თინა ხიდაშელი - მუდმივად მზარდი საპროტესტო მუხტის შესაქმნელად ოპოზიციური ინტელექტუალური რესურსის ერთ, მრგვალ მაგიდასთან მობილიზება უნდა მოხდეს

პროტესტის ორგანიზებისა და მისი მართვისთვის, მუდმივად მზარდი საპროტესტო მუხტის შესაქმნელად ოპოზიციური ინტელექტუალური რესურსის ერთ მრგვალ მაგიდასთან მობილიზება და თავმოყრა უნდა მოხდეს,- ამის შესახებ ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

თინა ხიდაშელის მოსაზრებით, ოპოზიცია უნდა იყოს ორიენტირი კრიზისის დროს, კრიზისის განმუხტვის და წარმატებაში გადათარგმნისთვის.

„კრებსითად თუ ავიღებთ იმ ინტელექტუალურ პოტენციალს, რომელიც დღეს ოპოზიციურ სპექტრშია, სხვადასხვა პარტიებშია გაბნეული, მასთან ახლოსაც ვერ მიდის „ქართული ოცნება“, მისი უნარები და შესაძლებლობები”, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

მისივე განმარტებით, „ქართულმა ოცნებამ“ იცის, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ქუჩის პროტესტი გარდაუვალი იქნება, ამიტომ აღნიშნული კანონის შემოტანა სწორედ არჩევნებამდე პროტესტის დაღლას და მის ნეიტრალიზაციას ემსახურება.

“„ქართულ ოცნებაში“ ძალიან კარგად იციან, რომ ქუჩა იქნება გარდაუვალი გამომდინარე იმ მანიპულაციისა და გაყალბების ხარისხიდან, რაც მოუწევთ საკუთარი ნათქვამის შესასრულებლად, რასაც პროგნოზირებს „ქართული ოცნება“ საჯარო სივრცეში, რომ აიღებენ საკონსტიტუციო უმრავლესობას. მათ აქვთ ძალიან მარტივი ამოცანა, ძალაუფლება აქვთ შესანარჩუნებელი და ეშინიათ ქუჩის. ქუჩა დღეს გამარჯვებულია მათზე. 2019 წლიდან მოყოლებული ქუჩამ ყოველთვის მოუგო ხელისუფლებას, ყოველ ჯერზე, როცა ხალხი გამოვიდა ქუჩაში, მათ მოუწიათ უმნიშვნელოვანეს დათმობაზე წასვლა: სპიკერი გადადგა, ევროკავშირის გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანა აიძულა ქუჩამ, ასევე იყო 7-8 მარტის ამბები და ა.შ. ასე რომ, აღმავალ განწყობაზე და აღმავალ ტალღაზე მყოფი ქუჩა, მანიფესტაცია, მიტინგი უნდა ჩაახშოს, ზუსტად ისე, როგორც 2009 წელს ჩაახშო მიხეილ სააკაშვილმა, მათმა მთავარმა მასწავლებელმა და ინსპირაციამ, ყველაფერი, რასაც აკეთებდა მიშა ესენი აკეთებენ ცხრაჯერ უფრო მეტად. მათ უნდათ, რომ დაღალონ ქუჩა. ამ კანონის შემობრუნება არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ დაღალონ და ნეიტრალიზაცია გაუკეთონ მიტინგის ძალას. ეს ის შემთხვევაა, როდესაც გადაწყვეტილი აქვთ, რომ კანონს მაინც მიიღებენ იმის მიუხედავად, ქუჩაში რამდენი ადამიანი გამოვა და ამით აჩვენებენ საკუთარ გამარჯვებას მიტინგზე, მანიფესტაციაზე, რუსთაველის გამზირზე და საკუთარ მოსახლეობაზე. მათ იმედი აქვთ, რომ დაღლილი და იმედგაცრუებული ხალხი მოიქცევა ისე, როგორც 2010 წელს, არჩევნებში მოიქცა, როდესაც სასოწარკვეთა იმდენად მაღალი იყო, რომ არჩევნებზეც არ მოვიდა აქტიური ამომრჩეველი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში