ქართული პრესის მიმოხილვა 27.05.2024

გიორგი კობერიძე - “ისმის კითხვა, წარმოადგენს კი ეს ხელისუფლება ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოს საერთოდ?”

ვეტოს დაძლევის შემდეგ აქციები შეიძლება დროებით შეწყდეს

დავით ზურაბიშვილი - “ოცნებაში” თუ არ თვალთმაქცობენ და მართლა ასე აზროვნებენ, ჩვენი მდგომარეობა იმაზე რთული ყოფილა, ვიდრე წარმომიდგენია”

სადამდე გაგრძელდება უკრაინელთა უკან დახევა - გერმანული დაზვერვის პესიმისტური პროგნოზი და ბოლო ცნობები ფრონტიდან

ირაკლი მელაშვილი - “ვერ ვხედავ საქართველოში პარტიას, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს გარდაქმნების გზას”

კვარტალური სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ 2024 წლის ივნისის N2 (290) ნომრის მიმოხილვა

* * *

გიორგი კობერიძე - “ისმის კითხვა, წარმოადგენს კი ეს ხელისუფლება ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოს საერთოდ?”

“უკვე კარგა ხანია ლაპარაკობს საქართველოს ხელისუფლება მითურ “გლობალური ომის პარტიაზე”, თუმცა სადღაც ბოლო თვე-ნახევარი იქნება ამ გამოგონილ ტერმინს უშუალოდ აშშ-ის მისამართით იყენებენ. “ქართული ოცნების” დესტრუქციული პოლიტიკა ჩვენი მთავარი პარტნიორის მიმართ არახალია, ამიტომაც ამერიკელებმა დაიწყეს ამ ყველაფრის შესწავლა და ენტონი ბლინკენის გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება ნამდვილად არ მიუღიათ ემოციურად, ერთ ღამეში... ამერიკელებმა ამ გადაწყვეტილებით სწორედ ხელისუფლების ამ პოლიტიკას უპასუხეს. მათთვის საქართველო მხოლოდ მისი ხელისუფლება არ არის, ეს არის საქართველოს ხალხი და ასევე მნიშვნელოვანია ამ ქვეყნისადმი მათი პოლიტიკური ინტერესები, რაც ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან თანხვედრაშია”, - აცხადებს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ჯიპა-ს პროფესორი გიორგი კობერიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით აქციები და სანქციები / “ძალიან რთული ზაფხული გველის...”

“დღეს შეიქმნა ვითარება, როდესაც საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფო ინსტიტუციების ხელში ჩაგდებას ცდილობს; “ქართულმა ოცნებამ” დაივიწყა, რომ ის საქართველოს მოსახლეობის დაქირავებულია და ვალდებულია ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესები ზედმიწევნით დაიცვას, მას კი ეს არათუ ვერ გამოსდის, ისმის კითხვა, წარმოადგენს კი ეს ხელისუფლება ამ ეტაპზე საქართველოს სახელმწიფოს საერთოდ? აი, ახლა სწორედ ეს ვითარებაა ჩვენს ქვეყანაში. საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას კონსტიტუციურად და გაცხადებულად აქვს არჩეული პროდასავლური კურსი, საქართველოს ხელისუფლება კი ცდილობს ამ კურსის ობსტრუქციას და მისთვის ხელის შეშლას. ის ცდილობს დასავლეთისკენ გზის გადათხრას. სწორედ ამან განაპირობა აშშ-ის გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ამერიკელებს თავიანთი სახელმწიფოებრივი ინტერესებიც აქვთ ამ რეგიონში, ამაზე ორი აზრი არ არის, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი, როგორც სუვერენული ქვეყნის ინტერესები სრულად თანხვედრაშია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მათთვისაც და ჩვენთვისაც უმნიშვნელოვანესია არ გაქრეს კავკასიაში ერთადერთი დემოკრატიული წერტილი”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.

“თუკი საქართველოში დემოკრატია დაემხობა, ეს ნიშნავს საქართველოში პრორუსული ავტოკრატიის დამყარებას, რის შედეგად სომხეთსაც დაეკარგება შანსი, რომ გახდეს დემოკრატიული და პროდასავლური ალიანსის წევრი. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში საერთოდ აღარ იქნება პროდასავლური ძალა... რეგიონში მხოლოდ სამხრეთ კავკასიას არ ვგულისხმობ... ვარჰეი “ქართული ოცნების” მიმართ აშკარა სიმპათიას გამოხატავდა, რაც იმით აიხსნებოდა, რომ ის ევროკომისიაში ორბანის პარტიის წარდგენილია, რომელთან მეგობრობითაც ასე იწონებს თავს ხელისუფლება, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოიყვანეს, რომ ისიც “გლობალური ომის პარტიის” წევრი ყოფილა. ცოტა სასაცილო კია, საქართველოს ხელისუფლებამ, რომელსაც რუსეთის ისე ეშინია, კანკალით ამბობს წარამარა, აბა, ომი გინდათო, უცებ გადაწყვიტა, რომ თავდადებული ბრძოლა გაუმართოს “გლობალური ომის პარტიას”, რომელიც თითქოს მთელ მსოფლიოს აკონტროლებს. საქართველოს ხელისუფლება, შეიძლება ითქვას, შიშის პოლიტიკის გამტარებელია. სულ იმას ჩასჩიჩინებს მოსახლეობას, თუ ასე გავაკეთეთ, რაღაც საშინელებას გვიზამენო. რა თქმა უნდა, ეს რუსეთის შიშია, რომლის დათესვასაც ცდილობენ ჩვენს საზოგადოებაში. სამაგიეროდ, ის ძალა, რომელიც რუსეთთან ენის მოჩლექით ლაპარაკობს, თურმე დევგმირულად ებრძვის “გლობალური ომის პარტიას”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“რატომ აკეთებს ამას? - ჩემი აზრით, ამას ორი სავარაუდო პასუხი, ორი სცენარი აქვს. ერთის თანახმად, თავად პარტიის ლიდერს აქვს პოლიტიკური რეალობის აღქმა დაკარგული, რაც ხდება ხოლმე, როდესაც წლების განმავლობაში იზოლაციაში იმყოფები, გარშემო კი ყველა გადიდებს, ბრძენს გეძახის და გარწმუნებს, რომ მთელი საქართველო შენ გვერდით არის. ასეთ შემთხვევაში შეიძლება მარტივად დაიჯერო ეს და გადაწყვიტო, რომ შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, რაც მოგესურვება. ასეთ ვითარებაში ლიდერი ფიქრობს, რომ ეს ქვეყანა მისი საფეოდალოა, მიწაც და მასზე დასახლებული ხალხიც მისი საკუთრებაა. შესაძლოა ამის შემდეგ უკვე საჭიროდ ჩათვალა, რომ სახელმწიფო სრულად მას უნდა ემსახურებოდეს, ამისთვის კი საჭირო იყო მიეღოთ კანონი, რომელიც ყველას ჩამოაშორებდა ჩვენს სახელმწიფოს. სურს ამის შედეგად სრულიად გაღარიბებული და მარტოდ დარჩენილი მოსახლეობა კიდევ მეტად გახდეს მასზე დამოკიდებული. ამ სცენარს მე ნაკლებად ვიზიარებ, ეს მხოლოდ ერთი ვერსიაა”, - მიიჩნევს ჯიპა-ს პროფესორი.

“რაც შეეხება მეორე სცენარს, ის უფრო რეალისტურად მეჩვენება. ამ სცენარის თანახმად, რუსეთიდან აშკარად მოდის მითითება, რომ საქართველო უნდა დაადგეს პრორუსულ კურსს. კრემლს სურს აჩვენოს თითქოს ომს იგებს უკრაინაში, რაც ნამდვილად არ არის ასე, და თან უომრად აძლიერებს გავლენას საქართველოზე. საქართველოს ხელისუფლების მაღალ ეშელონებში შესაძლოა მართლაც სჯერათ რუსეთის უძლეველობის და იმის, რომ ძალაუფლების შესანარჩუნებლად სწორედ რუსეთთან ყოფნაა მათთვის საიმედო და არა დასავლეთთან. აქედან გამომდინარე, დაჰყვნენ რუსულ მითითებებს და ამიტომაც არიან ასეთი აგრესიულები დასავლეთთან. ყოველივე ამაში აშკარად რუსეთის იმედად ყოფნის ნიშნები ჩნდება, რაც ძალიან ცუდია. ვფიქრობ, რუსეთი საქართველოს საბოტაჟს უწყობს ხელისუფლების მანიპულირებით. ეს დაპირისპირება, პოლარიზაციის გაღრმავება, არეულობა, კრიზისი მხოლოდ რუსეთს აწყობს. როგორ გამოვალთ ამ ვითარებიდან, რთული სათქმელია”, - დაასკვნის გიორგი კობერიძე.

“თუ “ქართულმა ოცნებამ” არჩევნები მოიგო, მივიღებთ რუსეთზე დამოკიდებულ ქვეყანას, ბევრად უფრო მძიმე მდგომარეობაში მყოფს, ვიდრე ლუკაშენკოს ბელარუსია. თუ ძალაუფლებას დაკარგავს, რუსეთი მაინც მოგებული დარჩება, რადგან საზოგადოების ეს დაპირისპირება და გათითოკაცება უცებ არ დასრულდება, დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებაც კიდევ კარგა ხანს გაჭიანურდება. შესაბამისად, გაჭიანურდება ქვეყნის ევროინტეგრაციაც. მოკლედ, ნებისმიერ შემთხვევაში რუსეთი მოგებული დარჩება, საქართველო კი წაგებული... ამას დავუმატოთ, რომ დიდი საფრთხეა ჩავარდეს წლევანდელი ტურისტული სეზონი, სანქციების დაწესებაც არ აისახება ჩვენს ეკონომიკაზე დიდად სასარგებლოდ. საქმე ისაა, რომ ხელისუფლების წევრებისთვის დაწესებული სანქციები აჩენს საფრთხეს, რომ თუ ყველაფერი ასევე გაგრძელდა, ქვეყანაც დასანქცირდეს, რაც ნამდვილად კატასტროფა იქნება. იმედია, ეს არ მოხდება, მაგრამ ეს მოლოდინიც კი ინვესტიციების შემოსვლას საქართველოში დიდ დარტყმას მიაყენებს. ჩვენი ეკონომიკა დასავლეთზე იმაზე მეტად არის დამოკიდებული, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია”, - განმარტავს რესპონდენტი.

“მორიგი ტყუილია შეუძლებელია რუსეთმა სერიოზული მოლაპარაკება აწარმოოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე. თუ რაიმე განცხადებები გაკეთდა ამის თაობაზე, ეს იქნება ფიქცია და ჩვენი მოტყუების კიდევ ერთი ცდა. რუსეთის ნდობა არ შეიძლება. ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ და დავუშვათ, რომ მართლაც შეიძლება არსებობდეს მსგავსი მოლაპარაკება, ჩვენ რა პირობებით ვართ მასზე წარმოდგენილი? ერთადერთი, რაზეც შეიძლება დათანხმდეს რუსეთი, არის ის, რომ დანარჩენი საქართველოც ოკუპირებულ ტერიტორიებთან ერთად რუსეთის მონობაში აღმოჩნდეს - ანუ დე ფაქტო ოკუპაცია მთელი ქვეყნის, უკვე ოკუპირებულ 20%-თან ერთად. ამაზეა თანახმა `ქართული ოცნება~? რუკაზე შეიძლება დავრჩეთ, მაგრამ რეალურად ჩვენი სუვერენიტეტი ფიქცია იქნება, როგორც ბელარუსის, ფაქტობრივად, ეს სახელმწიფო აღარ არსებობს, ის რუსეთის გაგრძელებაა. საქართველოს ხელისუფლება ცდილობს არა მხოლოდ დაშორდეს დასავლეთს და შექმნას ეს წარმოსახვითი სცენარი, არამედ შესაძლოა ფიქრობდეს ნეიტრალიტეტის გამოცხადებასაც, რაც ასევე რუსეთის ინტერესებშია. კარგა ხანია ჩვენთან ნატოზე უკვე აღარ ლაპარაკობენ, მაგრამ უკვე შეიძლება ოფიციალურადაც შეწყვიტონ მისკენ სვლა”, - ამბობს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.

“ძალიან რთული ზაფხული გველის არა მხოლოდ აქციების ან პროტესტის გამო ხელისუფლების მიერ რეპრესიული მოქმედებების გამო, არამედ უპირველესად იმიტომ, რომ სანქცირებული ხელისუფლება გულისხმობს ქვეყნის არასტაბილურობას, რაც ნიშნავს, რომ შესაძლოა ვეღარ ვიხილოთ ევროპელი ტურისტები, რომლებსაც შემოაქვთ უცხოური ვალუტა. როგორც უკვე აღვნიშნე, ხშირ შემთხვევაში სანქციების მოლოდინი უშუალოდ სანქცირებაზე უარესია ხოლმე. ეს აუცილებლად მოახდენს უარყოფით გავლენას ეკონომიკაზე, ამ ყველაფერს შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული ეკონომიკური კრიზისი. საქართველო სანქციებისთვის მზად არ არის. ჩვენ სრულად ჩამოკიდებულები ვართ ტურიზმსა და დასავლურ დონაციაზე. საქართველოში ტურიზმმა 2020 წლის ანუ პანდემიის შემდეგ ჯერაც ვერ ამოისუნთქა, ხელისუფლება კი ახლა უარეს დღეში აგდებს ამ სფეროს. ამ მძიმე პოლიტიკურ-ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობაში, შედეგები როგორი იქნება ძნელი სათქმელია. დემონსტრაციები ისევ გაგრძელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ დასავლეთი არ შექმნის იმგვარ პრეცედენტს, რაც მათ და საქართველოს ინტერესებს მნიშვნელოვნად დააზიანებს, - თვლის გიორგი კოპერიძე.

“რაც შეეხება ოპოზიციას, ამ კანონის ხელახლა ინიცირებამდე ის იყო ძალიან სუსტი, დაქსაქსული და ვფიქრობ, “ქართულ ოცნებას” მარტივად შეეძლო შემოდგომაზე არჩევნების მოგება, თუმცა ახლა ვითარება შეცვლილია. “ქართულ ოცნებას” ეს მოგება გარანტირებული ჰქონდა არა საკუთარი აქტიურობის გამო, არამედ ოპოზიციის პასიურობის წყალობით, თუმცა დღეს გააქტიურებულია ქართველი ხალხი, “ქართული ოცნება” კი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს - საკუთარ ხალხზე ძალადობა კარგი შედეგებით არ მთავრდება ხოლმე. მნიშვნელოვანია, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ. ამ გადასახედიდან ოპოზიცია ისევ საკმაოდ სუსტია. მისი კოზირი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც სწორი პოლიტიკიდან გამომდინარე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დასაყრდენი ძალა ხდება. შესაბამისად, სწორედ ის შეიძლება გახდეს სახე და სიმბოლო, რომელსაც ენდობიან საქართველოშიც და დასავლეთშიც... ხელისუფლების უკიდურესად რადიკალურმა პოლიტიკამ, მოახერხა და ნეიტრალური ამომრჩეველი გააქრო ქვეყანაში. ამიტომაც მომავალი არჩევნები იქნება ერთგვარი რეფერენდუმი, რომელზეც პოლიტიკურ პარტიებზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური ორიენტაცია იქნება”, - დასძენს კობერიძე.

ვეტოს დაძლევის შემდეგ აქციები შეიძლება დროებით შეწყდეს

“პარლამენტი “უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას 28 მაისს გეგმავს. 27 მაისს კი ეს საკითხი ჯერ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იქნება განხილული. როგორ ჩაივლის ეს პროცესი და გაგრძლედება თუ არა ამის შემდეგ საპროტესტო გამოსვლები? ანალიტიკოსთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მმართველი პარტია პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. რაც შეეხება საპროტესტო გამოსვლებს, მათი პროგნოზით, აქციები თანდათან მინავლდება და დროებით შეწყდება. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. პირველ რიგში ის რომ, ზაფხულთან ერთად პოლიტიკაშ იწყება ტრადიციული “მკვდარი სეზონი”. გარდა ამისა, თავად კანონის მოწინააღმდეგეთა შორის თვალში საცემად იკლებს ქუჩაში გამოსვლის სურვილი. თუმცა, სექტემბრიდან გამოსვლება, სავარაუდოდ, ისვე განახლდება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ვეტოს დაძლევის შემდეგ აქციები შეიძლება შეწყდეს / ანალიტიკოსთა აზრით, ხელისუფლების ოპონენტებმა, შესაძლოა, სექტემბრამდე პოლიტიკური ტაიმ-აუტი აიღონ.

“რაც შეეხება იმას, თუ როგორ ჩაივლის ვეტოს დაძლევის პროცედურა, უკვე ცნობილია, რომ ამ დღეს რამდენიმე აქციაა დაგეგმილი. მაგალითად,”ევროპული საქართველო” პარტნიორებთან ერთად 28 მაისს, პარლამენტთან, აქციაას აანონსებს. როგორც მედიისთვის გაგზავნილ პრეს-რელიზშია ნათქვამი, ისინი “გარუსების პოლიტიკას” გააპროტესტებენ. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ფიქრობს, რომ მმართველი პარტია, სავარაუდოდ, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს. თუმცა, აქციები შესაძლოა შემოდგომამდე შეწყდეს და სექტემბრიდან ახალი ძალით განახლდეს. ანალიტიკოსის რამაზ საყვარელიძის აზრით კი, ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებიდან გამომდინარე, დიდი ალბათობით, ვეტოს დაძლევენ. ხოლო რაც შეეხება აქციებს, მისივე თქმით, ბევრი ფაქტორიდან გამომდინარე, საპროტესტო აქციის მონაწილეებს შესაძლოა გაგრძელების სურვილი და ხალისი არ ჰქონდეთ”, - აღნიშნავს გამოცემა.

“აქ ორი ვარიანტია. პირველი ის, რომ ისევ და ისევ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, ვეტოს დაძლევის პროცესს მხარი დაუჭიროს 76-ზე ნაკლებმა დეპუტატმა. როგორც თავის დროზე საარჩევნო კანონმდებლობაზე რომ მოხდა, როდესაც საკონსტიტუციო პროექტი ჩავარდა და ვითომ საკონსტიტუციო უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. ახლაც შესაძლებელია ასე მოხდეს, ოღონდ ეს ივანიშვილმა უნდა გადაწყვიტოს. ამით ისინი იტყვიან, რომ „ქართულმა ოცნებამ" კი არ დაიხია უკან, არამედ კონკრეტულმა დეპუტატებმა (ვეტოს დაძლევაზე) უარი თქვეს. ეს არის ერთი ოპტიმისტური ვერსია, რომლის იმედსაც ვიტოვებთ. მეორე და ალბათ უფრო მოსალოდნელი ვარიანტია, რომ ეს ვეტო დაიძლევა, რათა ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენოს, რომ ისინი თავისას გაიტანენ. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ამას სანქციები მოჰყვება და პირველი ეტაპი სავიზო სანქციები იქნება. თუმცა, რაც შეეხება პროგრამების შეჩერებას, მე მგონია, რომ ამეიკული და ევროპული მხარე არჩევნების შედეგებს დაელოდება. თუ არჩევნებზე “ოცნებამ” ძალაუფლება შეინარჩუნა, მაშინ სანქციების სხვა პაკეტი ამოქმედდება, რომელიც პროგრამების შეჩერებას გულისხმობს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“საპროტესტო აქციები იქნება და საკმაოდ მძლავრიც. ახლა მკვდარი სეზონი მოდის და სექტემბრიდან ისევ განახლდება, მითუმეტეს, რომ მერე საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება წინასაარჩევნო ფაზაში გადავა. ამ შემთხვევაში მგონია, რომ ვითარება უფრო დაიძაბება, რადგან “ოცნება” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ძალაუფლების შესანარჩუნებლად გამოიყენებს ყველა ადმინისტრაციულ რესურსს. მერე ოქტომბერში მოსალოდნელია ვითარების კიდევ უფრო დაძაბვა. ოპოზიცია არჩევნებს დაელოდება, რათა საკუთარი რესურსების მობილიზება მოახდინონ. ისინი გარკვეულ ტაქტიკას შეიმუშავებენ და შესაძლოა ოპოზიციური პარტიების საერთო სიები იყოს, რადგან ყველა პროდასავლურმა პარტიამ უპრობლემოდ გადალახონ 5%-იანი ბარიერი და შესაბამისად, პარლამენტში შევიდნენ”, -დაასკვნის ნიკა ჩიტაძე.

“ხელისუფლებამ იმდენჯერ გამოაცხადა ვეტოს დაძლევას ვაპირებთო, რომ ახლა არ გაჩერდება, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთიდან კანონის მოწინააღმდეგეებმა პრობლემის მოსაგვარებლად არაერთი პირობა წაუყენეს. ვფიქრობ, საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, რადგან პროცესები უკვე ძალიან ღრმადაა წასული. საპროტესტო აქციის სიძლავრე დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. მათ შორის იმაზე, ექნებათ თუ არა საპროტესტო მუხტის მქონე ადამიანებს ქუჩაში გამოსვლის სურვილი და ხალისი, რადგან ბოლო ხანებში ამ ადამიანებს გაუჩნდათ იმის პროტესტი, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამ პროცესებში ჩართულიყვნენ. ჩვენ გარკვეული ტიპის დაპირისპირებებიც ვიხილეთ. ამიტომ შესაძლოა ეს პროცესი მხოლოდ ახალგაზრდების ამარა დარჩეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.

“ასე თუ მოხდა, მაშინ ხელისუფლების გადაყენება უნდა მოითხოვონ. აბა, სხვა რაღა უნდა ქნან? აქამდე კანონის მიღებას აპროტესტებდნენ და თუ მას მიიღებენ, მეტი აღარაფერი რჩება. პოლიტიკური ძალების გარეშე კი ასეთი მოთხოვნის წაყენება, გინდ მოსახლეობაში და გინდ მათშივე, აჩენს კითხვას - დავუშვათ ეს მთავრობა გადადგა, მაგრამ შემდეგ ვინ მოვა? სტუდენტებს შორის ასეთი ჯგუფი, რომელსაც მერე ხელისუფლებაში მოსვლის ამბიცია ექნება, არ არსებობს. ვისაც ამის პრეტენზია აქვს, ვგულისხმობ ოპოზიციას, ისინი ჯერჯერობით საპროტესტო აქციას ჩამოშორებული არიან. ასე რომ, თვითონ საპროტესტო აქციებში ლოგიკური მუხტი იმისა, რომ გამოსვლები გაგრძელდეს, შესაძლოა არ იყოს. არც ისაა გამორიცხული, რომ წამოაყენონ იდეა “აქციები არჩევნებამდე”, თუმცა არ მგონია გრძელვადიანი აქციები მარტო სტუდენტების ხარჯზე იყოს”, - დასძენს რამაზ საყვარელიძე.

დავით ზურაბიშვილი - “ოცნებაში” თუ არ თვალთმაქცობენ და მართლა ასე აზროვნებენ, ჩვენი მდგომარეობა იმაზე რთული ყოფილა, ვიდრე წარმომიდგენია”

“აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა გასაგებად თქვა, თუ “ქართული ოცნება” ვეტოს დაძლევს და კანონპროექტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონად აქცევს, საქართველო-ამერიკის ურთიერთობა გადაიხედება. ბლინკენის ეს ფრაზა გაცილებით საინტერესოა, ვიდრე სანქციებზე საუბარი, ვინაიდან, თუ ვაშინგტონმა საქართველო მეგობარი ქვეყნების სიიდან მტრულად განწყობილი ქვეყნების რანგში გადაიყვანა, აბსოლუტურად შეიცვლება ყველაფერი. ამერიკას აუცილებლად მხარს აუბამს ბრიტანეთი, ასევე ევროკავშირის წამყვანი ქვეყნები - საფრანგეთი, გერმანია და ა.შ. საქართველოს ხელისუფლებას სანქციებს ისინიც დაუწესებენ, ეს კი ქართული ეკონომიკისა და სოციალური სტრუქტურებისთვის ისეთი დიდი დარტყმა იქნება, თითოეული ჩვენგანი იგრძნობს. ხელისუფლება ვეღარ მოახერხებს თავისი საქციელი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვად გაასაღოს. ყველა ხვდება, რომ ეს პროპაგანდა ტყუილია, მაგრამ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს რომ შეეხება სანქციების მკაცრი მარწუხები, მერე ვინც ახლა ვერაფერს ხვდება, იმათაც აეხილებათ თვალები”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „დიახ, “ოცნებას” ჯერ კიდევ შეუძლია გამოსავლის მოძებნა”.

“ქართულ ოცნებას~ არ ეყოფა რესურსი, რეპრესიებით ებრძოლოს ხალხის უკმაყოფილებას. შესაბამისად, დადგება არჩევანის წინაშე - ან უნდა ჩამოიშალოს, ან რუსეთი უნდა მოიხმოს. ასეთ შემთხვევაში კიდევ უფრო სწრაფად ჩამოემხობა, “ქართულ ოცნებას” ცოტა ხანში გამოსავალი უბრალოდ აღარ ექნება. ახლა ჯერ კიდევ აქვს, ვეტო არ უნდა დაძლიოს... ის, რასაც “ქართული ოცნების” ლიდერები აკეთებენ, არ შეეფერება ჯანმრთელი ფსიქიკის მქონეთა ქცევას. დავუშვათ, “ქართული ოცნება” მოსკოვიდან მიღებული დავალების შესაბამისად მოქმედებს, მაშინ ვინმემ ამიხსნას, რა ლოგიკაა იმაში, რომ მაინცდამაინც არჩევნების წინ დაევალებინა ამ კანონის მიღება? უაზრობად მიმაჩნია ის ვერსიაც, თითქოს პუტინს ეჩქარება! 12 წელია “ქართული ოცნება” ხელისუფლებაშია და რაღა ახლა აჩქარდა?! ივანიშვილმა სწორად ვერ შეაფასა საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობა. 29 აპრილს პარტიულ აქციაზე განაცხადა, დიდი საპროტესტო გამოსვლები აღარ იქნება, ოპოზიცია ხალხს ვეღარ მოატყუებსო. არც დასავლეთიდან ელოდა ასეთ ზეწოლას. ინსაიდერული ინფორმაცია მაქვს, რომ ივანიშვილი უმტკიცებდა გუნდის წევრებს, რომ მას ყველაფერი წინასწარ აქვს "მოყომარებული" და არანაირი აქციები არ იქნებოდა”, აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.

“მაგალითებიც კი მოჰყავდა, ხომ გახსოვთ, როგორ ვაგინებდით ევროპარლამენტარებს, მაგრამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მაინც მოგვცესო. ამჯერად შეცდა, გეგმა ჩაუვარდა და უკან დახევაც არ უნდა, იმიტომ, რომ მომხრეებსაც დაკარგავს და არჩევნებში მარცხი გარანტირებული აქვს. მისი ერთადერთი გზა სიტუაციის ესკალაციაა, მაგრამ გამოსავალი არც ეს არის, ესკალაცია მის ხელისუფლებას საბოლოოდ ჩამოშლის. ივანიშვილი თავისი შეცდომის გამო გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ქვეყნის ღალატის გზას დაადგა. რაც შეეხება მის გარემოცვას ერთ ქართულ ანდაზას მოვიშველიებ - “ბუს დიდი თავი აქვს და იმან იფიქროსო”. “ქართული ოცნების” ლიდერებისთვის ბიძინა არის ბუ. დეპუტატების სრული უმრავლესობა დღეს პარლამენტში მხოლოდ იმიტომ არის, რომ ბიძინამ ინება ასე. ეს ხალხი არც პარლამენტის შენობას აღიქვამს საკანონმდებლო ორგანოდ და არც დეპუტატის მანდატს მიიჩნევს ხალხის წინაშე არსებულ ვალდებულებად. ისინი ამას ივანიშვილის ჯილდოდ, მოწყალებად იღებენ. შაჰინშაჰი რომ ხალათს უბოძებდა ნაზირ-ვეზირებს, ასეთ სიტუაციაში არიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“შესაბამისად, ცდილობენ ბიძინას იმედი გაამართლონ, მას მოაწონონ თავი. ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსული “ქართული ოცნება” დაცლილია იმ ადამიანებისგან, რომლებსაც ივანიშვილთან შეკამათება შეუძლიათ... თუ რამე საპროტესტო აქცია ჩატარებულა საქართველოში, ყველაში ვმონაწილეობდი და ამხელა პროტესტი არ მახსოვს, მათ შორის, არც შარშან, მარტში. არც დასავლეთისგან ყოფილა ასეთი ზეწოლა - მართლაც უპრეცედენტო ამბის მომსწრენი ვართ. რაც შეეხება ოპოზიციას, ვფიქრობ, ახლა ამის განსჯის დრო არ არის, ჩვენ ისიც არ ვიცით, 2024 წლის არჩევნები გაიმართება თუ არა. ივანიშვილი უკვე ისეთი არაადეკვატურია, შეიძლება ხვალ ყველა პარტიას გაუუქმოს რეგისტრაცია. მოვლენები ისეთი სისწრაფით ვითარდება, ხვალ-ზეგ რა მოხდება, არ ვიცით. ახლა მთავარია, საპროტესტო მუხტი შენარჩუნდეს. ამხელა პროტესტი რომ არ ყოფილიყო, მერწმუნეთ, სანქციებიც არ იქნებოდა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ხალხს გამოუცხადოს მხარდაჭერა”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“მაინც მგონია, ოპოზიციის კონფიგურაციაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, თუმცა, ვფიქრობ, ხმები რომ არ დაიკარგოს, უმჯობესი იქნება “ნაცები” და “არანაცები” ცალ-ცალკე დაჯგუფდნენ. ოპოზიციურ ველზე, მაქსიმუმ, სამი პოლიტიკური ძალა იქნება საკმარისი, მეტი არა. სხვა შემთხვევაში, შეიძლება ოპოზიციური ხმები ისევ დაიკარგოს. მთავარია, არჩევნებამდე მივიდეთ... ივანიშვილს იმის იმედი ჰქონდა, რომ აქციის მონაწილეებს დაღლიდა, მაგრამ ხედავთ სადმე დაღლილ ხალხს? შემიძლია მაგალითიც მოგიყვანოთ - პინოჩეტის ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მთელი წელი გრძელდებოდა, დაპატიმრებებიც იყო, მუქარაც, შანტაჟიც, მაგრამ მაინც ხალხმა გაიმარჯვა”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი და შეკითხვაზე - “ოცნების" ლიდერები არ არიან გულწრფელი, როდესაც ამბობენ, რომ სუვერენიტეტს იცავენ, ცალ ფეხზე არ დადგებიან და ევროპაში ღირსებით შევლენ?” - პასუხობს:

“რას გვეუბნებიან დასავლელი პოლიტიკოსები ისეთს, “ოცნების” ლიდერებს ეროვნული თავმოყვარეობა ელახებათ და დამოუკიდებლობის დაცვას ცდილობენ? ჩვენ ვითხოვთ იმ ორგანიზაციაში გაწევრებას, სადაც თავისი ქცევის წესები აქვთ. ფულს გვაძლევენ იმისთვის, რომ განათლებულები გავხდეთ, მეტად დავიხვეწოთ და მათ ერთობაში უფრო მოწესრიგებულები შევიდეთ. ჩვენ რას ვაკეთებთ? ცილს ვწამებთ, ხან რევოლუციის მოწყობაში ვადანაშაულებთ, ხან ოჯახის სიწმინდის დარღვევაში და ხან რაში. აგერ, კობახიძემ სულ მთლად სასწაული რამ თქვა, მკვლელობით დამემუქრნენო. ე.ი. ჩვენს დასავლელ პარტნიორებს ვეუბნებით, რასაც მინდა იმას დაგაბრალებთ, როცა მომინდება, გაგლანძღავთ, როცა მომინდება, გაგინებთ, როცა მომინდება, მაშინ დავარღვევ შეთანხმებასო და თან ბევრი ფული მომეციო - აი, ამას მიიჩნევენ “ქართული ოცნების” ლიდერები ორ ფეხზე დგომად. ეს ორ ფეხზე დგომა კი არა, თავხედობაა. თუ არ თვალთმაქცობენ და მართლა ასე აზროვნებენ, ჩვენი მდგომარეობა იმაზე რთული ყოფილა, ვიდრე წარმომიდგენია”.

სადამდე გაგრძელდება უკრაინელთა უკან დახევა - გერმანული დაზვერვის პესიმისტური პროგნოზი და ბოლო ცნობები ფრონტიდან

“დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებში მიაჩნიათ, რომ წლის ბოლომდე უკრაინას ტერიტორიების დიდი დანაკარგი ემუქრება. განსაკუთრებით რთული ვითარება ამ მხრივ ხარკოვის ოლქშია. თუმცა, ანალიტიკოსების თქმით, მიუხედავად რუსეთის მხრიდან საჰაერო დარტყმებისა და ქალაქის განადგურებისა, ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეტევა შემცირებულია. მათივე აზრით, წლის ბოლომდე უკრაინის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაკარგვა ნაკლებად მოსალოდნელია. გერმანული მედიის მიხედვით, ამ დროისთვის უკრაინის “საერთო სურათი” რუსეთის უპირატესობის გამო ბუნდოვანია. დაზვერვის შეფასებაში ნათქვამია, რომ კიევი 2024 წელს ვერ შეძლებს ინიციატივის ხელში ჩაგდებას და წლის ბოლოსთვის ქვეყანა, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად უფრო დიდ ტერიტორიულ დანაკარგებს განიცდის. დასავლური დაზვერვის შეფასებით, უკრაინის მიერ ტერიტორიის მოსალოდნელი დაკარგვა არის “უკრაინის შეიარაღებული ძალების ამჟამინდელი თავდაცვითი ორიენტაციისა და მასთან დაკავშირებული ბრძოლების გახანგრძლივების შედეგი”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სადამდე გაგრძელდება უკრაინელთა უკან დახევა - გერმანული დაზვერვის პესიმისტური პროგნოზი და ბოლო ცნობები ფრონტიდან.

“გერმანიის ბუნდესტაგის სადაზვერვო სამსახურების საპარლამენტო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე როდერიხ კიზევეტერი აცხადებს, რომ უკრაინას საბრძოლო მასალისა და მობილიზაციის პრობლემა აქვს. გერმანელი დეპუტატის თქმით, ამჟამად სიტუაციის შესახებ პესიმისტური ცნობები ვრცელდება, აშკარად იმ მიზნით, რომ აჩვენონ სიტუაციის უიმედობა და ის, რომ სამხედრო მხარდაჭერას აზრი აღარ აქვს, რომლის მიზანია კიევზე “დახვეწილად, მაგრამ სასტიკად” ზეწოლა, რათა მან ტერიტორია დათმოს. გერმანიის მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის დეპუტატმა, ასევე ზედამხედველობის კომიტეტის წევრმა, რალფ შტეგნერმა თქვა, რომ სპეცსამსახურების შეფასება არსებითად სწორია. გერმანელი დეპუტატის თქმით, გასულ წელს უკრაინის წარუმატებელმა კონტრშეტევამ აჩვენა, რომ მათ შეუძლიათ და თავიდან უნდა აიცილონ უკრაინის დამარცხება, მაგრამ ისინი ვერ უზრუნველყოფენ მის გამარჯვებას”, - აღნიშნავს გამოცემა.

“საქართველოს გენშტაბის ყოფილი უფროსის, გენერალ-მაიორის ვახტანგ კაპანაძის აზრით, ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეტევა შემცირებულია. როგორც იგი “რეზონანსთან” აღნიშნავს, ახლა რუსები მაინც ცდილობენ, რომ მთავარი დარტყმა დონბასის მიმართულებაზე განახორციელონ და უკრაინელებს ყურადღება ხარკოვზე გადაატანინონ. იგი გერმანული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა უკრაინამ წლის ბოლომდე მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაკარგოს, არ ეთანხმება. სამხედრო ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას შეფასებით კი, უკრანელებმა მოახერხეს ხარკოვის მიმართულებით რუსების შეკავება და ახლა იქ თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ. მისივე თქმით, ორივე მხარე საკმაოდ სერიოზული ტიპის ბრძოლებისთვის ემზადება და მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისისთვის რუსები სტრატეგიულ შეტევებზე გადავლენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ძალიან ძნელია იმის თქმა, თუ სადამდე გაგრძელდება უკრაინის უკან დახევა. ხარკოვის მიმართულებაზე რუსეთის შეტევა შემცირებულია, მიუხედავად საჰაერო დარტყმებისა. ზოგადად მათი შეტევების იმპულსი შემცირებულია. ჯავშანტექნიკას საერთოდ ვეღარ იყენებენ და ძირითადად ქვეითებით უტევენ, რასაც დიდი მსხვერპლი მოჰყვება ხოლმე. მე არ მგონია, რომ უკრაინელებმა ძალიან დიდად დაიხიონ უკან, ვინაიდან ისინი ნელ-ნელა იხევენ და თავდაცვითი ზღუდეების სიღრმეში გამაგრებას ახერხებენ. ამჟამად რუსები ვოლჩანსკის პირველ ზღუდემდეც არ არიან მისული. ძირითადად ისინი მაინც ცდილობენ, რომ დარტყმები დონბასის მიმართულებაზე განახორციელონ. ხარკოვი არის უკრაინელების ყურადღების გადამტანი მიმართულება. რუსების მხრიდან დარტყმები უფრო ჰგავს უკრაინელების სუსტ წერტილებზე შეტევებს, ვიდრე რაიმე მნიშვნელოვანი კონცენტრირებული გარღვევის მცდელობას. არ ვფიქრობ, რომ წლის ბოლომდე უკრაინა მნიშვნელოვან ტერიტორიებს დაკარგავს, ამის არავითარი წინაპირობა არ ჩანს. ვოლჩანსკიც თუ დატოვეს, ეს არაფერს ნიშნავს, რადგან ეს ისედაც მიწასთან გასწორებული ტერიტორიაა”, - განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ფრონტის ხაზზე სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია. უკრანელებმა მოახერხეს ხარკოვის მიმართულებით რუსების შეკავება და ახლა იქ თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებენ, თუ არ ჩავთვლით დღევანდელ ინციდენტს, როდესაც რუსებმა ძალიან სასტიკად დაბომბეს ხარკოვის სამოქალაქო სექტრო - დიდი სუპერმარკეტი, სადაც 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ეს არის გენოციდის კიდევ ერთი დამადასტურებელი ფაქტი. პრეზიდენტი ზელენსკიც კი იძულებული იყო ჩასულიყო და იქიდან მიემართა პარტნიორებისთვის. ფაქტობრივად, რუსეთის შეტევები დონეცკისა და ზაპოროჟიეს ფრონტზეც შეჩერებულია, თუმცა დონეცკის ფრონტის ერთ მონაკვეთზე, ჩასოვ იარზე მიდის საკმაოდ გააქტიურებული ბრძოლები. სამწუხაროდ, იქ რუსებს გარკვეული უპირატესობები აქვთ”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

“რთულია იმის განსაზღვრა, უკრაინა წლის ბოლომდე ტერიტორიებს დაკარგავს თუ არა, მაგრამ იმედია ასე არ იქნება და გერმანული მედიის ინფორმაცია დარჩება პესიმისტურ სცენარად, რომელიც არ ასრულდება. როგორც ჩანს, სიტუაცია არის ისეთი, რომ ორივე მხარე ემზადება საკმაოდ სერიოზული ტიპის ბრძოლებისთვის. სავარაუდოდ მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისისთვის რუსები სტრატეგიულ შეტევებზე გადავლენ. მათ უკვე ფარული მობილიზება გამოაცხადეს, რადგან უნდათ, რომ თავიანთი საოკუპაციო ჯარები გაზარდონ და შეტევები გააძლიერონ. ძირითადად საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის სრულ ოკუპაციაზე, ასევე ხარკოვზეც. მიჭირს იმის თქმა თუ რომელ მხარეს ექნება უპირატესობა. ეს დამოკიდებული იქნება უკრაინის დასახმარებლად გაცემულ შემდეგ პაკეტზე”, - დასძენს ვახტანგ მაისაია.

ირაკლი მელაშვილი - “ვერ ვხედავ საქართველოში პარტიას, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს გარდაქმნების გზას”

“დარწმუნებული ვარ, ბევრ შეცდომასთან ერთად, ხელისუფლება კიდევ ერთ შეცდომას უშვებს - ჰგონია, ზაფხული მოვა, ხალხი დასასვენებლად წავა და სიმშვიდე იქნებაო. არა, არ იქნება სიმშვიდე. არ ესმით, რომ ისეთი კანონები მიიღეს, რომლებიც ასიათასობით ჩვენი მოქალაქის ღირსებას ეხება. მონღოლები ხვდებოდნენ, რომ საქართველოში ქართველის ღირსება არ უნდა შეურაცხყო, ყაენმა თავისი ხალხი გააფრთხილა, ამ ქვეყანაში ადამიანების ღირსებას არ შეეხოთო, და ეს ისტორიაში შემორჩენილია. მონღოლებს ეს ესმოდათ, დღევანდელ ხელისუფლებას კი - არა. ამ კანონით ჩვენი ღირსების შელახვა სურთ და ამას აპროტესტებს ზუსტად ჩვენი საზოგადოება. არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა, მანამდე ეს პროტესტი არ გაივლის და შესაძლოა ქვეყნიდან გასვლაც ვერ მოასწრონ. რა თქმა უნდა, ხალხი იბრძოლებს იმისთვის, რომ შეცვალოს ხელისუფლება, რომელმაც ვერ გათვალა, რა შედეგს მიიღებდა, შედეგი კი არის ის, რომ ასიათასობით ჩვენი მოქალაქის ცხოვრების მიზანი მისი შეცვლა გახდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ვერ ვხედავ საქართველოში პარტიას, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს გარდაქმნების გზას”.

“ხელისუფლების არჩევნებში გამარჯვების ერთადერთი შანსი დღეს, სამწუხაროდ, ოპოზიციაა მისი ქმედებების გამო. ვერაფერზე ვერ მოილაპარაკეს, რა კონფიგურაციით მიდიან, რამდენი ბლოკი იქნება და ა.შ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ოპოზიცია საზოგადოებას არაფერს სთავაზობს, გარდა იმისა, ესენი გავუშვათ და მე კარგად მოვიქცევიო. ვფიქრობ, ქვეყნის უპირველესი პრობლემა ჩვენი პოლიტიკური სპექტრია. ხუთჯერ შევცვალეთ კონსტიტუცია, ხუთი სხვადასხვა მოდელი გავაკეთეთ, მაგრამ ხუთივეჯერ ერთი და იგივე მივიღეთ - ავტორიტარიზმი, ქუჩაში გასვლა, დარბევები, უკიდურესი დაძაბვა, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისვლა და მერე რევოლუციური ცვლილებები. კი ბატონო, 2012 წელს არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება, მაგრამ იმიტომ, რომ იმ საღამოს ამერიკელი კონგრესმენები დაადგნენ მიშას თავზე და უთხრეს, თუ არ წავიდოდა, ეს ომის გამოცხადება იქნებოდა დასავლური სამყაროსთვის. "ნაცმოძრაობა" არ აპირებდა წაგებული არჩევნების აღიარებას და არჩევნების დღეს 8 საათზე, ხმის მიცემა რომ დამთავრდა, ხომ გახსოვთ, რა განცხადებები აკეთეს...” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.

“ახლაც ოპოზიცია ისევ იმავეს სთავაზობს საზოგადოებას, ჩვენ შევცვლით ბიძინას და ყველაფერი კარგად იქნება. ასე არ გამოვა - მე, რიგითმა მოქალაქემ, ვიცი, რომ ბიძინა შესაცვლელია, მაგრამ მინდა იმ სისტემურ პრობლემებზე, რაც არის ქვეყანაში, ვინმე დამელაპარაკოს. ყველა იმაზე ლაპარაკობს, პოლიცია პოლიტიკურია, ტერორია, სუს-ი მართავს რეგიონებს და ა.შ. გამოდის ვინმე ოპოზიციიდან და გვეუბნება, რას როგორ გააკეთებენ ამის შესაცვლელად? თუ მხოლოდ იმას ამბობენ, ისინი რომ წავლენ, მე მოვალ, მე ამ ბერკეტებს არ გამოვიყენებ, კარგი ბიჭი ვიქნებიო? მე არ მჯერა ამის, რადგან ვინც ოპოზიციაშია, მათი დიდი ნაწილი უკვე არის ხელისუფლებაში ნამყოფი და ძალიან კარგად მახსოვს, როგორ იყენებდნენ ამ ყველაფერს. უფრო მეტიც, ისინი ამ სისტემის ერთ-ერთი ავტორები არიან”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ვინმე გველაპარაკება იმაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს, მაგალითად, სპეცსამსახურების სისტემის რეორგანიზაცია? უშიშროებაში არის ანტიკორუფციული სამსახური, მთავარი ბერკეტი, რომლის საშუალებითაც ხელში უჭირავთ რეგიონები, ნებისმიერს დაიჭერენ ანტიკორუფციული ბრალდებით. ვინმე მეუბნება, რომ ეს სამსახური უნდა გამოვიდეს ამ სისტემიდან და საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტთან უნდა იყოს ანგარიშვალდებული? ვინმე მელაპარაკება იმაზე, თუ რატომ არის გაერთიანებული დღევანდელ უშიშროებაში, ერთი მხრივ, დაზვერვა, მეორე მხრივ, კონტრდაზვერვა და დაზვერვა და კონტრდაზვერვა თუ ცალკე გადიან, ეს დანარჩენი სუს-ი რას ნიშნავს? ვინმე გველაპარაკება მთავარზე, 35 წლის განმავლობაში რატომ შევქმენით ჩვენ ისეთი პარტიული სისტემა, რომ ეს პარტიები თითო ბელადის შპს-ებს წარმოადგენენ? რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ ადამიანები, რომლებსაც საკუთარ პარტიაში არა აქვთ დემოკრატიული მმართველობის სისტემა და ყველა პარტია აგებულია საბჭოთა კავშირში არსებული კომპარტიის პრინციპზე, რატომ გაგვიკეთებენ ქვეყანაში დემოკრატიულ სისტემას?”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ვინმე გვეუბნება, როგორ უნდა გავატაროთ ეს რეფორმა? რომელიმე პარტიული ლიდერი ლაპარაკობს იმაზე, რომ ახლანდელი საარჩევნო სისტემა მორგებულია სათავეში მდგომ ერთ კაცზე, რომელსაც გაჰყავს დანარჩენები. ეს რომ ასეა, ნებისმიერი ევროპელი ექსპერტი გვეტყვის. ეს არის სისტემა, რომელიც თავიდან ბოლომდე მორგებულია ბელადებსა და ავტორიტარულ ლიდერებს. აი, ამ ერთმმართველობის შეცვლის რეფორმა როგორ გავატაროთ, ამბობს ვინმე? ვინმე ლაპარაკობს იმაზე, თუკი არ იქნება ნორმალური მრავალპარტიული სისტემა, არაფერი გვეშველება? როგორ შეიძლება დამპალი მასალისგან ააგო კარგი სახლი. ვინმე ლაპარაკობს, ეს ჩამპალი პარტიული სისტემა როგორ უნდა გავაუმჯობესოთ, რათა პარტიები იყვნენ არა ერთი კაცის შპს-ები, არამედ თავიანთი პარტიის წევრების იდეების გამომხატველი? დღეს ხომ ყველა პარტია პირიქით არის აგებული, ერთი კაცის გარშემოა შეკრებილი რაღაც წრე, მერე არის მეორე წრე და დანარჩენები სჭირდებათ იმისთვის, რომ ყრილობაზე ხელი ააწევინონ და საარჩევნოდ აგიტატორებად გამოიყენონ. რეალურად მათ არავინ არაფერს ეკითხება და როგორ გვინდა ასეთ პარტიულ სისტემაში შევქმნათ დემოკრატიული მმართველობის სისტემა?”, - დაასკვნის ირაკლი მელაშვილი.

“როგორ შეიძლება ასეთმა პოლიტიკურმა ლიდერებმა, გაატარონ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმა? მე ვერ ვხედავ საქართველოში პარტიას, რომელიც საზოგადოებას სთავაზობს გარდაქმნების გზას. ისინი, ვინც ახლა ქუჩაში დგანან, ნამდვილად არიან იმის ღირსი, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა დასდოს პატივი და შესთავაზოს ის სისტემური რეფორმები, რომელთა შედეგადაც მომავალ თაობას ისევ აღარ მოუწევს ქუჩაში გამოსვლა კვირაობით, რათა თავისი ელემენტარული უფლებები დაიცვას. ამიტომაც ამ არჩევნებზეც ამ ხელისუფლების გამარჯვების ერთადერთი შანსი სწორედ ოპოზიციაა, რომელიც ბევრით არაფრით განსხვავდება ხელისუფლებისგან. შეიძლება უფრო ჭკვიანები იყვნენ იმ თვალსაზრისით, რომ ხვდებიან, იმის გაკეთება არაფრით არ შეიძლება, რასაც “ოცნება” აკეთებს. არც ერთი პოლიტიკური პარტია არ ელაპარაკება საზოგადოებას იმ სისტემურ ცვლილებებზე, რაც დაიცავს ქვეყანას იმისგან, რომ პარტია, რომელიც ხელისუფლებაში მოდის, არ იქცეს საზოგადოების ბატონად და ტვირთად”, - დასძენს მელაშვილი.

ჟურნალ „არსენალის“ 2024 წლის ივნისის N2 (290) ნომრის მიმოხილვა

„არსენალი“ 20 წლისაა! / ბლიცკრიგიდან ტოტალურ ომამდე / პუტინის არმიამ ხარკოვისკენ ახალი ფრონტი გახსნა / „დელტაში“ შემუშავებული სპეცდანიშნულების საბრძოლო მანქანა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის / რას ემსახურება „თავდაცვის მოხალისე“ / ლაზერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში / როგორ აფინანსებდა საბჭოთა კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებს / „ქორი“ ზვიგენის ხახით / „აბრამსები“ უკრაინის ომში / განსაკუთრებული სიმძლავრის ბომბები განსაკუთრებული მიზნებისთვის / რუსეთის მოსალოდნელი პროვოკაციები საქართველოში / ომში ამერიკული და რუსული ბალისტიკური რაკეტების „ორთაბრძოლა“ იწყება... / ირანის ფლოტი მსოფლიო ოკეანეს იპყრობს / ცხოვრება რუსული დაბომბვების ქვეშ / ახალი სიტყვა ტყვიამფრქვევებში - REAPR-338 იწონის ნაკლებს, ისვრის შორს...

„2004 წლის 26 მაისს საქართველო საზეიმოდ აღნიშნავდა დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, აღლუმზე მწყობრი ნაბიჯით ჩავლილ ქართველ სამხედროებს „არსენალის“ პირველი ნომრის რამდენიმე ასეული ეგზემპლარი საჩუქრად ჩამოვურიგეთ... მას შემდეგ ოცი წელი გავიდა, რა პერიოდშიც „არსენალი“ მუდამ ჩვენი საქართველოს მხარდამხარ მიაბიჯებდა ქართული არმიის სასწავლო ოთახებში, პოლიგონებზე და, რა თქმა უნდა, ომებშიც... ოცი წლის წინ ფინანსურად საკმაოდ სარისკო გახლდათ სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი სპეციფიკური, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის გამოცემის დაწყება, როდესაც ჩვენ უკან არც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება ყოფილა და არც ოდესმე აგვიღია რომელიმე უცხოური გრანტი, მხოლოდ უფროსი ძმის - „კვირის პალიტრის“ იმედზე ვიყავით, რაც შემდეგ ჰოლდინგმა „პალიტრამედიამ“ გადაიბარა... განვლილი ოცი წლის განმავლობაში „არსენალს“ აღმასვლაც ჰქონია და დაღმასვლაც, რამდენიმეკაციან სარედაქციო გუნდს ტექნიკური, სტილისტური თუ კორექტურული სახის შეცდომებით დაგვიშვია, მაგრამ არა პოზიციური, რადგან ჩვენი „არსენალის“ სარედაქციო პოზიცია ამ ორი ათეული წლის განმავლობაში უცვლელი დარჩა – უპირველესად საქართველო და მისი დამცველი ქართული ჯარი!“, - წერს კვარტალური სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ 2024 წლის ივნისის N2 (290) ნომერში, სათაურით „არსენალი“ 20 წლისაა!/ „არსენალის“ 290 „გასროლა“ 20 წელში!

„ორ ათეულ წელში ქართულმა არმიამ ორ ათეულამდე თავდაცვის მინისტრი და გენშტაბის/გაერთიანებული შტაბის უფროსი შეიცვალა (მარტო 2004 წლის განმავლობაში თავდაცვის მინისტრის სავარძელი ოთხმა სხვადასხვა პირმა დაიკავა), მათ უმრავლესობასთან „არსენალს“ საქმიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩამოუყალიბდა, რაც ბუნებრივი იყო, რადგან მიზანი ხომ ერთი - საქართველოს შეიარაღებული ძალების გაძლიერება და სამშობლოს დაცვისთვის სამხედრო სამსახურის საზოგადოებაში პოპულარიზაცია გახლდათ... თუმცა ამ ორ ათეულ თავდაცვის მინისტრში მაინც გამოერია ორი, რომლებმაც 2005-2006-სა და 2010-2012 წლებში, ფაქტობრივად, აკრძალეს ჟურნალ „არსენალის“ არათუ გამოჩენა სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე, არამედ ჯარიდან გაყრით დაემუქრნენ იმ სამხედროებს, ვისაც „არსენალს“ ხელში დაუნახავდნენ, და რამდენიმეს აუსრულეს კიდეც... საბედნიეროდ, ის თავდაცვის მინისტრები გოშია ხელქვეითებთან ერთად ისტორიამ ხორცსაკეპ მანქანაში „გაატარა და ჩაყლაპა“ თავიანთი არაკომპეტენტურობითა და დანაშაულებრივი ქმედებებით, თუმცა სხვადასხვა სახის პრობლემა, როგორც ობიექტური, ისე, სამწუხაროდ, სუბიექტური, ქართულ არმიას არც შემდგომ წლებში მოჰკლებია, ისევე როგორც მთლიანად ჩვენს საქართველოს...“ - აღნიშნავს გამოცემა.

„ამ პრობლემების არა მარტო გამოვლენა, არამედ გამოსავალი გზების ძიებაც რჩებოდა და რჩება „არსენალის“ მთავარ სამიზნედ. ჩვენს ჟურნალს ტყუილად არ ჰქვია სამხედრო-ანალიტიკური, თუმცა ვცდილობთ მასში გამოქვეყნებული სტატიები ასევე საინტერესო და ძალიან რთულად წასაკითხი არ აღმოჩნდეს სამხედრო საქმეში შეიძლება ნაკლებად გათვითცნობიერებული მკითხველისთვის, მათ შორის ქალებისთვის, რომლებსაც ბევრ მამაკაცზე მეტად შესტკივათ გული საქართველოს თავდაცვისუნარიანობაზე. დამოუკიდებლობააღდგენილ საქართველოში სწორედ სამხედრო საქმის პოპულარიზაცია იქცა „არსენალის“ უმთავრეს საქმიანობად და დიდი სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ ჩვენი ოცი წლის იუბილეზე, რომ რამდენიმე ასეულ (თუ მოკრძალებული არ ვიქნებით, რამდენიმე ათასსაც კი) ახალგაზრდას „არსენალის“ კითხვისას შევაყვარეთ სამხედრო თემა და ჩვენდა უნებურად ავარჩევინეთ სამხედრო მომავალი - იქნებოდა ეს ქართულ არმიაში კონტრაქტით სამსახურის დაწყება თუ კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩაბარება, ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში სწავლის გაგრძელებითა და ოფიცრის წარმატებული სამხედრო კარიერის შექმნით ...“ - განაგრძობს გამოცემა.

„უკრაინის ომი მესამე წლის გადამწყვეტ ფაზაში შედის. პროგნოზებით, რუსეთის არმია საზაფხულო შეტევისთვის ემზადება და ახლა ფრონტის რამდენიმე მიმართულებაზე ტაქტიკური შეტევებით პოზიციების გაუმჯობესებას ცდილობს. იმავდროულად, გაძლიერებულია საჰაერო დარტყმები უკრაინის ენერგეტიკულ და სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე... სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ 2022 წლის 24 თებერვალს დაწყებულ აგრესიულ ომს კრემლმა არცთუ შემთხვევით სპეციალური სამხედრო ოპერაცია დაარქვა. ბრიტანეთის სამეფოს თავდაცვითი კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის (Royal United Ser­vi­ces Institute) ანალიტიკური მოხსენების თანახმად, ომის აქტიური ფაზა ანუ სპეციალური სამხედრო ოპერაცია კიევის აღებით 10 დღეზე, ხოლო მთელი ქვეყნის ოკუპაცია 5-6 თვეზე იყო გათვლილი. მოსკოვის ოპტიმისტურ შეხედულებებს ამყარებდა უკრაინის მოსახლეობის ერთი ნაწილის ლოიალური განწყობა, ხოლო არმიისა და მშვიდობიან უკრაინელთა მხოლოდ სუსტი წინააღმდეგობა თუ განიხილებოდა”, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ბლიცკრიგიდან ტოტალურ ომამდე.

„კრემლის მთავარი მიზანი იყო არსებული ხელისუფლების ჩამოგდება და ქვეყნის სათავეში პრორუსული მარიონეტული ძალების მოყვანა; უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და მისი ტერიტორიის რუსეთთან მიერთება. ბლიცკრიგით ანუ ელვისებური ომით სწრაფი გამარჯვებისთვის რუსეთმა ხელთ არსებული ჩვეულებრივი შეიარაღების ყველა საშუალების გამოყენების გარდა, შეტევების მთავარ მიმართულებებზე ძალებისა და ტექნიკის რიცხობრივი უპირატესობა შექმნა. მაგალითად, კიევის ჩრდილოეთით მოქმედი რუსული დაჯგუფება უკრაინელებისას 12-ჯერ აღემატებოდა. ოპერაციის დამგეგმავები სპეცოპერაციით უკრაინის სამხრეთისა და კიევის სწრაფ დაკავებას, უკრაინის არმიის პირველი ეშელონისთვის გადამწყვეტი მარცხის მიყენებას აპირებდნენ, ამის შემდეგ კი ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებათა გარეშე ქვეყნის მთლიან ოკუპაციას. მოსკოვში ვარაუდობდნენ, რომ დასავლეთი უკრაინას შეზღუდულ დახმარებას გაუწევდა და ყველაფერი 2014 წლის ყირიმის ოკუპაციის მსგავსად დასრულდებოდა”, - აღნიშნავს გამოცემა.

„2022 წლის თებერვალში უკრაინაზე თავდასხმა ბელარუსიდან, უკრაინის ჩერნიგოვისა და სუმის ოლქების მოსაზღვრე რუსეთის ოლქებიდან, ანექსირებული ყირიმიდან, სეპარატისტული ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებიდან შესულმა ჯარებმა 8 მიმართულებით განავითარეს. აგრესიაში მონაწილეობდნენ რუსეთის სახმელეთო ჯარებისა და საჰაერო ჯარების 185 ათასი სამხედრო, აგრეთვე ე. წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დაახლოებით 110 ათასი სამხედრო მოსამსახურე. შედარებით უკეთეს წარმატებას რუსებმა ყირიმის ნახევარკუნძულიდან სამხრეთისკენ დაწყებულ შეტევაში მიაღწიეს რუსეთის მომხრე ძალებისა და აგენტების დახმარებით. რუსეთს 2022 წლის მარტისთვის უკრაინის ტერიტორიის 27% ჰქონდა ოკუპირებული. სპეცსამხედრო ოპერაციად წოდებული რუსული ბლიცკრიგი არ შედგა და ახლა, ფაქტობრივად, ფართომასშტაბიანი ტოტალური ომია გაჩაღებული. ტოტალური ომის თეორიის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი, გერმანელი გენერალი ლუდენდორფი ასეთ ომს ახასიათებს დაუნდობელ, გამანადგურებელ ომად, რომელიც ქვეყნის მატერიალური და სულიერი ძალის უკიდურესი დაძაბვით მიმდინარეობს...“ - განაგრძობს გამოცემა.

„რას ისახავს მიზნად რუსი ოკუპანტების ხელმეორედ შეტევის წამოწყება უკრაინის ჩრდილოეთზე - 10 კმ სიგანის „ბუფერული ზონის“ შექმნას საზღვარზე, დონბასის დამცველი უკრაინული დანაყოფების „გატყუებას“ ხარკოვისკენ თუ თავად ხარკოვის დაპყრობას? 9-10 მაისის ღამეს, მას შემდეგ, რაც რუსეთში ტრადიციულად აღნიშნავდნენ გამარჯვების დღეს, რუსეთის არმიამ ახალი შეტევა წამოიწყო. ფაქტობრივად, გაიხსნა ახალი ფრონტის ხაზი რუსეთ-უკრაინის საზღვრის ბელგოროდ-ხარკოვის მონაკვეთზე, უფრო სწორად, ნაწილობრივ განმეორდა 2022 წლის 24 თებერვლის დილა (არადა, მაშინაც რუსი სამხედროები 23 თებერვლის, მათი დღესასწაულის აღნიშვნის შემდეგ დაესხნენ თავს უკრაინას), როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სახელმწიფო საზღვარი ხარკოვის მიმართულებაზეც გადალახეს და უკრაინის ამ სიდიდით მეორე ქალაქის დაპყრობა სცადეს. ხარკოვის მისადგომებიდან რუსი ოკუპანტები უკრაინის დამცველებმა რამდენიმე თვეში, 2022 წლის შემოდგომისთვის გაყარეს და მას შემდეგ უკრაინის ამ ნაწილში შედარებითმა მშვიდობამ დაისადგურა, მიუხედავად იმისა, რომ ხარკოვი რუსეთის საზღვრიდან მხოლოდ 30 კმ-ში თუ მდებარეობს“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით პუტინის არმიამ ხარკოვისკენ ახალი ფრონტი გახსნა...

„მაგრამ ბოლო თვეებში რუსეთმა განაახლა ხარკოვის ინტენსიური დაბომბვა ბელგოროდის ოლქიდან, რისი ერთგვარი მაპროვოცირებელი შეიძლება გამხდარიყო რუსეთის სწორედ ამ საზღვრისპირა ბელგოროდის ოლქში „რუს მოხალისეთა კორპუსისა“ და ლეგიონ „თავისუფლება რუსეთს“ სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების (რომლებიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს შექმნილია) რამდენჯერმე შეჭრა... ამ სადაზვერვო-დივერსიულ აქტებს ხარკოვის რაიონიდან ბელგოროდის ოლქში უკრაინისთვის სამხედრო წარმატება არ მოუტანია, თუმცა საინფორმაციო ომის ველზე გამოადგა - მსოფლიომ დაინახა, რომ პუტინის წინააღმდეგ თავად რუსებიც იარაღდებიან და თავს ესხმიან მისი რეჟიმის სახელისუფლებო სტრუქტურებს რუსეთის ტერიტორიაზევე. შესაბამისი რეაქცია ჰქონდა კრემლს, როდესაც პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი შეეცდება შექმნას „სანიტარული ზონა“ უკრაინასთან, რათა სადაზვერვო-დივერსიული თავდასხმები მის ტერიტორიაზე აღკვეთოს“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ამიტომაც გაჩნდა მოსაზრება, რომ 9-10 მაისის ღამეს უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილზე, ხარკოვსა და ვოვჩანსკთან რუსი ოკუპანტების შეტევები შეიძლება უკავშირდებოდეს სწორედ ასეთი, არანაკლებ 10 კმ-იანი სიგანის „სანიტარიული ზონის“ შექმნის მცდელობას, რათა „რუს მოხალისეთა კორპუსისა“ და ლეგიონის „თავისუფლება რუსეთს“ სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფებმა ვეღარ შეძლონ რუსეთის ტერიტორიაზე შეღწევა საზღვრის ამ მონაკვეთიდან. მეორე ვერსია, თუ რუსეთის არმია რატომ ცდილობს ხელმეორედ შეჭრას საზღვრიდან ხარკოვის მიმართულებაზე, უკავშირდება მოსაზრებას, რომ რუსეთის გენშტაბს ამით ისედაც 2 000 კმ-ზე გადაჭიმული ფრონტის ხაზის კიდევ დაგრძელება სურს, რათა უკრაინის დამცველები იძულებულნი გახდნენ აღმოსავლეთ ფრონტიდან მოხსნან საბრძოლო დანაყოფები და გადაისროლონ ჩრდილოეთ ფრონტზე ხარკოვის დაცვის გასაძლიერებლად, რაც უფრო შეასუსტებს ჩასივ-იარის, კონსტანტინოვკისა და შემდგომ უკვე კრამატორსკისა და სლოვიანსკის (რომელთა დაპყრობასაც ძალიან ცდილობს პუტინის არმია) დაცვის ზღუდეების მდგრადობას. მესამე ვერსია იმისა, თუ რატომ გახსნა ახალი ჩრდილოეთის ფრონტი რუსეთის არმიამ, უკავშირდება ხარკოვის დაპყრობის სურვილს, რომლის აღების პირველი ცდა ორი წლის წინ კრემლს ჩაეფუშა....“ - განაგრძობს გამოცემა.

„მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჯარებში საარმიო სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფებმა ფართო გავრცელება პოვა. „ცივი ომის“ პერიოდში ამა თუ იმ ფორმაციის ჯარების შემადგენლობაში საარმიო სპეციალური დანიშნულების ძალების განვითარების კონცეფციებისა და სამოქმედო დოქტრინების შემუშავება განისაზღვრებოდა ისეთი გადამწყვეტი ფაქტორებით, როგორიცაა კონკრეტული ქვეყნის ეროვნული სამხედრო სტრატეგია, სამხედრო-ეკონომიკური მოწყობა, ინტელექტუალური და ტექნოლოგიური პოტენციალი, გეოგრაფიული მდებარეობა და შესაბამისად, შეიარაღებული ძალების სამოქმედო სივრცეები ახლო და შორეულ პერსპექტივაში. საჯარისო სპეციალური დანიშნულების ქვედანაყოფების მოქმედება მშვიდობიან და საომარ პირობებში შეიარაღებული ძალების საერთო ამოცანებიდან გამომდინარეობს, როგორც ფართო სპექტრის პირდაპირი საბრძოლო, ასევე არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „დელტაში“ შემუშავებული სპეცდანიშნულების საბრძოლო მანქანა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალებისთვის.

„სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურმა ცენტრმა „დელტამ“ ბოლო პერიოდში შეიმუშავა და დაამზადა ახალი ტიპის სპეციალური დანიშნულების მრავალფუნქციური ტაქტიკური საბრძოლო მანქანა. მრავალფუნქციური საბრძოლო მანქანა საარმიო დანიშნულების Mercedes-Benz-UNIMOG -ის (4X4) მაღალი გამავლობის ავტომობილის ბაზაზე დაპროექტდა, რაც სწორი არჩევანია, ვინაიდან UNIMOG-ები ქართულ ჯარში ორ ათეულ წელზე მეტია აქტიურ ექსპლუატაციაშია, მისი მოდიფიკაციები კი მსოფლიოში ამ სახეობის სპეციალური საბრძოლო მანქანების ასაგებად ფართოდ გამოიყენება. „დელტას“ საბრძოლო მანქანის კონსტრუქცია ერთმანეთზე მოდულური პრინციპით ინტეგრირებული სავალი და საბრძოლო ნაწილისგან შედგება. საბრძოლო ნაწილი წარმოადგენს ერთიან ლითონის ჩონჩხისებურ კონსტრუქციას, რომელშიც გაერთიანებულია სატრანსპორტო-სამუშაო ადგილები ეკიპაჟის ოთხი წევრისთვის, მსუბუქი და მძიმე ტყვიამფრქვევების სამაგრი წერტილები, საბრძოლო მასალისა და ინდივიდუალური ჩანთების სათავსები. ეკიპაჟის კიდევ ორი წევრი, მძღოლი და მეტყვიამფრქვევე ან მეთაური, მანქანის კაბინაში სხედან. მანქანის ძარიდან საბრძოლო ნაწილის მოხსნა და კონფიგურაციის შეცვლა საველე პირობებშიც არის შესაძლებელი“, - აღნიშნავს გამოცემა.

„საბაზო კონფიგურაციაში მანქანა შეიარაღებულია ოთხი ტყვიამფრქვევით. აქედან ერთი, 12.7 მმ-იანი მძიმე ტყვიამფრქვევი, განლაგებულია ძარის წინა შუა ნაწილში და ისვრის წინა და ბორტების მიმართულებით. უნივერსალურ სამაგრ ძელაკზე შესაძლებელია დამონტაჟდეს როგორც დასავლური სტანდარტის 12.7X99 მმ კალიბრიანი M2 Browning-ის ტიპის, ასევე საბჭოთა სტანდარტის 12.7X108 მმ კალიბრიანი НСВ Утёс-ის ტიპის ტყვიამფრქვევი. დანარჩენი სამი 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი განაწილებულია მანქანის უკანა და წინა სექტორის ცეცხლით დაფარვისთვის. უკანა ორი ტყვიამფრქვევი 360 გრადუსით მოძრავ ორსახსრიან სამაგრ წერტილებზეა დაყენებული და სრულად უზრუნველყოფს უკანა და ბორტების სექტორების დაფარვას. წინა ტყვიამფრქვევი დამონტაჟებულია მანქანის კაბინაში მძღოლის გვერდით და სროლის შეზღუდული სექტორით მხოლოდ წინა მიმართულებას ფარავს. სამივე მსუბუქი ტყვიამფრქვევის სამაგრი წერტილი გათვლილია ამერიკული М-240-ისა და საბჭოთა ПК/ПКМ-ი ტიპის ტყვიამფრქვევებზე. მანქანის ძარაზე განლაგებული ორი უკანა და ერთი შუა მძიმე ტყვიამფრქვევის სამაგრი წერტილები, რომლებიც დამატებით აღჭურვილია ჯავშანფარებით, რაც მსროლელებს მოწინააღმდეგის ტყვიებისგან იცავს...“ - განაგრძობს გამოცემა.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი თავდაცვის მოხალისე“ ასეთი სახელი აქვს მოხალისეთა ორგანიზაციების გაერთიანებას, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შეიქმნა და თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივ საქმიანობას საჭირო ინფრასტრუქტურული, მატერიალური და ადამიანური რესურსებით დაეხმარება. აგრეთვე, მოხალისეზე გავრცელდება სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი გარკვეული სოციალური გარანტიები. მოხალისეობრივი ორგანიზაციების საქმიანობა სიახლე არაა. ის დაიწყო მიმდინარე საუკუნის დასაწყისში, თუმცა ამ დროისათვის საკმაოდ დიდ მასშტაბებს მიაღწია. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმი გაფორმებული აქვს 7 ორგანიზაციას, რომელთაც სხვადასხვა დაინტერესების და მოღვაწეობის სფეროები აქვთ. აქამდე თავდაცვის სისტემაში მოხალისეობივ საქმიანობას არ გააჩნდა სამართლებრივი საფუძველი და „თავდაცვის მოხალისეს“ შექმნა არის ნაბიჯი გადადგმული, რათა მოხალისეობრივი საქმიანობა მიმართული იყოს საქართველოს თავდაცვის ინტერესების შესაბამისად“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რას ემსახურება „თავდაცვის მოხალისე“.

„თითოეულ ორგანიზაციას შეაქვს განსაკუთრებული წვლილი საერთო მიზნების მისაღწევად თავისი დაინტერესების სფეროს შესაბამისად, თუმცა ზოგადად საერთო დაინტერესების სფერო ყველა ორგანიზაციისთვის არის საზოგადოების მზადყოფნა შესაძლო კრიზისებზე რეაგირების ან მათი თავიდან არიდების მიზნით. ორგანიზაციების წვრთნები მოიცავს არა მხოლოდ სამხედრო ასპექტებს, რაც გულისხმობს სამხედრო ტაქტიკისა და შეიარაღების ცოდნას, ასევე სამოქალაქო თავდაცვის უნარების ამაღლებას, როგორიცაა: პირველადი სამედიცინო დახმარება, თავშესაფრების მომზადება, თვითგადარჩენა, სალაშქრო საქმიანობა, ფიზიკური მზადყოფნის დონის ამაღლება, დეზინფორმაციასთან ბრძოლა, სამთო-სამაშველო საქმიანობა და მრავალი სხვა. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ორგანიზაციები დიდ ყურადღებას აქცევენ გარემოზე ზრუნვას. უფრო ვრცლად, თუ რას ემსახურება თავდაცვის მოხალისეობრივი საქმიანობა, სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალს“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის „თავდაცვის მოხალისის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ ჩიქობავა ესაუბრა“, - აღნიშნავს გამოცემა.

„საჯარო სამართლის იურიდიული პირი „თავდაცვის მოხალისე“ თავდაცვის ახალი კოდექსის შესაბამისად შეიქმნა. საქართველოს თავდაცვის ეროვნული მიზნების მისაღწევად, ტოტალური თავდაცვის მიდგომა ავირჩიეთ, რომელიც გულისხმობს, სახელმწიფოს მიერ აღმატებული მოწინააღმდეგის მიმართ სამხედრო და სამოქალაქო რესურსების კოორდინირებულ გამოყენებას. ეს კი, თავის მხრივ, ეროვნულ მედეგობას განამტკიცებს. ტოტალური თავდაცვის წარმატება კიდევ, დამოკიდებულია სახელმწიფო და საზოგადოების მორალურ-ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ და მატერიალურ მზაობაზე, დაიცვას ქვეყნის უსაფრთხოება. ტოტალური თავდაცვის ფარგლებში, ერთიანი სამთავრობო და საზოგადოებრივი ძალისხმევის უზრუნველყოფისთვის, თითოეულ მოქალაქეს უმნიშვნელოვანესი როლი ეკისრება, რაც, თავის მხრივ, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ემსახურება. საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვა, ყოველი ჩვენგანის ვალია. აღნიშნული მიზნებისთვის შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდული პირი „თავდაცვის მოხალისე“, რომლის მთავარი ფუნქციაა თავდაცვის სფეროში მოხალისეობრივი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლის უზრუნველყოფა, რათა მოხალისეობრივი აქტივობა ორგანიზებული ერთიანი ეროვნული თავდაცვის ფარგლებში განხორციელდეს და ცალკე, განყენებულად არ იყოს“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას მიხეილ ჩიქობავა.

„იყო დრო, როდესაც ლაზერი, ისევე როგორც მრავალი სხვა თანამედროვე ტექნიკური საშუალება, მხოლოდ მწერლების ფანტაზიის ნაყოფი იყო, მაგრამ გავიდა დრო და თანამედროვე ტექნიკურმა პროგრესმა ერთ დროს წიგნების ფურცლებზე აღწერილი უცნაური მოწყობილობები რეალობად აქცია. მარტივად რომ ვთქვათ, ლაზერი იგივე სინათლის სხივია, ოღონდ მასზე ასჯერ და ათასჯერ ძლიერი. შესაბამისი სიმძლავრის ლაზერის სხივით ნებისმიერი სხეულის გაჭრა შეიძლება. აინშტაინი პირველი იყო, ვინც 1917 წელს იძულებით გამოსხივების კონცეფცია ჩამოაყალიბა. ოპტიკური დიაპაზონის პირველი კვანტური გენერატორი, იგივე ლაზერი, 1960 წელს ამერიკელმა ფიზიკოსმა თეოდორ მეინმა წარმოადგინა... საბრძოლო მიზნით ლაზერის დანერგვას სამხედროები ორ ძირითად მიმართულებაში, სახმელეთო ძალებსა და საჰაერო თავდაცვაში ცდილობენ. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიზეზთა გამო მეორე მიმართულება პირველზე შედეგიანი გამოდგა“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ლაზერი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვაში

„ საქმე ის არის, დედამიწის რელიეფის თავისებურება და სიმრუდით გამოწვეული ჰორიზონტის ხაზი ლაზერის სხივის გამოყენებას ზღუდავს. დედამიწის ზედაპირთან ატმოსფერო ყველაზე მკვრივია. ამ სიმკვრივეს კვამლი, ნისლი, მტვერი და სხვა ფაქტორები ემატება, რაც ლაზერის „გასროლილ“ სხივს ასუსტებს და მას სიმძლავრეს ართმევს. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სახმელეთო მიზნების დიდი ნაწილი დაჯავშნულია. შესაბამისად, მათი განადგურებისთვის ან თუნდაც მწყობრიდან გამოყვანისთვის კოლოსალური სიმძლავრის ენერგიის აკუმულირება და მისი ლაზერის სხივში თავმოყრაა საჭირო. 2016-2017 წლებში აშშ-ში ჯავშანტრანსპორტიორ Stryker -ს გამოსაცდელად კომპლექსი MEHEL-ი (Mobile Expeditionary High Energy Laser ) მობილური მაღალენერგეტიკული ლაზერი) დაუყენეს. თავიდანვე პროექტის მიზანი მცირე ზომის უპილოტო საფრენი აპარატების გასანადგურებლად მძლავრი და კომპაქტური ლაზერული დანადგარის შემუშავება იყო. კომპლექსს საჯარისო ქვედანაყოფები დრონებისგან, ნაღმსატყორცნის ნაღმებისა და მცირე ზომის რაკეტებისგან უნდა დაეცვა ანუ იმ საფრთხეებისგან, რომლის წინააღმდეგაც არსებული საზენიტო კომპლექსების უმეტესი ნაწილი უძლურია“ , - აღნიშნავს გამოცემა.

„MEHEL-ის შემთხვევაში, მიზნის რადიოლოკაციური და ოპტიკური საშუალებებით პოვნა-განადგურება 2 კვტ სიმძლავრის ლაზერით ხდებოდა. გამოცდის პროცესში გაუმჯობესებულ MEHEL 2.0-ზე სხივის სიმძლავრე 5 კვტ-მდე გაიზარდა და მიზნის ავტომატური გაცილების სისტემა დაინერგა. მთლიანობაში საპოლიგონო გამოცდებზე კომპლექსმა 30-მდე მცირე ზომის დრონი გაანადგურა. ამ სისტემის ერთგვარი გაგრძელება კომპლექსი DE M-SHORAD გახდა. ის 2020 წელს გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეიქმნა, რომელშიც პირველობისთვის კომპანიები Northrop Grumman-ი და Raytheon-ი პაექრობდნენ. მიზანი 50 კვტ სიმძლავრის კომპაქტური და იაფი (განსაკუთრებით ექსპლუატაციაში) ლაზერული საზენიტო საშუალების შექმნა იყო. საბოლოოდ DE M-SHORAD-ის (Direct Energy Maneuver Short-Range Air Defence – HST თავდაცვის მანევრული სისტემა მიმართული ენერგიის ბაზაზე) შემუშავების უფლება Raytheon -ს დარჩა და შემდგომ საცდელი ნიმუში Stryker -ზე დაიდგა...“ - განაგრძობს გამოცემა.

„საბჭოთა კავშირი ათწლეულების განმავლობაში მხარს უჭერდა ტერორისტულ რეჟიმებსა და ორგანიზაციებს. „მსოფლიო რევოლუციის“ სურვილი, „ინტერნაციონალური სოლიდარობა“ და სხვა მრავალი მსგავსი დეზინფორმაციული ლოზუნგის უკან ჩვეულებრივი, სისხლიანი ტერაქტები იმალებოდა. საბჭოთა კავშირი თავისი არსებობის განმავლობაში სახელმწიფო ტერორიზმის ცენტრი იყო. სამხედრო-დივერსიულ ჯგუფებს კა-გე-ბეს პირველი მთავარი სამმართველოს (საგარეო დაზვერვის) მე-8 განყოფილება (საზღვარგარეთ დივერსიების, მკვლელობებისა და ტერაქტების ორგანიზება) ამზადებდა. ანალოგიური სტრუქტურა იყო სამხედრო დაზვერვაშიც. 1940-იანი წლების ბოლოდან მოყოლებული საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ფართომასშტაბიანი სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციები და „სისხლიანი საქმეები“ შეძლებისდაგვარად უცხოეთის ექსტრემისტულ-ტერორისტული ორგანიზაციების ხელით ეკეთებინა და თვითონ ჩრდილში დარჩენილიყო“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ოპერაცია „შხეფები“ / როგორ აფინანსებდა საბჭოთა კავშირი ტერორისტულ ორგანიზაციებს, რასაც დღეს რუსეთის ხელისუფლება აგრძელებს.

„ტერორისტული ოპერაციებისათვის ბოევიკებს ხშირად თანამედროვე იარაღითა და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებებით უზრუნველყოფდნენ. ფინანსური, ტექნიკური და ორგანიზაციული დახმარების საკითხები საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობის უმაღლეს დონეზე - კომუნისტური პარტიის პოლიტბიუროს სხდომებზე განიხილებოდა. დღეს ვისაუბრებთ საიდუმლო ოპერაცია „შხეფებზე“, როდესაც პოლიტბიუროს დავალებით კა-გე-ბე ფარულად ფულსა და იარაღს „ირლანდიის რევოლუციური არმიის“ (ირა) მებრძოლებს აწვდიდა. ირა თავდაპირველად „შინ ფეინის“ (რაც ირლანდიურიდან ითარგმნება, როგორც „ჩვენ თვითონ“) პოლიტიკური პარტიის გასამხედროებული ფრთა იყო და 1916 წელს შეიქმნა. ირლანდიის დიდი ბრიტანეთისგან გამოყოფას, როგორც დიდი ბრიტანეთის დასუსტების გზას, ჯერ კიდევ ბოლშევიკები უჭერდნენ მხარს. საინტერესოა, რომ „ერების თვითგამორკვევის ბოლშევიკური იდეოლოგიის“ მთავარმა შემოქმედმა იოსებ სტალინმა ჯერ კიდევ 1917 წელს ისაუბრა ირლანდიელ აჯანყებულებზე, როგორც „დემოკრატიულ მოძრაობაზე“, რომელიც ურტყამს იმპერიალიზმს“, - აღნიშნავს გამოცემა.

„სტალინმა განაცხადა: „არსებობს ირლანდიის დამოუკიდებლობის მოძრაობა. ვის მხარეს ვართ, ამხანაგებო? ან ჩვენ ვართ ირლანდიის, ან ბრიტანული იმპერიალიზმის მხარეს... ირლანდიის მოძრაობა ბრიტანული იმპერიალიზმის წინააღმდეგ არ არის დემოკრატიული მოძრაობა, რომელიც ურტყამს იმპერიალიზმს? და ჩვენ არ უნდა დავუჭიროთ მხარი ამ მოძრაობას“? - პასუხი, რა თქმა უნდა, დადებითი იყო. 1920 წელს ბოლშევიკური რუსეთის დიპლომატებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „შინ ფეინის“ წარმომადგენლებთან ურთიერთაღიარებისა და ურთიერთობის დამყარების შესახებ. მუდამ ასეა: ტერორისტი ტერორისტს შორიდანაც ცნობს. თუმცა საბჭოთა კავშირმა 1940-იანი წლების ბოლომდე ვერ მოიცალა ირა-სთვის. „ცივი ომის“ გაჩაღებისთანავე კი კრემლი ირლანდიის რესპუბლიკური არმიის დიდი ბრიტანეთის „აქილევსის ქუსლად“ თვლიდა და პოტენციურ მოკავშირეებად განიხილავდა. ირა-ც არ მორცხვობდა და მოსკოვს იარაღსა და ფულს მუდმივად სთხოვდა...“, - განაგრძობს გამოცემა.

„სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი „არსენალი“ სამხედრო საათებისა და ჯავშანტექნიკის მოდელების შემდეგ აგრძელებს ახალი კოლექციის - მეორე მსოფლიო ომისდროინდელი საბრძოლო თვითმფრინავების მოდელების შეთავაზებას თავისი ერთგული მკითხველებისთვის. სამხედრო თვითმფრინავების ამ მაღალხარისხიანი მოდელების კოლექცია საუკეთესოდ დაამშვენებს თქვენს სამუშაო მაგიდას. გერმანელმა მფრინავებმა მეორე მსოფლიო ომში თვითმფრინავის კაპოტს ზვიგენის ბასრკბილებიანი ხახა მიახატეს და შემდგომ ამ ტრადიციას სხვა ქვეყნების ავიაციაში მრავალი მიმდევარი გამოუჩნდა. მათ რიცხვს მიეკუთვნებოდნენ ამერიკული Curtiss-ის გამანადგურებელ P-40-ის მფრინავები, რომლებსაც სჯეროდათ, რომ ფირმა Curtiss -მა ჯერ ზვიგენის ხახა დახატა და ამის მერე ნახატს გამანადგურებელი მიუსადაგა. ამიტომაც P-40-ების პილოტებს თავიანთი თვითმფრინავები ძალიან მოსწონდათ და ენდობოდნენ“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „ქორი“ ზვიგენის ხახით.

„1930-იანი წლების ამერიკული საავიაციო ინდუსტრიის ერთ-ერთი წარმომადგენლის Curtiss-Wright Corporation -ისთვის P-36 Hawk-ი პირველი გამანადგურებელი იყო, რომელმაც გამოცდა წარმატებით გაიარა და სერიულად მზადდებოდა. იმ პერიოდის ბრიტანულ და გერმანულ გამანადგურებლებს P-36 არაფრით ჩამოუვარდებოდა, განსაკუთრებით პილოტირების სიმარტივითა და კარგი მანევრულობით. იმავდროულად, P-36-ს არასაკმარისი სიმძლავრის ძრავის გამო სერიოზული ნაკლოვანებები ჰქონდა - უჭირდა 500 კმ/სთ-ში მეტ სიჩქარეზე ფრენა, როცა ევროპული გამანადგურებლები 600 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით დაფრინავდნენ; თითო 7.62 მმ-იანი და 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევი გამანადგურებლისთვის სუსტი შეიარაღება იყო. მეორე მსოფლიო ომის წინ P-36-ის შემცვლელი თვითმფრინავის შექმნის საკითხი დადგა. Curtiss-ის სპეციალისტებმა პროექტირების დროის შესამცირებლად ახალი გამანადგურებლისთვის P-36-ის პლანერი გამოიყენეს“, - აღნიშნავს გამოცემა.

„1937 წელს პროტოტიპმა XP-37-მა გამოცდა გაიარა და მასზე გამოყენებული სიახლეებიდან მთავარი ძრავის ტურბოდაბერვის სისტემით აღჭურვა გახდა, რის ხარჯზეც დიდ სიმაღლეებზე ფრენისას ძრავის სიმძლავრის დანაკარგი შემცირდა. მომდევნო პროტოტიპი, XP-40, გაზრდილი სიმძლავრის 1040 ცხ. ძალის მქონე ძრავით მფრინავ-გამომცდელმა ედვარდ ელიოტმა 1938 წლის 14 ოქტომბერს ქალაქ ბუფალოს მახლობლად პირველად გამოცადა. ამ და სხვა ცვლილებათა შედეგად 1939 წლის დეკემბერში XP-40-მა 4 570 მ სიმაღლეზე 589 კმ/სთ სიჩქარე აჩვენა და სერიული წარმოებისკენ გზა გაეხსნა. თავიდან XP-40-ის შეიარაღება ძრავის ზემოდან დაყენებულ თითო 7.62 მმ-იანი და 12.7 მმ-იანი ტყვიამფრქვევისგან შედგებოდა. ევროპაში დაწყებულმა ომმა გამანადგურებლის საცეცხლე ძალის გაძლიერების აუცილებლობა წინ წამოსწია და 7. 62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი 12.7 მმ-იანით შეიცვალა, ხოლო ფრთებზე თითო 7.62 მმ-იანი ტყვიამფრქვევი დაემატა“... განაგრძობს გამოცემა.

“უკრაინის ომმა მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენებაზე არსებულ მიდგომებში ბევრი რამ შეცვალა. არ გაამართლა მეორე მსოფლიო ომში გერმანელების მიერ ფართოდ გამოყენებული მრავალრიცხოვანი სატანკო კოლონებით მოწინააღმდეგის თავდაცვის ხაზის გარღვევის ტაქტიკამ, რამაც უკრაინაში ორივე მხარეს ჯავშანტექნიკის დიდი დანაკარგი მოუტანა. თუკი რუსეთს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი და ჯავშანტექნიკის მარაგები ტანკების დანაკარგის ასე თუ ისე შევსების შესაძლებლობას აძლევს. ამ მხრივ ბევრად რთულ მდგომარეობაშია უკრაინა, რის გამოც დახმარების აღმოსაჩენად დასავლეთის ქვეყნები სატანკო კოალიციაში გაერთიანდნენ. პირველი ნაბიჯი ბრიტანეთმა გადადგა - 2023 წლის დასაწყისში კიევს Challenger 2 ტიპის 14 ტანკი გადასცა, 25 იანვარს კი ვაშინგტონმა М1 Abrams-ის ტიპის 31 ტანკის გადაცემა დაადასტურა. იმავე დღეს გერმანია უკრაინისთვის 14 ერთეული Leopard 2A-ს მიწოდებას დათანხმდა და სხვა ქვეყნებს “ლეოპარდების” რეექსპორტის უფლება მისცა”, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით „აბრამსები“ უკრაინის ომში.

„აშშ-მა დასახმარებლად М1 Abrams -ის M1A1SA მოდიფიკაციის ტანკები გამოყო. ამ ვერსიამდე მოდერნიზაცია 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან 1990-იანი წლების დასაწყისამდე 650-მდე „აბრამსმა“ გაიარა. 120 მმ-იანი გლუვლულიანი ქვემეხით აღჭურვილი ტანკი სტანდარტული ჭურვებით ეფექტურად 3 კმ-ზე ისვრის და 4-კაციანი ეკიპაჟი ემსახურება. მემიზნის განკარგულებაშია ორ სიბრტყეში სტაბილიზებული სამიზნე გაუმჯობესებული ლაზერული მანძილმზომითა და ღამის თბოვიზორიანი კამერით, რომელიც მიზნებს 8 კმ-სა და უფრო მეტ მანძილზეც ხედავს. ციფრული ზუმი დიდ სიშორეზე მოწინააღმდეგის მიზნების სწრაფ იდენტიფიცირებას ახდენს. საექსპორტო ტანკებზე გამოყენებულია ბრიტანული Chobham-ის ანალოგიური კომბინირებული ჯავშანი გაღარიბებული ურანის ელემენტების გარეშე. უკრაინამ პირველი „აბრამსები“ 2023 წლის სექტემბრის ბოლოს, ხოლო ტანკების მთლიანი პარტია ოქტომბრის შუა რიცხვებში დინამიკური დაცვის გარეშე ჩაიბარა. ამერიკელ სამხედროთა მოსაზრებით, „აბრამსს“ შუბლის პროექციაში საიმედოდ იცავს ჰომოგენური ჯავშანი გაღარიბებული ურანის, ფოლადის ჯავშნისა და კერამიკის ელემენტების შემადგენლობით, ხოლო დინამიკური დაცვა ბორტებზე მხოლოდ სავალი ნაწილის დაცვისთვისაა გათვალისწინებული“, - აღნიშნავს გამოცემა .

„რუსული ტანკსაწინააღმდეგო საშუალებათა საფრთხის გამო უკრაინაში „აბრამსების“ ნაწილი ბორტებზე M-19 (Abrams Reactive Armor Tiles – ARAT) ტიპის დინამიკური დაცვის ბლოკებით აღიჭურვა. ასეთი ბლოკები 500-550 მმ-იანი ჯავშნის ტოლფასია და ამერიკელი ტანკისტები ერაყის კამპანიაში ტანკის კუმულაციური ჭურვებისგან დასაცავად იყენებდნენ. დასავლური ტანკები რუსეთის არმიისთვის უკრაინაში პრიორიტეტული მიზნების ჩამონათვალში შევიდა და თითოეული ჭურვის მოხვედრა, იქნება ის „აბრამსი“ თუ „ლეოპარდი“, კრემლის პროპაგანდისტული მანქანის სანუკვარი სურვილია. რუს ჯარისკაცებში ვრცელდება „როსგვარდიაში“ მომზადებული ამერიკულ ტანკთან ბრძოლის ინსტრუქცია, სათაურით „დაარტყი აბრამსს“~. მასზე გამოსახულ ტანკზე წითლად მონიშნულია სუსტად დაცული ადგილები. ასეთ ადგილებად მიჩნეულია ტანკის სავალი ნაწილის მუხლუხები და გორგოლაჭები; კოშკურის უკანა ნაწილის ნიშა, რომელშიც ტანკის ქვემეხის ჭურვები ინახება; კოშკურასა და კორპუსს შორის არსებული ღრიჭო; კორპუსის ბორტები და კიჩო. ამის გარდა, ინსტრუქცია ჯარისკაცებს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით ტანკის დამიზნების ხელსაწყოების მწყობრიდან გამოყვანას ურჩევს...“ - განაგრძობს გამოცემა.

„არტილერიის, შემდგომ კი ავიაციის შესაძლებლობების სწრაფმა განვითარებამ სამხედროები სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების ჯერ რკინაბეტონის სქელი კონსტრუქციებით დაცვა, შემდეგ კი მათი მიწის ქვეშ გადატანა აიძულა. მეორე მსოფლიო ომიდან მოყოლებული განსაკუთრებით დაცულ-გამაგრებული ნაგებობების გასანადგურებლად დაპირისპირებული მხარეები იძულებულები გახდნენ მძლავრ საავიაციო შეიარაღებაზე გადასულიყვნენ. გამონაკლისი ამ მხრივ არც რუსეთ-უკრაინის ომია. მართალია, ფრონტის ხაზის გასწვრივ, ისევე როგორც მის ტაქტიკურ სიღრმეში, მიწისქვეშა დამცავი ან სხვა ნაგებობები თითქმის არ გვხვდება (იშვიათი გამონაკლისია მსხვილი ქარხნების მიწისქვეშა საკომუნიკაციო გვირაბები, მაგალითად, ავდეევკის კოქსოქიმიური ქარხანა და მარიუპოლის მეტალურგიული კომბინატი „აზოვსტალი“), მძლავრი საავიაციო ბომბების გამოყენება აქაც გაგრძელდა. უკრაინელთა პოზიციებს რუსები მართვადი მოდულ УМПК-ით აღჭურვილ 1 500 კგ-იან ფუგასურ ბომბებს, ФАБ-1500-М54-ს ესვრიან. საბჭოთა, შემდგომ კი რუსულ საბრძოლო ავიაციაში 1.5 ტ-ის საავიაციო ბომბები საშუალო წონის ქვედა კატეგორიაში გადის. მის შემდეგ, კალიბრის მიხედვით, 3 ტ-ის ФАБ-3000-М54 (ინდექსი 54 შეიარაღებაში მიღების წელზე მიუთითებს) მოდის. ორიოდე თვის წინ რუსებმა ამ ტიპის ბომბების სერიული წარმოება განაახლეს“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით განსაკუთრებული სიმძლავრის ბომბები განსაკუთრებული მიზნებისთვის.

„3 და 5-ტონიანი ბომბების წარმოება სსრკ-ში მეორე მსოფლიო ომის დროს დაიწყეს. ФАБ-5000 (სიგრძე 5.2 მ, წონა 5.3-5.4 ტ, აქედან ფეთქებად ნივთიერებაზე 3.2 ტ მოდიოდა) ბრძოლაში პირველად 1943 წლის გაზაფხულზე, კენიგსბერგის სანაპირო დაცვის გამაგრებულ ობიექტებზე გამოიყენეს. ყველაზე მძიმე და მძლავრი არაბირთვული საავიაციო ბომბი საბჭოთა ბომბდამშენების არსენალში 9 ტ-ის ФАБ-9000-М54 იყო, რომელიც 4 300 კგ ტროტილს შეიცავდა და მაქსიმალური ეფექტისთვის 12-16 კმ სიმაღლიდან ჩამოგდებაზე იყო გათვლილი. შორი მოქმედების ავიაცია 3, 5 და 9-ტონიან ბომბებს ავღანეთის ომში ინტენსიურად იყენებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ნათელი გახდა, რომ „ტრადიციული“ 500-კგ-იანი ბომბების სიმძლავრე მოწინააღმდეგის გამაგრებული და კლდეში ნაკვეთი ობიექტების განადგურებისთვის არ კმაროდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ უმეტეს შემთხვევაში მოიერიშეებისა და გამანადგურებელ-ბომბდამშენების სასარგებლო დატვირთვა დამატებითი ავზების გამო მცირდებოდა, მძიმე ავიაციის საწვავის დიდი მარაგი, მოქმედების მანძილი და სასარგებლო დატვირთვა კი ბომბდამშენებს ავღანეთის მთელი ტერიტორიის თავზე მოქმედების სრულ თავისუფლებას აძლევდა“, - აღნიშNავს გამოცემა.

"ზებგერითი ბომბდამშენები Ту-22М2-ები და Ту-22М3-ები 1.5 და 3 ტ-ის ბომბებით თურქმენეთიდან დაფრინავდნენ. საბრძოლო დატვირთვის ტიპური ვარიანტი ორი ФАБ-3000 ან რვა ФАБ-1500 იყო, მძიმე ФАБ-5000-ებისა და ФАБ-9000-ების მატარებელი კი იმ დროისთვის საბჭოთა სამხედრო ავიაციაში მხოლოდ „პენსიონერი“ Ту-16 იყო. კონსტრუქციულად და მოქმედების პრინციპით 3.5 და 9-ტონიანი ნიმუშის ბომბები იდენტურია. სამივე კალიბრს ცხვირზე სპეციალური კუთხოვანი რგოლი აქვს, რომელიც დაცემისას ბომბის რიკოშეტს გამორიცხავს. 1954 წლის დროინდელ ФАБ-3000-М54-ის ნიმუშის ბომბს სიგრძე 3.3 მ აქვს და ამფეთქების გარეშე 3 067 კგ-ს იწონის. აქედან 1 387 კგ ფეთქებად ნივთიერებაზე მოდის. 5-ტონიანი ФАБ-5000-М54-ის ბომბის სიგრძე 3-ტონიანის იდენტურია, მაგრამ გაზრდილი დიამეტრის ხარჯზე წონა 5 247 კგ-ს აღწევს, საიდანაც ფეთქებად ნივთიერებაზე 2 210 კგ მოდის. ყველაზე დიდი და მძლავრი არაბირთვული ФАБ-9000-М54-ის სიგრძე 5 მ-ს აჭარბებს, წონა კი თითქმის 5 250 კგ-ია. აქედან დაახლოებით ნახევარზე მეტი 4 300 კგ ფეთქებადი ნივთიერებაა. ავღანეთში მძიმე ფუგასური ბომბების გამოყენებამ მოსალოდნელზე გაცილებით მოკრძალებული შედეგი მოიტან...“ - განაგრძობს გამოცემა.

„რუსეთის სახელისუფლებო ორგანოების საქმიანობაში განსაკუთრებული ადგილი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე გავლენის აღდგენა-შენარჩუნებას უკავია. სპეცსამსახურების საშუალებით ისინი სრულ ინფორმაციას ფლობენ ცალკეული ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო, რელიგიური, სოციალური, ეკოლოგიური და ა. შ. პრობლემების შესახებ, აანალიზებენ მას და კონკრეტულ გეგმებს ადგენენ. მათი მთავარი სამიზნე ის ყოფილი რესპუბლიკებია, რომლებიც ცდილობენ სსრკ-ის დაშლის შემდეგ რუსეთის იმპერიული `მზრუნველობისგან~ დისტანცირებული საგარეო და საშინაო პოლიტიკის გატარებას. რუსეთის დიქტატორ ვლადიმირ პუტინს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები, ჩვენ ბევრად უნდა გავაძლიეროთ საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობა იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობას ოდნავ მაინც ესმის რუსული ენაო. რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკები არ მალავენ, რომ რუსული ენის სტატუსის ასახვა მეზობელი ქვეყნების კონსტიტუციებში მათი უმთავრესი ამოცანაა. რუსული „რბილი ძალის“ მართვის ცენტრი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოქმედებს, საიდანაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსული გავლენის გასაძლიერებლად ცენტრალიზებულად ხდება ინფორმაციის მიღება და დავალებების განაწილებ“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით რუსეთის მოსალოდნელი პროვოკაციები საქართველოში.

„ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინმა შეძლო ადრე დაქსაქსულად მოქმედი „რბილი ძალის“ ელემენტების გაერთიანება და ის პირად კონტროლს დაუქვემდებარა. იმავდროულად, გაფართოვდა რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობა სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ „რუს თანამემამულეთა“ „მეხუთე კოლონად“ გადაქცევისთვის. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ პუტინთან შეთანხმების გარეშე არ იგეგმება „რბილი ძალის“ არც ერთი მნიშვნელოვანი ოპერაცია. შეტევას, როგორც წესი, ორი მიმართულება აქვს: პირველი ესაა ლეგალური სამთავრობო და ვითომ „არასამთავრობო“ ორგანიზაციები, რომლებიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ერთად შეთანხმებულად მოქმედებენ; მეორე მიმართულება რუსეთის სპეცსამსახურების ფარული სპეცოპერაციებია. მათი ამოცანებია: მჭიდრო კავშირების დამყარება ამ ქვეყნების პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებთან; მათგან ისეთების შერჩევა, ვინც დადებითად არის განწყობილი რუსეთის მიმართ და ა. შ. რუსული პოლიტიკის მომხრეებს აშკარა თუ ფარული პოლიტიკური, საინფორმაციო და ფინანსური მხარდაჭერა გარანტირებული აქვთ“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ძალზე ბევრი ფაქტის გახსენება შეიძლება, რუსეთის სპეცსამსახურებს საბჭოთა სპეცსამსახურების ისტორიული გამოცდილება მართლაც შთამბეჭდავი აქვთ - ბუდაპეშტი, პრაღა, თბილისი, ბაქო, ვილნიუსი, რიგა... აი, კა-გე-ბე/გე-ერ-უს სისხლიანი პროვოკაციების მცირე ჩამონათვალი. მაშინ კა-გე-ბეს თავმჯდომარის ივან სეროვის ბრძანებით, ბუდაპეშტში გამოგონილი გვარებით სხვადასხვა ეროვნების 20-ზე მეტი სუკ-ის თანამშრომელი ჩავიდა. ისინი ქალაქის ქუჩებში აკრავდნენ პროვოკაციულ პროკლამაციებს და თავს ესხმოდნენ საბჭოთა ჯარისკაცებს. ამით ცდილობდნენ გაემართლებინათ საბჭოთა სამხედრო ძალის ჩარევა მშვიდობიანი დემონსტრაციების დარბევაში. კა-გე-ბეს 30-ზე მეტი თანამშრომელი სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტებად ჩავიდა ჩეხოსლოვაკიის დედაქალაქ პრაღაშიც. ღამღამობით ისინი ქუჩებში პროვოკაციულ პლაკატებს, ლოზუნგებსა და პროკლამაციებს აკრავდნენ, სადაც კომუნისტების ფიზიკური განადგურებისკენ მოუწოდებდნენ პრაღელებს. კა-გე-ბე და გე-ერ-უ ამას არ სჯერდებოდა – ჩეხოსლოვაკიის მთელ ტერიტორიაზე მალავდნენ იარაღს და შემდეგ თავადვე `პოულობდნენ“. მეორე დღესვე საბჭოთა პრესაში იბეჭდებოდა სტატიები, რომლებიც ჩეხოსლოვაკიაში კონტრრევოლუციური ძალების გააქტიურებასა და მათ მიერ სამხედრო აჯანყების მომზადებაზე გაჰყვიროდნენ...“ - განაგრძობს გამოცემა.

„ომში მყოფი ქვეყანა თავისი არმიის არსენალში ახალი სახის შეიარაღების გამოჩენისთანავე შეეცდება მის საბრძოლო გამოყენებას და რაც შეიძლება წარმატებით... თავის დროზე ჩვენ გავაშუქეთ უკრაინის ფრონტზე ამერიკული „აბრამსებისა“ და რუსული Т-90М-ების შესაძლო სატანკო დუელების პერსპექტივა. მართალია, აშშ-მა დიდი ყოყმანის შემდეგ მართლაც გადასცა უკრაინულ მხარეს „აბრამსის“ ტიპის ძირითადი საბრძოლო ტანკები, მაგრამ მხოლოდ 31 ერთეული, რაც ზღვაში წვეთიც კი არ იყო და შესაბამისად, მათი სატანკო ორთაბრძოლა რუსულ Т-90М-ებთან, სავარაუდოდ, ვერც შედგა. ისე კი უკრაინამ გადაცემული 31 „აბრამსიდან“ ექვსი დაკარგა, რუსებს კი 79 ცალი Т-90М, ყველაზე თანამედროვე მოდიფიკაციის სერიული წარმოების რუსული ტანკი აუფეთქეს. ასევე ცალკე სტატია მივუძღვენით მოსალოდნელ „საჰაერო ორთაბრძოლას“ ამერიკული წარმოების F-16-ებსა და შედარებით თანამედროვე რუსულ Су-35-ებს შორის, რაც შეიძლება მალე მართლაც შედგეს. სტატიაში კი შევჩერდებით იმ „სარაკეტო ორთაბრძოლაზე“, რაც შეიძლება, „არსენალის“ ამ საიუბილეო ნომრის გამოსვლამდეც კი შედგეს...“ - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ომში ამერიკული და რუსული ბალისტიკური რაკეტების „ორთაბრძოლა“ იწყება...

„თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ აგრესორი რუსეთის განკარგულებაშია შეიარაღების ერთ-ერთი მძლავრი სახეობა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს უკრაინის სტრატეგიული მნიშვნელობის სამხედრო და სამოქალაქო ობიექტებს და რომელსაც უკრაინის დამცველებმა დღემდე ვერაფერი მოუხერხეს - ეს ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Искандер-М ტიპის მობილური სარაკეტო დანადგარებია. „ისკანდერმა“ საბრძოლო ნათლობა 2008 წლის აგვისტოს ომში მიიღო, როდესაც გორისა და ვაზიანის მიმართულებით ჩრდილოეთ ოსეთიდან ორი აერობალისტიკური რაკეტა გამოუშვეს, შემდეგ რუსების მიერ გადაცემული „ისკანდერები“ სომხებმა გაუშვეს აზერბაიჯანის ისტორიულ ქალაქ შუშასკენ 2020 წლის ყარაბაღის მეორე ომის დროს, ხოლო 2022 წლის თებერვლიდან ამ „ისკანდერებით“ რუსეთი ინტენსიურად ბომბავს უკრაინას. საქმე ის არის, „ისკანდერს“ თითქმის 500 კმ-ის სიშორიდან შეუძლია სარაკეტო შეტევა, რაც ძალზე ართულებს მის სასტარტო პოზიციაზე საპასუხო დარტყმას, რადგან ამ სიშორეზე მოქმედი ანალოგიური სარაკეტო სისტემები უკრაინას შეიარაღებაში არა აქვს“, - აღნიშნავს გამოცემა.

„მართალია, უკრაინელებმა შეძლეს საპასუხო შურისმაძიებელი საჰაერო დარტყმების მიყენება ბევრად შორს მდებარე იმ რუსული სამხედრო აეროდრომებისთვის, საიდანაც აფრენილი რუსული სტრატეგიული და შორი მოქმედების რაკეტმზიდ-ბომბდამშენი თვითმფრინავები ფრთოსან რაკეტებს უშვებდნენ უკრაინული ქალაქებისკენ, მაგრამ ერთია სტაციონარული რამდენიმეკილომეტრიანი აეროდრომისკენ კამიკაძე-დრონების გაშვება და მეორე იმ მობილური სარაკეტო დანადგარის მოძებნა-განადგურება, რომელიც რაკეტების გაშვებისთანავე ოპერატიულად იცვლის პოზიციას. რუსულ „ისკანდერებზე“ჯავრის ამოყრა თეორიულად, რა თქმა უნდა, შეუძლიათ იმ უკრაინულ სადაზვერვო-დივერსიულ ჯგუფებს, რომლებიც შეძლებდნენ „ისკანდერების“ ბატარეის სასტარტო პოზიციასთან მიახლოებას და FPV-დრონებით ზუსტი დარტყმის მიყენებას, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ ამ ომის 800-ზე მეტი დღე-ღამის განმავლობაში ეს არ მომხდარა, მიუთითებს, რომ რუსი სამხედროები კარგად იცავენ „ისკანდერის“ სარაკეტო დანადგარებს დივერსანტებისგან. მაგრამ შეძლებს კი რუსეთის გენშტაბი „ისკანდერების“ ასევე დაცვას, თუკი მათ მათივე კლასის ბალისტიკური რაკეტები დაემუქრებიან?...“ - განაგრძობს გამოცემა.

„ბოლო წლებია, რაც ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების აქტიურობამ მრავალმხრივი ფორმა შეიძინა. ირანული ხომალდები მონაწილეობენ საერთაშორისო სწავლებებსა და ხანგრძლივ საზღვაო ლაშქრობებში, სხვადასხვა ქვეყნის პორტებში შესვლით საზღვაო ძალის დემონსტრირებას ახდენენ და სხვ. მიმდინარე წლის 11-14 მარტს ომანის ყურეში გაიმართა მე-7 ირან-რუსეთ-ჩინეთის ერთობლივი სამხედრო-საზღვაო სწავლება Maritime Security Belt-2024 რუსეთის 2, ჩინეთის 3 და ირანის საზღვაო ძალებისა და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის 7 ხომალდის მონაწილეობით. ფრეგატმა Dena-მ უზრუნველყოფის ხომალდ Makran-ის თანხლებით ირანის სამხედრო ფლოტის ისტორიაში პირველებმა შემოუარეს დედამიწას. ცურვა 2022 წლის 20 სექტემბერს დაიწყო და 2023 წლის 15 მაისს ომანის პორტ სალალაში დასრულდა. 2021 წლის 10 მაისს ფრეგატი Sahand-ი და უზრუნველყოფის ხომალდი Makran-ი პირველად გავიდნენ ატლანტის ოკეანეში კეთილი იმედის კონცხის შემოვლით და 25 ივლისს სანქტ-პეტერბურგში ჩატარებულ სამხედრო-საზღვაო აღლუმში მიიღეს მონაწილეობა“, - წერს ჟურნალი „ არსენალი“ სტატიაში, სათაურით ირანის ფლოტი მსოფლიო ოკეანეს იპყრობს.

„საინტერესოა ერთი გარემოება - 2000-იანი წლების დასაწყისისთვის ირანის ფლოტი რუსეთში, ბრიტანეთში, აშშ-ში, საფრანგეთში, ჩინეთში, ჩრდილო კორეასა და სხვა ქვეყნებში აგებული საბრძოლო ხომალდების, დამხმარე გემებისა და კატარღებისგან შედგებოდა. საკუთარი გემთსაშენი წარმოება მხოლოდ მცირეტონაჟის კატარღების აგებით ამოიწურებოდა. ამჟამად ქვეყნის გემთსაშენები მინიწყალქვეშა ნავებიდან ფრეგატების ჩათვლით ყველა კლასის საბრძოლო ხომალდს აგებენ, ხოლო აღჭურვაში დასავლური ენერგეტიკული დანადგარების, საარტილერიო-სარაკეტო შეიარაღების, რადიოსანავიგაციო და კავშირის საშუალებათა ირანულ ანალოგებს იყენებენ. ფრეგატზე უფრო მაღალი კლასის ხომალდთა სამშენებლო ბაზის უქონლობის გამო საზღვაო ძალის შესაძლებლობათა გასაზრდელად ირანმა გამოსავალი სამოქალაქო გემების სამხედრო დანიშნულებით გადაკეთებით გამონახა. 2021 წლის 12 იანვარს ირანის სამხედრო-საზღვაო ძალებს 121 ათასი ტ წყალწყვის ტანკერიდან გადაკეთებული შვეულმფრენმზიდი Makran-ი დაემატა. ხომალდის დანიშნულებაა საზღვაო ოპერაციებში ფლოტის უზრუნველყოფა სანაპირო წყლებსა და მის ფარგლებს გარეთ, სპეციალურ ოპერაციებში სწრაფსვლიანი კატარღების ტრანსპორტირება, საზღვაო ნაღმების დაყენება და სხვ.“ - აღნუშნავს გამოცემა.

„Makran -ის ბორტზე მოწყობილი საშვეულმფრენო მოედანი 6-7 შვეულმფრენის ან უპილოტო საფრენ აპარატების გამოყენებაზეა გათვლილი. გემბანზე შესაძლებელია სხვადასხვა საარტილერიო-სარაკეტო შეიარაღების დადგმა. ხომალდს საჰაერო მიზნებთან ბრძოლის საშუალებები არა აქვს და მისი დაცვა მთლიანად თანმხლებ საბრძოლო ხომალდებზეა დამოკიდებული. ანალოგიური მოდერნიზაცია გაიარა 12 ათასი ტ წყალწყვის ყოფილმა კონტეინერმზიდმა, რომელიც Shahid Roudaki-ს სახელს ატარებს და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსში მრავალმხრივი გამოყენების ხომალდად ირიცხება. Shahid Roudaki -ს მიღების ცერემონიალის დროს მის ბორტზე იყო Bell 412 ტიპის შვეულმფრენი, 6 უპილოტო, კვადროკოპტერები და 8 ხომალდსაწინააღმდეგო ფრთოსანი რაკეტა. ზოგიერთმა საინფორმაციო საშუალებამ Shahid Roudaki „ავიამზიდების“ კლასს მიაკუთვნა, თუმცა ხომალდს ავიამზიდებისთვის საჭირო არც ასაფრენ-დასაშვები ზოლები და არც თავად ირანს სათანადო საავიაციო ტექნიკა არა აქვს...“ - განაგრძობს გამოცემა.

„უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან შვიდი თვის შემდეგ უკრაინის კიდევ ოთხი რეგიონი – ხერსონი, ზაპოროჟიე, ლუგანსკი და დონეცკი მოსკოვმა ანექსირებულად გამოაცხადა და აღნიშნა, რომ პრიორიტეტი მათი გათავისუფლებაა, თუმცა დღემდე სრულად ვერც ერთი ოლქის გაკონტროლება ვერ შეძლო. სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალთან“ ზაპოროჟიელი ელენა მასკოლენკო ამბობს, რომ მან თავის გოგონასთან ერთად უდიდესი რისკის ფასად დატოვა ქალაქი. იქ დარჩენილი ნათესავები და ახლობლები უყვებიან, რომ ყოველდღიურად სარაკეტო, საარტილერიო იერიშებსა და დრონების თავდასხმებში უწევთ ცხოვრება“, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ცხოვრება რუსული დაბომბვების ქვეშ / „ზაპოროჟიე განუწყვეტლივ იბომბებოდა, სამი თვე სარდაფში გავატარეთ“.

„როგორც კი ომი დაიწყო, მეუღლემ, რომელიც თავად შშმ პირია, მოხუცი დედა პოლონეთისკენ წაიყვანა. რამდენიმე საათში კი ისეთი მასირებული დაბომბვა დაიწყო, მასთან კავშირი დაიკარგა. არ ვიცოდით, ცოცხლები იყვნენ თუ დაბომბვას შეეწირნენ. შემდეგ შუქი გაითიშა და რომ დაერეკათ, მაინც ვერაფერს გავიგებდით, რადგან რუსულ ჭურვებს მოუწესრიგებელ, წყლითა და ნაგვით სავსე სარდაფში რამდენიმე ათეულ ადამიანთან ერთად ვემალებოდით. მხოლოდ მეორე დღის 12 საათისთვის ცოტა ხნით ჩამოწვა სიჩუმე, რუსებმა პაუზა აიღეს და ტელეფონიც დავმუხტე... შემოსულ ზარებს შორის ჩემი მეუღლის ნომერი ვერ ვნახე და კანკალმა ამიტანა. ჩემი გოგონა შეშინებული მეკითხებოდა, მამიკოსა და ბებოზე რა ისმისო. ვეუბნებოდი, რომ არც მამას ექნებოდა ტელეფონის დატენის შესაძლებლობა და, ალბათ, იმიტომ ვერ დარეკა-მეთქი. იმ დღეს პირველად გაიგო, რომ ჩვენი ქვედა მეზობელი ახალგაზრდა ომში დაიღუპა და 10 წლის გოგონამ ომის სისასტიკე მთელი არსებით გააცნობიერა... ომი ძალიან მალე თუ არ დასრულდება, ალბათ, დაგვხოცავენო, დიდი ადამიანივით მითხრა. ვლადი და ჩემი ქმარი ფეხბურთს სულ ერთად უყურებდნენ, სხვადასხვა გუნდის ქომაგები იყვნენ, ბევრს კამათობდნენ, ზოგჯერ ყვირილითაც კი, მაგრამ მაინც მეგობრობდნენ. ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. დედა, დეიდა და საცოლე დარჩა“, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ელენა მასკოლენკო.

„მთელი სამი დღე გვესმოდა, როგორ ყმუოდა მისი გაზრდილი გერმანული ნაგაზი მათ ავტოფარეხში. ვერაფრით დავაწყნარეთ. ჯერ არ ვიცოდით, რომ მოკლული იყო, მაგრამ ცხოველის საზარელი ტირილი გვესმოდა და გული ცუდს გვიგრძნობდა. მისი ოჯახის ქალები ბომბსაფრებში ჩვენთან ერთად იყვნენ და გვთხოდნენ, გველოცა ვლადისთვის. უმძიმესი მდგომარეობა იყო, ყველა ერთმანეთის ოჯახის წევრისთვის, ახლობლისთვის ვლოცულობდით... მესამე დღეს ჩემი მეუღლის მეგობარი დამიკავშირდა, ეს წუთია პოლონეთის საზღვრიდან დამირეკეს, ცოცხლები არიან და არ ინერვიულოო. თუმცა, ვიდრე მეუღლის ხმა არ გავიგონე, ვერ დავიჯერე. ვთხოვე, შენთვის აქ ყოფნა არ შეიძლება, ჯანმრთელობა არ გიწყობს ხელს, მანდ დარჩი-მეთქი, მაგრამ არ დამიჯერა, ვერ დაგტოვებთო. დიდი წვალებით ჩამოაღწია ჩვენთან. მწარედ ხუმრობდა, ყველა გარბოდა, მე კი უკან რომ ვბრუნდებოდი, ყველას უკვირდაო. შემდეგ სახლის დატოვება მოგვიხდა, რუსული არტილერია საცხოვრებელ კორპუსებს უტევდა და იქ აღარ დაგვედგომებოდა...“, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ტყვიამფრქვევი პირველი მსოფლიოს ომის აღმოჩენა გახდა, რომელმაც საერთოდ შეცვალა საბრძოლო ტაქტიკა ბრძოლის ველზე, როგორც თავდაცვით, ისე შეტევით ოპერაციებში... მას შემდეგ საუკუნეზე მეტია, ტყვიამფრქვევი, როგორც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის კონკრეტული სახეობა, მუდმივად იხვეწება და უმჯობესდება, აკლდება წონა, ეზრდება სროლის ეფექტური მანძილი. საერთოდ ტყვიამფრქვევები შემდეგ კლასებად იყოფა: ხელის (რომელსაც ერთი მებრძოლი იყენებს და ის ჩვეულებრივი ავტომატისგან/ავტომატური საიერიშო შაშხანისგან მხოლოდ უფრო გრძელი და მსხვილი ლულითა და უფრო მეტი ტევადობის სავაზნე მჭიდებით გამოირჩევა); ერთიანი (რომლის საბრძოლო გამოყენება შეიძლება გასაშლელი საყრდენი ფეხებით ან სპეციალურ დაზგაზე დამაგრებით, მათ შორის ჯავშანტექნიკაზე, საზღვაო კატარღებსა თუ შვეულმფრენებზე დასაყენებლად) და მსხვილკალიბრიანი (ის, ძირითადად, განკუთვნილია როგორც საჰაერო, ისე დაუჯავშნავი ან მცირედ დაჯავშნული სახმელეთო და საზღვაო სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად”, - წერს ჟურნალი „არსენალი“ სტატიაში, სათაურით ერთიანსა და მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებს შორის... / ახალი სიტყვა ტყვიამფრქვევებში - REAPR-338 იწონის ნაკლებს, ისვრის შორს...

„შესაბამისი კლასიდან გამომდინარე, განსხვავებულია ამ ტყვიამფრქვევების მასები და სროლის ეფექტური მანძილი, რაც მეტადაა დამოკიდებული კონკრეტულ ტყვიამფრქვევში გამოყენებული ვაზნის კალიბრზე, სროლის საწყის ენერგიასა და სიჩქარეზე. ამიტომაც იარაღის კონსტრუქტორები მუდმივად ცდილობენ ტყვიამფრქვევებს დააკლონ მასა და გაუზარდონ სროლის სიშორე, რაც გარკვეულწილად შლის განსხვავებას ტყვიამფრქვევების კლასებს შორის. სწორედ ასეთი სამუშაო ჩაატარა ამერიკულმა საიარაღო კომპანია Ohio Ordnance Works-მა და 2024 წლის დასაწყისში კრიტიკოსების სამსჯავროზე წარადგინა ახალი ტყვიამფრქვევი REAPR-338, რომელსაც ვერც ერთიანს უწოდებ და ვერც მსხვილკალიბრიანს, რადგან ერთიანი ტყვიამფრქვევი (ისევე როგორც 7.62 მმ კალიბრიანი ამერიკული M240 თუ საბჭოთა ПКМ) იმავე წონისაა, მაგრამ ისვრის როგორც მსხვილკალიბრიანი (12. მმ-იანი ამერიკული Browning M2HB-ისა და საბჭოთა ДШКМ-ის დარად). ეს კი მიიღწევა ახალ ტყვიამფრქვევში. 338 Norma Magnum (8.6х63 მმ) ტიპის მძლავრი ვაზნების გამოყენებით“, - აღნიშნავს გამოცემა.

„ეს ვაზნა კარგადაა ცნობილი. 338 Lapua Magnum-ის ვაზნის ბაზაზე 2009 წელს შექმნა შვედურმა საიარაღო კომპანია Norma-მ ვაზნის ჰილზის დამოკლების, უფრო გრძელი და მძიმე ტყვიებით ჩანაცვლებით: 338 Norma Magnum-ის 19.4 გ მასის ტყვიის საწყისი სიჩქარე ლულის დატოვების მომენტში 808 მ/წმ-ს შეადგენს, ხოლო საწყისი ენერგია კი 6 330 ჯოულს უტოლდება. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის სპეციალური ოპერაციების სარდლობის (USSOCOM) სნაიპერების საბრძოლო საჭურველში უკვე შედის. 338 Norma Magnum (8.6х63 მმ) ტიპის ვაზნები М1162 სახელწოდებით, რომლებიც გამოიყენება “ბარეტის” ფირმის შედარებით ახალ MK 22 MOD 0 ASR-ის (Advanced Sni­per Rifle) სნაიპერულ შაშხანებში. თუმცა ამ ვაზნების რკინისგულიანი ტყვიები სნაიპერული სროლის დროს მაღალი სიზუსტით გამოირჩევა და შესაბამისად, ძვირიც ღირს, რაც არარენტაბელურს ხდის მათ ინტენსიურ სროლას ტყვიამფრქვევებით, შესაბამისად, ახალი REAPR-338-ისთვის, ალბათ, უფრო იაფფასიან ვაზნებს დაამზადებენ”, - განაგრძობს გამოცემა.

"REAPR-338-ში გამოყენებულია ნახევრად თავისუფალი საკეტის გადაადგილებაზე დაფუძნებული ავტომატიკა, რომელსაც გორგოლაჭებით ჩაკეტვის მექანიზმი აქვს, ისევე როგორც გერმანულ „ჰეკლერ-კოხის“ ერთიან ტყვიამფრქვევ НК 21-ს. ამერიკულ ტყვიამფრქვევში გამოყენებულია ორი უკან დამაბრუნებელი ზამბარა, სროლა ხდება ღია საკეტის მდგომარეობიდან, ხოლო დამცემ-დამშვები მექანიზმი სათითაო და ავტომატური ჯერით გასროლებს უზრუნველყოფს. შესაძლებელია ლულის სათადარიგოთი ჩანაცვლებაც. REAPR-338 სამ ძირითად ნაწილად იშლება და სპეციალურ ზურგჩანთაში თავსდება, რაც მებრძოლს ტრანსპორტირებას ძალზე უადვილებს. ტყვიამფრქვევზე დაყენებულია „პიკატინის“ მიმმართველები, რაც ოპტიკური სამიზნის, ტაქტიკური ფარნის, ლაზერმომნიშვნელის და სხვა საიარაღო აქსესუარების დაყენების საშუალებას იძლევა. ტყვიამფქრვევის ლულის ბოლოზე მაგრდება მაყუჩი - ცეცხლის ალის ჩამქრობი, რაც ამცირებს სროლის დემასკირების ფაქტორებს. ტყვიამფრქვევი მაგრდება როგორც გასაშლელ ფეხებზე, ისე სპეციალურ დაზგაზე ან სულაც საბრძოლო ტექნიკაზეც“, - დასძენს გამოცემა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო