სანდრო თვალჭრელიძე - “ტრამპი შესაძლოა გაურიგდეს პუტინს და ჩვენც ათასგვარ უბედურებაში გაგვხვიოს”
ოპოზიციამ პაპუაშვილის განცხადება მუქარად აღიქვა - ხელისუფლებას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს
დავით ზურაბიშვილი - “ხაზარაძის გახარიაზე ასე გაჯიუტება გაუგებარია”
კიდევ ერთი ომის კონტურები იკვეთება - ისრაელმა “ჰეზბოლას” გასანადგურებლად შეიძლება ლიბანს შეუტიოს
გიორგი კობერიძე - “სუსის მიერ ქართველ მებრძოლთა დადანაშაულებისთვის საჭიროა ფაქტებით დადასტურებული კონკრეტული მტკიცებულებები”
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “ტრამპი შესაძლოა გაურიგდეს პუტინს და ჩვენც ათასგვარ უბედურებაში გაგვხვიოს”
“ბაიდენის უარმა და კამალა ჰარისის გამოჩენამ შეიძლება ითქვას, დემოკრატებს გამარჯვების ახალი შანსი გაუჩინა. ის საინტერესო და ჭკვიანი ქალია, სერიოზული პოლიტიკური გამოცდილებაც აქვს. წლების განმავლობაში გახლდათ კალიფორნიის გენერალური პროკურორი, შესაბამისად, მაღალი კლასის იურისტია. მას უკვე ხელთ აქვს არაერთი კოზირი. მაგალითად, ის, რომ ნომინაციის შემდეგ ის გახდება პირველი ფერადკანიანი ქალი, რომელიც პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს. მოგეხსენებათ, აშშ-ის ისტორიაში არ ყოფილა პრეზიდენტი ქალი. ჩემი შეფასებით მას ყველა მონაცემი აქვს იმისთვის, რომ შექმნას პრეცედენტი და გახდეს პრეზიდენტი. ტრამპს აშკარად ეტყობა დაბნეულობა, მეტიც, ისტერიკული განწყობა. ის არის კანდიდატი, რომელიც მიზანმიმართულად მიდის საზოგადოების გახლეჩაზე. სხვას ყველაფერს რომ დავანებოთ თავი, მის წინააღმდეგ უკვე იმდენი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ნებისმიერი სხვა მის ადგილას ალბათ უკვე კარგა ხნის დაპატიმრებული იქნებოდა აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ტრამპი შესაძლოა გაურიგდეს პუტინს და ჩვენც ათასგვარ უბედურებაში გაგვხვიოს”.
“ჩემი აზრით, მთელი “ფერადი” ამერიკა კამალას ამომრჩეველი იქნება. მას ქალებიც დაუჭერენ მხარს. ასე რომ, მიმაჩნია, გამარჯვების ძალიან დიდი შანსი აქვს. ტრამპი აშკარად დაბნეული რომ არის, იმითაც ჩანს, რომ მან ჯერ უარი თქვა ჰარისთან დებატებზე, მაგრამ მეორე დღესვე მისი რეიტინგი რომ დავარდა, სასწრაფოდ დათანხმდა. ამაზე კამალა ჰარისმა ძალიან მოკლედ, მაგრამ სარკასტულად თქვა, ეტყობა, შტაბში აზრი შეიცვალესო. როგორც უკვე აღვნიშნე, ჰარისი ძალიან მაღალი დონის იურისტია, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურორად. უკვე წარმომიდგენია, როგორ გაუჭირდება მასთან დებატები ტრამპს, რომელზე აღძრულ საქმეებსაც ქალბატონი ჰარისი სულ დეტალურად განიხილავს. მე მისი წარმოებული პოლიტიკოსთა გამოკითხვა მინახავს, როდესაც სენატორი იყო, და მის ხელში ჩავარდნას არავის ვურჩევ. დარწმუნებული ვარ, მოახერხებს ტრამპის წყობიდან გამოყვანას და არაერთ სისულელეს ათქმევინებს. ჩემი შეფასებით, არჩევნები იქნება ძალიან მძიმე, თუმცა მას კამალა ჰარისი მოიგებს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“ტრამპი სულ უფრო მეტ შეცდომას უშვებს, გასულ კვირას მაინც სასწაულები ილაპარაკა, განაცხადა, პრეზიდენტმა ზელენსკიმ დამირეკა და მას ვუთხარი, ჩვენ ეს ომი უნდა დავასრულოთ, რუსეთი ომის მანქანაა. მათ დაამარცხეს ჰიტლერი და ნაპოლეონიო. რა გამოდის, ამ განცხადებით მან გვაჩვენა, რომ რუსეთის ეშინია... ტრამპი თუ მოვიდა, შეიძლება ისე გაურიგდეს პუტინს, ჩვენც ათასგვარ უბედურებაში გავეხვიოთ და ჩვენი ხელისუფლება რომ ტრამპს გულშემატკივრობს ეგ სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. რა არის “გლობალური ომის პარტია”? რაღაც დააბრეხვეს და ამაზე იმდენი ილაპარაკეს, ეს სისულელე თვითონვე დაიჯერეს. რაც შეეხება ტრამპისადმი მათ სიმპათიას, როგორც ჩანს, იმედი აქვთ, რომ ტრამპი თუ გაპრეზიდენტდა, ერთბაშად დაუახლოვდება აშშ რუსეთს და საქართველოსაც მოუხსნიან სანქციებს. არადა, მსოფლიო პოლიტიკაში ასე, ხელის ერთი აქნევით არაფერი ხდება, მით უფრო, ტრამპი ძალზე არაპროგნოზირებადი ადამიანია. რაც შეეხება ჩვენს ხელისუფლებას, დარწმუნებული ვარ, ტრამპის გამარჯვება შეიძლება უარესი იყოს მათთვის ბევრი ასპექტით” - განაგრძობს რესპონდენტი.
“სრულიად უადგილო მგონია ტრამპზე თავდასხმის ხსენება სუს-ის განცხადებასთან, რომ საქართველოში ტერაქტი იგეგმებოდა, რის გამოც უკრაინაში მებრძოლ ჯარისკაცებს გამოკითხვაზე იბარებენ... ვინ და როგორ დაესხა თავს ტრამპს, ბურუსით არის მოცული, იმაზეც კი იყო ლაპარაკი, დადგმული ხომ არ იყო... ჩემი აზრით, სუს-ის ეს გამოძიება ახალი დაწყებული არ არის, უბრალოდ, ახლა გამოიტანეს საჯაროდ. ჩემთვის უცნობია, რა წერია ამ საქმეში, საერთოდაც გრიფი “საიდუმლო” დაადეს, არ ვიცი, მართლაც მზადდებოდა თუ არა ამ ტიპის დანაშაულები, მაგრამ ეს რომ სნაიპერული სიზუსტით დააკვდა “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიას, ეს ცხადზე ცხადია. კრეტინი ამ ქვეყანაში ბევრია და გადატრიალებაზე რაღაც ტიპის ლაპარაკი შეიძლება ყოფილიყო სამზარეულოებში, დიდი ალბათობით, ამის უკან არც არაფერი იდგა, მაგრამ ამის გამოყენებას ხელისუფლება შეეცდება. გადატრიალებას დიდძალი ფულადი, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსი სჭირდება. მე პირადად არ მჯერა, რომ საქართველოში არსებობს ერთი კაციც კი, ვისაც შეეძლებოდა ამგვარი შეთქმულების მოწყობა”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“საარჩევნოდ ჯერ პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან ოპოზიციურ ფლანგზე ჯერ გადაჯგუფება არ დასრულებულა. რასაც ამ ეტაპზე ვხედავ, სიმართლე გითხრათ, დიდად ვერ მაიმედებს. თითქოს არის ცენტრისტული ძალის ჩამოყალიბების ცდები, ვგულისხმობ იმ ერთიანობას, სალომე ზურაბიშვილის გარშემო რომ არის. ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ მოახერხებენ რესურსების მოზიდვას, მათ შორის ჰუმანურ და ინტელექტუალურ რესურსებსაც ვგულისხმობ. სწორი პიარკამპანიაა საჭირო. რაც შეეხება ორ ნაწილად გაყოფილ “ნაციონალურ მოძრაობას”, ისინი შესაბამისად გაიყოფენ “ნაციონალ” ელექტორატს და, ალბათ, ორივე მოხვდება პარლამენტში. “ლელო” ცდილობს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას, ჩამოყალიბდა გაერთიანებაც, მაგრამ ვერ იტყვი, რომ ამ პარტიებმა რაიმე შესძინეს “ლელოს” ელექტორატის თვალსაზრისით. გარდა ამისა, კვლავაც მაფიქრებს ის, რომ ბანკირები საქართველოში ძალიან არ უყვართ, და ეს აუცილებლად აისახება მათ საარჩევნო შედეგზე”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.
“საუბედუროდ, როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციურ ფრთაზე ყველას პირველკაცობა უნდა. ეს არის ყველაზე მეტად დამანგრეველი. ნახეთ, რა კარგად არის აშშ-ში მოწყობილი - არის ორი პარტია და პოლიტიკოსები პარტიაში იბრძვიან ლიდერობისთვის, ჩვენში კი ეს პოლიტიკური სიხარბე ვერ დაიძლია. როგორ მოიგო ივანიშვილმა არჩევნები 2012 წელს? მან მოახერხა მთელი ოპოზიციური სპექტრის გაერთიანება. დღეს სწორედ იმის იმედი აქვს “ქართულ ოცნებას”, რომ ვერ გაერთიანდებიან, შესაბამისად, არჩევნებზე ცალ-ცალკე გასული ძალებიდან ბევრი ვერ გადალახავს ბარიერს და მათ პროცენტებსაც “ქართული ოცნება” მიითვისებს. დიდი იმედი მაქვს, რომც გავიდეს “ქართული ოცნება” პირველ ადგილზე, ისე გავა, რომ მთავრობას ვერ დააკომპლექტებს და კოალიციის შექმნაზე მოუწევს ზრუნვა. ერთადერთი ხსნა საქართველოსთვის ახლა კოალიციური მთავრობაა. შეიძლება ამას მოჰყვეს გაუთავებელი საპარლამენტო კრიზისი და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაც კი, მაგრამ დაე, იყოს ასე, მთავარია ვერც ერთმა ძალამ ვერ შეძლოს ძალაუფლების ერთპიროვნულად ხელში ჩაგდება”, - დაასკვნის რესპონდენტი.
“ჩვენი პოლიტიკური სპექტრის კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა იდეების სრული დეფიციტია. წლების განმავლობაში ვხედავთ ერთსა და იმავე ხალხს, რომლებსაც ახლის არც თქმა და არც გაკეთება არ შეუძლიათ. ამ მთელი პოლიტიკური პროცესის შუაგულში დგას პრეზიდენტი. თუ ის ნაკლებ შეცდომას დაუშვებს, მაშინ შეიძლება კიდევ რაღაცის იმედი გვქონდეს. იმედია, ის აღარ გაიმეორებს ისეთ შეცდომებს, როგორიც დაუშვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დანიშვნისას, როდესაც არ გამოიყენა დისკრეციული უფლება და კონკურსი გამოაცხადა. სამაგიეროდ, ეს კარგად გამოიყენა მმართველმა ძალამ და სასამართლოს მეშვეობით ახალ წევრს შეუჩერეს უფლებამოსილება. სად იყვნენ პრეზიდენტის მრჩევლები, რატომ დაუშვეს ასეთი ლაფსუსი?! მოკლედ, ვფიქრობ, ბევრი რამ უფრო ნათლად გამოჩნდება სექტემბრის ნახევარში. ამიტომ ჯობს უფრო დეტალური შეფასება და პროგნოზები იმ დროისთვის გადავდოთ”, - დასძენს თვალჭრელიძე.
ოპოზიციამ პაპუაშვილის განცხადება მუქარად აღიქვა - ხელისუფლებას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს
“ოპოზიცია ძალადობის წახალისებასა და მუქარას უწოდებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის ნათქვამს, რომ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სადაც არ უნდა მივიდნენ, “გასაკვირი არაა, რომ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ”. ენმ-სთან ალიანსში მყოფი “ერთიანობის” ლიდერი გია ჯაფარიძე აცხადებს, რომ 12 წლის მმართველობის თავზე, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც “ქართულ ოცნებას” შეუძლია მოქალაქეებისადმი არის “შიშის დათესვა, ძალადობა და ტყუილები”. “რა თქმა უნდა, ეს არის ძალადობის წახალისება, ეს არის მუქარა. გარდა ამ განცხადებისა, ალბათ წაახალისებენ ძალადობრივ ჯგუფებს. ეს ახალი არ არის.... “ქართული ოცნება” ამას აკეთებს 12 წლის განმავლობაში და უკანასკნელი თვეების განმავლობაში. 12 წლის მმართველობის თავზე, ერთადერთი, რისი შეთავაზებაც შეუძლიათ მოქალაქეებისადმი არის შიშის დათესვა, ძალადობა, ტყუილები, დაყოფა, დაპირისპირება, სიძულვილის ენა. სხვა, “ქართულ ოცნებას” საქართველოს მოქალაქეების მიმართ არ აქვს”, - აღნიშნა ჯაფარიძემ”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ოპოზიციამ პაპუაშვილის განცხადება მუქარად აღიქვა - ხელისუფლებას ძალადობის წახალისებაში ადანაშაულებს.
“პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ხალხის რისხვის პირველი ტალღა ოპოზიციამ ამ დღეებში უკვე მიიღო. “განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ აჭარლები პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას ტურისტებისთვის კვერცხების დაშენისთვის? განა გასაკვირი უნდა იყოს, რომ ქართველები, ვისაც რუსეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, პასუხს მოსთხოვენ ოპოზიციას აეროპორტის პიკეტირებისთვის? და ბოლოს, რომელ ქალაქშიც, რომელ სოფელშიც და რომელ უბანშიც არ უნდა მივიდნენ, განა გასაკვირია, რომ მათ პასუხს მოსთხოვენ იმისთვის, რომ ხალხს ომისთვის, ნგრევისთვის და სიკვდილისთვის სწირავდნენ?” - აღნიშნა პაპუაშვილმა. ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე “რეზონანსთან” აცხადებს, რომ არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ, პოლიტიკური ტემპერატურა აიწევს და ეს შეეტყობა მათ შორის წინასაარჩევნო გარემოს, პარტიების მიერ დაანონსებულ კამპანიებს. ამბობს, რომ “ოცნებას” დღეს ძალადობის წახალისება არ აწყობს და ამის დასავლეთისთვის ჩვენება უფრო ოპოზიციის ინტერესებშია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ასე ხელაღებით და ნიშნისმოგებით ამაზე ლაპარაკი არ მგონია გამართლებული იყოს. უცხოელების მხრიდან იმის პედალირება, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - კიზინგერის განცხადებაც გავრცელდა, რომ “ოცნება” უნდა მოიშოროთო, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ესეც ძალადობის წახალისებაა. მით უმეტეს, არის ეჭვი, რომ ამ მოშორებაში რევოლუციურ მოქმედებაზეა მითითება-მინიშნება და არა არჩევნებზე. ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ სამწუხაროდ ასეთი ტიპის მოვლენები ხშირია, ახლა უკვე ამერიკაც ასეთ ძალიან ბევრ მაგალითს იძლევა, სადაც ყოველთვის შეიძლება მეორე მხარემ ბრალი დასდოს ძალადობის წახალისებაში. იმედი ვიქონიოთ, რომ ძალადობამდე საქმე არ მივა, მაგრამ მეორეს მხრივ, ოპოზიცია თუ დაფიქრდება, ურიგო არ იქნება, ის ხშირად ხალხის სახელით ლაპარაკობს და თუ ოპოზიცია იმას აბობს, რაც ხალხს უნდა, მაშინ ძალადობა რატომ უნდა იყოს? დავუშვათ ხელისუფლების გავლენით ხალხის რაღაც ნაწილმა ოპოზიციასთან ძალადობა დაიწყო, მაშინ იქვე ხომ გამოჩნდება მეორე ნაწილი, რომელიც მას დაიცავს? თუკი ოპოზიცია ასეთი კარგია, მისი დამცველი ხალხი სად არის? ” - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.
“კახელს რომ მის ღვინოზე ცუდ სიტყვებს ეტყვი, მისთვის ამაზე დიდი გინება არაა. თუნდაც ერეკლე მეორეზე. ოპოზიცია ამ ნაბიჯებზე უარს არ ამბობს, მერე ჩივის ეს ხალხი მიპირისპირდებაო და ხელისუფლებას აბრალებს, ეს მომენტი ლოგიკურად ერთმანეთს არ ებმის. ტემპერატურა ალბათ აიწევს, მით უმეტეს, მთელი დასავლეთიც ფაქტიურად იგივეს იძახის. ძალადობის ჩვენება უფრო ოპოზიციას სჭირდება, ვიდრე ხელისუფლებას. ხელისუფლებას იმის ჩვენება სჭირდება, რომ ის ზედმეტ ძალას არსად არ გამოიყენებს. ძალადობაში დაინტერესებული მხარე არსებობს და ეს ოპოზიციაა, რახან დაინტერესება არსებობს, ძალადობა იქნება”, - დაასკვნის რამაზ საყვარელიძე. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ამბობს, რომ “ოცნება” ახლა ხალხს ვერაფერს ვერ ჰპირდება და განცხადებებით ძალადობას ახალისებს. მისი თქმით, რეგიონებშიც ამოქმედებულია გარკვეული ჯგუფები, რომლებიც მთლიანი ხალხის სახელით მოქმედებენ და იმის წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს მოსახლეობა ოპოზიციისგან გამწარებულია”, - დასძენს გამოცემა.
“ოცნება" ამ მხრივ გააქტიურდა და ამას იმით ამართლებს, თითქოს ხალხი განრისხებულია და უნდ გავუგოთ. ესენი არიან მიგზავნილი ჯგუფები, რომელიც ხალხის სახელით მოქმედებენ, იმის წარმოჩენას ცდილობენ, თითქოს ხალხი გამწარებული და აღშფოთებულია. “ოცნება” ხალხს ახლა ვერაფერს ჰპირდება და ომისა და ბიძინა ივანიშვილზე თავდასხმის თემაზე და ოპოზიციის ძველ განცხადებებზე აპელირებს. რეგიონში სპეციალური ჯგუფები ჰყავთ მობილიზებული, რომლებიც ხალხის სახელით მოქმედებენ. დასავლეთს საქართველოს ხელისუფლების მისამართით ჯერჯერობით მკაცრი სანქციები არ აუმოქმედებია და ასეთ ვითარებაში ალბათ არჩევნებამდეც გაამკაცრებენ. პოლიტიკური ტემპერატურა კიდევ უფრო აიწევს, განსაკუთრებით სექტემბერ-ოქტომბერში. ჯერ კიდევ პოლიტიკურად მკვდარი სეზონია, თუმცა უკვე დაძაბულია ვითარება - გუშინ “მთავარი არხის” ჯგუფს თავს დაესხნენ. შემოდგომიდან პროცესები კიდევ უფრო გააქტიურდება. ხელისუფლებამ რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს, ალბათ საერთაშორისო იზოლაციაში მოექცევა, მაგრამ ალბათ იმედი აქვს, რომ ჩინეთი და რუსეთი მოეხმარებიან და ამით დააღწევს ვითარებას თავს”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
დავით ზურაბიშვილი - “ხაზარაძის გახარიაზე ასე გაჯიუტება გაუგებარია”
“ხაზარაძეც და “ლელოც” რატომღაც ძალიან კატეგორიულად უარყოფენ გახარიასთან ალიანსს და თუკი მათ ადრე დაპირისპირება ჰქონდათ, ელისაშვილთანაც არ ჰქონიათ დამტკბარი ურთიერთობა, მაგრამ გადააბიჯეს რაღაცას და ჩათვალეს, რომ სინერგიისთვის საჭიროა ამის გაკეთება. იგივე უნდა გააკეთონ გახარიას მიმართაც. ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან ბევრი არჩევანი არ იყოს. ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები, ახლა სასიცოცხლო მნიშვნელობის არჩევნებია. თუკი ეს ხელისუფლება დარჩება, საერთაშორისო იზოლაციაში მოვექცევით, დავრჩებით დასავლეთთან დაპირისპირებული და პრაქტიკულად რუსეთის გავლენის სფეროში, შიდა პოლიტიკაში კი ავტორიტარიზმში და მივდივართ დიქტატურისკენ”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ხაზარაძის გახარიაზე ასე გაჯიუტება გაუგებარია”.
“როდესაც ასეთი რაღაც გემუქრება, მეასეხარისხოვანი მგონია იმაზე სერიოზული ლაპარაკი, თუ ადრე ვინ ვისთან როგორ იყო. ყველა დანარჩენი პარტია რომ ავიღოთ, “ნაცმოძრაობაც” კი, რომელიც პირადად ჩემთვის მიუღებელია, ექვემდებარება გარკვეულ წესრიგს. თუნდაც დასავლეთთან დამოკიდებულება ავიღოთ, მათთვის მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიცია. აქ კი გვაქვს ერთი ადამიანის “ბესპრედელი”, _ ეს რუსული სიტყვა უნდა გამოვიყენო. ეს არის ადამიანი, რომელიც თვითონ წყვეტს, რა არის სიკეთე, ბოროტება, პატრიოტიზმი და ა.შ. აღიარებული კრიტერიუმებით კი არ წყდება, რა არის ქვეყნისთვის კარგი და რა არა, რაზეც ის იტყვის, რომ ცუდია, ჩვენც უნდა ვთქვათ, რომ ცუდია. ამ ვითარებაში ასეთი ხელისუფლება ძალიან საშიშია, რადგან არ ვიცით, რას გააკეთებს, რადგან არ ექვემდებარება ჩვეულებრივი თამაშის წესებს და არ იცავს ურთიერთობების მიღებულ ნორმებს. 2012 წელს თამაშის წესები და ნორმები რომ არ დაეცვა “ნაცმოძრაობას”, არ წავიდოდა ხელისუფლებიდან. რა, ძალოვნებს ვერ გამოიყენებდა თუ ზონდერები არ ჰყავდა? მაგრამ რომ იცოდა, ამას დასავლეთის ძალიან მკვეთრი რეაქცია მოჰყვებოდა, ხალხის წინააღმდეგ წასვლა ვეღარ გაბედა. ახლანდელი ხელისუფლება კი არ ვიცით, როგორ მოიქცევა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“შეუძლებელია ამის პროგნოზირება, რადგან, მგონი, თვითონ ივანიშვილმაც არ იცის, როგორ მოიქცევა. ალბათ, არც ელოდება, რომ დამარცხდება. ამ დროს საზოგადოებაში არის დიდი კონსენსუსი, რომ ეს ხელისუფლება გასაშვებია და როდესაც ქვეყანაში ასეთი დიდი პოლარიზაციაა, ხელისუფლების გაშვება ერთი-ერთზე უფრო მეტად ხდება შესაძლებელი. თუმცა ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე, რადგან ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან ბევრია ისეთი ადამიანი, რომელიც ხმას “ნაცმოძრაობასა” და “ნაცმოძრაობასთან” ასოცირებულ პირებს არავითარ შემთხვევაში არ მისცემს, თუნდაც ქვეყანა იქცეოდეს, მათ უნდა ჰქონდეთ ძლიერი ორიენტირი და ეს შეიძლება იყოს “ლელო” ან გახარიას პარტია. ამიტომ ვფიქრობ, ორის ნაცვლად ერთი თუ იქნება, უფრო ძლიერი სინერგია გამოვა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“თუ ეს არ მოხერხდება, მაშინ ოპოზიციის გამარჯვება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ ორივე გადალახავს ბარიერს. თუკი “ლელოს” და გახარიას გაერთიანება ვერ მოხერხდება, სალომე ზურაბიშვილს შეუძლია დიდი როლი ითამაშოს არანაციონალების გაძლიერებაში. ამიტომ ვფიქრობ, უკეთესი იქნება, ზურაბიშვილმა აქცენტები ამაზე გადაიტანოს, რადგან “ნაციონალებსაც” და “ახლებსაც” ისეთი ამომრჩეველი ჰყავს, რომ ხმას სხვას არავითარ შემთხვევაში არ მისცემენ. აქვე ვიტყვი, რომ “ლელოს” და გახარიას გაერთიანებით იქმნება უკვე ე.წ. მესამე ძალა, ცალ-ცალკე ამის პრეტენზია ვერ ექნებათ და ეს არის არსებითი. ამიტომ მათი გაერთიანებით მხოლოდ მათი რეიტინგების ჯამს კი არა, დიდი ალბათობით, უფრო მეტსაც მივიღებთ, შეიძლება 15%-საც კი გადააჭარბონ. გახარიას საჯარო სამსახურიდან ბევრი უჭერს მხარს და ეს სერიოზული ძალაა. ამიტომ ხაზარაძის გახარიაზე ასე გაჯიუტება გაუგებარია”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.
“რაც შეეხება “ოცნების” საუბარს ივანიშვილისთვის ტერაქტის მოწყობაზე, ძალიან კომიკურ სიტუაციაში ჩაიგდეს თავი და ამაზე უკვე მათივე ამომრჩევლები ხუმრობენ. მაგალითად, ამას წინათ ბაზარში ვიყავი, ნაცნობი მოვაჭრე, რომელიც “ოცნების” ამომრჩეველია იმ დღეს არ დამხვდა და რომ მოვიკითხე, მითხრეს, აი, ბიძინას რომ კლავენ, იმას გლოვობსო. უკვე ხალხსაც ეცინება და შაყირობენ. სხვათა შორის, ეს ახალი არ არის, ყველა ავტორიტარს კრიზისი როცა უდგება და ნდობას კარგავს, მერე ეწყება ასეთი მოლანდებები, ვითომ მოკვლას უპირებენ. გახსოვთ, ასლან აბაშიძე რომ ამბობდა, ჟვანიამ კაცი მომიგზავნა, რომელმაც ფოტოაპარატით დამასხივაო. სააკაშვილზეც იყო ასეთი რაღაცები, რომ პუტინი უპირებდა მოკვლას. ახლაც რაღაც გლობალურო ომის პარტიაზე ლაპარაკობენ, რომელიც ხან ვის უწყობს ტერაქტს და ხან ვის, მაგრამ ვერავის ვერ კლავს. ამიტომ არა მგონია, ამას ვინმე სერიოზულად იღებდეს. მდინარაძის განცხადება მთლად გენიალური იყო, ყველაფერს ნუ მათქმევინებთო. თუ რაღაც ისეთი იციან, რომ ქვეყნისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ყოფნა-არყოფნაზეა ლაპარაკი, რას ჰქვია, მალავ?! თქმა მარტივია, რომ ისეთი საშინელებაა, ვერ ვიტყვიო. მართლა საბავშვო ბაღის დონეა და ეს საგიჟეთი თუ არ მოვიცილეთ 26 ოქტომბერს, კიდევ უფრო უარესს ველოდები”, - დაასკვნის დავით ზურაბიშვილი.
“მე არ გამოვრიცხავ, ხელისუფლებამ გაიმარჯვოს მცირე უპირატესობით, როდესაც 4-5 მანდატით მეტი ექნება, მაგრამ ეს მაინც მისი მარცხი იქნება, რადგან ივანიშვილს უკვე ნათქვამი აქვს, რომ მინიმუმ 60% უნდა. 4-5 მანდატით მეტი ნიშნავს, რომ ყველაფერი წკიპზეა. რა თქმა უნდა, თუ ეს არჩევნები ლეგიტიმურად ჩაითვალა, ასეთ შემთხვევას ვგულისხმობ. ამიტომ, თუ ლეგიტიმურ არჩევნებში ხელისუფლების მცირე უპირატესობა იქნება, ჩემი აზრით, ოპოზიციამ მაინცდამაინც თავი არ უნდა გაიგიჟოს და ბოიკოტი და მსგავსი სისულელეები არ უნდა აკეთოს. ამის მერე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის რადიკალური გამარჯვება უკვე შესაძლებელი იქნება, რაც ძირეულად შეცვლის პოლიტიკურ ვითარებას. არჩევნები ლეგიტიმურად რომ ჩატარდეს და “ოცნებას” 4-5-მანდატიანი უპირატესობა ჰქონდეს, ბიძინას ეს მაინც დაანგრევს. ამიტომ როდესაც ივანიშვილი 60%-იან მოგებაზე ლაპარაკობს, ეს არ არის თავის დამშვიდება, მას მართლა ასეთი უპირატესობით სჭირდება მოგება, ეს არის მისი ამოცანა. თუმცა ეს ამოცანა იმთავითვე შეუძლებელია შესასრულებლად, მაგრამ იმ შედეგის გამორიცხვა, რომ “ოცნებას” ჯამში 4-5 დეპუტატით მეტი შეიძლება ჰყავდეს, არ იქნება სწორი. თუმცა არც ის არის გამორიცხული, საერთოდ წაილეკოს ხელისუფლება”, - ამტკიცებს დავით ზურაბიშვილი.
კიდევ ერთი ომის კონტურები იკვეთება - ისრაელმა “ჰეზბოლას” გასანადგურებლად შეიძლება ლიბანს შეუტიოს
“დიდი მსხვერპლი მოჰყვა გოლანის მაღლობზე მდებარე ისრაელის მიერ კონტროლირებად ქალაქ მაჯდალ შამსზე საჰაერო თავდასხმას. რაკეტა საფეხბურთო მოედანზე დაეცა და გარდაცვლილები ძირითადად არასრულწლოვნები არიან. ისრაელის ხელისუფლება მომხდარში “ჰეზბოლას” ადანაშაულებს და საპასუხო ზომებით იმუქრება, რასაც ლიბანის შიიტური დაჯგუფება უარყოფს. კვირას ისრაელის ავიაციამ უკვე დაბომბა სამიზნეები “ლიბანის სიღრმეში”, თუმცა ორივე მხრიდან რიტორიკა იმდენად მძიმეა, რომ არ არის გამორიცხული დიდი სახმელეთო ოპერაცია, რაც უკვე ომს ნიშნავს. თუ ეს მოხდა, შეიძლება კონფლიქტის ესკალაცია რეგიონის სხვა ქვეყნებზეც მოხდეს. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ “ჰეზბოლა” “მძიმე ფასს გადაიხდის”, დასავლეთი კი მომხდარზე საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს და ყველა მხარეს “უკიდურესი თავშეკავებისკენ” მოუწოდებს, რათა შემდგომი ესკალაცია თავიდან იქნას აცილებული. აშშ ისრაელს სრულ მხარდაჭერას უცხადებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კიდევ ერთი ომის კონტურები იკვეთება - ისრაელმა “ჰეზბოლას” გასანადგურებლად შეიძლება ლიბანს შეუტიოს / “სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუ ლიბანის სრული ოკუპაცია არ მოხდა, ისე “ჰეზბოლას” დამარცხებას აზრი არ აქვს”.
“ანალიტიკოსთა შეფასებით, ესაა ბოლო პერიოდის პირველი სერიოზული დარტყმა “ჰეზბოლას” მხრიდან, რომელიც ცდილობს ისრაელი ლიბანთან დაპირისპირებაში ჩაითრიოს. დიდი ალბათობით, ამას ისრაელი საჰაერო დარტყმებით უპასუხებს, თუმცა ჯერჯერობით სამხედრო ინტერვენციისგან თავს შეიკავებს, რადგან ამას შესაძლოა შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს. გოლანის მაღლობი საერთაშორისო სამართლით სირიას ეკუთვნის, თუმცა ათწლეულებია ისრაელის მიერ არის ოკუპირებული. ისრაელის სამხედრო პირების ცნობით, თავდასხმის შედეგად მსხვერპლი დიდია, ყველა დაღუპული 10-დან 20- წლამდე ასაკისაა, ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა 14-მდეა გაზრდილი, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა. დიდი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას. ისრაელის თვადაცვის ძალები მომხდარში პასუხისმგებლობას “ჰეზბოლას” აკისრებს. “ჰეზბოლამ” განცხადება გაავრცელა, სადაც თავდასხმასთან კავშირი უარყო. ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ “ჰეზბოლამ” გადაკვეთა ყველა წითელი ხაზი” და “სრულმასშტაბიან ომს” უახლოვდება. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კატეგორიულად დაგმო სარაკეტო თავდასხმა მაჯდალ შამსზე და ისრაელს მხარდაჭერა გამოუცხადა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი არის ძლიერი და ურყევი ირანის მიერ მხარდაჭერილი ყველა ტერორისტული ჯგუფის, მათ შორის, ლიბანური “ჰეზბოლას” წინააღმდეგ”, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ჯოზეფ ბორელი გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას შოკისმომგვრელს უწოდებს. “მე მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება ამ მიუღებელი ინციდენტის შესახებ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ უკიდურესი თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია”, - წერს ბორელი პლატფორმა იქს-ზე. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი და სამხედრო ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია “რეზონანსთან” აცხადებს, რომ “ჰეზბოლა” ცდილობს ისრაელი ლიბანთან ომში ჩაითრიოს, რასაც გამოუსწორებელი შედეგები მოჰყვება”, - განაგრძობს გამოცემა.
“ეს პირველი სერიოზული დარტყმაა, რაც „ჰეზბოლამ" განახორციელა. გოლანის სიმაღლეები სირიას ეკუთვნის და ფაქტიურად ნიშნავს, რომ ეს დაჯგუფება სირიაშიც აქტიურადაა. დარტყმის შედეგად არასრულწლოვნები დაიღუპნენ და ყველაზე საშინელი ესაა. “რკინის გუმბათმა” რამდენიმე რაკეტის გადაჭერა მოახერხა, მაგრამ ფაქტია, რომ ტრაგედიას ვერ ასცდა. როგორც ჩანს, “ჰეზბოლამ” სირიის ტერიტორია გამოიყენა და იქიდან დაარტყა. “ჰეზბოლა” ცდილობს, რომ ისრაელი ლიბანის ავანტურაში ჩაითრიოს და სამხედრო კამპანია დაიწყოს. დღევანდელ პირობებში ისრაელისთვის იოლი ოპერაცია არ იქნება, ის ყოველთვის თავს იკავებს, რომ ლიბანში შეიჭრას და თუ კიდევ ასეთი ტრაგიკული პროვოკაცია იქნება, ისრაელი იძულებული გახდება 1982 წლის სცენარი გაიმეოროს და შეიჭრას. მაშინ ისრაელი პალესტინის განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის გასანადგურებლად შეიჭრა, ახლა კი მისი მთავარი იდეა “ჰეზბოლას” ძირითადი ბაზების განადგურება იქნება”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“მაშინ ისრაელმა მიზანს მიაღწია და ახლა სიტუაცია ცოტა განსხვავებულია, რადგან “ჰეზბოლა” მმართველი პოლიტიკური ძალაა, მას პარალელური სტრუქტურები აქვს, მათ უფრო ძლიერი შეიარაღება და ფინანსები აქვთ, ვიდრე ლიბანის ეროვნულ არმიას. “ჰეზბოლას” წინააღმდეგ ომი, ლიბანთან ომში ჩართვას ნიშნავს, “ჰეზბოლა” კი არც ისე იოლად დასამარცხებელი ძალაა. ახლა ცახალი (ისრაელის შეიარაღებული ძალები) იმ დონის არაა, როგორიც 1982 წელს იყო, მაშინ გაცილებით ძლიერი, ბრძოლისუნარიანი და მოტივირებუყლი იყო, ვიდრე დღეს. ამერიკის დახმარებაც ცოტა საეჭვოა, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ტრამპმა ნეთანიაჰუს ხელი არ ჩამოართვა და ამით დამოკიდებულება გამოხატა. თუ ტრამპი პრეზიდენტად მოვიდა, მაშინ შესაძლოა ისრაელთან სხვანაირი ურთიერთობა დაამყაროს. ტრამპი პოპულისტია, პირველი პრეზიდენტობისას ისრაელთან ურთიერთობა აწყობდა და ყველანაირად ეხმარებოდა, ახლა კი როცა შეატყო, რომ საერთაშორისო სასამართლოშიც კი აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და ამერიკელების საზოგადოებრივი დამოკიდებულება ისრაელის საწინააღმდეგოდ იცვლება, ტრამპმა ეს პოზიცია დაიჭირა”, - განმარტავს სამხედრო ანალიტიკოსი.
“სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუ ლიბანის სრული ოკუპაცია არ მოხდა, ისე “ჰეზბოლას” დამარცხებას აზრი არ აქვს, დღეს კი ისრაელს სამწუხაროდ ამის ძალა არ გააჩნია. “ჰეზბოლა” ლიბანში ძალიან ძლიერადაა გამაგრებული, ის სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანებაა, ირანიდან პირდაპირ დახმარებას იღებს, ირანის ისლამური რევოლუციის დაცვის კორპუსის წარმომადგენლებს თავიანთი ბაზები აქვთ და თავიანთი შენაერთებიც ჰყავთ. “ჰეზბოლა” თვითონაც კარგად გაწვრთნილი და აღჭურვილია, საკმაოდ მოტივირებული საბრძოლო შენაერთები ჰყავს - სავარაუდოდ ათი ბრიგადაა, 50 ათასი აქტიური წევრია და რამდენი აქვს რესურსი, კაცმა არ იცის. ისინი თანამედროვე შეიარაღებით არიან აღჭურვილი, მათ შორისო რუსულით. სხვათა შორის, ისრაელი ერთხელ “ჰეზბოლასთან” უკვე დამარცხდა - 2007-2009 წლების ომი ფაქტობრივად ისრაელის დამარცხებით დასრულდა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“საქართველოსგან ისრაელი და ლიბანი შორსაა და თუ მათ შორის ომი დაიწყო, დიდი შედეგები ჩვენთან არ ექნება, თუმცა შეიძლება ირანისა და რუსეთის გავლენები გაძლიერდეს. ეს უფრო მსოფლიო პოლიტიკური პროცესია. როგორი იქნება ვითარება, ძნელი სათქმელია, გააჩნია ეს ომი რა მასშტაბებს მიიღებს - თუ მოკლევადიანი იქნება, ისრაელს ამის პოტენციალი აქვს, მაგრამ გრძელვადიანში თუ გადაიზარდა, ამერიკელების დახმარება დასჭირდება და მაგ პერიოდში ვინ იქნება პრეზიდენტი, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ლიბანისა და ისრაელის დაპირისპირების შედეგად, რეგიონში სიტუაცია საკმაოდ დაიძაბება, მერე სხვა დაჯგუფებებსაც გაეხსნებათ ხელ-ფეხი და გააქტიურდებიან და შესაძლოა მთელს აღმოსავლეთ რეგიონს გადაედოს და ტერორისტული აქტები მომრავლდეს. შესაძლოა ეს ომი ამ კუთხით შეეხოს კავკასიის რეგიონს და მათ შორის საქართველოს. შესაძლოა ისრაელმა საპასუხოდ ახლა რამდენიმე წერტილოვანი დარტყმა განახორიცეილოს ლიბანში და მის სიღრმეში, რომ “ჰეზბოლას” სამხდერო სტრუქტურები გაანადგუროს, თუმცა ამ ეტაპზე არაა მზად, რომ სამხედრო ოპერაცია დაიწყოს და ლიბანში შეიჭრას. ის, რომ “ჰესბოლა” ამ თავდასხმას უარყოფს, როგორც ჩანს არ უნდა, რომ სირიაში თავისი პოტენციალი გამოააშკარაოს, არ უნდა დააფიქსიროს, რომ სირიაში თავისუფლად მოქმედებს”, - დაასკვნის ვახტანგ მაისაია.
გიორგი კობერიძე - “სუსის მიერ ქართველ მებრძოლთა დადანაშაულებისთვის საჭიროა ფაქტებით დადასტურებული კონკრეტული მტკიცებულებები”
ბოლო რამდენიმე დღეა უკრაინაში მებრძოლებსა და ომის ვეტერანებს დასაკითხად იბარებენ. სუსის მტკიცებით, საქართველოში ტერაქტი იგეგმებოდა. ამიტომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ამ საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს. სუსში დაბარებულმა ყველა პირმა მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოითხოვა დაკითხვა და თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაჰკითხეს ლაშა რუხაია, ნადიმ ხმალაძე, ლევან ჭიღლაძე, გელა კახაბრიშვილი, ვაჟა ცეცაძე. ყველა მათგანი ამბობს, რომ ბრალდება აბსურდულია... მართალია, სუს-ში ამბობენ, რომ საქმეს გრიფი “საიდუმლო” ადევს, მაგრამ მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საქმე აღძრულია ბიძინა ივანიშვილზე ტერაქტის მომზადების ფაქტზე. სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობა, ხელისუფლების დასუსტება და დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა..”, - წერს გაზეთი “კვირის პალიტრა” სტატიაში, სათაურით “შიშის დათესვა სურთ და არა ის, რომ რეალური საფრთხე არსებობს”.
“პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე არსებულ ინფორმაციას “შემაშფოთებელი” უწოდა. თქვა, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე (იგულისხმება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამპსა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოზე თავდასხმები), საფრთხე რეალურია და “ეს არის საერთო ხელწერა, რომელიც ახასიათებს ერთსა და იმავე გლობალურ პოლიტიკურ ძალებს”. პრემიერ-მინისტრმა ასევე გაიხსენა თავისი საუბარი ევროკომისართანაც, რომელიც, მისი თქმით, რობერტ ფიცოს ბედის გაზიარებით დაემუქრა. კობახიძემ ევროკომისართან სატელეფონო საუბარი ბიძინა ივანიშვილსაც დაუკავშირა და თქვა, რომ თავდასხმის შესახებ ევროკომისრის გაფრთხილება შესაძლოა ივანიშვილსაც შეეხებოდა... გამოგონილი ბრალდებები და წინასაარჩევნო პროპაგანდა - ასე აფასებენ ამ ბრალდებებს ოპოზიციის ლიდერები. მათი აზრით, “ქართული ოცნება” ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში შიშის გასაღვივებლად. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, ანალიტიკოსი გიორგი კობერიძეც იზიარებს ამ აზრს და მიაჩნია, რომ სუსი ვალდებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით გაჯერებული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასაარჩევნო ვითარებიდან გამომდინარეობს და იმ პროცესის გაგრძელებაა, რაც დაიწყო “ქართულმა ოცნებამ”, რომ თითქოს გლობალური ომის პარტია არსებობს, რომ ხელისუფლებას ვიღაც ემუქრება და ა.შ. სამწუხაროდ, ადამიანები, რომლებიც რუსეთის, ჩვენი მტრის წინააღმდეგ იბრძვიან, ისინი ხდებიან სახელისუფლებო გუნდის სამიზნე. ჩვენ ვცხოვრობთ უკიდურესად ტოქსიკურ, ცილისმწამებლურ, აგრესიულ პოლიტიკურ გარემოში. ამით შიშის დათესვა სურთ და არა ის, რომ რეალური საფრთხე არსებობს ქვეყანაში. ეს იმ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ სურთ წარმოაჩინონ თითქოს ივანიშვილი რის პოტენციური მსხვერპლი, თითქოს ვიღაცები საქართველოს ჩრდილოვან მმართველსაც ებრძვიან, რათა საზოგადოებაში რაღაც თანაგრძნობა გაჩნდეს. იმის გასაჯაროება, საუბარი, გაპიარება, რომ თითქოს ვიღაცები რაღაცებს გეგმავენ, თითქოს გლობალური ომის პარტია არსებობს, ბადებს ლოგიკურად ეჭვს, რომ ყოველივე პოლიტიკურად მოტივირებულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი კობერიძე.
“ხელისუფლება ყველაფრის უკრაინასთან დაკავშირებას ცდილობს, ბოლო ორი წელიწადია მას წარმოაჩენს მტრად. საქართველოს ხელისუფლების ოფიციალური საგარეო პოლიტიკა სიმხდალეა - ჩვენ ვართ სუსტები, უუნაროები და ნუ შეგვეხებითო. ამავე განწყობას თესავენ მოსახლეობაში, რომ საქართველო უუნარო, მარტო ქვეყანაა და ცდილობენ უფრო მეტად დატოვონ მარტო, მოკავშირეების გარეშე ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში. რაც შეეხება ამ ბრალდებით ვინმეს დაკავებას, ყველაფერი მოსალოდნელია ჩვენს პოლიტიკურ სივრცეში... საქართველოს მტრებს საქართველოში რომ ქაოსი მოუნდებათ, ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ ჩვენ ვიხილეთ უკვე საქართველოში პოლიტიკური პროცესების ქუჩაში გადასვლა, ჩიხში შეყვანა და ვისი დამსახურებაა ეს? თავად “ქართული ოცნების”. თავად შემოიტანეს რუსული კანონი და ამით ქვეყანაში ქაოსი”, - განაგრძობს ანალიტიკოსი.
“ბოლო ხანებში, თუკი ვინმეს საქართველოში ქაოსი შემოჰქონდა, იყო ხელისუფლება, რომელსაც თავისუფლად შეეძლო ქვეყანაში აეშენებინა ნორმალური დემოკრატია, ევროპული სახელმწიფო, ყოფილიყო სტაბილური გარემო, მაგრამ ასე არ მოხდა. კი, ყველაფრის დაშვება შეიძლება, მათ შორის იმისაც, რომ რუსეთს და მასთან დაკავშირებულ ძალებს ქაოსის დასათესად რაღაცების დატრიალება სურდეთ საქართველოში... დიახ, ნებისმიერი საქმე უნდა იყოს გამოძიებული, მაგრამ როცა ასეთი ბრალდება ისმის უწყებიდან, საჭიროა კონკრეტული მტკიცებულებები, ფაქტებით დადასტურებული”, - მიიჩნევს გიორგი კობერიძე და შეკითხვაზე - “უკრაინაში მებრძოლები რატომ არიან აღქმული საფრთხედ “ქართული ოცნებისთვის”, დაპირისპირებას ელოდებიან წინასაარჩევნოდ?” ვ- პასუხობს:
“ეს ემსახურება ოპონენტების, საზოგადოების დაშინებას, ვითომ ვიღაც გარედან რაღაცას აპირებს. ხელისუფლება რაღაცას იგონებს და მერე ამაზე აგებს პოლიტიკურ კამპანიას. ჯანსაღი პოლიტიკური პროცესები მკვდარია ქვეყანაში. ასეთი თემების შემოგდებით ყველაფრის გადაფარვა ხდება ხოლმე. ეკონომიკურ საკითხებზე ბოლოს როდის ვისაუბრეთ? საოკუპაციო ხაზიდან ადამიანებს რომ იტაცებენ, ამაზე ვინმე ლაპარაკობს? ევროკავშირთან მოლაპარაკებები რომ შეჩერებულია? ვსაუბრობთ იმაზე, რაზეც ხელისუფლება საუბრობს. რუსული კანონიც კი გადაფარულია ხშირ შემთხვევაში ამ “სენსაციური” საკითხებით. მიზანმიმართული პროპაგანდა, მტრის ხატის შექმნა - ამ პროპაგანდით ”ქართული ოცნება” იგებს ხუთით ნულს ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ძალასთან საქართველოში”...