პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს - ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის

ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომელთა მიღებაც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში იმართება.

პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტოლერანტობა ყოველთვის იყო საქართველოსა და კავკასიის დამახასიათებელი ნიშანი.

„მოხარული ვარ თქვენი აქ მობრძანებით. მე ვთვლიდი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის, რომ ეს კამპანია - „ჩვენი ხმა ევროპას“, რომელიც 15 დეკემბერს დასრულდება, ყოფილიყო სრულყოფილი კამპანია, რომელიც მოიცავდა საქართველოში ყველა წარმოშობის მოქალაქეს. ევროპა სწორედ მოქალაქეობაა. მოქალაქეს არ აქვს ეროვნება, უფრო სწორად კი მოქალაქე არის თავისი ეთნიკური წარმოშობის, თავისი რელიგიური მრწამსის, თავისი ძირის და ფესვების და არის ყველანაირი სრულყოფილი მოქალაქე. ყველას უნდა ჰქონდეს ევროპული ტიპის სახელმწიფოში წარმატების და სრულყოფილად არსებობის საშუალება. ამ საშუალებას საქართველო ყოველთვის იძლეოდა და იძლევა დღესაც. ამით საქართველო იყო ევროპელი და იქნება ევროპელი. საქართველოს კულტურაში ეს ფასეულობა ყოველთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველას ჰქონოდა თავისი იდენტობის, თავისი ენის, მრწამსის, შენარჩუნების და განვითარების საშუალება. ამით ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად ვუგზავნით ჩვენს ხმას ევროპას, რომ ეს არის ის საფუძველი, რომელზედაც ჩვენ გვინდა, რომ მომავალი სახელმწიფოც იყოს აშენებული. ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის, რათა მშვიდობიანად განვვითარდეთ და მივიღოთ ყველა ის კეთილდღეობა, რაც მოაქვს ევროპას. პირველ რიგში მივიღოთ თავისუფლება და გამყარდეს თავისუფლება, რომელიც ყველას ინდივიდუალურად მოგვცემს საშუალებას, რომ კიდევ უფრო წარმატებული ვიყოთ. მე მინდა ყველას გისურვოთ, რომ იცხოვროთ იმ ხვალინდელ საქართველოში.

ასევე, მე მინდა ყველას მოგილოცოთ დღევანდელი დღე. აქ ერთად ყოფნის დღე. დღეს იწყება ჰანუკა და ვინც აქ ებრაული მრწამსისაა, მინდა მივულოცო მათ ეს დღესასწაული. მინდა ასევე მივულოცო იეზიდებს მომავალი დღესასწაული. მალე კათოლიკური შობაა და შემდეგ მართლმადიდებლური, მინდა მოგილოცოთ. ასევე ყველა დღესასწაული მინდა მოგილოცოთ, რასაც ჩენ ერთად ვზეიმობთ. ერთად ცხოვრება ნიშნავს, რომ ჩვენ ერთმანეთს არა მხოლოდ პატივს ვცემთ, არამედ ასევე ვზეიმობთ ერთად და ვგლოვობთ ერთად, როცა გლოვის დრო დგება. ასევე მინდა ვახსენო, რომ სომხებისთვის ეს დღე მძიმე დღეა. სპიტაკის მიწისძვრა მოხდა 35 წლის წინ. არ შეიძლება, ეს დავივიწყოთ, იმიტომ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყანაა, აქ სომხური წარმოშობის მოქალაქეები ცხოვრობენ. ისინი ამ დღეს ძალიან მძიმედ იხსენებენ და ჩვენც მათთან ერთად მძიმედ ვიხსენებთ.

მინდა გისურვოთ ყველას ძალიან მხიარული საღამო, რომელიც იქნება ზეიმი ტოლერანტობის, რომელიც ჩვენი ნიშანია. რომელიც არის და იყო კავკასიის ნიშანი და რომელიც მომავალშიც ევროპულ კავკასიაში იქნება ჩვენი დამახასიათებელი ნიშანი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბავშვთა მიმართ სექსუალური ხასიათის დანაშაულები და მასთან დაკავშირებული პრობლემები - როგორ ამოვიცნოთ მოძალადე და როგორ უნდა დაეხმაროს მშობელი შვილს მომხდარის გადატანაში? - ფსიქოლოგის რეკომენდაციები
ვახტანგ ხმალაძე - როცა ცესკოს მიმართ ნდობა დაბალია, არჩევნების ჩატარება სახიფათო რისკების შემცველია
ქართული პრესის მიმოხილვა 22.02.2024
ჰიუნდაი ავტო საქართველოში შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
ტერაბანკის პარტნიორობით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში პრე-აქსელერაციის პროგრამა დასრულდა
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოს უნივერსიტეტს ესტუმრა
მსოფლიოს წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Salesforce-ის ოფიციალური წარმომადგენელი და პარტნიორი კომპანია INSPARK, საქართველოში იწყებს ოპერირებას
ალექსანდრე ჯეჯელავა საუბრობს 8 ცხოვრებისეულ მოლოდინზე, რომელიც ხშირად განგრევთ
სილქნეტის მაღაზიებში „National Geographic საქართველოს“ სპეციალურ ფასად შეიძენთ