ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში ვხედავ მხოლოდ პირად მოტივებს, შფოთვებსა და რისკებს - დღეს „ქართული ოცნების“ლიდერებს ძალიან ცუდად დაეძინებათ იმიტომ, რომ არ იციან, რომელს დაეტაკება. ვიღაცას რომ აუცილებლად დაეტაკება და ხორცის მანქანაში გაატარებს, ეს ცხადია,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება შეაფასა.
ხუხაშვილი ივანიშვილის დაბრუნებაში პოლიტიკურ ლოგიკას ვერ ხედავს და ასახელებს ორი მიზეზს, რის გამოც, მისი აზრით ივანიშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო. უფრო კონკრეტულად, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯით ივანიშვილმა, ერთი მხრივ, პირადი კეთილდღეობა დააზღვია, მეორე მხრივ კი, ძალაუფლების დაკარგვის რისკები გაუჩნდა და გადაწყვიტა, „ხელით მართვის მეთოდით დააბრუნოს სისტემაში სტაბილურობა“.
„ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებაში პოლიტიკური ლოგიკა არ არის. „ქართულ ოცნებას“ დღეს მისი პოლიტიკაში დაბრუნება საარჩევნო მიზნებისთვის არაფერში სჭირდებოდა. აქედან გამომდინარე, პოლიტიკურ ლოგიკას აქ ვერ ვხედავ, ვხედავ მხოლოდ პირად მოტივებს, პირად შფოთვებსა და რისკებს. ალბათ, ეს გახდა განმაპირობებელი მისი ამ გადაწყვეტილებისა. ამ პირად მიზეზებში ორ ძირითად ბლოკს გამოვყოფ, რაზეც მან ირიბად ისაუბრა და გარკვეულწილად აღიარა კიდეც, რის გამო ბრუნდება, თუმცა, შეეცადა კონტექსტი შეეცვალა. შევეცდები სწორი კონტექსტი წარმოგიდგინოთ, რა გახდა მისი გადაწყვეტილების მიზეზი.
პირველი, ეს არის ის, რომ მას პრობლემები აქვს პირად კეთილდღეობასთან და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, სამომავლოდ ამასთან დაკავშირებით სერიოზული შფოთვები ჰქონდა და ამის პრევენცია გადაწყვიტა პოლიტიკური იმუნიტეტის შეძენის გზით. უცნაური იქნება, რომ ვიღაცამ იფიქროს პარტნიორი ქვეყნის მმართველი პარტიის თავმჯდომარის სანქცირებაზე. ეს ძალიან გაუგებარი იქნებოდა. მაშინ, როდესაც სხვა შემთხვევაში, თუ ის არაფორმალურ მმართველობას შეინარჩუნებდა, ეს [სანქცირება] დღეს თუ არა ხვალ, აბსოლუტურად რეალური შეიძლება გამხდარიყო. ასე რომ, ამ ნაბიჯით ამის პრევენცია მოახდინა, საკუთარი კეთილდღეობა დაიცვა. ნუ ჩავთვლით, რომ ეს მისი ბოლო გაჩერებაა. შესაძლოა, დღეს საპატიო თავმჯდომარე გახდა, მაგრამ ხვალ შეიძლება ვიხილოთ პრემიერის რანგში, ან ვვარაუდობ, რომ უფრო, შესაძლოა პრეზიდენტის რანგში ხედავდეს თავის თავს. მისთვის პრეზიდენტის რანგში ქვეყნის მართვა ყველაზე კომფორტული იქნებოდა, როდესაც ყოველდღიური მუშაობა არ გიწევს, მაგრამ მასთანავე ხარ სახელმწიფოს მეთაური და შეგიძლია, ტელეფონით მართო ყველაფერი. ეს ერთი მიზეზია და ასევე არის მეორე მიზეზიც, რაზეც დღეს მან ასევე ირიბად ისაუბრა: „ქართულ ოცნებაში“ გაჩნდა გარკვეული ინტერეს-ჯგუფები, რომლებმაც დიდი ფული იშოვეს და დიდ ფულს დიდი ამბიციები მოაქვს. როგორც ჩანს, ამ ადამიანების დისტანციიდან მართვა საკმაოდ პრობლემატური გახდა. შესაბამისად, მას სისტემის შიგნით ძალაუფლების შესუსტების, ძალაუფლების დაკარგვის რისკები გაუჩნდა. არა იმდენად პარტიული კუთხით, არამედ ინტერეს ჯგუფების კუთხით, რომელთაც მისი ფული აღარაფერში სჭირდებათ, რადგან თავისი ფული აქვთ. შესაბამისად, მათი მართვა უკვე პრობლემატური გახდა და გადაწყვიტა, ხელით მართვის მეთოდით დააბრუნოს სისტემაში სტაბილურობა.
მას მაგიდასთან ლეგალურად დაჯდომის უფლება გაუჩნდა და ველოდები, რომ რაღაცები დატრიალდება. ერთი-ორი ვიღაც დაისჯება და ის დაიწყებს ახალ სისტემაზე კონტროლის აღდგენას ხელით მართვის რეჟიმში. შესაძლოა ვიღაც დაიჭიროს კიდეც. არ ვსაუბრობ მაინცდამაინც თანამდებობის პირებზე. ინტერეს-ჯგუფები ბევრად უფრო სერიოზული სისტემებია. შეიძლება, არ დაიჭიროს ის, ვინც ჩანს, მაგრამ მაგალითად, დაიჭიროს მისი პარტნიორი და ამით ის ადგილზე მოსვას. აქ მილიონნაირი ტექნოლოგია შეიძლება იყოს. ვფიქრობ, ეს ორი ძირითადი მოტივია და ორივე უკავშირდება მის პირად კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას. ის დღეს საკუთარი კეთილდღეობისა და უსაფრთხოების პრობლემას წყვეტს და არა სახელმწიფოებრივს, ან რაიმე ტიპის პოლიტიკურს. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება მისი პირადი გადაწყვეტილებაა, რომლის საქმის კურსშიც, დიდი ალბათობით, დღემდე არ იყო სისტემა. დღეს „ქართული ოცნების“ ლიდერებს ძალიან ცუდად დაეძინებათ იმიტომ, რომ არ იციან, რომელს დაეტაკება. ვიღაცას რომ აუცილებლად დაეტაკება და ხორცის მანქანაში გაატარებს, ეს ცხადია. ეს იციან და ამას ხვდებიან, მაგრამ ვინ იქნება, ეს არ იციან. ამიტომ ყველა ცუდი მოლოდინის რეჟიმშია გადასული“,- განაცხადა ხუხაშვილმა.
ხუხაშვილის აზრით, ივანიშვილის გადაწყვეტილება კარგია როგორც ქვეყნისთვის, ისე ოპოზიციისთვის.
„ზოგადად, ქვეყნისთვის მისი ეს გადაწყვეტილება კარგია. ჩრდილოვანი მმართველობა ძალიან აზიანებს ქვეყანას. თუ შენ მართავ ქვეყანას, ჯობს შენი ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს. თუ რაღაცას აკეთებ, პასუხისმგებლობაც შენი უნდა იყოს. ბიძინა ივანიშვილი რაღაცას აშავებდეს და ჩვენ იძულებული ვიყოთ, აქციებს ღარიბაშვილს ვუწყობდეთ, რომელიც ერთი ფოსტალიონი კაცი და გაუგებრობაა, არასერიოზულია. ეს ძალიან აზიანებს სახელმწიფოს.
ოპოზიციისთვისაც კარგია, რადგან რეალური სამიზნე უკვე გამოკვეთილია. ბიძინა ივანიშვილის ამ ნაბიჯით, გარკვეულწილად, პოლიტიკური წესრიგი დაბრუნდა. ვინ ვინ არის, ყველას თავისი სახელი ჰქვია და არა ისე, რომ არის და თან არ არის. რელიგიაში იყო გადასული - ადამიანი, რომელიც ყველგან იყო და თან არსად იყო. პოლიტიკა ხომ რელიგია არაა. დავბრუნდეთ მიწაზე და რეალური, ჯანსაღი პოლიტიკა ვაწარმოოთ“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
რაც შეეხება იმას, იქნება თუ არა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება სასარგებლო პარტიული რეიტინგის მიმართულებით საარჩევნო მიზნებისთვის, გია ხუხაშვილი არ ფიქრობს, რომ ამ მხრივ სერიოზული ცვლილებები იქნება.
„არ მგონია, რომ სერიოზული ცვლილებები იყოს. მითუმეტეს, გრძელ თამაშზე ვსაუბრობთ. ჯერ არჩევნებამდე კიდევ დიდი დროა დარჩენილი. რაღაც რყევა დღეს ალბათ იქნება, მაგრამ ეს რყევა მნიშვნელოვანი არ იქნება. საქართველოში ვერ ნახავთ ადამიანს, რომელიც ფიქრობდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასული იყო. გამოჩნდა ის, რაც ისედაც ვიცოდით. რამე ახალი იყო? ბიძინა მართლა წასული ეგონა ვინმეს? არავის ეგონა. მიყრუებულ სოფელშიც კი, ადამიანს, ვინც ტელევიზორსაც არ რთავს, რომ ჰკითხოთ, გეტყოდათ, რომ ბიძინა არის მამამარჩენალი. ახლა მარტო მამამარჩენალი კი არაა, არამედ ახლა არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე, თუნდაც საპატიო “,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა. ის „ქართული ოცნების" ყრილობაზე საპატიო თავმჯდომარედ აირჩიეს.