ქართული პრესის მიმოხილვა 22.01.2024

თენგიზ ფხალაძე - ქარიშხალი ჭიქაში თუ პრობლემა: რა ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!

მზადდება თუ არა საკადრო გადაადგილება ხელისუფლებაში - ცვლილებების შესაძლო დრო, მოტივი და სავარაუდო სცენარები

ვახტანგ კაპანაძე - “არა მგონია ამ ეტაპზე რუსეთს ჰქონდეს სურვილი ან შესაძლებლობა უშუალოდ ნატოს დაუპირისპირდეს”

აჟიოტაჟი სამუშაო ჯგუფების შექმნა-არშექმნაზე - გაებმება თუ არა ოპოზიცია უკვე მეორედ ერთსა და იმავე “ხაფანგში”

გმირი მამების შვილები

* * *

თენგიზ ფხალაძე - ქარიშხალი ჭიქაში თუ პრობლემა: რა ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!

“სავსებით შესაძლებელია იყო დასავლური ბლოკის წევრი და პარალელურად გქონდეს სტრატეგიული ურთიერთობა ჩინეთთან. მთავარია, პარტნიორობის შინაარსი. აქ ჩნდება სწორედ კითხვები, რას იღებს ახლა და რას მიიღებს საქართველო ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით? რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში და რამდენად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ჩინეთი? გავიხსენოთ კვიპროსის მაგალითი, რომელსაც აქვს ტერიტორიული პრობლემები. ჩინეთმა კვიპროსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებაში, საქართველოსგან განსხვავებით, შეიტანა პუნქტი, რომლითაც, ფაქტობრივად, პირობას დებს, რომ გააგრძელებს კვიპროსის მხარდაჭერას მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად... სამწუხაროდ, მსგავსი ტიპის ჩანაწერი საქართველოსთან დადებულ შეთანხმებაში არ არის”, - აცხადებს ექსპერტი, ჯიპას ასოცირებული პროფესორი, ბრიუსელის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი თენგიზ ფხალაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით ქარიშხალი ჭიქაში თუ პრობლემა: რა ინტერესები აქვს ჩინეთს საქართველოში?!

“ჩვენს შემთხვევაში შეთანხმების პირველსავე პუნქტში წერია, რომ მხარეები ადასტურებენ `ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემას~. ამას მოსდევს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, `საქართველო მტკიცედ ემხრობა ერთიანი ჩინეთის პრინციპს~. ამას ლოგიკურად უნდა მოსდევდეს დაახლოებით ამ შინაარსის ჩანაწერი, რომ ჩინეთიც განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ერთიანობას, გმობს ოკუპაციას და აფხაზეთს და ე.წ. სამხრეთ ოსეთს საქართველოს განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, ანუ ჩინეთიც უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და დამოუკიდებლობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, თუმცა ამგვარი არაფერი წერია შეთანხმებაში. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩინეთი არის სახელმწიფო, რომელიც არასდროს აძლევს ხმას რეზოლუციებს ლტოლვილთა დაბრუნების თაობაზე, რაც ჩვენთვის ასეთი მნიშვნელოვანია. მოკლედ, ჩინეთს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის აღიარებისა და ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების უფლების მხარდაჭერა დღემდე არ გამოუხატავს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას თენგიზ ფხალაძე.

“ჩინეთი არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი, რომელიც არასდროს ახსენებს სიტყვა “ოკუპაციას”. არ მახსოვს, ჩინეთისგან არც ერთი განცხადება ბორდერიზაციაზე, საქართველოს მოქალაქეების გატაცებაზე, მათ წამებასა თუ მკვლელობაზე და ა.შ. ამიტომ იბადება კითხვა, რას ვიღებთ ჩინეთთან ასეთი დაახლოებით? სანამ ჩვენი პარტნიორობა გამოცხადდებოდა, საქართველოს ჩინეთთან ისედაც ჰქონდა ინტენსიური ეკონომიკური ურთიერთობა, თავისუფალი ვაჭრობა და ა.შ. მაშ, რის მიღებას ველით ჩინეთისგან? ამასთანავე, ჩვენ მხარს ვუჭერთ ჩინეთისთვის ძალიან მნიშვნელოვან ინიციატივებს, მაგალითად, გლობალური უსაფრთხოების ინიციატივას და ა.შ., რასაც დიდი ეჭვით უყურებენ ჩვენი დასავლელი პარტნიორები - აშშ და ევროკავშირი. ამის გათვალისწინებით ჩინეთისთვის საქართველოს ასეთი ცალსახა მხარდაჭერა რაღაცით უნდა იყოს დაბალანსებული, რაღაც შედეგს უნდა ვიღებდეთ ამისგან. ეს შეეხება საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტსაც. ჯერ არ ჩანს, რა იყო ამის მიზანი ან რა შედეგი მოჰყვება. იმედია, ეს გამოჩნდება უახლოეს მომავალში”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მაგალითად, გაეროში მორიგი რეზოლუციის კენჭისყრისას - თუ ჩინეთი დაუჭერს მხარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ლტოლვილთა დაბრუნებას, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პარტნიორობის გამოცხადების შემდეგ მან ჩვენს სასარგებლოდ შეიცვალა პოზიცია. ეს შეეხება სხვა საკითხებსაც, ვნახოთ, რა იქნება უახლოეს მომავალში... ჯერჯერობით, განსაკუთრებული ბენეფიტები საქართველოსთვის მე ნამდვილად ვერ დავინახე. გეთანხმებით, ჩინეთის ინტერესები აშკარაა, მით უფრო დიდია შუა დერეფნით დაინტერესება, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველო. იზრდება დაინტერესება ინფრასტრუქტურული პროექტებითაც, შავი ზღვითაც. ყოველივე ეს ნორმალურია და ნებისმიერი ქვეყანა უნდა ცდილობდეს ამ ინტერესების სათავისოდ გამოყენებას. აქ კითხვა სხვა რამეშია - პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩინეთს აინტერესებს რაღაც, მაგალითად, ანაკლიის პორტი, პრობლემაა, როცა ის აშენდება, პორტი ქართული იქნება თუ ჩინური? ვინ იქნება მისი მფლობელი? ვიმეორებ, ჩინური ინვესტიცია პრობლემა არ არის, პრობლემაა ის, როდესაც სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი სხვის, ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მფლობელობაში გადადის”, - განმარტავს ექსპერტი.

“საკამათო თემაა ინვესტიციების მასშტაბიც. ამიტომაც მნიშვნელოვანია რისკების კარგად გათვლა და გაანალიზება, რაც ბევრ ქვეყანაში გააკეთეს. ჩვენ გვაქვს არაერთი ქვეყნის მაგალითი, სადაც დახარბდნენ იაფ ჩინურ ინვესტიციებს, რაშიც შემდგომ ძვირი პოლიტიკური ფასის გადახდამ მოუწიათ. დავოსის ფორუმზე, რომელსაც დაესწრო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვისურვებდი ყოფილიყო მეტი კონტაქტი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, გამართულიყო ორმხრივი შეხვედრები - უკვე უნდა გვქონდეს დაწყებული მზადება ნატოს მომავალი სამიტისთვის, რომელიც აშშ-ში გაიმართება. კარგია, რომ ფორუმზე ჩვენმა პრემიერმა შუა დერეფანზე ბევრი ილაპარაკა, მაგრამ ამასთან დაკავშირებით არსებობს დიდი რისკები. მაგალითად, შუა დერეფნისთვის ერთ-ერთ დიდ რისკს წარმოადგენს რუსეთის ინიციატივა, რაც შავი ზღვის ფლოტის ოჩამჩირეში გადმოტანას გულისხმობს. რას ვაპირებთ, რა კონსულტაციებს ვმართავთ პარტნიორებთან და რა პრევენციულ ნაბიჯებს ვდგამთ? - ეს არის მთავარი საკითხები, რაზეც, ვფიქრობ, დავოსშიც უნდა ყოფილიყო ლაპარაკი. იმ განცხადებაში, რაც მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა, ამ საკითხზე სრულფასოვანი სურათი ნამდვილად არ იქმნება. უსაფრთხოება იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ამ ფორუმზე, ჩვენ ეს რამდენად გამოვიყენეთ, არ ვიცი. იმ ინფორმაციით, რაც ჩვენმა მთავრობამ გაავრცელა, ეს ნამდვილად არ ჩანს”, - დაასკვნის თენგიზ ფხალაძე.

“დავოსის ფორუმმა აჩვენა, რომ უკრაინის პოლიტიკური მხარდაჭერა ნამდვილად არ შესუსტებულა, სამხედრო მხარდაჭერაში თითქოს იყო პრობლემები, მაგრამ ამას აქვს თავისი მიზეზები. საქმე ის არის, რომ მსოფლიო, მისი ეკონომიკა ამ ტიპის ომისათვის არ იყო მზად, შესაბამისად, სამხედრო მრეწველობაც გარკვეულწილად მოუმზადებელი შეხვდა. საკითხი შარშან ძალიან მკაფიოდ დადგა დღის წესრიგში, იმ ქვეყნებს, რომლებიც უკრაინას შეიარაღებას აწვდიდნენ, შეიარაღების პრობლემები ჰქონდათ, თუმცა დაიწყო სამხედრო მრეწველობის გაზრდა და ვფიქრობ, 2024-ში ეს საკითხი მნიშვნელოვნად გამოსწორდება, გამომდინარე იქიდან, რომ ზომები უკვე მიიღეს. მნიშვნელოვანია დასავლურ ქვეყნებში შიდაპოლიტიკური ვითარებაც. მოგეხსენებათ, წლევანდელი წელიწადი “გლობალური” არჩევნების წელია. მაგალითად, აშშ-ის კონგრესში უკრაინის საკითხის გაჭიანურება უკავშირდება არა თავად უკრაინას, არამედ იმას, რომ რესპუბლიკელები ცდილობდნენ უკრაინისა და ისრაელის თემები მიგრაციის საკითხებთან ერთიან პაკეტში განხილულიყო. რადგან ამაზე ვერ შეთანხმდნენ, თემა ჩავარდა, თუმცა ამ კვირაში კიდევ მიუბრუნდებიან ამ საკითხის განხილვას და იმედია, მოინახება ისეთი გამოსავალი, რაც არ დააზარალებს უკრაინის დახმარებას”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ვფიქრობ, ომი კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება და ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ პოლიტიკური ძალების იმ კონფიგურაციაში, რაც დასავლურ ბლოკში დღეს არის, უკრაინის მხარდაჭერის შესახებ ერთსულოვანი აზრია. ფაქტი, რომ პუტინი უკვე საუბრობს უკრაინელების კონტრშეტევის წარმატება-მარცხზე და არა საკუთარ წარმატებაზე, ნიშნავს, რომ შეიცვალა ომის შინაარსი. მანამდე კრემლი იმას ამტკიცებდა, თუ რამდენად წარმატებული იქნებოდა რუსეთი. ახლა გვაქვს ვითარება, როდესაც არც ერთ მხარეს არ შეუძლია აქტიურ შეტევაზე გადასვლა. რაღაც უნდა მოხდეს ისეთი, რაც ამ მოცემულობას შეცვლის, მათ შორის ეს შეიძლება იყოს წვრთნების დროულად დამთავრება და უკრაინისთვის F16-ებისა და ახალი ტიპის შეიარაღების გადაცემა. თავისთავად ცხადია, ცაში უპირატესობის მოპოვება ხმელეთზეც განაპირობებს წარმატებას... მეორეა საკითხი, რომელსაც არც უკრაინა მალავს, არც აშშ და არც სხვა ქვეყნები - ეს არის ეფექტიანი ბრძოლა კორუფციასთან. სამწუხაროდ, უცხოური დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილი ჯერ კიდევ არ ხმარდება იმ მიზნებს, რასაც უნდა ხმარდებოდეს”, - დასძენს ფხალაძე.

მზადდება თუ არა საკადრო გადაადგილება ხელისუფლებაში - ცვლილებების შესაძლო დრო, მოტივი და სავარაუდო სცენარები

“არის თუ არა მოსალოდნელი “ქართულ ოცნებაში” და ზოგადად ხელისუფლებაში საკადრო ცვლილებები? ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, ოპოზიციაში და შესაძლოა, ხელისუფლების გარკვეულ ნაწილშიც გაჩნდა მოლოდინი, რომ ის ასეთ ცვლილებებს გეგმავს. ამის საბუთად კი ოპოზიციას კორუფციაზე მისი მინიშნება მოჰყავს. პოლიტიკაში დაბრუნებულმა ბიძინა ივანიშვილმა პარტიის ყრილობაზე განაცხადა, რომ განადგურებლი ოპოზიცია ხელისუფლების კონტროლს ვეღარ ახდენს და ამიტომ მმართველ გუნდში კორუფციის ცდუნების რისკები არსებობს, რომელსაც კონტორლი ესაჭიროება. მათი თქმით, ივანიშვილს ეს შემთხვევით არ გაუკეთებია. სახელისუფლებო პარტიის ყოფილ წევრები დარწმუნებული არიან, რომ პარტიაში გადაჯგუფებები იქნება. ანალიტიკოსები კი “რეზონანსთან” აცხადებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მოვლენების განვითარებას დაელოდება. მათი აზრით, თუკი ის საჭიროდ ჩათვლის, რომ კორუფციის თემით ამომრჩევლის ყურადღება უნდა მიიპყროს, მაშინ ამ მოტივით ცვლილებებს დაიწყებს. თუმცა ის ჯერ ოპოზიციურ ფლანგზე კონტურების საბოლოო გამოკვეთას დაელოდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით მზადდება თუ არა საკადრო გადაადგილება ხელისუფლებაში - ცვლილებების შესაძლო დრო, მოტივი და სავარაუდო სცენარები.

“ოპოზიციის განადგურების პირობებში, იზრდება რისკები მმართველ გუნდში. ოპოზიციის არარსებობამ მმართველ პარტიას მარტივად შეიძლება თავბრუ დაახვიოს და მოადუნოს. გარდა ამისა, როდესაც გარეთ დასაპირისპირებელი არავინ გრჩება, ჩნდება ცდუნება, დაპირისპირება გუნდის შიგნით გამოიგონო. ასევე, ოპოზიციური კონტროლის არარსებობის პირობებში, კორუფციის რისკებიც მატულობს, რასაც საგანგებო დაზღვევა ესაჭიროება. ამ ყველაფერმა მიმაღებინა ჩემთვის არასასიამოვნო გადაწყვეტილება შემოვბრუნდე პოლიტიკაში და დავიკავო მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის თანამდებობა, რის შესახებაც ჩემს მიერ დაფუძნებული პარტიის ხელმძღვანელ გუნდს ცოტა ხნის წინ თავად მივმართე”, - განაცხადა ივანიშვილმა 30 დეკემბერს “ქართული ოცნების” ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას. “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი ეკა ბესელია ამბობს, რომ ივანიშვილის სიტყვა ყრილობაზე შემთხვევითი არ ყოფილა. მისი თქმით, საზოგადოება და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ელოდებიან იმ კონკრეტული პირების გამომჟღავნებას, რომლებიც სახელისუფლებო გავლენებს საკუთარი კეთილდღეობისთვის იყენებენ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების შემდეგ მოვლენების განვითარების ორი სცენარია მოსალოდნელი. იგი არ გამორიცხავს, რომ არჩევნების წინ მმართველ პარტიაში საკადრო ცვლილებები მოხდეს, ან არა და ივანიშვილმა არჩევნებისთვის შესაძლოა სრულიად ახალი გუნდი წარმოადგინოს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“ფაქტი, რომ ივანიშვილმა უკვე ჩააწერინა პარტიის წესდებაში, რომ მას აქვს პრემიერის კანდიდატურის წარდგენის უპირობო უფლება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ, დიდი ალბათობით, თუკი ის საჭიროდ ჩათვლის, შეიძლება საკადრო ცვლილება განახორციელოს. მე მოვლენების განვითარების ორ ვერსიას ველი. პირველის მიხედვით, ის დაიწყებს საკადრო ცვლილებებს და ყველაფერს “ოცნების” ლიდერშიპს დააბრალებს. იტყვის, რომ აი, ქვეყანაში რომ არაფერი გაკეთდა და პრობლემებია, ამათი დამსახურებაა. ანუ მათ განტევების ვაცად გამოიყვანს. შეცვლის სრულიად პოლიტიკურ მოცემულობას და არჩევნებს ახალ მთავრობასთან ერთად შეხვდება. თუმცა ამ შემთხვევაში ისიც უნდა აღიაროს, რომ “ოცნებამ” შეცდომები დაუშვა და ეს მისი პოლიტიკური პასუხისმგებლობაც იქნება. მე მაინც მიმაჩნია, რომ უფრო მეორე ვერსიას აირჩევს და არჩევნებისთვის სრულიად ახალ გუნდს წარადგენს. ამ ეტაპზე მათ ისევ ათამაშებს იმ როლს, რაც დაკისრებული აქვთ და თან მათ კონტროლს დაიწყებს. როგორც ჩანს, ის ტელეფონით “ოცნების” ლიდერებს ვეღარ აკონტროლებდა და ამიტომ დაბრუნება გადაწყვიტა. მან ეს ღიადაც აღიარა”, - აცხადებს გამოცემის კორესპსონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“ადრე თუ გვიან საკადრო ცვლილებები მაინც მოსალოდნელი მგონია. შიდა დპირისპირება იმდენად არის გამწვავებული, რომ ცვლილებები აუცილებლად არის მოსალოდნელი... რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ “ხალხის ძალა” პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბდეს და 5%-იანი ბარიერიც კი გადაალახინონ. ის ალბათ “პატრიოტთა ალიანსის” ნიშას დაიკავებს, რადგან, გვინდა თუ არა, ჩვენს ქვეყანაში არსებობს საზოგადოების ნაწილი, რომელიც პრორუსულად არის განწყობილი. ეს 2016 წელს ნათლად გამოჩნდა, როცა “პატრიოტთა ალიანსს” 5%-იანი ბარიერი გადაალახინეს. ახლა ივანიშვილი ცდილობს შექმნას მოჩვენებითი ოპოზიცია, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში და ნებისმიერ რამეში გამოიყენებს, თუკი დასჭირდება. ასეთი იქნება სწორედ “ხალხის ძალაც”, თუკი ის პარტიად ჩამოყალიბდა”, - მიიჩნევს ჩიტაძე.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი თვლის, რომ საკადრო ცვლილებები „ოცნებაში“ დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა დასჭირდება ბიძინა ივანიშვილს. მისი თქმით, ის თუ აღმოაჩენს, რომ საარჩევნოდ სჭირდება ამომრჩევლის ყურადღების მიმართვა კორუფციასთან ბრძოლისკენ, მაშინ დღევანდელი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს “ძალიან ცუდი დღე” დაუდგება. “ვფიქრობ, თუკი ივანიშვილი ჩათვლის, რომ ამომრჩევლის ინტერესს კორუფციისკენ ბრძოლით მიიპყრობს და დასჭირდება ადამიანები, ვისაც ყველა უბედურებას გადააბრალებს, მაშინ ეს იქნება პირდაპირი დარტყმები მთავრობის არაერთ წევრზე და მათ ძალიან ცუდი დღე დაადგებათ. მან ამასთან დაკავშირებით მინიშნებები უკვე გაკეთა და ერთგვარად თავიც კი დაიზღვია. “ხოლო თუ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, ვერც იმას გამოვრიცხავთ, რომ ივანიშვილმა გუნდი მთლიანად ჩაანაცვლოს. ასე რომ, ის ცვლილებებს დაიწყებს იმის მიხედვით, თუ როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება კონკრეტული მომენტისთვის. ჯერ ამ ეტაპზე ამის აუცილებლობა არ არსებობს. ის ელოდება გარკვეული მოვლენების განვითარებას ასევე ოპოზიციურ ფლანგზე და ამის მიხედვით დაიწყებს თავადაც მოქმედებას”, - ამბობს ძაბირაძე. მისივე თქმით, ეს უფრო გაზაფხულზეა მოსალოდნელი. სწორედ ამ დროს გამოჩნდება, დასჭირდება თუ არა ივანიშვილს ვინმეს გაწირვა”, - დასძენს გამოცემა.

ვახტანგ კაპანაძე - “არა მგონია ამ ეტაპზე რუსეთს ჰქონდეს სურვილი ან შესაძლებლობა უშუალოდ ნატოს დაუპირისპირდეს”

“როდესაც დოკუმენტს გრიფი “საიდუმლო” აქვს მინიჭებული და ის გაიჟონება, როგორც წესი, ეს ხდება იმისთვის, რომ გამგებმა გაიგოს, რა, როგორ და რატომ ხდება. ნატოს სამხედრო სწავლებას რაც შეეხება, საინტერესო ის არის, რომ მოწინააღმდეგედ პირდაპირ რუსეთია დასახელებული და არა ვთქვათ, პირობითი მოწინააღმდეგე - “წითლები” და ა.შ. გეოგრაფიაც რეალურია, სამხედრო დანაყოფებიც და სხვ.... ეს არის მძიმე ვარიანტი და არა მგონია, ამ ვარიანტისთვის რუსები დღეს მზად იყვნენ. ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაზე. ნუ დაგვავიწყდება, რომ მას შემდეგ, რაც 1200 კმ ნატოს საზღვარი დაემატა რუსეთს, სულ სხვა პირობებია. შესაბამისად, რუსეთს თავისი ძალების ცოტა სხვაგვარად გადანაწილება მოუწევს”, - აცხადებს “ჯეოქეისის” მკვლევარი გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რუსეთი ნატოზე თავდასხმისთვის ემზადება?!

“რა თქმა უნდა ეს გაფრთხილება რუსეთს შეაჩერებს, რადგან ეს ნიშნავს, რომ არც ნატო და არც ნატოს წევრი სახელმწიფოები სხედან გულხელდაკრეფილი. როგორც გახსოვთ, ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ნატო უნდა ადაპტირდეს ერაში, რომელშიც ნებისმიერ დროს ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ერაში, რომელშიც ჩვენ გვჭირდება, ველოდოთ ყველაფერ მოულოდნელს, და ერაში, რომელშიც ჩვენ გვჭირდება ფოკუსირება ეფექტურობაზე, რათა ვიყოთ სრულად ეფექტური. ეს ნიშნავს, რომ ნატოში ცვლილებებია და კიდევ იქნება. გარდა ამისა, გაცხადებულია, რომ ნატოს თითოეულმა წევრმა თავისი საომარი პოტენციალი იმ დონემდე უნდა აამაღლოს, რომ დამოუკიდებლადაც, შესაძლებლობების ფარგლებში შეძლოს წინააღმდეგობის გაწევა, რაც თავისთავად გააძლიერებს ნატოს. ამიტომაც, ვფიქრობ, ამ დოკუმენტის გაჟონვა უფრო პრევენციული აქტია, გაფრთხილების მანიშნებელი, ვიდრე უბრალოდ რუკებზე თამაში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“დოკუმენტში ნახსენები “სუვალკის დერეფნის” მიმართულება რეალურია იმ გაგებით, რომ თუკი რუსეთი მართლაც გაბედავს ნატოზე შეტევას, ალბათ, ყველაზე რეალურია ამ მიმართულებას მიაყენოს დარტყმა, ვინაიდან რუსეთმა ბალტიის ზღვაში დაკარგა ბალტიის ფლოტი, რეალობა ისეთია, რომ რუსეთი ვიწრო ყელით არის დაკავშირებული ბალტიის ზღვასთან და მესამე ქვეყანა, შვედეთი, უკვე ნატოს წევრია. დაახლოებით მსგავსი ვითარება აქვს რუსეთს შავ ზღვაშიც. ამიტომ აქვს ასეთი გამძაფრებული ინტერესი შავ ზღვაზე. ყირიმის მიმართულება და აზოვის ზღვა რუსეთისთვის მოწყვლადი ხდება და ამიტომ ცდილობს რამენაირად გადმოიწიოს და აფხაზეთისკენ ჩამოსწიოს თავისი ძალები, ვინაიდან ბალტიის სცენარის განვითარებით შავ ზღვაში რუსეთი კარგავს ახლო აღმოსავლეთში გასასვლელს. შესაბამისად, თუკი ჩავთვლით, რომ რუსეთი ნატოს დაარტყამს, ეს მიმართულება ყველაზე რეალისტური მგონია. თუმცა, როგორც ზემოთ გითხარით, სამხედრო სწავლებებში ასეთი სცენარები მიღებულია. ეს არის სწავლების შემადგენელი ნაწილი და ომის დაწყებას არ მოასწავებს. არა მგონია, ამ ეტაპზე რუსეთს ჰქონდეს ან შესაძლებლობა, ან სურვილი, რომ უშუალოდ ნატოს დაუპირისპირდეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რეალურად შევხედოთ სურათს. გასაგებია, რომ უკრაინაში რუსეთი ინიციატივას ინარჩუნებს, მაგრამ მხოლოდ ტაქტიკურ დონესა და ცალკეულ მიმართულებებზე. უკრაინა განაგრძობს შეტევებს, ბოლო დღეებში ლუგანსკის მიმართულებაზე გადავიდა შეტევაზე. დიდი წარმატება არც ერთს აქვს და არც მეორეს. მეხუთე თვეა, რუსებმა ალყა ვერ შემოარტყეს ავდეევკას, არათუ აიღეს. მიუხედავად ასე თუ ისე წინსვლისა და უპირატესობისა, რუსეთმა ამ ტემპით თუ გააგრძელა, შეიძლება 24-ე საუკუნეში გავიდეს დნეპრზე. დღეს რუსეთს არ გააჩნია ის უპირატესობა, რაც მის გარდამტეხ წინსვლას განაპირობებს. თუ საუბარია იმაზე, რომ რაც დაიკავა, ის ტერიტორია შეინარჩუნოს, კი, საამისო ძალა აქვს. ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეცვლის უკრაინა სტრატეგიას. ჩემი აზრით, უკრაინა უფრო სხვა, მაგალითად, არაპირდაპირი დარტყმების სტრატეგიაზე უნდა გადავიდეს, რაშიც დაეხმარება დასავლეთიდან შორი მანძილის რაკეტებით მომარაგება, ხოლო დასავლეთმა უნდა იტვირთოს რუსეთთან დაპირისპირება გამოფიტვის სტრატეგიის გამოყენებით. ამან გაამართლა `ცივი ომის~ დროს და რუსეთთან ომის დროსაც გაამართლებს, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუკი დასავლეთი ამას რეალურად გააკეთებს და არა დროდადრო”, - განმარტავს გენერალ-მაიორი.

“ნუ ვიტყვით, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები არ მუშაობს. ჯერ ერთი, ევროპაში რუსეთიდან ენერგომატარებლების შესვლა 50-დან 5%-მდეა შემცირებული. ინდოეთ-ჩინეთისკენ გაიზარდა, მაგრამ გადის უფრო იაფად და ინდოეთი რა ვალუტაში გადაიხდის ამის საფასურს, ესეც კი არ არის გადაწყვეტილი. ამიტომაც არც ისე მარტივადაა საქმე, რუსეთში კვერცხის დეფიციტიც კარგი ცხოვრების მაჩვენებელი არ არის... კუმულაციური ეფექტი აქვს ამ სანქციებს. ის, რომ რუსეთმა გააძლიერა თავდაცვითი ინდუსტრია, გადააწყო ქვეყანა ომის რელსებზე, ხომ ნიშნავს, რომ სხვა მიმართულებები შესუსტდა, კერძოდ, ეკონომიკის, ინდუსტრიის, სოფლის მეურნეობის. ჰაერიდან მოტანილი სახსრებით ხომ არ გააძლიერა სამხედრო მიმართულება? აგერ, ჩრდილოეთ კორეას რაკეტების მოცემას ეხვეწებოდნენ. ასე რომ, რუსეთს ასე მარტივად არა აქვს საქმე. თუმცა არ გამოვრიცხავ ჰქონდეს ომის გაგრძელების რესურსი. ვიმეორებ, ამ სიტუაციის შესაცვლელად, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი იქნება უკრაინის სტრატეგიის ცვლილება და მთელი მსოფლიოს მხარდაჭერის გაძლიერება”, - დაასკვნის ვახტანგ კაპანაძე.

“რაც შეეხება პაკისტან-ირანის დაპირისპირებას, ეს პირველ რიგში რუსეთს არ აწყობს. არ შედის ახლა რუსეთის ინტერესში ის, რომ მისი მოკავშირე ირანი სხვა მიმართულებაზე გადაერთოს. ასევე არა მგონია, რუსეთს ძალიან აწყობდეს ჰუსიტების გააქტიურება, ვინაიდან ამან შესაძლოა ძალიან მძიმე რეაქცია გამოიწვიოს ჩინეთში. ეს ეკონომიკას დაარტყამს. ჰუსიტების თავდასხმები ტვირთბრუნვას აზარალებს, არავის სურს მილიონობით დოლარი დაკარგოს მართლაც ჩუსტებიანი ტერორისტების გამო... ჰუსიტებმა თავი შეახსენეს მსოფლიოსა და ირანს, რომ ირანის დაფინანსება რაღაცაში გამოიყენეს, რომ ფულს ტყუილად არ იღებენ, ირან-პაკისტანის დაპირისპირებაზე კი ძნელია თქმა, ამის უკან რა დევს, ფაქტია, ირანი აშკარად შარში ყოფს თავს. ყველა მიმართულებით ყველას უპირისპირდება, ყველასთან ომი კი ნამდვილად არ წაადგება”, - დასძენს კაპანაძე.

აჟიოტაჟი სამუშაო ჯგუფების შექმნა-არშექმნაზე - გაებმება თუ არა ოპოზიცია უკვე მეორედ ერთსა და იმავე “ხაფანგში”

ხელისუფლებას მზად აქვს ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულების სამოქმედო გეგმა, თუმცა საბოლოოდ ჯერ არ გადაუწყვეტია რა ფორმატში წარიმართება მუშაობა - სამუშაო ჯგუფებში, თუ საპარლამენტო კომიტეტებში. ეს კი ოპოზიციის კრიტიკასა და უკმაყოფილებას იწვევს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ თუკი ოპოზიცია ამჯერადაც უარს იტყვის მმართველ პარტიასთან თანამშრომლობაზე, ამით, ერთის მხრივ, დასავლელი პარტნიორების კრიტიკასაც დაიმსახურებს და მეორეს მხრივ, წინასაარჩევნოდ “ქართულ ოცნებას” ქულების დაწერის საშუალებას მისცემს. გასულ წელს, საქართველოსათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საჭირო ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიციის მნიშნელოვანმა ნაწილმა მონაწილეობა არ მიიღო. მიზეზად ის დასახელდა, რომ ეს ჯგუფები „ოცნებამ" მხოლოდ ფორმალურად შექმნა და მათ მუშაობაში ოპოზიციის ჩართვას რეალურად არანაირი შედეგი არ ექნებოდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აჟიოტაჟი სამუშაო ჯგუფების შექმნა-არშექმნაზე - გაებმება თუ არა ოპოზიცია უკვე მეორედ ერთსა და იმავე “ხაფანგში”.

“ახლა დღის წესრიგშია ევროკომისიის 9 რეკომენდაციის შესრულება, რომელიც უკვე ვეროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველომ გაწევრიანებაზე მოლაპარაკების გახსნისათვის უნდა შეასრულოს. თავდაპირველად განსაზღვრული იყო, ამისათვის კვლავ შეიქმნებოდა სამუშაო ჯგუფები და ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან კეთდებოდა განცხადებები, რომ ისინი მზად იყვნენ ამ ფორმატში ხელისუფლებასთან თანამშრომლობისათვის. თუმცა, ბოლო პერიოდში მმართველი პარტიის პოზიცია შეიცვალა. მათი შეფასებით, სამუშაო ჯგუფების შექმნას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს და 9 რეკომენდაციის შესრულებაზე ერთობლივი მუშაობა საპარლამენტო კომიტეტების დონეზეც შესაძლებელია, თუმცა, სამუშაო ჯგუფების შექმნა-არშექმნა ჯერ საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის. ოპოზიციის ნაწილი სწორედ ხელისუფლების მიერ პოზიციის შეცლას აპროტესტებს სამუშაო ჯგუფების შექმნას ითხოვს. ანალიტიკოსთა შეფასებით, წინა 12 რეკომენდაციის შემთხვევაში, ხელისუფლებამ, იცოდა რა ოპოზიციაში არსებული განწყობები, მათ სამუშაო ჯგუფების შექმნის სახით ერთგვარი პოლიტიკური მახე დაუგო და ამაზე გარკვეული ქულებიც დაიწერა. მათივე თქმით, ახლაც იგივე მეორდება, როდესაც სამუშაო ჯგუფების შესაძლო არშექმნით უკმაყოფილო ოპოზიციის ნაწილი უკვე კომიტეტების მუშაობაზე უარის თქმას განიხილავს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოპოზიცია “ტერმინების გაფეტიშებაში” დაადანაშაულა. “ვხედავთ, რომ ოპოზიცია კონცენტრირებულია ტერმინებზე და მის გაფეტიშებაზე - აქ ჩანს, რომ მათ ინტერესი შინაარსის მიმართ არ აქვთ. შარშან აძაგებდნენ სამუშაო ჯგუფს, როგორც ტერმინს და დღეს აფეტიშებენ. ტერმინებზე ჩაჭიდება აჩვენებს, რომ მათ არ აინტერესებთ შინაარსი და შედეგი”, - განაცხადა პაპუაშვილმა. “სტრატეგია აღმაშენებლისათვის” ეს ბრალდება მიუღებელია. “ჰაერში იქნებიან, ზღვაზე თუ ხმელეთზე, ჩვენ ყველგან შევხვდებით “ქართულ ოცნებას”. იქნება კომიტეტი, ქვეკომიტეტი თუ ზეკომიტეტი, ყველგან მივიღებთ მონაწილეობას”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ. “გირჩის” ლიდერი იგო ხვიჩია აცხადებს, რომ სამუშაო ჯგუფების შექმნა-არშექმნასთან დაკავშირებით ამტყდარი აჟიაოტაჟი მისთვის გაუგებარია. პირადად ის კი ნებისმიერ ფორმატში აპირებს მონაწილეობას 9 რეკომენდაციის შესასრულებლად. “ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ, რომ შევხედოთ, ვნახოთ, იქ რა ხდება და ხალხს ვუთხრათ, მართლა აპირებენ რამის შესრულებას თუ, უბრალოდ ერთობიან ჩვენი კოლეგები. რა ფორმატი იქნება, მართლა რა მნიშვნელობა აქვს? ჩვენ ყველაფერში ვიქნებით”, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ სამუშაო ჯგუფების შექმნა-არშექმნა ხელისუფლების პიარ კამპანიაა და ოპოზიციის მხრიდან ამაში მონაწილეობაზე უარის თქმით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფების ფორმატი თუ პარლამენტის კომიტეტები, ისევ ხელისუფლება დარჩება მოგებული. “მაშინაც, როდესაც ეს ჯგუფები შეიქმნა, ეს იყო არა იმის სურვილით, რომ რაღაც სერიოზული სამუშაო ჩატარებულიყო, არამედ ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი გათვლილი იმაზე, რომ ამ სამუშაო ჯგუფებში ოპოზიცია არ მიიღებდა მონაწილეობას. როგორც ჩანს, ხელისუფლებას ჰქონდა ასეთი ინფორმაცია და შესაბამისად, ეს პიარისთვის გამოიყენეს - მაშინ შექმნეს ეს სამუშაო ჯგუფები, ოპოზიციამ, როგორც იცით, არ მიიღო მონაწილეობა და მშვენივრად გამოიყენა ეს ხელისუფლებამ პიარისთვის”, - ამბობს ძაბირაძე, რომლის თქმით, “დღეს, როცა ხელისუფლებამ იცის, რომ ოპოზიცია მიიღებს მონაწილეობას ამ ჯგუფებში, მას საერთოდ არ სჭირდება ასეთი ჯგუფების შექმნა”, - დასძენს გამოცემა.

“ამიტომაც არ ქმნის ამ ჯგუფებს და ისევ იმას იყენებს არგუმენტად, რომ როცა შევქმენით, მაშინ არ მიიღეთ მონაწილეობა და ამიტომ არ ვქმნითო. მაშინაც მოიგო პიარი ხელისუფლებამ და ახლაც მოიგებს პიარს. ხელისუფლების მიზანი ის არაა, რომ ეს 9 პუნქტი მართლაც სწრაფად შესრულდეს. ცოტა ხანში, სულ რაღაც 2- 3 თვის შემდეგ, ყველაფერი გადავა საარჩევნო რეჟიმში და ეს 9 პუნქტი თავისი სამუშაო ჯგუფებით ფაქტობრივად არავის გაახსენდება. ხელისუფლება საკმაოდ გონივრულად მოქმედებს ამ თვალსაზრისით. ოპოზიცია იცით რას ვერ აანალიზებს? - რომ მიდის პოლიტიკური ბრძოლა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ოპოზიცია როდესაც ამბობს, რომ აზრი არ აქვს (სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობას), რადგან ეს შედეგს არ მოგცემს, ამაში აბსოლუტურად მართალია, თუ რეკომენდაციების შესრულების კუთხით მივუდგებით. მაგრამ თუ შევხედავთ პიარის და მოსახლეობასთან ურთიერთობის კუთხით, ეს კიდევ ცალკე პიარია... ახლა კი იგივე პიარია, რაც სამუშაო ჯგუფების შექმნით ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკვე მოიგეს და ახლა იგივეს უკეთებენ ოპოზიციას, ოღონდ კომიტეტებზე”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“გასაგებია, რომ ბლეფი იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ ეს ბლეფი უნდა აჩვენოს ოპოზიციამ - რომ აი, ეს ჯგუფი შეიკრიბა და არაფერიც არ გააკეთა. ეს არის ბრძოლის თემა დღეს და ოპოზიციას შეუძლია არ მიიღოს მონაწილეობა და რა პრობლემაა, ისევ მოგებული დარჩება ხელისუფლება... თუ ოპოზიცია საბოლოოდ უარს იტყვის კომიტეტებში მუშაობაზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლება დარჩება მოგებული პიარის თვალსაზრისით. ჩვენს პარტნიორებთან მუდმივად ექნება სალაპარაკო, რომ - აი, ოპოზიცია არ მონაწილეობს, შარშან შევქმენით სამუშაო ჯგუფები და იქ არ მიიღეს მონაწილეობა. ჯგუფებს აღარ ვქმნით და არც კომიტეტებში იღებენ მონაწილეობას - და ისევ ხელისუფლება დარჩება მოგებული”, - დაასკვნის ძაბირაძე.

“ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე კი აცხადებს, რომ ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფების შექმნა-არშექმნაზე საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუმცა, სამუშაო ფორმატის მიუხედავად, თუკი ოპოზიციური ძალების უმეტესობა ამჯერადაც უარს იტყვის ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე, ეს საქართველოს ევროპელი პარტნიორების მხრიდან ნეგატიურად იქნება აღქმული და ოპოზიცია ამ მხრივად წააგებს პოლიტიკური თვალსაზრისით. “მე ჯერჯერობით ასეთი მკაფიო განმარტება ვერ მოვისმინე ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. როგორც ვიცი მათი ბოლო განცხადებებიდან ისინი, ჯერ კიდევ იმსჯელებენ საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ჯგუფების შექმნის შესახებ და უახლოეს მომავალში გამოაცხადებენ გადაწყვეტილებას - შეიქმნება თუ არა, რა ფორმატით და ა.შ. ერთერთ შესაძლო მოტივი შეიძლება იყოს ის, რომ წინა 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ამ სამუშაო ჯგუფებმა ვერ გაამართლა იმ კუთხით, რომ ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა მასში მონაწილეობა არ მიიღო”, - მიიჩნევს ანჯაფარიძე, რომლის მტკიცებით, “ფაქტობრივად გამოვიდა, რომ რაღაც მცირე ნაწილი მონაწილეობდა და ინკლუზიური პროცესი არ იყო”, - წერს სტატიის ავტორი.

„ოპოზიციის შეფასება, რომ კომიტეტებში მონაწილეობას აზრი არ აქვს, აბსოლუტურად გაუმართლებელია. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს, სადაც არის მოწოდება, რომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს მაქსიმალური ჩართულობა, ინკლუზიურობა და დეპოლარიზაცია. როდესაც შენ არ მონაწილეობ არც სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში და არც კომიტეტის მუშაობაში, ეს არის დეპოლარიზაციის ერთერთი მკვებავი წყარო და ფაქტობრივად ამით ხდება ევროკავშირის იმ რეკომენდაციის ტორპედირება, რომ პროცესი იყოს მაქსიმალურად ინკლუზიური. მე ვფიქრობ, რომ ამით ოპოზიცია პოლიტიკურად წააგებს. თუკი ევროპელები დაინახავენ, რომ ოპოზიცია ცალსახად გაცხადებულად არ მონაწილეობს არც საკომიტეტო მუშაობაში, არც სამუშაო ჯგუფებში, თუ ისინი შეიქმნება, შესაბამისად წარმოდგენა შეექმნებათ, რომ ოპოზიცია რაღაცნაირად საკუთარ პოლიტიკურ დღის წესრიგს უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებას”, - დასძენს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

გმირი მამების შვილები

დავით შარტავა, მიშა ყაფლანიშვილი, დავით რატიანი, მუხრან ლომთაძე, ლევან ლობჟანიძე - მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გმირებისა, რომლებიც “დაიხოცნენ იმისთვის, რომ “ეცოცხლა საქართველოს”. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღემდე გახმაურებული არაერთი ფაქტი მეტყველებს, რომ ქართველები საუკეთესო მებრძოლები არიან. უკრაინელებს ქართველები გამორჩეულ თანამებრძოლებად მიაჩნიათ, რუსებს კი ყველაზე სახიფათო მტრებად. საქართველოში ამბად ჩამოტანილ საარაკო გმირობის ამბებს გულით ატარებენ და თვალისჩინივით უფრთხილდებიან გმირების შვილები. “მამაჩემი გმირი იყო”, - ცრემლიანი თვალებით, მაგრამ ამაყი მზერით მითხრა ერთი-ერთი გმირულად დაცემული მებრძოლის შვილმა. მისმა ამ ნათქვამმა დამაინტერესა, რას გრძნობენ, რას ფიქრობენ და რა მიზნებით ცხოვრობენ გმირი მამების შვილები”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა" სტატიაში, სათაურით გმირი მამების შვილები.

დავით შარტავას ვაჟი გიორგი შარტავა: “მამაჩემი, დავით შარტავა, ორი ქვეყნის ჯარისკაცი იყო - უკრაინაში იბრძოდა იმისთვის, რომ საქართველოში მშვიდობა ყოფილიყო. ის 2003 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების “კომანდოსის” რიგებში ირიცხებოდა. 2014 წლიდან უკრაინაში გააგრძელა რუს ოკუპანტებთან ბრძოლა და 2021 წლის 18 აპრილს აღმოსავლეთ უკრაინაში, მარიუპოლთან უკრაინის არმიის პოზიციების დაბომბვისას დაიღუპა. უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით მამა გმირული მამაცობისთვის მესამე ხარისხის ღირსების ორდენით დაჯილდოვდა. იმის გამო, რომ ხშირად იყო უცხოეთში, პირისპირ საუბარი იშვიათად გვიწევდა. მამას თანამებრძოლმა ბევრი რამ მიამბო მის შესახებ. მითხრა, დათო მხოლოდ ძალიან მაგარი მებრძოლი კი არა, სამართლიანი კაციც იყოო. ბედნიერი ვიყავი, ამას რომ ვისმენდი. მამაზე, როგორც გმირზე, ისე ვფიქრობ, სიკვდილის შემდეგაც ახდენს ჩემს ცხოვრებაზე გავლენას. ვალდებულად ვგრძნობ თავს, ჩემს არჩეულ გზას არ გადავუხვიო, ვემსახურო სამშობლოს. ბოლოს რომ ვესაუბრე, მითხრა, საქართველო მენატრებაო. მეორე დღეს დაიღუპა”, - იხსენებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი შარტავა.

“რატომ არა მაქვს შურისძიების განცდა? მამაჩემმა ხელში იარაღი მტრის სიძულვილის გამო კი არა, სამშობლოს სიყვარულისთვის აიღო. დარწმუნებული ვარ, არც მას ენდომებოდა, რომ მე შურისძიების გრძნობით შეპყრობილს მეცხოვრა. გული მწყდება, როდესაც უკრაინაში მებრძოლი ქართველების დისკრედიტაციას ცდილობენ. ძალიან ცდება ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ქართველები იქ ფულისთვის მიდიან. მამას ბოლოს სულ რაღაც 200 დოლარი ჰქონდა ხელფასი. ამ თანხის სანაცვლოდ ვინ დადებს საკუთარ სიცოცხლეს სასწორზე? 2008 წელს საქართველოში რომ შემოიჭრნენ რუსები, მამა მაშინ უკრაინაში იყო. ყოველდღე რეკავდა, ერთი სული ჰქონდა, როდის ჩამოვიდოდა, სურდა საქართველოს რითიმე დახმარებოდა. გაერთიანებულ, ძლევამოსილ საქართველოზე ოცნებობდა. 2014 წელს უკრაინაში ომი რომ დაიწყო, მაშინაც ცეცხლზე იჯდა. ამბობდა, რუსეთთან ბრძოლის შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვაო. ქართველებს გენებში გვაქვს თავისუფლებისთვის, სამშობლოსთვის ბრძოლა. მეც ძალიან მინდოდა ომში წასვლა, მანამდე ჯარშიც, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობამ საშუალება არ მომცა. თუმცა თუ ჩემს ქვეყანას ქუდზე კაცი დასჭირდება, იარაღს ავიღებ ხელში”, - აცხადებს 25 წლის გიორგი შარტავა.

მიშა ყაფლანიშვილის ქალიშვილი თეა ყაფლანიშვილი: მამაჩემი, მიშა ყაფლანიშვილი, ლუგანსკის ოლქში დაიღუპა, დაზვერვაზე იყო, როდესაც დაბომბვა დაიწყო და ჭურვის ნამსხვრევი მოხვდა. მამა საერთაშორისო ლეგიონის, “ჩარლი 2”-ის წევრი იყო. ომამდე გერმანიაში წარმატებული ბიზნესი ჰქონდა. ის მხოლოდ საკუთარ ოჯახზე არ ზრუნავდა. თუ ყურს მოჰკრავდა, რომ სადმე ვინმეს რამე უჭირდა, მზად იყო დასახმარებლად. გაჭირვებულებს ეხმარებოდა, მოხუცთა თავშესაფარსაც, საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ ხალხსაც. უკრაინაშიც სამშობლოს სიყვარულმა წაიყვანა. ერთიანი და ძლიერი საქართველოს ნახვაზე ოცნებობდა. იდეალური მამა იყო, ყველაზე კარგი მასწავლებელი ჩვენთვის, გაკვეთილებს ისე მხიარულად გვამზადებინებდა, ათასგვარ სახალისო რამეს იგონებდა. ძალიან მიყვარდა, ისტორიას რომ გვიყვებოდა, თავისი ინტერპრეტაციებით. ძალიან გვიჭირს მის გარეშე, მაგრამ მაინც ამაყი ვარ, ვიცი, რომ მამაჩემი გმირია, სამშობლოს შესწირა ყველაზე ძვირფასი, რაც გააჩნდა - სიცოცხლე. ჩვენ სულ გვეუბნებოდა, რომ მხოლოდ საკუთარი თავის, თუნდაც ოჯახისთვის არ უნდა გვეცხოვრა, რომ ჩვენი ქალაქი, სოფელი და ქვეყანა საკუთარი სახლივით უნდა გვყვარებოდა. მამა ბოროტებასთან ბრძოლას შეეწირა და მეც მზად ვარ ვიბრძოლო. მერე რა, რომ გოგო ვარ, თუ საჭირო გახდება, იარაღს ავიღებ ხელში”, - მიიჩნევს 20 წლის თეა ყაფლანიშვილი.

დავით რატიანის ქალიშვილი მარიამ რატიანი: “მამაჩემი, დავით რატიანი, უცხოელ მოხალისეთა რაზმში იბრძოდა, ირპენის ფრონტზე დაიღუპა. ჩვენ აფხაზეთიდან ვართ, მამა სულ იქ დაბრუნებაზე ოცნებობდა. აგვისტოს ომის მონაწილეც იყო. როდესაც უკრაინაში მიდიოდა, გვითხრა, რომ იქ ჩვენ გამო მიდიოდა, თუ ჩვენ ომს მოვიგებთ, თქვენ აღარ დაგჭირდებათ იარაღის ხელში აღება, თავისუფალი იქნებით და არ მოგიწევთ იმის შიშით ცხოვრება, რომ რუსეთი ხვალ ან ზეგ თავს დაგესხმებათო. მამა “ქართული ლეგიონის” მებრძოლი იყო და ვიცი, რომ თანამებრძოლებს ძალიან უყვარდათ. იცით, რა მენატრება ყველაზე მეტად? მე ცეკვაზე დავდივარ, მამა ყოველი კონცერტის შემდეგ კართან მხვდებოდა ვარდების თაიგულით და გულში მაგრად მიხუტებდა. აი, ის ჩახუტება და მამიკოს მოტანილი ვარდების სურნელი მენატრება (ტირის და საუბრის გაგრძელებას ვეღარ ახერხებს)”, - ამბობს 14 წლის მარიამ რატიანი.

მუხრან ლომთაძის ქალიშვილი მარიამ ლომთაძე: მამას, მუხრან ლომთაძეს ძალიან უყვარდა სამშობლო, ვიცოდი, რომ მისთვის თავს გაწირავდა. “ქართული ლეგიონის” მებრძოლი იყო და სულ თავისი თანამებრძოლების გმირობებზე ლაპარაკობდა. მამა ავად გახდა, მაგრამ ავადმყოფობას არ ეპუებოდა, ამბობდა, ორ ფრონტზე ვიბრძვი - იქიდან ოკუპანტებს, აქედან ჩემს ავადმყოფობასო. მეამაყება, მუხრან ლომთაძის შვილი რომ ვარ. მან იმდენი გაიღო თავისი ქვეყნისთვის, რომ ვალდებულად მივიჩნევ თავს, კარგი ქართველი ვიყო, ჩემი ოჯახი და ქვეყანა ვასახელო”, - აღნიშნავს 14 წლის მარიამ ლომთაძე.

ლევან ლობჟანიძის ქალიშვილი თიკო ლობჟანიძე: მამაჩემი, ლევან ლობჟანიძე, ბახმუტის მიმართულებაზე, კლიშევკის დასახლებასთან დაიღუპა. მის მამაცობაზე ლეგენდები დადის და ეს მისი დაკარგვით გამოწვეულ ტკივილს ოდნავ მინელებს. განსაკუთრებული მამა და ბაბუა იყო. აფხაზეთიდან დიდი ტკივილი მოჰყვებოდა. იქაც წინა ხაზზე იბრძოდა. ერთხანს მკვდრადაც კი იყო გამოცხადებული. რომ ვთხოვე, უკრაინაში არ წახვიდე-მეთქი, მითხრა, ადამიანები ორჯერ არ კვდებიან, ერთხელ უკვე ვარ გამოცხადებული მკვდრადო. მისი გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, მაგრამ არა გასაკვირი. თურქეთში იმდენად კარგად ჰქონდა საქმე აწყობილი, არ მეგონა, თუ მიატოვებდა. საახალწლოდ შვებულებით აპირებდა ჩამოსვლას. უკვე დღეებს ვითვლიდით. ვეუბნებოდი, შენი წილი უკვე იბრძოლე, რომ ჩამოხვალ, აღარ გაგიშვებ-მეთქი. ეგ აღარ მითხრა, აქედანვე შეეგუე, რომ ისევ უკან უნდა გავბრუნდე, ჩემს ძმებს ვერ მივატოვებო”, - ამბობს თიკო ლობჟანიძე.

“მამა უკრაინაში საქართველოსთვის, საქართველოს სახელით იბრძოდა. ის მოკვდა იმისთვის, რომ იცოცხლოს საქართველომ. ამბობდა, რომ საქართველოს დროშით მანამდე იბრძოლებდა, სანამ შესაძლებლობა ექნებოდა. ერთხელ მივწერე, სულ შენ რატომ ხარ წინა ხაზზე-მეთქი, და მომწერა, აბა, ომში ვიყო და დავიმალოო?! ყოველთვის ცხელ წერტილებში იყო, ხარკოვში, ბახმუტში. რამდენჯერმე კონტუზია მიიღო, დაჭრილიც იყო, მაგრამ სულ ცდილობდა პრობლემა მარტივად წარმოეჩინა. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ იქ ბედნიერი იყო. ერთხელ ვუთხარი, მალე ორდიპლომიანი შვილი გეყოლება-მეთქი. მან კი მიპასუხა, შენ ორდიპლომიანი იქნები, მე კი ორი ქვეყნის ვეტერანიო. ერთ შეტყობინებაში ასეთი რამ წერია: `რუსებს შემოდგომაზე უკვე აგებული ექნებათ წესი". გული მიკვდება, რომ ამას ვეღარ მოესწრება”, - დასძენს თიკო ლობჟანიძე.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო