ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლული თამაზ გინტურის ნათესავის, მერაბ მიჩიტაშვილის განცხადებით, „მკვლელ მხარესა და დაზარალებულს შორის წინააღმდეგობა არ ყოფილა".
როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მაშინ, როდესაც თამაზ გინტურმა წამოსვლა დააპირა, 3-4 მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, როდესაც მანქანას ცეცხლი გაუხსნეს.
„მთელი საქართველო გლოვობს. ენით აღუწერელი ბიჭი იყო, პირველ რიგში, სამშობლოს მოყვარული კაცი. ამავე დროს, მეომარი იყო, 2008 წელს იბრძოდა, სამშობლოს სიყვარული ყოველთვის აწუხებდა, საქართველოს თავისუფლება აწუხებდა. ამის მიზეზად გადაკვეთა ე.წ. საზღვარი. შედეგიც სახეზეა, რუსმა ოკუპანტმა არ დაინდო, ესროლეს და ადგილზე მოკლეს. დასასჯელი უნდა დაისაჯოს, კაცი მოკვდა, ხელის გადასმა არ შეიძლება.
წინააღმდეგობა იქ არაფერი ყოფილა, ერთმანეთს თითქმის ესაუბრებოდნენო, მკვლელი მხარეც და დაზარალებული. წამოსვლა რომ დააპირეს, 3-4 მეტრიც არ ჰქონდათ გამოვლილი, რომ მანქანას ესროლეს და ცეცხლი გაუხსნეს ზურგისკენ“,- აღნიშნა მერაბ ჩიტიშვილმა.
როგორც კიდევ ერთი ნათესავი აღნიშნავს, დამნაშავე სათანადოდო უნდა დაისაჯოს.
„ტრაგედიაა ჩვენთვის. როგორც ადამიანი თავმოყვარე იყო. ძალიან პატიოსანი. დასჯით ვიცით, რომ უნდა დაისაჯოს, მაგრამ ვინ დასჯის?! კარგად ვიცით, რომ არავინ დასჯის. სათანადოდ უნდა უნდა დაისაჯონ. მაგ დღეს, 6 ნოემბერს, დიმიტრობა იყო, მამამის დიმიტრი ერქვა და ავიდა სასაფლაოზე. ვიცით, რა და როგორ მოხდა“, - აღნიშნა გიორგი ახალკაცმა.
ინფორმაციისთვის, თამაზ გინტური, მიმდინარე წლის 6 ნოემბერს, სოფელ კირბალთან, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალის წარმომადგენელმა, უკანონოდ დაკავების მცდელობისას, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. მასთან ერთად მყოფი, მისი თანასოფლელი, ლევან დოთიაშვილი, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკანონოდ დააკავეს, თუმცა 2 დღის წინ ქართულ მხარეს გადმოსცეს.
შსს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქის მკვლელობისა და ერთი პირის გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე და 143-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.