ამირან გამყრელიძე „რესპუბლიკურზე“ - ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან“ დაკავშირებით წარდგენილი გეგმები მოუმზადებელი იყო, პროცესი კი ტრანსპარანტული უნდა ყოფილიყო. ამასთან, განმარტა, რომ არ შეიძლება ხელაღებით საუბარი შენობის დანგრევასა და ახლის აშენების თაობაზე.

„როდესაც გაიხსნა „რესპუბლიკური საავადმყოფო“, მაშინ დავიწყე იქ მუშაობა. ამ დაწესებულებაში ჩამოვყალიბდი ექიმად, პედაგოგად, მეცნიერად. ძალიან შემტკივა გული. ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავით. „რესპუბლიკური საავადმყოფო“ ქვეყნის ცენტრალური საავადმყოფოა, რომლის ზურგზეც ბევრმა ჭირ-ვარამმა გადაიარა. მახსოვს 9 აპრილს, რამდენიმე საათში დავცალეთ 2 სართული, რათა მოწამლული ხალხი სწრაფად მიგვეღო. აფხაზეთის ომის დროს თუ 2008-ში, გადმოყვანილი პაციენტების სიმძიმე „რესპუბლიკურ საავადმყოფოზე“ მოდიოდა და ბევრი სხვა. კლინიკის სიმძლავრე 1100 საწოლი იყო. მას ჰქონდა სამხედრო დანიშნულებაც. „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში, მიწის ქვეშ არსებობს სამხედრო, მიწისქვეშა ჰოსპიტალი, რომელიც დაახლოებით 120-150 საწოლზე იყო გათვლილი. „რესპუბლიკური საავადმყოფო“ იყო ნამდვილი საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარი კანდიდატი. გასული საუკუნის 70-იან წლებში, ჭკვიანმა ხალხმა, ვინც „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მშენებლობა განიზრახა, იმიტომ ააშენა იქ და დაუკანონეს ტერიტორიები, რომ ის უნდა ჩამოყალიბებულიყო საუნივერსიტეტო კლინიკად. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ საკითხი უნდა გადაწყდეს სამედიცინო უნივერსიტეტთან მიმართებაში (ეს არ ნიშნავს რომ მისი საკუთრება იყოს). აქედან გამომდინარე, არ შეიძლება ასე ხელაღებით თქვა, რომ მოდი, მე ამას დავანგრევ და ახალს ავაშენებ. კლინიკის განვითარების პირველი პროექტი 80-იან წლების შუა პერიოდში იყო შედგენილი, როდესაც უნდა დამატებოდა ის მიმართულებები, რაც აკლდა საუნივერსიტეტო კლინიკას, ჩვენ არ გვქონდა მეან-გინეკოლოგია, არ იყო პედიატრია, ონკოლოგია, ფსიქიატრია. 90-იან წლებში, როდესაც პირველი მსოფლიო ბანკის კრედიტი აიღო ჯანდაცვის სამინისტრომ, იქ იყო 10-12 მილიონი გამოყოფილი, რათა თანამედროვე დედათა და ბავშვთა რეფერალური სამსახური პოლიპროფილურ კლინიკაში შეგვეტანა, ასეთად შეირჩა „რესპუბლიკური საავადმყოფო“, თუმცა მაშინ ისეთი თანხა იყო საჭირო, რომ კრედიტი და სახელმწიფო რესურსი არ ჰყოფნიდა, ამ კრედიტით ღუდუშაურის კლინიკის რეაბილიტაცია მოხდა მაშინ. საგულისხმოა, რომ პრემიერ-მინისტრმა გამოსვლისას ისაუბრა პროექტზე, რომელიც ჩემთვის კარგად არის ნაცნობი, კერძოდ, 2006-2007 წელს „ქართუ ფონდის“ მიერ, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შემუშავდა პროექტი, რომლის თანახმადაც „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მთავარი კორპუსის პერპენდიკულარულად განთავსდებოდა 8-10 სართულიანი, 250-300 საწოლზე გათვლილი კორპუსი შემდგომი განვითარებისთვის-ინფექციური საავადმყოფო და სხვა განყოფილებები უნდა მოთავსებულიყო. ამის შემდეგ კიდევ იყო 2-3 პროექტი რესპუბლიკურის მოდერნიზაციის.

რა თქმა უნდა, განახლებისა და ახალი თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფოს მშენებლობის წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი კარგად უნდა იყოს გააზრებული, დაგეგმილი და განხორციელებული. რაც მთავარია ასეთი მასშტაბური სამედიცინო პროექტის განხორციელებისას მუდმივი კომუნიკაციაა საჭირო თანამშრომლებთან და მთლიანად სამედიცინო საზოგადოებასთან, რამეთუ საქართველოში ალბათ ყოველი მეორე და მესამე ექიმი რესპუბლიკურთან იყო დაკავშირებული თავისი კარიერის განმავლობაში. ჩემი წინადადება, რომელიც გასულ ზაფხულს გამოვთქვი, როდესაც ეს „ციებ-ცხელება“ დაიწყო, იყო შემდეგი - „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მთავარი კორპუსის უკან, ან პერპენდიკულარულად აშენებულიყო 200-300 საწოლზე გათვლილი ახალი კორპუსი, მომხდარიყო პერსონალის იქ გადაყვანა და შემდგომ, თუ დემონტაჟის აუცილებლობა იქნებოდა, მომხდარიყო ეს და მის ადგილზე აშენებულიყო ახალი, 500-700 საწოლზე გათვლილი თანამედროვე კორპუსი.

იმ ადგილზე მივიღებდით ნამდვილი საუნივერსიტეტო კლინიკის თანამედროვე კამპუსს, რომელიც ასე აკლია ჩვენს ჯანდაცვის სისტემას. სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ფინანსური გათვლა რომ ვნახე, თუ რამდენი მილიონი ლარი ჯდებოდა ახალი კლინიკა, ცოტა ეჭვი შემეპარა სისწორეში. შესწავლილი მქონდა თავის დროზე, თუ რა ღირდა საუნივერსიტეტო კლინიკაში 1 საწოლის ევროპული სტანდარტით გაკეთება და დიდი განსხვავება იყო. ვფიქრობ, ეს წინადადება მოუმზადებელი იყო, ეს ყველაფერი ტრანსპარანტულად უნდა მომხდარიყო, კოლექტივთან სწორი კომუნიკაცია იყო საჭირო. განახლების წინააღმდეგი ვინ უნდა იყოს?!

მინდა გავიხსენო ისიც, რომ 2012 წლის ოქტომბერში, როცა ხელმეორედ მიმიწვიეს ჯანდაცვის მინისტრის პოზიციაზე, გარკვეული პერიოდის განმავლობაში ინტენსიური კონტაქტი მქონდა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობასთან, მაშინაც წამოიწია „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ საკითხმა. „რესპუბლიკური კლინიკა“ წინა მთავრობის მიერ საპრივატიზაციოდ იყო გამზადებული. ბატონ ბიძინა ივანიშვილს შევხვდი და ვუთხარი ჩემი მოსაზრებები, თუ რატომ არ იყო სასურველი, „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ პრივატიზაცია. აღვნიშნე, რომ ის აუცილებლად უნდა ჩამოყალიბებულიყო ნამდვილ დასავლური სტანდარტების საუნივერსიტეტო კლინიკად. ბატონმა ბიძინამ მთხოვა, პრესკონფერენცია ჩამეტარებინა და ეკონომიკის სამინისტროსთვის მომეწოდებინა კლინიკის პრივატიზაცია შეეჩერებინათ. ალბათ, ამ პრესკონფერენციის ჩანაწერი არსებობს, სადაც მოკლე დასაბუთებით გამოვედი საკითხთან დაკავშირებით, მოვუწოდე ეკონომიკის სამინისტროს პრივატიზაციის შეჩერებასთან დაკავშირებით და მართლაც შეჩერდა მისი განკერძოება, შემდგომში აღარ განხილულა ეს საკითხი. „რესპუბლიკურ საავადმყოფოს“ უნდა მიეცეს ახალი დანიშნულება რისთვისაც ის თავის დროზე აშენდა და ჩამოყალიბდეს ნამდვილ საუნივერსიტეტო, მრავალპროფილურ კლინიკად. მსგავსი 3-4 კლინიკა სჭირდება ქვეყანას“,- აღნიშნა გამყრელიძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ