პარლამენტის ბიუროს ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი დღეს წარედგინება

პარლამენტის ბიუროს, დღევანდელ სხდომაზე, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტი წარედგინება.

საკანონმდებლო პაკეტი 19 კანონპროექტისგან შედგება. მათგან ძირითადია პროექტი სახელწოდებით - “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“, დანარჩენი 18 კი, მისგან გამომდინარე პროექტია.

საკანონმდებლო პაკეტის ავტორი და ინიციატორები არიან პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი და უმრავლესობის წევრები: - მამუკა მდინარაძე, ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და სოზარ სუბარი.

უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტის ინიცირების მიზანი ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის მექანიზმების გაძლიერებაა.

საკანონმდებლო პაკეტი მთელი რიგი აკრძალვებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტით შემდეგი საკითხები განისაზღვრება: -

დაუშვებელი ხდება ქორწინების ალტერნატიული კავშირის ან ოჯახის შექმნის მიზნით ისეთი კავშირის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით ქორწინებისთვის დადგენილ პირობას ეწინააღმდეგება. საზღვარგარეთ რეგისტრირებულ და აღიარებულ ასეთ კავშირს საქართველოში იურიდიული ძალა არ ექნება.

კანონპრიექტით დაუშვებელია იმ ადამიანთა შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის რეგისტრირება ან სამართლებრივი აქტით აღიარება, რომელთაგან ერთი მაინც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. პროექტის მიხედვით, საზღვარგარეთ აღიარებულ ან რეგისტრირებულ ასეთ ურთიერთობას საქართველოში იურიდიული ძალა არ აქვს.

კანონპროექტის გათვალისწინებით, დაუშვებელია იმ ადამიანის მიერ არასრულწლოვანის შვილად აყვანა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება. ასევე, დაუშვებელია იმ ადამიანისთვის არასრულწლოვანის მინდობით აღსაზრდელად გადაცემა, რომელიც თავს თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებულ სქესს მიაკუთვნებს ან მისი სექსუალური ორიენტაცია ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას არ განეკუთვნება.

ადამიანის თავისი ბიოლოგიურის სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების მიზნით ქირურგიული ოპერაციის სხვისთვის ჩატარება ან სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციის სხვის მიმართ გამოყენება დაუშვებელი ხდება.

კანონპროექტში ასევე ვკითხულობთ, რომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში ან სახელმწიფოს მიერ გაცემულ სხვა დოკუმენტში ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესის მითითება დაუშვებელია.

დაუშვებელია ადრეული აღზრდის, სკოლამდელი აღზრდის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების/კოლეჯის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა ან აღნიშნული დაწესებულების თანამშრომლის მიერ დაწესებულების საქმიანობის ფარგლებში და იმავე დაწესებულების ტერიტორიაზე ისეთი ინფორმაციის გავრცელება ან გავრცელების ხელშეწყობა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

აკრძალვა მაუწყებლებსაც შეეხებათ. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის ეთერით ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ. ეს აკრძალვა შემოქმედებითი ნაწარმოების მაუწყებლის ეთერში განთავსების შემთხვევაზე მხოლოდ იმ ფარგლებში მოქმედებს, რომ არ იქნეს დაშვებული ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ინტიმური ურთიერთობის ან ინცესტის ამსახველი სცენის მაუწყებლის ეთერით გავრცელება. აღნიშნული აკრძალვის დარღვევა მაუწყებელს არ შეერაცხება, თუ ის შესაბამისი ინფორმაციის გავრცელებაზე ფაქტობრივ კონტროლს არ ახორციელებდა.

ამავე პროექტის მიხედვით, დაუშვებელია არასრულწლოვანისთვის მასთან პირდაპირი კომუნიკაციის განხორციელების გზით ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) მიწოდება (გაზიარება) ან ისეთი ინფორმაციის (მათ შორის, ისეთი შემოქმედებითი ნაწარმოების) ხელმისაწვდომობის შესაძლებლობის შექმნა, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

პროექტით, დაუშვებელია ისეთი რეკლამის გავრცელება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

აკრძალვა შეკრება-მანიფესტაციის ჩატარებასაც შეეხება. კერძოდ, დაუშვებელი იქნება საჯაროდ ისეთი შეკრება ან მანიფესტაციის ჩატარება, რომელიც მიმართულია ადამიანის თავისი ბიოლოგიური სქესისგან განსხვავებული სქესისთვის მიკუთვნების, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობის ან ინცესტის პოპულარიზაციისკენ.

ამავე პროექტის მიხედვით, გაბათილდება შრომითი ურთიერთობის ფარგლებში დაკისრებული ისეთი ვალდებულება, შრომითი ურთიერთობის ფარგლებში გაცემული ისეთი მითითება ან დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის დადებული ისეთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ ან მისი უგულებელყოფის წახალისებისკენ.

უმრავლესობის საკანონმდებლო პაკეტი ყველა ზემოთ აღნიშნული მოთხოვნის დარღვევაზე ადმინისტრაციული და სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას ითვალისწინებს.

“ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონპროექტით 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ ცხადდება და ის უქმე დღე იქნება.

როგორც მმართველი უმრავლესობა განმარტავს, საზღვარგარეთის მთელ რიგ სახელმწიფოებში დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული და დანერგილია ისეთი იდეოლოგია, რომელიც ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებულ ოჯახურ ღირებულებებს აშკარად და მიზანმიმართულად ეწინააღმდეგება. მათივე განცხადებით, ამის შედეგია, მათ შორის ის გარემოება, რომ აღნიშნულ სახელმწიფოებში ამჟამად ისეთი კანონმდებლობა მოქმედებს, რომელიც აღიარებს, უშვებს, ბუნებრივად მიიჩნევს და ახალისებს ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანების ქორწინებას, მათ მიერ ოჯახის შექმნის მიზნით სხვა მსგავსი კავშირების რეგისტრირებას, მათ მიერ ბავშვის შვილად აყვანას, სქესის შეცვლის მიზნით სამედიცინო მანიპულაციების გამოყენებას, ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის ადამიანებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატულ ურთიერთობებს, ამგვარი ურთიერთობების ამსახველი საკითხების საბავშვო ბაღებსა და სკოლებში არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების უგულებელყოფით სწავლებასა და პოპულარიზაციას, სხვა მსგავს მიდგომებსა და მეთოდებს.

“ამ იდეოლოგიის გავრცელებასა და დანერგვას ხელს უწყობს სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტიც. აღნიშნულზე მეტყველებს აგრეთვე სხვადასხვა კვლევის შედეგად წარმოებული სტატისტიკა: მაგალითად, 2023 წელს Ipsos-ის მიერ 30 ქვეყანაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მოსახლეობის 9% თავს LGBT+ თემს მიაკუთვნებს, რომლის საგულისხმო ნაწილიც არასრულწლოვანია. Gallup-ის კვლევის მიხედვით, აშშ-ის მოსახლეობის იმ ნაწილის რაოდენობა, რომელიც თავს LGBTQ+ თემს მიაკუთვნებს, 2012 წლიდან 2023 წლამდე გაორმაგდა.

ყოველივე ამის შედეგია სწორედ ის, რომ, მაგალითად, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს ბოლო დროს მოუწია, საგანგებოდ ყურადღება გაემახვილებინა და განეცხადებინა შემდეგი: “საკამათო არ უნდა იყოს მშობლებისთვის იმის ცოდნა, რას ასწავლიან სკოლაში მათ შვილებს ურთიერთობების შესახებ. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რას გულისხმობენ საავადმყოფოები, როდესაც ისინი მამაკაცსა თუ ქალზე საუბრობენ. ჩვენ არ უნდა დაგვამუნათონ და არ უნდა დაგვაჯერონ, რომ ადამიანს შეუძლია იყოს ნებისმიერი სქესის წარმომადგენელი, რომელსაც ის მოისურვებს. მას ეს არ შეუძლია. მამაკაცი არის მამაკაცი და ქალი არის ქალი − ეს უბრალოდ საღი აზრია.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი მის მიერ თავისი თანამშრომლებისთვის მიცემული სახელმძღვანელო წესების ერთ-ერთ ბოლოდროინდელ დოკუმენტში სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს უთითებს, რომ მოერიდონ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორებიც არის: „ბიჭებო“, „ქალბატონებო და ბატონებო“, „დედა/მამა“, „ვაჟი/ქალიშვილი“, „ქმარი/ცოლი“, ხოლო ამ სიტყვების ნაცვლად გამოიყენონ გენდერულად ნეიტრალური შემდეგი სიტყვები: „ყველა“, „ხალხო“, „თქვენ ყველა“, „მშობელი“, „შვილი“, „მეუღლე“, „პარტნიორი“.

აღნიშნულ უარყოფით პროცესებს საზღვარგარეთ დღეს ინტენსიური და მზარდი ხასიათი აქვს. ამ პროცესების მხარდაჭერა და ზემოაღნიშნული იდეოლოგიის პროპაგანდა ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებების აშკარა და მიზანმიმართული უგულებელყოფის ხარჯზე ბოლო წლებში საქართველოშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. შესაბამისად, აუცილებელია აღნიშნული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერება, რასაც ემსახურება სწორედ წარმოდგენილი კანონპროექტი“, - წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ლევან ლორთქიფანიძე - ივანიშვილის ერთპიროვნული, შეუზღუდავი მმართველობის პირობებში კატასტროფა გარდაუვალია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით