ალეკო ელისაშვილი - ჩვენმა პარტიამ შეცდომა დაუშვა, როცა ოპოზიციის იმ აჯაფსანდალში ვმონაწილეობდით, ყველა რომ ერთად ვიყავით - ავიზილეთ და დავიზილეთ - ასეთ რაღაცას აღარ ვაპირებთ

არ ვაპირებთ ბარიერზე ვეწუწუნოთ - მჯერა, რომ ბევრი გადალახავს - ხელისუფლება აუცილებლად უნდა შევცვალოთ და ამის რესურსი არის, რადგან ოპოზიციური განწყობა გაცილებით მეტია, ვიდრე ხელისუფლებისადმი დამოკიდებულება და ეს არჩევნების შედეგებში უნდა ავსახოთ,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო ბარიერის საკითხთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოგვევლინა, როგორც გადამგდები პოლიტიკური ძალა“. ელისაშვილის თქმით, „ქვეყანა სულ რომ მართლა წარმატებული იყოს, ხელისუფლება მაინც უნდა შეიცვალოს, რადგან „ძალიან გაუტკბათ“.

„ერთი წელია და ერთ წელში ბევრი რამ შეიცვლება. „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ მოგვევლინა, როგორც გადამგდები პოლიტიკური ძალა, რომელმაც მილიონი საჯარო განცხადება გააკეთა. ჩვენს პარტიასთან მემორანდუმი აქვს, სადაც სიტყვა სიტყვითაა ჩაწერილი, რომ მომდევნო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს 5-ზე ნაკლები და არანაკლებ 3. შესაბამისად, საჯარო განცხადებები ჰქონდათ, სტატუსს თუ მივიღებთ, ბარიერს დავწევთო. არ ვაპირებთ ბარიერზე ვეწუწუნოთ, მაგრამ ერთია, რომ „ქართული ოცნება“ კლასიკურ გადამგდებ პარტიად ჩამოყალიბდა, მეორე კი ის, რომ საკითხებს არ უყურებს სახელმწიფოებრივი თვალსაზრისთ, თუ რა სჯობს ქვეყნისთვის, რადგან ისედაც მოყანყალებული, ახალი დემოკრატია ვართ. შესაბამისად, ნორმალური და ნამუსიანი პარტია უნდა მსჯელობდეს, რა სჯობს ქვეყნის განვითარებისთვის და არა მათთვის. ისინი თავისი გადასახედიდან უყურებენ და მიაჩნიათ, რომ ბარიერის გადალახვა ბევრს გაუჭირდება და პარლამენტში „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ იქნებიან და სრული იდილია ექნებათ. მჯერა, რომ ბევრი გადალახავს ბარიერს. ხვალ რომ რეალობა შეიცვალოს და მათთვის ბარიერის დაწევა იყოს უკეთესი, სხვანაირად აჭიკჭიკდებოდნენ“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი ასევე გამოეხმაურა „ედისონ რისერჩის“ კვლევას და აღნიშნა, რომ „ეს კვლევა ტყუილია“.

„ეს კვლევა არის კეზერაშვილის დაკვეთილი და ეს არის იმის კვლევა, ვინ ეხატება კეზერაშვილს გულზე და ვინ - არა. „ედისონ რისერჩი“ ერთობ სახელგატეხილია. გაიხსენეთ, რა იაღლიშები მოსვლია -20%-იანი აცდენები ჰქონდა და ა.შ. ჩვენთვის საინტერესოა NDI-ის და IRI-ის კვლევა. განსაკუთრებით დაველოდებით IRI-ის კვლევას და ჩავატარებთ ჩვენს კვლევასაც. ჩვენ, რა თქმა უნდა, რაღაც შეცდომები დავუშვით. პარლამენტში შესვლა არ იყო პოლიტიკური შეცდომა, ჩვენი პოლიტიკური შეცდომა იყო, რომ ბრმად ვენდეთ იმ პარტიებს, რომლებსაც ჰყავდათ დამკვირვებლები მთელი საქართველოს მასშტაბით“, - განაცხადა ელისაშვილმა.

ელისაშვილის თქმითვე, მისმა პარტიამ შეცდომა დაუშვა, როდესაც სხვა პარტიებთან ერთად „აიზილნენ“ და ამას აღარ აპირებენ.

„უშეცდომო არავინაა და ჩვენმა პარტიამაც დაუშვა შეცდომა, როდესაც იმ აჯაფსანდალში ვმონაწილეობდით, ყველა რომ ერთად ვიყავით - ავიზილეთ და დავიზილეთ. ასეთ რაღაცას აღარ ვაპირებთ, ვისთანაც ღირებულებითი თანხვედრა არ გვექნება, იმასთან ვერ ვილაპარაკებთ. ფანჩატურში, ათასი ჯანდაბა და ოხრობა ხდებოდა იქ.

არაფერი გვესაქმება პრორუსებთან და ასეთ მავნებელ ხალხთან, ვისთანაც ვისხედით, ეს იყო ჩვენი შეცდომა და ამით გავაუფასურეთ ყველაფერი. ვფიქრობ, გარდაუვალია პროდასავლური კოალიციის შექმნა. ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს ხელისუფლების დამარცხებას. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ვგულისხმობ, ისინი არც პროდასავლურ და არც არანაირ ძალად არ მიმაჩნია. ეგენი „ქართული ოცნების“ დამხმარეები არიან. ხალხმა, ვისაც ცვლილება გვინდა და გვინდა, საქართველო ევროკავშირსა და ნატო-ში ვიხილოთ და არ გვინდა რუსეთის კუდქიცინა ქვეყანა და ბეჩავი ვიყოთ, როგორც ახლა. ჩვენი ამბიციები ცოტა უკან უნდა დავქაჩოთ და კუდი ყავარზე რომ გვაქვს, ცოტა უნდა ჩამოვწიოთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც ელისაშვილმა ისაუბრა, სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ განცხადებაა, რომ პრეზიდენტად აღარ თვლიან. ელისაშვილის თქმით, ეს „საბავშვო ბაღია“.

„ქართულ ოცნებას“ თავპირი ჩამოსტიროდა. პრეზიდენტმა საზეიმო ამბავი მოაწყო. ის არის პრეზიდენტი, რომლის გაპრეზიდენტება არ მინდოდა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ძალიან მეამაყება, რომ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ისეთ რაღაცებს ამბობს, რასაც ამბობს და ეს გულს მფხანს. იმ დღეს [ორბელიანების სასახლესთან] განსაკუთრებით კარგი ტექსტი იყო. არ ვიცი, ვინ უწერს ტექსტებს, მაგრამ ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა. ბოლო დროს ქართულად შეცდომებსაც აღარ უშვებს ხოლმე“, - განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, „სალომე ზურაბიშვილი გავიდა „ქართული ოცნების“ კონტროლიდან, ის ძალიან სწორად წარმოაჩენს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე“.

„ღარიბაშვილი და მაკრონი რომ შეხვდნენ ერთმანეთს, მაკრონმა ფოტო დადო და დაწერა - „ქართველ ხალხს ბრავოო“. ღარიბაშვილი მაგარი ტიპია კი არა, ქართველ ხალხს ბრავოო. უთხრეს, შენ არაფერი ხარო. ღარიბაშვილი გვერდზე ედგა და ქართველ ხალხს მიმართავდა. ეს აქცენტი იყო რომ „ქართული ოცნება“ ევროპაში გულზე არავის ეხატება“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ზაზა ფირალიშვილი - დღეს ჩვენი მოსახლეობის კრიტიკულად დიდმა ნაწილმა იცის, რომ 26 ოქტომბერს ჩვენი შვილებისა და ქვეყნის ბედი წყდება
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, დასანქცირდნენ მოძალადეები, მივმართავ პროკურატურას - მოხდეს იდენტიფიცირება და გამოიძიონ ამომრჩეველზე ზეწოლის საქმეები
„აპარტ ჯგუფი“ მილიონობით ინვესტიციითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროექტებით, საქართველოს უძრავი ქონების სექტორში ახალ სტანდარტებს ქმნის - კომპანიის წარმატებული პროექტები და სამომავლო გეგმები
„ამბასადორი ბათუმი აილენდის“ ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი ხელოვნური კუნძულის სამშენებლო ნებართვა სსიპ „ტექნიკურმა და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ“ გასცა
როგორ განვახორციელოთ გონივრული ინვესტიცია ქართულ უძრავ ქონებაში - სახლებში, ბინებსა და მიწის ნაკვეთებში
კერხერის მტვერსასრუტები - ინოვაციური გადაწყვეტა სივრცის წმენდისთვის
„ბიქეი ქონსთრაქშენმა“, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, პირველი პროექტი წარმატებით, ვადაზე ადრე დაასრულა
კახა ოქრიაშვილი - მოდით არჩევნებზე 26 ოქტომბერს და ერთად გავთავისუფლდეთ ცრუ ოცნებებისგან
5G მაგთისგან – მაგთიკომი აბონენტებს ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს
ახალი „ქემრი“ - დახვეწილი სედანი „ტოიოტასგან“ საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია
„ქეითერინგი - აგროჰაბის ახალი მიმართულება“ - სიახლე, რომელსაც ყველა ელოდა