საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა ჟურნალ FIIB Business Review-ის ყველაზე გავლენიანი სტატიის ჯილდო მიიღო

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორმა და პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარმა ნინო ადამაშვილმა, თანაავტორებთან ერთად, ნაშრომში - „მომხმარებელთა მზადყოფნა, გადაიხადონ მოკლე მიწოდების ჯაჭვებში ელექტრომანქანებით ტრანსპორტირებულ აგროსასურსათო პროდუქტებში“, ჟურნალ FIIB Business Review-ის ყველაზე გავლენიანი სტატიის ჯილდო მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კვლევა მიზნად ისახავს, დაადგინოს ის ფაქტორები, რომლებიც მყიდველთა ქცევაზე ახდენს გავლენას და ამისთვის იყენებს ონლაინგამოკითხვის მეთოდსა და ტობით (Tobit) რეგრესიის მოდელს შედეგების ანალიზისთვის. კვლევაში გამოავლინა სამი ძირითადი ფაქტორი, რაც განაპირობებს მომხმარებელთა ქცევას. ესენია: მომხმარებელთა დამოკიდებულება გარემოსდაცვითი საკითხების მიმართ; ცოდნა და შესაძლებლობა, რომ ჩაერთონ პასუხისმგებლობით შესყიდვებში; მეგობრებისა და ნათესავების დადებითი ქცევა (სოციალური ნორმები).

როგორც ნინო ადამაშვილი აცხადებს, ნაშრომი სწავლობს მომხმარებლების მზადყოფნას, გადაიხადონ შედარებით მაღალი ფასი მდგრადი განვითარების ნორმების მაქსიმალური დაცვით მიწოდებულ აგროსასურსათო პროდუქტებში. ნაშრომში მაგალითად მოყვანილია სიცილიური ფორთოხალი, რომელიც მიეწოდება მოკლე მიწოდების ჯაჭვით ადგილობრივ ბაზრებზე და ტრანსპორტირებისთვის გამოყენებულია ელექტრომობილები, რაც ნიშნავს, რომ მიწოდების პროცესში მინიმუმამდეა შემცირებული გარემოსთვის მავნე გამონაბოლქვი.

„ნებისმიერი ჯილდო სასიხარულოა, რადგან ნიშნავს, რომ იმ გარკვეულ კატეგორიაში შენი ნაშრომი საუკეთესო აღმოჩნდა მაგრამ ამ დონის საერთაშორისო ჟურნალისგან ყველაზე გავლენიანი სტატიის ჯილდოს მიღება საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევაა. ისევე, როგორც ყველა მკვლევარი, მეც ვცდილობ, პირველ ყოვლისა, საზოგადოებას და ჩემს უნივერსიტეტს ვემსახურო. შევიტანო წვლილი მეცნიერების განვითარებაში, რომელიც ისევ საზოგადოებისთვის იქნება სასარგებლო და არ დარჩება მხოლოდ ფურცლებზე ბუნდოვანი თეორიების სახით. ეს ჯილდო სწორედ ამას ნიშნავს! გამარჯვებული სტატია არის ყველაზე გავლენიანი, ის არის ყველაზე შედეგიანი, ყველაზე გამოსადეგი, ყველაზე საჭირო სტატია ამ წელს გამოქვეყნებულ აკადემიურ ნაშრომებს შორის. რა თქმა უნდა, ეს მიღწევა არ არის მხოლოდ ჩემი დამსახურება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო სტატიის ერთ-ერთი ავტორი, ანტონინო გალატი, როგორც კვლევაში შეტანილი წვლილისთვის, ისე ჩემი ცოდნისა და უნარების ამ დონემდე განვითარებისთვის, ცხადია, სხვა ბევრ პროფესორ-მასწავლებელსა თუ კოლეგასთან ერთად როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტიდან, ისე ფოჯის, ლუქსემბურგის, ტურინის ტექნიკური და სასწავლო უნივერსიტეტებიდან”, - აცხადებს ნინო ადამაშვილი.

სტუ-ის ინფორმაციით, სტატიის ავტორების მთავარი რეკომენდაციაა, მხარი დაუჭიროს ფერმერების არჩევანს ელექტრომანქანებში ინვესტირებისთვის და პოლიტიკის შემქმნელებს ამ გარდამავალი პროცესის ხელშემწყობი პოლიტიკის შემუშავებისთვის. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორთან ერთად ნაშრომის - „მომხმარებელთა მზადყოფნა, გადაიხადონ მოკლე მიწოდების ჯაჭვებში ელექტრომანქანებით ტრანსპორტირებულ აგროსასურსათო პროდუქტებში“, თანაავტორები არიან: პალერმოს უნივერსიტეტის სოფლის მეურნეობის, სურსათისა და სატყეო მეცნიერებების დეპარტამენტის სრული პროფესორი ანტონინო გალატი, ასოცირებული პროფესორი ჯუსეპინა მილიორე, სრული პროფესორი ჯორჯო სკიფანი, ნკვლევარი ჯუზეპინა რიცო და ნიქოზიის უნივერსიტეტში არსებული გნოსისის ხმელთაშუა ზღვის ინსტიტუტში მენეჯმენტისა და ბიზნესის სკოლისთვის პროფესორი ალკის თრასოუ.

ინფორმაციისთვის, ნინო ადამაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხური, შემდეგ კი - ფოჯის უნივერსიტეტის (იტალია) დოქტორანტურა. ამჟამად იგი პალერმოს უნივერსიტეტის მკვლევარია იტალიური ნაციონალური პროექტის W.E. B.E.S.T. PRIN-ის ფარგლებში, სადაც მისი სამეცნიერო ხელმძღვანელი ამავე პროექტის ადგილობრივი კოორდინატორი და გამარჯვებული სტატიის ასევე ავტორი პროფესორი ანტონინო გალატია. ნინო ადამაშვილი კითხულობს ლექციებს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. სხვადასხვა დროს მუშაობდა მიწვეულ მკვლევრად პალერმოს, ფოჯის, ლუქსემბურგის, ალკალისა და ტურინის უნივერსიტეტებში. არის არაერთი საერთაშორისო პროექტის გამარჯვებული, 20-ზე მეტი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე და საორგანიზაციო და სარედაქციო კომიტეტის წევრი, სესიების წამყვანი, საერთაშორისო კონკურსებში მონაწილე სტუდენტთა ჯგუფების ხელმძღვანელი. მაღალრეიტინგულ იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს 50-მდე სამეცნიერო პუბლიკაცია, რომელთაგან 13 Scopus-ის სისტემაშია (9 h-ინდექსით). ნინო ადამაშვილმა 1 ივლისს ახალი კვლევითი კონტრაქტი გააფორმა პალერმოს უნივერსიტეტთან.

გიორგი ანთაძე - თუ ასე გაგრძელდა, დასავლეთთან ურთიერთობების აღდგენას და სათანადო რელსებზე დაბრუნებას დიდი დრო შეიძლება დასჭირდეს, ან კიდევ სულაც წარმოუდგენლად გართულდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.07.2024
რობინ ვაგენერი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან ერთად ევროკავშირში გაწევრიანება აღარ იქნება - ამის შანსი არ არის
უპრეცედენტო პირობები Renault Captur-ის ახალი ავტომობილის შეძენისას
თიბისი სტარტაპერებისთვის ახალ კამპანიას იწყებს
ბაზისბანკი სვანეთის IV საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია