი ენერგეტიკულ ობიექტებზე თავდასხმისთვის ემზადება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინა კი არა მარტო დაიცავს თავს, არამედ უპასუხებს რუსეთს” - ამის შესახებ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, “მტერმა კარგად იცის”, რომ უკრაინა თავდასხმას უპასუხებს. სწორედ ამიტომ, ჯერ ჯერ ყირიმიდან გაიყვანეს ფლოტი, ახლა კი ავიაცია საზღვრებიდან უფრო შორს გადაჰყავთ. დღესვე უკრაინის პრეზიდენტმა მოისმინა ინფორმაცია ფრონტზე არსებული ვითარების შესახებ, კერძოდ, კუპიანსკსა და ავდიივკაზე, სადაც მძიმე ბრძოლები გრძელდება. აგვისტოში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს სტარომაიორსკის და უროჟაინის დასახლებები, რომლებიც ე.წ. ვრემევსკის ხაზზე მდებარეობს. პოლკოვნიკი ლაშა ბერიძე ამბობს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რუსულ მედიაში დიდი აურზაური იყო იმაზე, რომ რუსები ავდიევკას შეუტევდნენ და მას აიღებდნენ. ხოლო იგივე მცდელობა რუსულ პროპაგანდისტურ ტელევიზიებს კუპიანსკის მიმართულებაზეც ჰქონდათ, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ. ბერიძის თქმით, რუსები ახლა კონტრდარტყმებს ახორციელებენ იმ მიმართულებებზე, საიდანაც უკრაინელების შეტევას ელოდებიან”, - დასძენს გამოცემა.

“ავდიევკა ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. აქ უკვე ფრონტის ხაზი დიდი ხანია გაჩერებულია. 2022 წლის თებერვლის თავდასხმის დროსაც კი ავდიევკას გარღვევა რუსებმა ვერ შეძლეს. ავდიევკა ძალიან ახლოს არის ქალაქ დონეცკთან, რომელიც უმნიშვნელოვანესი წერტილი და ჰაბია. დონეცკის ოლქში ოკუპაციამდე სიდიდით მეორე ქალაქი იყო. ეკონომიკით იყო ასევე ძალიან ძლიერი ქალაქი. რუსებს უნდათ ავდიევკაზე დარტყმებით უკრაინის ძალების თავშეყრა შეჩერონ. ეშინიათ, რომ ავდიევკას მიმართულებით გარღვევა არ მოხდეს. უკრაინა ბევრ სხვადასხვა მიმართულებებზე აკეთებს დარტყმებს, მაგრამ, სადაც გენერალურ შეტევას აპირებს, იქ გარკვეული სიჩუმეა. ზუსტად ასე ქნეს იზიუმზეც. ჯერ ხერსონთან ხმაურობდნენ და მერე მოულოდნელად იზიუმში შევიდნენ. ასეთი საფრთხეს რუსი გენერლები უკვე ხედავენ და მიხვდნენ უკრაინელების ტაქტიკას, ამიტომ არის რომ ამ მიმართულებაზე გაძლიერებულ დაცვას აყენებენ. კარგი იმით არის, რომ რუსებს შეტევითი ოპერაციის წარმოება ამ ომში დიდად არ გამოსდით. ძალიან ბევრ კორდინაციას მოითხოვს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლაშა ბერიძე.

“თუკი რუსები ასეთ მყარ თავდაცვაში ჩამსხდრები დროს იგებენ, უკრაინას ბევრ უხერხულობას უქმნიან, ასეთი შეტევით უფრო მეტ ზიანს და დანაკარგებს მიიღებენ. ავდიევკას შეტევამ აჩვენა ის, რომ რუსებმა 6დღეში იმაზე ბევრი ტექნიკა დაკარგეს, ვიდრე უკრაინამ სამ თვეში. რუსები ახლა არ ფიქრობენ იმაზე, რომ ავდიევკა და კუპიანსკი აიღონ. ამ ტერიტორიებზე მათ უკვე უკრაინელების ძალების კონცენტრირება დაინახეს, ამიტომ მიხვდნენ, რომ საფრთხე ქალაქ დონეცკს შეექმნებოდა. ამ წერტილის გარღვევა რუსებს ძვირი დაუჯდებათ, ამით ცდილობენ შეტევით უკრაინელებს დაასწრონ. მთელი ეს ომი ასე გაგრძელდება. რუსები ამ რეჟიმში იქნებიან მუდმივად, სადაც დაინახავენ რომ უკრაინელები ძალის კონცენტრაციას ახდენენ, მაშინვე დანაყოფებს იქ გადაიყვანენ”, - განაგრძობს პოლკოვნიკი.

“უკრაინა ახლა ციდლობს, რომ რაც შეიძლება რუსების წინააღმდეგ ბევრი რეიდი და დარტყმები განახორციელოს. უკვე აშკარად გამოიკვეთა, რომ უკრაინისთვის ყირიმში განლაგებული სამხედრო ინფრასტრუქტურა მთავარი დარტყმის ობიექტია. ამ მიმართულებით ალბათ უკრაინა კიდევ უფრო გააქტიურდება. თუმცა ვიცით ზამთარი მოდის და ბრძოლა უკვე ჭირს, უკრაინა შეეცდება, როგორც სამხრეთით, ასევე აღმოსავლეთის ფრონტზე იაქტიურონ. დაბომბოს ყირიმის ტერიტორია წერტილოვნად და ზუსტად. ესთი ბრძოლები იქნება მთელი ამ ზამთრის განმავლობაში, სხვა რაიმე მკვეთრ ცვლილებებს არ ველი“, - დაასკვნის ლაშა ბერიძე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა