თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი, ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, საქართველოში უკრაინის ელჩის დანიშვნის შესახებ.
როგორც კობახიძემ აღნიშნა, უკრაინამ საქართველოდან ელჩი ორი საბაბით გაიწვია, „შესაბამისად, აშკარაა, თუ რა იყო მოტივი ამ ყველაფრის უკან”.
„უკრაინის ხელისუფლებამ ელჩი საქართველოდან გაიწვია 2022 წლის პირველ მარტს, ომის დაწყებიდან მეხუთე დღეს. ამისთვის დასახელდა ორი საბაბი - ერთი იყო რუსეთისთვის სანქციების არდწესება და იცით, რომ დღეს, უკვე ოპოზიცია აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესება სწორი არ იქნებოდა. ახლა, ორი წლის თავზე, ისინი ჩვენ გზავნილებს იმეორებენ. მეორე საბაბი იყო ის, რომ ჩვენ არ გავგზავნეთ უკრაინაში მთავრობის ოფიციალური თანხმობით მებრძოლი მოხალისეები. მათი მოთხოვნის მიხედვით, ჩვენ უნდა გაგვეგზავნა მებრძოლი მოხალისეები, მთავრობის ოფიციალური ნებართვით ჩვენი თვითმფრინავებით. ეს არ გავაკეთეთ. ამ ორი საბაბით და არა მიზეზით, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. შესაბამისად, აშკარაა, თუ რა იყო მოტივი ამ ყველაფრის უკან, რაზეც უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები მოგვიანებით ღიად საუბრობდნენ. პოდოლიაკი, დანილოვი ღიად მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ და რა თქმა უნდა, აქ, ძალიან ლოგიკურად იკითხება ის გადაწყვეტილება, რომელიც ორი წლის წინ, პირველ მარტს იქნა მიღებული. აქედან გამომდინარე, თუ ვინმეს რამე აქვს გადასახედი ეს არის სწორედ უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც უნდა გადახედოს საკუთარ გადაწყვეტილებას ელჩის გაწვევის თაობაზე, რაც იყო უკიდურესად არამეგობრული გადაწყვეტილება. რაც შეეხება ჩვენ მიდგომას უკრაინის ხელისუფლების მიმართ, ჩვენ, ყველა შემთხვევაში, ასეც და ისეც, დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში იმიტომ, რომ ეს სჭირდება უკრაინელ ხალხს ჩვენგან“, - განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველო-უკრაინის შესახებ ისაუბრა, მათ შორის ელჩის დანიშვნის თაობაზე. როგორც მან აღნიშნა, „მზადდებოდა უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებულება ელჩის დანიშვნის შესახებ, თუმცა მოულოდნელად საქართველოს მთავრობის მაშინდელი მეთაურის მხრიდან გაუგებარი რიტორიკა წამოვიდა - უკრაინა ვერ დატოვებდა ამას ყურადღების მიღმა“.