პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, “გირჩი“, „დროამ“ გურჯაანის ოფისი გახსნა. აღნიშნულ ინფორმაციას გაერთიანების პრესსამსახური ავრცელებს.
ოფისის გახსნისას, ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ყველა მომდევნო ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, თუ მათ სურთ მუშაობა ხელისუფლებაში, უნდა იდგნენ ხალხის სამსახურში და არა პირიქით.
მისი თქმით, 26 ოქტომბერს ცვლილებების ისტორია უნდა დაიწეროს.
„ჩვენ გურჯაანში გავხსენით მესამე ოფისი კახეთში. ვიქნებით წარმოდგენილი ყველგან. ეს ოფისი უნდა გახდეს გამარჯვების შტაბები.
ცვლილებების მოლოდინი არის ის, რაც აერთიანებს მთელ საქართველოს, პატრიოტ ხალხს, სურვილი იმისა, რომ იცხოვრო ბედნიერ საქართველოში და დამარცხდეს რუსული, კორუმპირებული რეჟიმი. ქვეყანა იმსახურებს დემოკრატიული ძალების ხელისუფლებაში მოყვანას, რომელიც დგება ხალხის სამსახურში.
სიმართლის გარშემო ვართ გაერთიანებული.
ქართველ ხალხს რუსული ინსტრუქციებით ვერ მართავ, საქართველო ვერ გახდება რუსული სახელმწიფოს დანამატი და ამის დასტური არის ახლა გურჯაანში ამ მრავალკაციანი შეკრება.
კახელები საკუთარი დინჯი, ურყევი ხასიათის დემონსტრირებას მოახდენენ 26 ოქტომბერს.
ივანიშვილს იმდენად კორუმპირებული ხელისუფლება აქვს, სხვა რომ არაფერი, მხოლოდ ამის გამო უნდა შეიცვალოს ხელისუფლება.
არჩევნები ვერ გაყალბდება, თუ ყველა მივალთ. ფეოდალურ წყობას ეს ადამიანი საქართველოში, კახეთში ვერ ჩამოაყალიბებს. ეს ხალხი დაარღვევს მანკიერ წრეს და თავისუფლებას მოიპოვებს, სიმართლითა და ღირსებით.
რა ძალა აქვს ქართველ ხალხს, ეს ყველაფერი გაჩნდება 26 ოქტომბერს. ივანიშვილს მოუწევს ძალაუფლების სასწორზე დადება და საღამოს 8 საათზე ეს ძალაუფლება უნდა წამოიღოს ხალხმა. ყველა მომდევნო ხელისუფლებამ უნდა იცოდეს, თუ მათ სურთ მუშაობა ხელისუფლებაში, უნდა იდგნენ ხალხის სამსახურში და არა პირიქით.
ისტორია უნდა დავწეროთ 26 ოქტომბერს, პოსტ-საბჭოთა სივრციდან უნდა გავათავისუფლოთ ქვეყანა.
„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ნომერი 4-ით გახდება ცვლილებების მთავარი სიმბოლო”, - განაცხადა მელიამ.
კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ლემონჯავამ აღნიშნა, რომ ცვლილებების მოლოდინი არის ის, რაც აერთიანებს მთელ საქართველოს, პატრიოტ ხალხს, სურვილი იმისა რომ იცხოვრო ბედნიერ საქართველოში და დამარცხდეს რუსული, კორუმპირებული რეჟიმი.
“ის, რაც აერთიანებს საქართველოში მოქალაქეებს, არის ცვლილებების სურვილი, რეჟიმის ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება არის მიღებული, ივანიშვილის მიმართ, როგორც მისი მინი ოლიგარქების მიმართ, არის უკიდურესად ნეგატიური.
მკაფიო არის გადაწყვეტილება, რომ ეს ქვეყანა არ გახდება რუსეთის ნაწილი, ის გახდება ამაყი ევროპული ღირსეული სახელმწიფო, სადაც ადამიანებს ექნებათ ღირსეულად ცხოვრების შესაძლებლობა.
ადამიანებს აქვთ ეკონომიკური და სოციალური პრობლემები, ივანიშვილი კი მათ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება.
მე ვთვლი, რომ არჩევნების შედეგები არის გადაწყვეტილი, ერთადერთი, რამაც შეიძლება ივანიშვილის გამარჯვება მოიტანოს, არის მოქალაქეების უმოქმედობა და ნიჰილიზმი.
26 ოქტომბერს წყდება საკითხი, იქნება თუ არა ქვეყანა დამოუკიდებელი, სუვერენული. პოლიტიკოსებსა და მოქალაქეებს გვაქვს თანაბარი პასუხისმგებლობა, ეს სიტუაცია არის შესაცვლელი ქართველი ერის მიერ.
ნამდვილი ევროპული თანამედროვე ერი, სახელმწიფო საქართველოში უნდა იშვას 26 ოქტომბერს”, - განაცხადა ლემონჯავამ.
„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერები დღეს კახეთის მასშტაბით ოფისებს ხსნიან.