„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, თუკი ოპოზიცია ერთიან საარჩევნო სიებს შექმნის და ამით ერთ პლატფორმაზე იქნებიან წარმოდგენილი, ამ ფაქტს მმართველი პარტია მხოლოდ და მხოლოდ მიესალმება. აღნიშნულის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
„თუ ისინი მოახერხებენ და ერთ პლატფორმაზე იქნებიან წარმოდგენილი, ამას მხოლოდ მივესალმებით. ჩვენ იმას ვამბობდით, რომ ისინი ერთნი არიან, არაფრით განსხვავდებიან. შეიძლება დღეს რაღაც ახალი პოლიტიკური პარტია შექმნან, სხვა სახელი დაირქვან, მაგრამ შინაარსობრივად ეს ადამიანები ერთნი არიან და ეს კონკრეტული ფაქტი (ერთიანი საარჩევნო სიის შესაძლო შექმნა) მეტყველებს იმაზე, რასაც ჩვენ ვამბობდით. ამას ჩვენ მხოლოდ მივესალმებით იმიტომ, რომ საზოგადოებამ რეალურად უნდა იცოდეს, ვინ არიან ეს ადამიანები", - განაცხადა კალაძემ.
გარდა ამისა, კალაძეს ჰკითხეს იმის შესახებ, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ შესაძლო ფინანსური კრიზისია.
„არ ვიცი, „ნაციონალური მოძრაობის“ ფინანსები ნამდვილად არ მაინტერესებს. ჩვენ პარალელურად დაწყებული გაქვს არჩევნებისთვის მზადება. მნიშვნელოვანია საარჩევნო კამპანია ჩავატაროთ ისე, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცოდეს, რეალობა, რა ხდება ქვეყანაში ზოგადად, რის გაკეთებას ვაპირებთ სამომავლოდ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ჩვენ გვაქვს შანსი იმისა, რომ მოვიპოვოთ კონსტიტუციური უმრავლესობა“, -განაცხადა კალაძემ.