„მახარებს, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებ, მართლაც ფასდება“ - გაიცანით „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი ანნა ჭიღლაძე

აქტიური და კომუნიკაბელური, სტუდენტი და ამავდროულად, მასწავლებელი, მომავალი კვების ტექნოლოგი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვება და მის მნიშვნელობას კარგად აცნობიერებს - ეს ანნა ჭიღლაძეა, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტი. ანნა ერთ-ერთია იმ სტუდენტთაგან, რომლებიც მიმდინარე წელს „ნიკორა ჯგუფის“ სახელობითი სტიპენდიატები გახდნენ. საქართველოში, კვების პროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მწარმოებელი „ნიკორა ჯგუფი“ სტიპენდიას ყოველთვიურად აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიების წარმატებულ სტუდენტებს გადასცემს. სტიპენდიატების შერჩევა ყოველ სემესტრულად ხდება.

„მე ვარ ანნა - სტუდენტი აგრარულ უნივერსიტეტში და მომავალი კვების ტექნოლოგი. ამჟამად კი ვარ მასწავლებელი და უფროსი მეგობარი სკოლის მოსწავლეებისთვის, რომლებსაც ვასწავლი მათემატიკას, ფიზიკას, ქიმიასა და რუსულს. მიყვარს მათთან საუბარი და მათი სახეები, როდესაც ახალ საინტერესო თემას იგებენ. ვარ აქტიური ექსტრავერტი, რომელსაც არ უყვარს ერთ ადგილას გაჩერება და მოსწონს ხალხთან კომუნიკაცია. სწორედ ასეთი წარმომიდგენია ჩემი მომავალი: დასაქმებული კვების ინდუსტრიაში, ბევრ საინტერესო ადამიანთან ერთად მომუშავე, აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესით,“ - ასე გვეცნობა ანნა, რომელსაც სტუდენტური ცხოვრებისა და ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ვესაუბრეთ.

რატომ და როგორ შეარჩიეთ უნივერსიტეტი და სასწავლო პროგრამა, სადაც ისწავლიდით?

სიმართლე ვთქვა, ყოველთვის ვიცოდი, რა მიმართულებით მინდოდა სწავლის გაგრძელება და აგრარული უნივერსიტეტი საუკეთესო ალტერნატივა იყო. ჩემმა სკოლამ მეცხრე კლასიდან საშუალება მომცა, რომ ეროვნულ ოლიმპიადებზე მიმეღო მონაწილეობა, სწორედ ამ პერიოდში განსაკუთრებულად შემიყვარდა საბუნებისმეტყველო საგნები, განსაკუთრებით, ქიმია. დროთა განმავლობაში, რაც უფრო ვუღრმავდებოდი ამ საგანს, ვხვდებოდი, რომ სამომავლო პროფესიის დაკავშირება სწორედ საბუნებისმეტყველო მიმართულებასთან მინდოდა. ვეძებდი ისეთ პროფესიას, რომელიც იქნებოდა ჩემთვის საინტერესო და ამავდროულად, საჭირო დღევანდელ რეალობაში. ვთვლი, რომ სასურსათო ტექნოლოგიების პროგრამა დამეხმარება, ჩემი პოტენციალის მაქსიმუმი გამოვავლინო და საჭირო საქმე ვაკეთო.

რამდენად კმაყოფილი ხართ თქვენი გადაწყვეტილებით?

ეს პროგრამა იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა. მომწონს, რომ საშუალება მაქვს გავეცნო ამ სფეროსთან დაკავშირებულ ყველა მიმართულებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყვეტილება, თუ რა დარგში მინდა მუშაობის გაგრძელება. დავინტერესდი ყველაფრით, იქნება ეს ლაბორატორიული მუშაობა, სურსათის უვნებლობის საკითხი თუ სურსათის წარმოების ტექნოლოგიური მხარე. მოუთმენლად ველი იმ შანსს, რომ ჩემი შესაძლებლობები პრაქტიკაშიც გამოვიყენო.

თქვენთვის, როგორც კვების ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტისთვის, რა არის მთავარი მოტივაცია, რომ ისწავლოთ?

პირველ რიგში, მოტივაციას მაძლევს იმაზე ფიქრი, თუ რა პერსპექტივები არსებობს ამ სფეროში და თუ კარგად ავითვისებ საჭირო ცოდნას, სამომავლოდ ავიწყობ ისეთ კარიერას, როგორიც მსურს. გარდა ამისა, მახარებს ისიც, რომ ის შრომა, რომელსაც სწავლაში ვდებთ, მართლაც ფასდება. ახლაც კარგად მახსოვს ის სასიხარულო მომენტი, როდესაც დამირეკეს და გავიგე, რომ „ნიკორა ჯგუფის“ სტიპენდიატი გავხდი. გარდა იმისა, რომ ეს სტუდენტებს მოტივაციას გვიქმნის, გვაგრძნობინებს, რომ მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ. ამ ფაქტმა დამმუხტა იმისთვის, რომ სამომავლოდ უფრო მეტი და მეტი ვაკეთო. სტუდენტების წახალისება, ასევე ემსახურება კვების ტექნოლოგიის პროფესიის პოპულარიზაციას და სფეროს განვითარებას. ზოგადად და განსაკუთრებით, ჩვენს სფეროში, ძალიან დასაფასებელია ასეთი ტიპის მხარდაჭერა. ვფიქრობ, ეს არის პასუხისმგებლიანი ბიზნესის მიდგომა, რომელიც თავის მოვალეობად მიიჩნევს დაეხმაროს იმ ინდუსტრიას, რომელსაც წარმოადგენს.

კვების ინდუსტრია დიდ კავშირშია ჯანსაღი ცხოვრების წესთან. როგორც ვიცით, თავად თქვენ დიდ ყურადღებასა და დროს უთმობთ ჯანსაღი ცხოვრების წესს. მოგვიყევით რა წესებს იცავთ

მიყვარს, როდესაც დღის განრიგს მივყვები. ვთვლი, რომ ამ დროს ყველაზე პროდუქტიული ვარ. აუცილებელ წესებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია დარბაზში ვარჯიში, დილით 8-ის ნახევარზე, უნივერსიტეტში წასვლამდე. ჩემს პრინციპებში ასევე შედის 8-საათიანი ძილი. ვცდილობ, ერთსა და იმავე დროს დავიძინო. დღის განმავლობაში საჭიროა წყლის დონის კონტროლი. შესაბამისად, სულ ვითვლი წყლის საჭირო რაოდენობას, რაც უნდა მივიღო. პარალელურად, ვცდილობ ყოველდღიურად დროის ერთ მონაკვეთში მივიღო საკვები, თუმცა სიურპრიზებით აღსავსე რეალობაში ეს არც ისე მარტივია, მითუმეტეს, როდესაც დღის უდიდეს ნაწილს ან უნივერსიტეტში და ან მოსწავლეებთან ვატარებ.

თქვენი აზრით რამდენად დიდ კავშირშია ჯანსაღი ცხოვრების წესი ადამიანის წარმატებასთან, მის მიზნებსა და მისწრაფებებთან?

მათ შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულებაა. თუ ადამიანი მიჰყვება ჯანსაღი ცხოვრების წესს და გაწერილი აქვს დღის განრიგი, მისთვის მარტივი ხდება დისციპლინირებული მუშაობა. გარდა ამისა, ეს კმაყოფილების შეგრძნებასაც იწვევს, რაც დამატებითი მოტივაციაა. საბოლოოდ, ვიღებთ დისციპლინირებულ და მოტივირებულ პიროვნებას, რომელიც პროდუქტიულად იმუშავებს მოცემულ საკითხზე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო