აშშ-ს მხრიდან ოთარ ფარცხალაძის დასანქცირება, რომ ის არის „ეფესბეს“ გავლენის აგენტი, ქმნის იმის საფუძველს, რომ სახელმწიფომ იმოქმედოს სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე და დაიწყოს მასზე გამოძიება, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა, ვასო ურუშაძემ განაცხადა, რითაც აშშ-ს ელჩის რობინ დანიგანის განცხადებას გამოეხმაურა.
ურუშაძის თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი თავად ქმნის მტკიცებულებებს, რომ ის მფარველობს საქართველოში „ეფესბეს“ გავლენის აგენტებს, რაც მომავალში გახდება მისი დასანქცირების საფუძველი.
„ოთარ ფარცხალაძის საქმე ბიძინა ივანიშვილისთვის, მისი ოლიგარქიული კლანისთვის იქნება მამხილებელი მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი საქართველოში ატარებს რუსეთის და პუტინის ტერორისტული რეჟიმის ინტერესებს. აშშ-ს მხრიდან მისი დასანქცირება კონკრეტული ბრალდებებით, რომ ის არის „ეფესბეს“ აგენტი და ის ხელს უწყობს საქართველოში რუსული პროპაგანდის გავრცელებას, ხელს უწყობს საქართველოში რუსული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებას, სანქციებისგან თავის არიდების სქემების უზრუნველყოფას.
არის მტკიცებულება, რომ ამ მტკიცებულების საფუძველზე სახელმწიფო, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ არის დასავლური, ცივილიზებული სამყაროს გვერდით, უნდა დაიწყოს გამოძიება და პასუხისგებაში მისცეს ოთარ ფარცხალაძე. წინააღმდეგ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი თავად ქმნის საფუძველს, თავად ქმნის მტკიცებულებებს, რომ ის მფარველობს საქართველოში „ეფესბეს“ გავლენის აგენტებს, ის ხელს უწყობს საქართველოში რუსული ინტერესების გატარებას, რაც მომავალში გახდება მისი დასანქცირების საფუძველი. ეს არის საკითხი, რომელი საკითხის გადაწყვეტით ან არ გადაწყვეტით წყდება ბიძინა ივანიშვილის ბედი. ის ან მოქმედებს იმ წესებით, რა წესებითაც დღეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროს წამყვანი სახელმწიფოების პოლიტიკოსები მომართული, რომ დაამარცხონ პუტინის ტერორისტული რეჟიმი და მასზე დაწესებული სანქციები ამას ემსახურება. ბიძინა ივანიშვილს აქვს არჩევანი - ამ შემთხვევაში ან დგას ცივილიზებული სამყაროს, აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის, ევროკავშირის გვერდით ან პუტინის ტერორისტული რეჟიმის გვერდით. აქედან გამომდინარე, შემდგომი ნაბიჯები მოსალოდნელია, რომ იყოს ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის, მისი ოჯახის წევრების და თავად ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების საფუძველი, თუ ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ ქმედითი გამოძიება არ დაიწყება და არ მიეცემა პასუხისგებაში, რისი მოლოდინიც ჩვენ, რა თქმა უნდა, არ გვაქვს“, - განაცხადა ვასო ურუშაძემ.
ინფორმაციისთვის, აშშ-ს ახალი ელჩის, რობინ დანიგანის განმარტებით, აშშ-ის მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება საქართველოს მთავრობამ უნდა გამოიყენოს მინიშნებად, რომ შემთხვევა შეუძლიათ გამოიძიონ.