ბრალდებულისთვის პაემნის, სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის შეზღუდვის საკითხზე პარლამენტი, დაჩქარებული წესით, “ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივას განიხილავს.
ცვლილებები “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ხორციელდება, რომლის თანახმად, პროკურორი უფლებამოსილი იქნება, გამოძიების ადგილის მიხედვით, სასამართლოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული ბრალდებულის მიმართ არაუმეტეს 90 დღის ვადით პაემნის, სატელეფონო საუბრის ან მიმოწერის შეზღუდვის შუამდგომლობით მიმართოს. შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანამდე შეზღუდვის მოქმედების ვადის ყოველი გაგრძელება დასაშვები იქნება არაუმეტეს 90 დღით.
სასამართლო უფლებამოსილი იქნება შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში კი, პროკურორს უფლება ექნება, გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება ბრალდებულის მიმართ პაემნის, სატელეფონო საუბრის და მიმოწერის შეზღუდვის თაობაზე. დადგენილების გამოტანიდან 24-საათის განმავლობაში პროკურორმა სასამართლოს უნდა შეატყობინოს და წარუდგინოს შუამდგომლობა საპროცესო მოქმედების კანონიერების შემოწმების შესახებ, რომლებიც საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას ასაბუთებს. სასამართლო განჩინებას აღსასრულებლად დაუყოვნებლივ სპეციალურ პენიტენციური სამსახურს გადასცემს.
კანონის პროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ცვლილები საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2023 წლის 22 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირდება. როგორც ოხანაშვილი განმარტავს, საკონსტიტუციო სასამრთლომ “პატიმრობის კოდექსის“ 77-ე მუხლის (“ბრალდებულის პაემანი“) პირველი ნაწილი გააუქმა, რომლის თანახმად, ბრალდებული ერთი თვის განმავლობაში არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობს და აღნიშნული უფლება შეიძლება გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე შეიზღუდოს.
“ეს ნორმა მიჩნეული იქნა არაკონსტიტუციურად პირადი ცხოვრების კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებაში. ჩვენ ეს სარჩელი ვცანით სრულად, ვინაიდან ბლანკეტური დანაწესი იყო. საქართველოს პარლამენტმა, ამ შემთხვევაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლობის ჯგუფმა ჩემი ხელმძღვანელობით, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ნორმა კონსტიტუციურობის თვალსაზრისით სათანადო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა და საჭირო იყო მისი მკაფიოდ გაწერა. აქედან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ განსაზღვრა, რომ ზოგადად, რა თქმა უნდა, ბრალდებულისათვის პაემნის, მიმოწერის უფლების შეზღუდვა შესაძლებელია, თუმცა ამას შესაბამისი კომპონენტები, შესაბამისი ხანგრძლივობა სჭირდება და თუ არ არსებობს გარემოება, რომელიც თავდაპირველად უფლების შეზღუდვის საფუძველს ქმნიდა, ამ შემთხვევაში საკითხი უნდა გადაიხედოს. ასევე, არ იყო სასამართლოს კონტროლის სივრცეც“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.