პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას’’ ჭიათურის ოფისი გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
როგორც ოფისის გახსნაზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ აღნიშნა, ადგილობრივი ფეოდალებისგან ჭიათურა უნდა გათავისუფლდეს და ჭიათურის პრობლემები უნდა გადაწყვიტონ ჭიათურელებმა, რადგან ამ ქალაქს აქვს პოტენციალი იყოს მდიდარი, წარმატებული და ევროპული ქალაქი.
“ძირითადი პრობლემა, რაზეც საუბრობენ არის ეკონომიკური და სოციალური სახის, ემიგრაცია. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ივანიშვილს ყველა რეგიონში ჰყავს ადგილობრივი ფეოდალები, რომლებიც იგებენ ყველა ტენდერს, აქვთ ბევრი ფული და ამ ფულით მართავენ ადგილზე სიტუაციას. ჭიათურაში „რიჟა” მართავს ადგილზე ყველაფერს.
26 ოქტომბერს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ეს ქვეყანა უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი და უნდა განვითარდეს თვითმმართველობა. ადგილზე მოსახლეობა უნდა ფლობდეს ყველაფერს და ასე მოუარონ საკუთარ რეგიონს.
ხალხი არის ღარიბი, ეს არ არის ნორმალური პროცესი, 26 ოქტომბერს ეს უნდა დამთავრდეს. ასეთი პრობლემების მოგვარება უნდა მოხდეს ადგილზე. ეს არის გასაკეთებელი ყველგან და ეს რეგიონი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონი საქართველოში“, - განაცხადა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ იმერეთის მასშტაბით საარჩევნო ოფისებს ხსნის.