ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024

მირიან მირიანაშვილი - რა გზავნილებია ჩადებული “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში?!

აქვს თუ არა საქართველოს ბოდიში მოსახდელი - ვინ როგორ გაიგო გორში გაკეთებული განცხადება და რას იტყვის ივანიშვილი ზუგდიდში

ვახტანგ კაპანაძე - რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?!

რა იქნება 27 ოქტომბერს - ხელისუფლების ბრალდება და ანალიტიკოსთა პროგნოზები

გია ხუხაშვილი - “ეს ყველაზე მდორე და ყველაზე უღიმღამო საარჩევნო კამპანიაა”

* * *

მირიან მირიანაშვილი - რა გზავნილებია ჩადებული “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში?!

“მთავარი კი არის ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა საარჩევნო სიაში, დანარჩენი წმინდად ტექნიკური მოცემულობაა. საქმე ის არის, უფლებებისა და სტატუსის თვალსაზრისით, “ქართული ოცნების” წევრები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან, ამიტომ ვინ ჩაწერეს ახალ სიაში და ვინ ჩაანაცვლეს, სრულიად უმნიშვნელოა. ახლებიც ისევე ილაპარაკებენ და მოიქცევიან, როგორც ძველები... რაც შეეხება ოლიმპიურ ჩემპიონებს, ეს საზოგადოების ემოციებისთვის ანგარიშის გაწევა მგონია, ვიდრე შედეგისთვის გადადგმული ნაბიჯი. ჩემი აზრით, რაც არ უნდა პოპულარული იყოს ტალახაძე ან პეტრიაშვილი, ეს არჩევნების შედეგზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. დავუბრუნდეთ საარჩევნო სიაში ივანიშვილის გამოჩენას. ჩემი აზრით, ივანიშვილის ამ ნაბიჯის უკან სავსებით მკაფიო პირადი ინტერესია - მას სჭირდება ოფიციალური სტატუსი, რათა პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრისთვის პოლიტიკური პლაცდარმი ჩამოაყალიბოს”, - აცხადებს ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა გზავნილებია ჩადებული “ქართული ოცნების” საარჩევნო სიაში?!

“მას პირველ რიგში სჭირდება მისი პოლიტიკური პრეტენზიებისთვის საზოგადოების მომზადება არა მარტო ქვეყანაში, არამედ მის გარეთაც. ეს გზავნილი, უპირველესად ამერიკული ელიტისთვისაა, რომ ის ემზადება ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობის მისაღებად. როგორც ჩანს, ფიქრობს, რომ მხოლოდ პარტიის საპატიო თავმჯდომარეობა საკმარისი არ არის საპრეზიდენტო ამბიციებისთვის და ეს მარტივად ასახსნელი ვერ იქნება დასავლეთისთვის. ჩემი აზრით, მან ეს ნაბიჯი გადადგა სწორედ დასავლეთის გამო და არა შიდაპოლიტიკური ვითარების. ვფიქრობ, ის აქტიური საარჩევნო პოლიტიკის გატარებას სიაში ყოფნის გარეშეც მოახერხებდა. მოკლედ, ეს არის მისი ამბიციების საჯარო პრეზენტაცია, რომლის ადრესატიც უპირველესად, დასავლეთი, უფრო თუ დავაკონკრეტებთ, აშშ-ის პოლიტიკური ელიტაა”, - აღნIშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.

“ის, რასაც ვისმენთ ივანიშვილისგან, პოსტსაბჭოთა სივრცის ანტიამერიკელებისთვისაც კი უცნაურია. საჯაროდ ასე მწვავედ თვით ლუკაშენკო და პუტინიც კი არ აკრიტიკებენ დასავლეთს. ბოლო დროს ლუკაშენკო საერთოდ გაჩუმდა. რუსეთის ხელისუფლებაც ვეღარ არის ისეთი მწვავე კრიტიკოსი, როგორიც ადრე იყო, რაც, სავარაუდოდ, გამომდინარეობს რუსეთის შესაძლებლობების საჯაროდ დამცრობისგან, თითქოს შეეგუვნენ ძალთა იმ ბალანსს, რაც დღეს ჩამოყალიბდა მსოფლიოში და აღიარეს აშშ-ის როლი მთელ მსოფლიოში. რატომ არ აღიარებს ამერიკის როლს კავკასიის რეგიონში ივანიშვილი, აი, ეს არის საინტერესო. ივანიშვილს ჰგონია, ამერიკელებს სურთ მისი ხელისუფლების დანგრევა, პირადად მისი ხელისუფლებისგან ჩამოშორება და მთელი ეს რიტორიკა გამოწვეულია ამ საფრთხის შეგრძნებით. ჩემი აზრით და რა ინფორმაციასაც ვფლობ, იმის გათვალისწინებით, ეს საფრთხეები მის წარმოდგენაში ძალიან გადაჭარბებულია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“ივანიშვილს ცოტა გაუჭირდა იმ რეალობისგან თავის დაღწევა, რაც მისთვის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მკაფიო იყო, ანუ სჯეროდა, არჩევნებში ტრამპი გაიმარჯვებდა, რომელიც, მისი აზრით, დაალაგებდა ურთიერთობას რუსეთთან და საქართველოს პოზიციაც გაცილებით გამყარდებოდა. მას მიაჩნდა, რომ ტრამპი პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ სტატუს-კვოს შენარჩუნებას დათანხმდებოდა და რეალობა, რაც ამის შემდეგ დალაგდებოდა, ივანიშვილისთვის კომფორტული იქნებოდა. ბოლო პერიოდში სავსებით ნათლად გამოჩნდა, რომ ტრამპის პერსპექტივები გადაჭარბებული, მისი პრეზიდენტობის შანსი კი ძალიან მცირეა. ასე იყო კამალა ჰარისის გამოჩენამდეც, მაგრამ ამის დანახვა პოსტსაბჭოთა პოლიტელიტებს რატომღაც გაუჭირდათ. აშკარაა, რომ ამ ახალ რეალობას ივანიშვილი ჯერ ვერ მოერგო. ნურავინ იფიქრებს, რომ ის ემოციურ კონტექსტში გამოთქვამს აშშ-ის მისამართით პრეტენზიებს. ამ დისკუსიის საჯარო ნაწილს, რომელსაც, დიდი ალბათობით, კულუარული საუბრებიც ახლავს, შესაძლოა ვუწოდოთ პოლიტიკური ვაჭრობის მცდელობაც”, - ამტკიცებს ექსპერტი.

ბიძინა ივანიშვილის გზავნილები უნდა წავიკითხოთ ასე: აქ მე ვაკონტროლებ ყველაფერს, ასე იქნება არჩევნების შემდეგაც, ამიტომაც გიჯობთ ჩემთან იქონიოთ საქმე და დაალაგოთ რეალობა იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ მე არსად ვაპირებ წასვლასო. საარჩევნო სიაში დაბრუნება და საპრეზიდენტო სტატუსიც სწორედ ამერიკელებთან ურთიერთობაში პოზიციის მეტად გასამყარებლად სჭირდება. ხოლო რუსული პოლიტიკური ელიტის მმართველობა და დომინაციის სურვილი ისეთია, რომ პოლიტიკური ვაჭრობა საჯაროდ მათთან შეუძლებელია, მით უფრო შანტაჟი და მსგავსი ელემენტები. აშშ-ის პოლიტიკური ელიტებისთვის კი მსგავსი დისკუსიები, კრიტიკა, მკვახე შეფასებები და ა.შ. არ არის უცხო და მიუღებელი. კრიტიკა ისეთი უნდა, ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან რომ იღებენ და იტანენ. მაგრამ აქ მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ქვეყნები კვლავაც აშშ-ის დომინაციის სფეროა და მათმა პოლიტიკურმა ელიტებმა იციან ის საზღვრები, რაც კრიტიკისას არ უნდა გადაკვეთონ. საინტერესოა, ბიძინა ივანიშვილმა როგორ მონიშნა აშშ-ის გავლენის ხელშეუხებელი საზღვრები ამიერკავკასიასა და საქართველოში? აი, ეს არის გასარკვევი, ანუ რისი აღიარებისა და მიღებისთვის არის მზად პოლიტიკური ფუნქციის შენარჩუნების სანაცვლოდ?” - ამბობს მირიან მირიანაშვილი.

“არა მგონია, ბიძინა ივანიშვილი ისეთი მიამიტი იყოს, ვერ ხვდებოდეს, რომ ეს ომი უკრაინაში ზოგადად პოსტსაბჭოთა სივრცისთვის მიმდინარეობს. რუსეთ-უკრაინის ომისა და მთელი ამ ტურბულენტური ეპოქის მიზანი სწორედ რუსეთის პოსტსაბჭოთა სივრციდან გაძევებაა. ამ სივრცის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საქართველო, რომელიც წარმოადგენს დასავლეთისთვის ერთადერთ კორიდორს ამიერკავკასიასა და შუა აზიაში. შესაბამისად, საქართველოს ფასი აშშ-ის პოლიტიკური ელიტისთვის განუზომლად დიდია. ამ ტიპის დისკუსია, რაც ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო, ამერიკელებს ამ პრეტენზიებზე ხელს ვერ ააღებინებს, რაც არა მგონია, ივანიშვილმა არ იცოდეს. შესაბამისად, მკაფიოდ უნდა შევაფასოთ ეს რეალობა, ანუ ივანიშვილი იმისთვის კი არ იბრძვის, რომ საქართველო აშშ-ის გავლენისგან გამოიყვანოს და რუსეთში წაიყვანოს, ის იბრძვის თავისი პოლიტიკური როლისთვის ამ ახალ რეალობაში. არა მგონია, ვერ აცნობიერებდეს, რომ თუ რუსეთი აშშ-მა მოარჯულა, თვითონაც რა მძიმე ვითარებაში აღმოჩნდება. მან იცის, რომ დღეს რუსეთის მომხრეობა კატასტროფულად წამგებიანი პოლიტიკური პოზიციაა, მაგრამ საკუთარი მომავლისთვის იბრძვის”, - მიიჩნევს რესპონდენტი.

“ჩემი აზრით, აშშ-ის არჩევნების ბედი კარგა ხანია გადაწყვეტილია. მთელი ანგლოსაქსური პოლიტიკური ელიტები თანხმდებიან, რომ ტრამპი ხელისუფლებაში არ უნდა დაბრუნდეს. თეთრ სახლში მოვა, ასე ვთქვათ, ცოტა უფრო მკაცრი ბაიდენი ანუ ჰარისი. აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი, მათ შორის რესპუბლიკელებიც, მისგან მოითხოვენ რუსეთთან დაკავშირებით უფრო მეტ სიხისტეს და ასეც მოხდება - კამალა ჰარისის ადმინისტრაცია უფრო ხისტი იქნება, რესპუბლიკური პარტიის სადავეებიდან გაუშვებენ ტრამპისტებს, რომელთა ადგილსაც დაიკავებენ ე.წ. რეიგანისტები, ანუ პოლიტიკოსები, რომლებიც გაცილებით უარყოფითად არიან განწყობილი რუსეთისადმი. ეს პარტია, ვფიქრობ, უფრო ფართოდ იქნება წარმოდგენილი კონგრესში და უფრო სწრაფად გაგრძელდება ანტირუსული განწყობის გაძლიერება აშშ-ის პოლიტიკურ ელიტაში - ეს არის დაგეგმილი პოლიტიკური მოცემულობა. ასეთ პირობებში საქართველოს პოლიტიკური კურსი, რომელსაც წარმოგვიდგენს ბიძინა ივანიშვილი, ანტირუსულ ამერიკულ რეალობებთან გაცილებით რთულად შესათვისებელი იქნება. ამიტომაც აუცილებლად მოუწევს გაითვალისწინოს აშშ-ში შექმნილი ვითარება”, - თვლის ექსპერტი.

“ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილისთვის სერიოზული პრობლემის შექმნა რომ სურდეს, არჩევნებზე ერთიანი სიით გავიდოდნენ. ერთიან სიაში მე ვგულისხმობ მთელ ოპოზიციას, “ნაციონალური მოძრაობის” გარდა. რაკი ეს არ გაკეთდა, მრჩება შთაბეჭდილება, რომ გამარჯვება თითქოს არ სურთ. ჩემი აზრით, ფრაგმენტებად დაყოფილი ოპოზიცია დაკარგავს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ძალიან დიდ პროცენტს, რაც მმართველი პარტიის წისქვილზე დაასხამს წყალს. `ნაციონალური მოძრაობის~ თემას, როგორც საარჩევნო ბერკეტს, მე-12 წელიწადია მშვენივრად იყენებს ხელისუფლება. მეტიც, ასე მგონია, ივანიშვილის ეს ინტერესები აცოცხლებს კიდევაც “ნაცმოძრაობას”, რათა მისი საშუალებით მოახდინოს მთელი ოპოზიციის დემონიზება. ივანიშვილი საარჩევნო სიას სწორედ იმ კონტექსტში აყალიბებს, რომ არჩევნების შემდეგ ნეგატიური ემოცია არ იყოს მასშტაბური. ამიტომ სჭირდება მას პოპულარული ადამიანები სიებში და არა საარჩევნო შედეგის ჩამოსაყალიბებლად. რაც შეეხება კამპანიას, მე მაქვს შეხება საარჩევნო პროცესთან და მას საკმაოდ ახლოდან ვაკვირდები. ძალიან საინტერესო მარკერი ავიღე ოპოზიციის აქტივობის შესაფასებლად - ეს არის სოფლებში არსებული ვითარება”, - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.

“ჩემი დაკვირვებით, ოპოზიციის აქტიურობა სოფლად ძალიან დაბალია. მთელი ოპოზიციიდან ერთი შეხვედრაც კი არ გამართულა ადგილზე. არ ვიცი, რისი იმედი აქვთ, რატომ იქცევიან ასე, ჯობს ეს საზოგადოებამ განსაჯოს. რაც შეეხება პროგნოზს, რთული სათქმელია. ხელისუფლება საკონსტიტუციო უმრავლესობაზე კი ლაპარაკობს, მაგრამ ეს წარმოუდგენელია და ჩემი აზრით, ივანიშვილს ეს არც სჭირდება. ეს უფრო სალაპარაკო თემაა და, ალბათ, ამერიკელებთან სავაჭროდაც იყენებს. მე როგორც ჩავწვდი ივანიშვილის ლოგიკას, მას არჩევნების შედეგები აღელვებს იმ კონტექსტით, თუ რა ოდენობის უმრავლესობის შემთხვევაში მიიღებს ლეგიტიმაციას დასავლეთისგან. მას ჯერ დიდად არ აღელვებს ოპოზიციის აქტიურობა, უფრო ოპოზიციური ელექტორატის არჩევნების შემდგომი რეაქცია აფიქრებს. მის წარმოდგენაში რეაქცია იქნება საშიში, თუ ქუჩაში დიდი რაოდენობის ხალხი გამოვა. ყველაზე მეტად ის აშინებს, რომ ქუჩაში გასულებს აშშ-მა არ დაუჭიროს მხარი. აქციებმა თუ კრიტიკულ რაოდენობას გადააჭარბა, მაშინ შეიძლება ამერიკისგან ლეგიტიმაცია ვერ მიიღონ, არადა, დღეს ეს არის მსოფლიოში მთავარი - ამერიკა თუ ლეგიტიმაციას არ გაძლევს, შენ პოლიტიკურ მოცემულობად ვერ იქცევი. თუ აშშ-მა არჩევნების ლეგიტიმაცია არ ცნო, შესაბამისად, ის არც ჩატარებულა და ეს ხელახალ არჩევნებს ნიშნავს პოლიტიკური ტურბულენტობის ფაზის გავლის შემდეგ. ეს ნიშნავს ერთბაშად ბევრ პრობლემას, რომელთა მოგვარებისთვის საკუთრივ ბიძინას ბერკეტებიც, როლიც და ფუნქციაც შესაძლოა საკმარისი არც აღმოჩნდეს”... - დასძენს მირიანაშვილი.

აქვს თუ არა საქართველოს ბოდიში მოსახდელი - ვინ როგორ გაიგო გორში გაკეთებული განცხადება და რას იტყვის ივანიშვილი ზუგდიდში

“ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ, დავალების შესაბამისად, მოღალატე “ნაციონალურმა მოძრაობამ” 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები”, - ამ სიტყვებით მიმართა გორის მოსახლეობას 14 სექტემბერს ბიძინა ივანიშვილმა. ამ განცხადებას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მწვავედ კრიტიკული შეფასება აქვს ოპოზიციას, რომელიც აცხადებს, რომ ივანიშვილის ნათქვამი რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ანტისახელწიფოებრივია და რომ საქართველოს ბოდიშის მოსახდელი არაფერი აქვს. იგივე პოზიცია აქვს საზოგადოების მნიშნელოვან ნაწილს. ანალიტიკოსები კი საუბრობენ, თუ რა გაგრძელება ექნება ამას საქართველოს კიდევ ერთი ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ, ზუგდიდში გამართულ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრაზე. ნაწილი ამბობს, რომ ეს განცხადება თავისი არსით საქართველოში არაპოპულარული და კონტრპროდუქტიულია, თუმცა, “ოცნებას” ელექტორალური მხარდაჭერის გაზრდის რესურსი ისედაც არ აქვს და რა განცხადებაც არ უნდა გაკეთდეს პარტიის ლიდერების მხრიდან, ეს მათ რეიტინგზე არ აისახება”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით აქვს თუ არა საქართველოს ბოდიში მოსახდელი - ვინ როგორ გაიგო გორში გაკეთებული განცხადება და რას იტყვის ივანიშვილი ზუგდიდში.

“ანალიტიკოსების ნაწილი კი ფიქრობს, რომ არაერთგვაროვანი შეფასებების მიუხედავად, შესაძლოა მოსახლეობის ნაწილი “ქართული ოცნების” მიმართ “პოზიტიურად განეწყოს და ჩათვალოს, რომ შერიგებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი სწორედ ასეთი უნდა იყოს”. უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონალური წინასაარჩევნო ტურნეს ფარგლებში, “ქართული ოცნების” ღონისძიება დაგეგმილია ოკუპირებულ აფხაზეთთან მოსაზღვრე ზუგდიდშიც, სადაც ასევე სიტყვით გამოვა ბიძინა ივანიშვილი. ანალიტიკოსების ნაწილს მოლოდინი აქვთ, რომ მმართველი პარტიის საარჩევნო სიის პირევლი ნომერი იქაც მსგავს განცხადებას გააჟღერებს, თუმცა ნაწილი ამბობს, რომ “ოცნების” შტაბში ალბათ გორის განცხადებაზე რეაქციებს გააანალიზებენ და შესაბამისად დაიგეგმება განცხადებები. გორში გაკეთებულ განცხადებას “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა” სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა და “ეროვნული სირცხვილი” უწოდა. პოლიტიკური პლატფორმის შფასებით, ამ განცხადებით “ქართული ოცნება” “მხოლოდ რუსეთის ინტერესებს ემსახურება”, ძირს უთხრის ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას და ვნებს საქართველოს ეროვნულ ინტერესს”, - აღნიშნავს გამოცემა.

“მან და “ქართულმა ოცნებამ” ბოდიში უნდა მოიხადოს ქართველი ხალხის წინაშე ამ მოღალატეობრივი განცხადებისთვის. ასევე იმისთვის, რომ 12 წლის მანძილზე ხალხი გაღარიბდა, ქვეყანა დაიცალა, შობადობა ისტორიულ მინიმუმზეა და საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში მოექცა. ქართველი ხალხის სიმართლე დადასტურებულია საერთაშორისო სასამართლოების გადაწყვეტილებებით ჰააგასა და სტრასბურგში, ასევე ეუთოსა და ევროპის საბჭოს რეზოლუციებით”, - ნათქვამია ენმ-ის განცხადებაში. პლატფორმა “ძლიერი საქართველოს” ლიდერი მამუკა ხაზარაძე კი აცხადებს, რომ საქართველოში ყველა ომი რუსეთმა დაიწყო და ბოდიში საქართველოსთვის მებრძოლ გმირებთანაა მოსახდელი. “საქართველოში ყველა ომი რუსეთის ხელით დაიწყო! ბოდიში ჩვენს გმირ ბიჭებთან გვაქვს მოსახდელი, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს! ასევე ბოდიში უნდა მოვუხადოთ ჩვენს შვილებს ბიძინას რუსული ხელისუფლების აქამდე ატანისთვის...” - წერს ხაზარაძე. “გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია კი აცხადებს, რომ ივანიშვილმა ამ განცხადებით რუსეთის კვალი გააქრო, როგორც ოკუპანტის. მისი თქმით, განცხადებას რუსეთში პუტინის პროპაგანდისტები დიდი სიხარულით შეხვდნენ”, - განაგრძობს გამოცემა.

“ყველაზე დიდი სიმძიმე ამ განცხადებაში არის რუსეთის კვალის გაქრობა, როგორც ოკუპანტის, ბუნებრივი იყო ის სიხარულიც, რომელიც უკვე კრემლში ვნახეთ ამ განცხადებიდან გამომდინარე და ბუნებრივია, რომ როდესაც ოკუპანტი სახელწიფოს და ივანიშვილის განცხადებები სრულ თანხვედრაშია, ეს დიდი საფრთხის შემქმნელია საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტის და ნამდვილი მშვიდობისთვის”, - თქვა აქუბარდიამ. როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ამბობს, რომ ამ განცხადებას არაერთგვაროვანი რეაციები მართლაც მოჰყვა, თუმცა ივანიშვილის გამოსვლაში ჩანდა, რომ ოსებს პასუხისმგებლობის თავიანთი წილი აქვთ, მაგრამ “რაღაც წილი ქართველებსაც აქვთ”. “შორს ვარ იმ აზრისგან, რომ თუ საქართველოსგან ბოდიში იქნება, ეს რაღაცნაირად რადიკალურად შემოაბრუნებს ქართველებისა და ოსების ურთიერთდამოკდიებულებას და კონფლიქტის მოგვარებას. მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ქართველების მხრიდან გადადგმული ერთი პოზიტიური ნაბიჯი იქნებოდა, რამაც საღად მოაზროვნე ოსებში სათანადო შეფასება და დაფასება უნდა გამოიწვიოს. მაგრამ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასა და თუნდაც ოსების რეინტეგრაციაზე ძალიან ბევრი ფაქტორი მოქმედებს. ეს არის იდეის დონეზე გაკეთებული შეთავაზება”, - ამბობს ანჯაფარიძე, რომლის თქმით, “შემდეგ პროცესები როგორ განვითარდება, ვნახავთ”, - დასძენს გამოცემა.

“შეგახსენებთ ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის - “ადამიანის უფლებათა ცენტრის” წამოწყებულ კამპანიას “ბოდიში”, რომელიც აფხაზებისთვის ბოდიშის მოხდას ითვალისწინებდა, ეს წლების წინ იყო, მაგრმ ამას ასეთი რეაქციები რატომღაც არ მოჰყოლია. ორგანიზაციას მიაჩნდა, რომ თუ აფხაზები დამნაშავეები არიან, ამ ომში თავისი წილი პასუხისმგებლობა ქართველებსაც აწევთ. ყოველ შემთხვავაში, მათი ნარატივი ასეთი იყო და რაც ბიძინა ივანიშვილის გამოსვლაში ამოვიკითხე, ისაა, რომ კი ბატონო, ოსებს პასუხისმგებლობის თავიანთი წილი აქვთ, მაგრამ რაღაც წილი ქართველებსაც აქვთ. ხოლო თუ როგორ იმოქმედებს ეს განცხადება “ოცნების” რეიტინგზე ეს სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა უნდა აჩვენოს, მოქალაქეებს უნდა დაუსვან ეს კითხვა და მათი პასუხებიდან გამომდინარე გავიგებთ რეიტინგზე როგორ იმოქმედებს”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“ივანიშვილმა ეს გზავნილი ოსური საზოგადოებისთვის გააჟღერა რათა ოსურ საზოგადოებას გაეგო, რომ ხელისუფლებაში დარჩენის შემთხვევაში, “ოცნება” გარკვეული ნაბიჯების გადადგმას აპირებს იმისათვის, რომ ნდობა აღდგეს. საპასუხო რეაქცია დიდი ალბათობით ტრადიციული იქნება - ყოველ შემთხვევაში “ოფიციალური” ცხინვალისგან არ მგონია დადებითი რეაქცია მოჰყვეს, ისინი მოსკოვის გარეშე დამოუკიდებლად არ მოქმედებენ. იტყვიან, რომ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჯერ საქართველომ გვაღიაროს, მოახდინოს ჩვენთან საზღვრების დელიმიტაცია დემარკაცია და შერიგებაზე მერე ვილაპარაკოთო და ა.შ. მე მათგან დაახლოებით ასეთ პასუხს ველოდები... რაც შეეხება ზუგდიდში გამოსვლას, “ოცნების” შტაბში გააანალიზებენ იმ რეაქციებს, რაც პირველ განცხადებას მოჰყვა და იმისდა მიხედვით ააგებენ თავიანთ საჯარო გამოსვლების ტექსტს ზუგდიდში. საარჩევნო კამპანია ისაა, რომ ყოველი მორიგი სარჩევნო შეხვედრა ანალიზდება და მერე იმის მიხედვით იგეგმება მომდევნო გამოსვლა. ალბათ კორექტივები იქნება”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.

“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი “რეზონანსთან”აცხადებს, რომ “ოცნება” დიდი ხანია რეიტინგზე არ მუშაობს. “ოცნება” დიდი ხანია რეიტინგზე არ მუშაობს, მას თავისი ამომრჩეველი ჰყავს, რომელიც ძირითადად მასზეა დამოკიდებული - ან სამსახურებრივად, ან ბიზნესით, ან “ოცნებისგან” სხვადასხვა დახმარებას იღებს და ა.შ. მთელი იმ ამომრჩევლისგან, ვინც “ოცნებას” მხარს უჭერს, გულწრფელად რომ “ოცნების” სჯეროდეს, მათი მხარდამჭერების 10%-იც კი არ იქნება. “ოცნებას” არც იმის რესურსი აქვს, რომ ამ ამომრჩეველს კიდევ ახალი დაამატოს. ამიტომ რა და როგორც არ უნდა თქვან, ამომრჩეველზე ეს არც მუშაობს და არც იმუშავებს. “ოცნება” ელექტორალურად ვეღარ გაიზრდება, სულ ესაა რაც არის და ასე იქნება სახელისუფლებო ბერკეტებზე დამყარებული. ამიტომ ივანიშვილის ეს განცხადება, რომ ვიღაცეებს ბოდიში უნდა მოვუხადოთ, უფრო პიარია”, - ამტკიცებს ძაბირაძე, რომლის აზრით ეს მიმართული არა ოსებისკენ, არამედ რუსებისკენ”, - წერს სტატიის ავტორი.

“ივანიშვილი ამას რუსების გასაგონად ამბობს და არა ოსების. ამ განცხადებას, როგორი მცდარიც არ უნდა იყოს, არაფრად არ ჩავთვლიდი, რომ მჯეროდეს, რომ ივანიშვილი სწორედ ოსებზე დარდობს. ეს განცხადება ოსების გულის მოსაგებად კი არაა, მათ ყველაფერი მშვენივრად იციან და რეაქცია მათგან კი არა, უფრო რუსების პროტექტორატით იმ კლანისგან იქნება, ვისაც რუსებმა ცხინვალის რეგიონი ჩააბარეს. სხვათა შორის, ერთ-ერთი ვერსიად, თუ რატომ დაბრუნდა პოლიტიკაში ივანიშვილი, იმასაც განვიხილავ, რომ ივანიშვილი რეალურად იმას ცდილობს, რომ არჩევნები წააგოს და ეს ვიღაცასთან თავის გასამართლებლად სჭირდება - რომ აი, მე ყველაფერი გავაკეთეო და არა იმისთვის, რომ ივანიშვილს უცებ სიის სათავეში ყოფნა მოუნდა და ა.შ. ვიღაცას უნდა უთხრას, რომ მან ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო, მაგრამ მაინც წააგო - არც ამას გამოვრიცხავ, რომ ამ თამაშს თამაშობდეს ივანიშვილი. დაბეჯითებით ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ გამორიცხული არაა... ივანიშვილი ზუგდიდიში იმ განცხადებას რომ არ გააკეთებს, რომ ჩვენ შევცვალეთ კურსი და ისევ ევროპას ვუბრუნდებითო, ეს შემიძლია გარანტირებულად გითხრათ. დანარჩენი, ალბათ აფხაზებსაც ბოდიშს მოუხდის - არაა გამორიცხული იქაც რაღაც ამდაგვარი იყოს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

ვახტანგ კაპანაძე - რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?!

“ძნელია კონკრეტულად იმის თქმა, რა მოხდება ფრონტის ხაზზე. ფაქტია, რუსეთმა შეამცირა ზეწოლა აღმოსავლეთ ფრონტზე, პოკროვსკის მიმართულებაზე, მაგრამ კურსკის მიმართულებაზე გაზარდა. როგორც ამბობენ, სურთ პუტინის დაბადების დღისთვის გაათავისუფლონ და ა.შ., ბევრი მითქმა-მოთქმაა. ფაქტია, რუსების ამოცანაა ალყაში მოქცევის საფრთხეში მყოფი რუსული დაჯგუფების გადარჩენა. ეს, რა თქმა უნდა, მოსალოდნელი იყო. როდემდე და სადამდე შეუშვებენ უკრაინელებს რუსეთში? ახლა უფრო გააქტიურებულია შეტევა-კონტრშეტევა და რომ გითხრათ, ძალიან დიდი წარმატება აქვს ან ერთს, ან მეორეს-მეთქი, ტყუილი იქნება. არა, დიდი ცვლილებები ფრონტის ხაზზე არ არის. ძალიან ძნელია, თქმა, რა ვითარებაა. თუმცა, ღია წყაროებით გადმოცემული ინფორმაციით, რუსებმა დაიწყეს კონტრშეტევა და უკრაინელებმაც კონტრშეტევითვე უპასუხეს”, - აცხადებს “ჯეოქეისის” მკვლევარი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე გაზეთ “კვირის პლიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით რა ხდება რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?!

“ასე რომ, ჯერჯერობით ყველაზე აქტიური მონაკვეთი მაინც კურსკის დასავლეთია და რა თქმა უნდა, კურსკის მიმართულებაა ყურადღების ცენტრში. თუმცა შეტევის ვექტორი გადაადგილებულია უფრო სამხრეთისკენ. უკრაინელების აქტიურობა კურსკში და იმის ჩვენება, რომ შესწევთ ამის ძალა, ჩემი აზრით, დასავლეთისთვის ძალიან კარგი მოტივაცია იყო. ყველამ იცის, რომ კურსკს უკრაინა ვერ შეინარჩუნებს, ეს რაღაც ბუფერული ზონაა და არ არის გამორიცხული, უკრაინამ ნელ-ნელა დატოვოს კიდეც. ვგულისხმობ ნაბიჯ-ნაბიჯ, ბრძოლით დატოვებას და შესაბამისად, შეამციროს დაწოლა ცენტრალურ მიმართულებაზე. ჩვენ ყველაფერზე ვრეაგირებთ, - აი, უკრაინამ ერთი სოფელი აიღო, რუსეთმა ერთი დასახლება დაკარგა, მერე უკრაინამ ისევ დათმო ერთი სოფელი და ა.შ., მაგრამ ფართო სურათს რომ შევხედოთ, მნიშვნელოვანი ცვლილებები კურსკის ეპოპეის შემდეგ არ ყოფილა. ასე რომ, რუსებსაც არ ულხინთ, ვინაიდან იმ მდინარეზე რომელზეც ხიდები დანგრეულია, რუსები მუდმივად საკონტროლო გადასასვლელებს აკეთებენ, რადგან მათ გამუდმებით ურტყამენ უკრაინელები. ამიტომაც კონტრშეტევის მოგერიება რუსებისთვის ადვილი არ არის”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“ამიტომ, ამ ერთ თვეში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება. შემდეგ დაიწყება წვიმები და აქტიურობა ფრონტის ხაზზე მნიშვნელოვნად დაიკლებს. ეს ერთი თვე, მაქსიმუმ, თვე-ნახევარი, ორივე მხარე შეეცდება გაიუმჯობესოს პოზიციები და მოემზადოს ზამთრის კამპანიისთვის. რუსეთისთვის აუცილებელია პაუზა, ვინაიდან მისი შეტევითი პოტენციალი მნიშვნელოვნად შეფერხებულია. კურსკის ამბები სწორედ იმ პერიოდში მოხდა, როდესაც კულმინაციას აღწევდა და ცხადია, დრო სჭირდება გადაჯგუფებისთვის, ძალის მოსაკრებად. უკრაინასაც სჭირდება სულის მოთქმა. სექტემბერი უკვე ის პერიოდია, რომ მაისში გაწვეული სამხედრო მოსამსახურეები სამ-ოთხთვიანი მომზადებით მზად არიან ჩაანაცვლონ გადაღლილი ძალები ფრონტის ხაზზე. უკრაინას, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდოდა, დრო მოეგო და ჩანაცვლება ზამთრის პერიოდისთვის შესძლებოდა. რა თქმა უნდა, ჩანაცვლება ერთბაშად არ მოხერხდება, ნაბიჯ-ნაბიჯ გაკეთდება, ვინაიდან ახალგაწვეულებმა ფრონტის ხაზზეც უნდა შეძლონ ადაპტირება. ასე რომ, ორივე მხარე ამ პერიოდს გამოიყენებს გაზაფხულის კამპანიისთვის, მაგრამ მე მგონია, შესაძლოა ზამთარშივე დაიწყოს მოლაპარაკება”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“მიუხედავად ორივე მხარის განცხადებებისა, ზამთრამდე დასრულდება აშშ-ში არჩევნები და ახალი მოთამაშეები შეეცდებიან გარკვეულწილად თავიანთი სიტყვის თქმას. შეეცდებიან ცეცხლი მაინც შეწყდეს. რა თქმა უნდა, ეს უფრო დიპლომატიურ-პოლიტიკური საკითხია, მაგრამ ჩემი გადასახედიდან ასეთი შეგრძნება მიჩნდება. უკრაინას რაც უნდა, ეს ამ მომენტისთვის შეუძლებელია - ვგულისხმობ უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების სრულად გასვლას და 2014 წლის მდგომარეობის დაბრუნებას. ეს ცოტა ზედმეტი მოლოდინის გამჩენი მოსაზრებაა და ვფიქრობ, პოლიტიკოსებსაც ესმით, რომ ეს ვაჭრობის თემა იქნება. დიდ იმედს ვიტოვებ, რომ უპირველეს ყოვლისა შეწყდება ცეცხლი, დაფიქსირდება არსებული ტერიტორიები და უკრაინამ კურსკის დათმობით შეიძლება ზაპოროჟიე ან ხერსონი დაიბრუნოს. მიუხედავად კრემლის განცხადებებისა და იმისა, რომ პუტინის ეგო ძალიან შეილახა კურსკის ამ ოპერაციით, ვფიქრობ, რუსებსაც სჭირდებათ შესვენება. ვინ უფრო კარგად მოითქვამს სულს, ეს დამოკიდებულია დასავლეთის მხარდაჭერაზე”, მიიჩნევს გენერალ-მაიორი.

“რა თქმა უნდა, რუსეთი იმის იმედზეა, რომ ისევ თავიდან დაიწყოს ყველაფერი, სწორედ ეს უნდა. ამიტომ მთავარი დასავლეთის პოზიციაა, რამდენად აქტიურად დაეხმარება უკრაინას, რათა ის რუსეთზე მეტად გაძლიერდეს. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავის დროზე ასეთ დაპირისპირება-შეიარაღება-გადაიარაღებაში დასავლეთმა საბჭოთა კავშირს “ცივი ომი” მოუგო, საბჭოთა კავშირი კი ახლანდელ რუსეთზე გაცილებით ძლიერი იყო, საბჭოთა ბლოკი იყო და არა მხოლოდ რუსეთი, ნაურუ და ჩრდილოეთი კორეა. ასე რომ, დასავლეთმა თუ მოინდომა, ახლაც მოუგებს. თუ მოინდომებს, რამდენად მოინდომებს და რა ხარისხით - ეს არის მნიშვნელოვანი... ამ მომენტში უკრაინის ნატოში გაწევრება არა მგონია, რადგან ეს უკვე მესამე მსოფლიო ომის წინა პირობა იქნება”, - დასძენს ვახტანგ ძაბირაძე და შეკითხვაზე - “უკრაინის გაწევრება იმ ტერიტორიით, რასაც იმ დროისთვის გააკონტროლებს, ეს არ იქნება გამოსავალი?” - პასუხობს:

“ბევრი სცენარის განხილვა შეიძლება. ფაქტი ის არის, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ ორივე მხარე შეეცდება მოემზადოს თავისი ინტერესების დაცვისთვის. რუსეთი მოინდომებს, მინიმუმ, დონბასზე გასვლას, ხოლო უკრაინა, მინიმუმ, აზოვის ზღვაზე. ცხადია, ვგულისხმობ იმ სცენარს, თუკი შეწყდება ცეცხლი, მაგრამ ჯერ ესეც არ არის გარანტირებული. ამიტომ, თუკი ცეცხლი შეწყდა, ეს ორივეს ოპერატიული ამოცანა თუ არა, ოპერატიულ-სტრატეგიული მაინც იქნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ე.წ. სტრატეგიული მოთმინება. აზერბაიჯანი თავის მომენტს 30 წელი ელოდებოდა. თუ ეს პერიოდი გამოიყენა უკრაინამ, რომ რუსეთზე მეტად გაძლიერდეს, რუსეთში რა პროცესები შეიძლება წავიდეს, პუტინი ჰაერში გამოკიდებული ხომ არ არის, რა ცვლილებები იქნება, ამას რა მოჰყვება და ა.შ., ყოველივე ამაზე იქნება დამოკიდებული. ძალიან ბევრი ფაქტორია, მსოფლიო დღეს არაპროგნოზირებადია. აქედან გამომდინარე, რუსეთიც გულზე ხელებდაკრეფილი ხომ არ იქნება? ისიც შეეცდება მოკავშირეების მოძებნას, თვით ევროკავშირშიც. გააჩნია, ვინ ვის აჯობებს მშვიდობიანი პერიოდის ომში.”

რა იქნება 27 ოქტომბერს - ხელისუფლების ბრალდება და ანალიტიკოსთა პროგნოზები

მმართველი გუნდი არჩევნების მოახლოვებასთან ერთად სულ უფრო აქტიურად საუბრობს იმაზე, რომ ოპოზიცია არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება. რამდენად საფუძვლიანია „ქართული ოცნების“ ეს ბრალდებები და რა პროცესები გველოდება ოქტომბრის ბოლოს? ანალიტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის რევოლუციურ გეგმებზე საუბარი მმართველი პარტიის პიარის ნაწილი. სხვების აზრით კი, ოპოზიციას ნებისმიერ ფასად სურს ხელისუფლებაში მოსვლა და თუ ეს 26 ოქტომბერს არჩევნების გზით ვერ მოხერხდა, 27-დან ამას უკვე სხვა გზებით შეეცდებიან. “ოცნება” და ბიძინა ივანიშვილი ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი გმოვიდეს, რათა მმართველმა პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა აიღოს. მათი აზრით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაში ვერ დააყენებს ოპოზიცია, დასავლელ ლობისტებთან ერთად, არჩევნების ლეგიტიმურობას კითხვის ნიშნის ქვეშ. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ მმართველი გუნდის რეიტინგი 25%-ზე მეტი არ არის და შესაბამისად, პროპორციული არჩევნების პირობებში, ისინი საკონსტიტუციო უმრავლესობას კი არა, უბრალო უმრავლესობასაც ვერ აიღებენ, რევოლუციაზე „ოცნების“ განცხადებები კი მხოლოდ მოსახლეობის დაშინების ტაქტიკაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით რა იქნება 27 ოქტომბერს - ხელისუფლების ბრალდება და ანალიტიკოსთა პროგნოზები.

“პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილის თქმით, რადიკალური ოპოზიცია არა 26, არამედ 27 ოქტომბრისთვის ემზადება, რადგან საქართველოს საწინააღმდეგო მათი მტრული მიზნები არსად გამქრალა. მისივე თქმით, არავის მისცემენ შესაძლებლობას, რომ მართლაც სიმწრით მოპოვებულ მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხე დაემუქროს. კოალიცია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით კი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება” დამარცხდება, ხელისუფლების სასარგებლოდ დეზინფორმაციული მანქანები მუშაობას, რომელიც მათ “ვერ უშველით”. ანალიტიკოსი გია აბაშიძე ამბობს, რომ ოპოზიცია არა უშუალოდ არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების შემდგომი პროცესებისათვის ემზადება. მისი აზრით, სწორედ ამისთვის უშალოდ არჩევნების დღეს ისინი სხვადასხვა საშუალებით საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას შეეცდებიან. ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე კი ფიქრობს, რომ “ქართული ოცნების” მხრიდან ოპოზიციის დადანაშაულება არეულობის ორგანიზებაში წინასაარჩევნო პიარის ნაწილია”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება უცხოელ დამკვირვებლებს, აქაც მოსალოდნელია, რომ ცალკეული უსინდისო პოლიტიკური აქტორები, რომლებიც ცნობილი არიან საქართველოს ხელისუფლების დამუნათებითა და სიცრუის გავრცელებით, რომლებსაც სააკაშვილი რატომღაც წამებულად და პოლიტპატიმრად მიაჩნიათ, დეზინფორმაციის ტირაჟირებას დაიწყებენ. ასევე არ დაგვავიწყდეს ისიც, რომ გამჭვირვალობის კანონს ძალიან უნამუსოდ და არასწორად საარჩევნო პროცესს დაუკავშირებენ. ასეთი ბრალდებებიც გაგვიგია. უკვე ვიცით ის სტანდარტული ბრალდებები, რაც ამ ვითომ ე.წ. დამკვირვებლებისგან წამოვა. ეს ყველაფერი კი საზოგადოების უმრავლესობის განწყობაზე ვერანაირად ვერ აისახება. ამის შემდეგ კი, 27 ოქტომბერსს, როცა ცნობილი გახდება, რომ “ოცნებამ” არჩევნები მოიგო, დაიწყებენ რევოლუციური სცენარის განხორციელების მცდელობას, მაგრამ არაფერი გამოუვათ. ხალხმა მაისში უკვე კარგად დაინახა ისინი რას წარმოადგენენ და რა უნდათ. ყველა კვლევების მიხედვით “ოცნება” იგებს, ეს იციან, ამიტომაც არჩევნების ნაცვლად ქვეყნის გადატრიალებისთვის ემზადებიან”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.

“ოცნება” ახლა ყველაფერზე თავს იზღვევს. ვხედავთ, რომ რაღაც რევოლუციურ სცენარებზე, გადატრიალებებზე საუბრობენ. ამის პარალელურად საზოგადოებაში ნერგავენ აზრს, რომ ისინი არჩევნებს საკონსტიტუციო უმრავლესობით იგებენ. ეს არის ჩველებრივი პიარ სვლა და წინასწარ თავის დაზღვევა. ჩვენ გვახსოვს, რომ 2016 წელს “ოცნებამ” საკონსტიტუციო უმრავლესობა მხოლოდ მაჟორიტარების ხარჯზე მოიპოვეს, ხოლო ისე რეალურად მოსახლეობის დაახლოებით 25%-მა მისცა მათ ხმა. მით უმეტეს ახლა, როდესაც მათი რეიტინგი დაცემულია და ვნახეთ ამხელა აქციები, რომელიც მეორე წელია უკვე თბილისში გამჭვირვალობის კანონის წინააღმდეგ მიდიოდა, რა საკონსტიტუციო უმრავლესობაზე უნდა იყოს საუბარი, ეს ხომ წარმოუდგენელია... ყველა ბოლო კვლევით, მათი რეიტინგი 34-35%-ია. თუმცა აქ სიფრთხილეს თავი არ სტკივა და არ არის გამორიცხული მათ გარკვეულ ქმედებებს მიმართონ - ადმინისტრაციული რესურსი გამოიყენონ, დაიწყონ მოსახლეობის დაშინება ან მოსყიდვა და ცრუ დაპირებების მიცემა”, ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.

“მმართვლი გუნდი, რა თქმა უნდა, ყველა ხერხს გამოიყენებს გამარჯვების მოსაპოვებლად. ამით ცდილობენ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის მოტივაციის დაგდებას, რომ ისინი იგებენ არჩევნებს. თუ ოპოზიციამ ეს ყველაფერი გააპროტესტა, მერე იტყვიან - აი, ხომ ვამბობდით, რომ ოპოზიცა რევოლუციური სცენარისთვის ემზადებოდა და ა.შ. ძალიან რთული პროცესები გველის, რადგან 27 ოქტომბერს სიტუაცია ნამდვილად არ იქნება სახარბიელო. ამიტომ მმართველი გუნდი ვფიქრობ ყველა სცენარისთვის ემზადება. იქნება, რა თქმა უნდა, მასობრივი გამოსვლები და არც ის არის გამორიცხული, რომ მმართველმა გუნდმა ძალა გამოიყენოს“, - დასძენს ჩიტაძე და შეკითხვაზე - “თუკი დასავლეთმა არ აღიარა 26 ოქტომბრის არჩევნები, რამდენად არსებობს ალბათობა, რომ “ოცნება” საერთაშორისო იზოლაციაში მოხვდეს?” - პასუხობს:

“რა თქმა უნდა, ქვეყანა აღმოჩნდება ძალიან მძიმე მდგომარეობაში. თუკი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები არ აღიარებენ არჩევნებს, დადებენ ძალიან ბევრ დარღვევებს და გაყალბების ფაქტებს, მაშინ, რა თქმა უნდა, ქვეყანა იზოლაციაში ხვდება. ამის პარალელურად კი საქართველო ჩინეთთან ვასალურ მდგომარეობაში დარჩება. იგივე იქნება რუსეთის მიმართაც და ზუსტად ის სცენარია მოსალოდნელი, რომელიც ბელარუსშია. თუკი საპროტესტო აქციებს მმართველი გუნდი ჩაახშობს და სიტუაციას ამ ფორმით განმუხტავს და არ ექნება დასავლეთიდან აღიარება არჩვენებს, რა თქმა უნდა, სრულ იზოლაციაში მოვხვდებით. დავრჩებით მხოლოდ ჩინეთ-რუსეთის იმედად და საერთოდ, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრივობას და არსებობას საფრთხე დაემუქრება!"

გია ხუხაშვილი - “ეს ყველაზე მდორე და ყველაზე უღიმღამო საარჩევნო კამპანიაა”

ახლა ის პერიოდია, როდესაც სერიოზული პოლიტიკური დინამიკაა საჭირო, მაგრამ ოპოზიცია ვერაფერს ახერხებს. ყოველ შემთხვევაში, ჯერ ასე ჩანს. პროპაგანდა ინტენსიურად მუშაობს, მას დიდი რესურსი აქვს და მისი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებზე ერთგვარი ალტერნატიული რეფერენდუმის ჩატარება, რომ საზოგადოება ომსა და მშვიდობას შორის არჩევანის პირისპირ დააყენოს, ხალხში შიში და შფოთვა დათესონ, თვითონ პოზიციონირებენ როგორც მშვიდობის გარანტები და ოპონენტებს ომის პარტიად აცხადებენ. ოპოზიცია კი ვერ ახერხებს ამ ე.წ. კომპრომატის ჩამორეცხვას. სინამდვილეში ოპოზიციის დღის წესრიგი ახლა უნდა იყოს რეალური საფრთხის თავიდან აცილება. დღეს სარეფერენდუმო კითხვაა, თუ სად მიდის ქვეყანა გრძელვადიან პერსპექტივაში, მიდის ევროკავშირისკენ თუ ბრუნდება რუსეთის იმპერიაში”, - აცხადებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ეს ყველაზე მდორე და ყველაზე უღიმღამო საარჩევნო კამპანიაა” / “ფეხების ბაკუნის ნაცვლად, ამომრჩეველთან დიალოგია საჭირო”.

“მხოლოდ კონტრპროპაგანდით, ტელევიზიებში სხდომით ოპოზიცია ვერაფერს მიაღწევს. ფეხების ბაკუნისა და აკადემიური ტექსტების ნაცვლად საჭიროა ამომრჩეველთან დიალოგის აწყობა, პირდაპირი კომუნიკაცია. ხალხს უჭირს გარკვევა, როდესაც ერთგან ერთს ლაპარაკობენ და მეორეგან - მეორეს, მას კითხვები უჩნდება. ოპოზიციაში ამ კითხვაზე პასუხის გამცემი კი, სამწუხაროდ, თვალით არ უნახავთ. მე რასაც ვაკვირდები, ოპოზიციის ხალხთან კომუნიკაცია ჯერ შემოიფარგლება რეგიონებში ფორმალურად ჩასულ ხუთ კინკილა კაცთან ხალხის შეხვედრით, სელფების გადაღებით და მერე ფეისბუკზე ატვირთვით, რეალურ დინამიკას ვერ ქმნიან. სამაგიეროდ, ხელისუფლება მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით ყველა სოფელში, დაბასა თუ ქალაქში ინტენსიურად მუშაობს, ხალხს ხვდება. თბილისისა და მეგაპოლისებისგან განსხვავებით, განსაკუთრებით სოფლებში გამგებლები ავტორიტეტები არიან. სოფლებში სხვა სიტუაციაა და საჭიროა ოპოზიციონერები ჩავიდნენ და ხალხს დაელაპარაკონ. ეს არ კეთდება, რაც ძალიან სერიოზული ხარვეზია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.

“გარდა ამისა, ამ ევროპული დღის წესრიგით საჭიროა ხალხმრავალი აქციების ჩატარება. ბიძინა ივანიშვილი მართლა სულელი ხომ არ არის, მიტინგებს რომ მართავს. ეს სურათი ამომრჩევლისთვის მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ ამომრჩეველი საბოლოოდ არჩევანს აკეთებს არა მხოლოდ გემოვნებით, ვინ მოსწონს და ვინ არა, არამედ იმის მიხედვით, თუ ვის რა შეუძლია. ხალხი ოპოზიციაში ძალას უნდა ხედავდეს. აი, ეს დინამიკა, ძალის დემონსტრირება, გამარჯვების სულისკვეთება არ ჩანს. თითქოს კამპანია არც მიმდინარეობს, ან მიმდინარეობს ძალიან მდორედ და უხარისხოდ. ეს რანაირად უნდა ავხსნა, არ ვიცი. უხარისხო პოლიტიკაა, სხვაგვარად ვერ ავხსნი. პოლიტიკოსს, რომელსაც ჰგონია, კვირაში ერთხელ მაინც ტელევიზორში თუ გამოჩნდება და სიბრძნეებს გადმოაფრქვევს, ეს არის საარჩევნო კამპანია, ძალიან ცდება. ხალხს მონოლოგით რაღაცების ფრქვევა, თან სტანდარტული, ერთი და იმავე არგუმენტებით არ აინტერესებს. ხალხს კითხვები აქვს და ამ პასუხის გამცემი არავინ ჰყავთ ოპოზიციაში, ან თუ ჰყავთ ძალიან სუსტად არიან წარმოდგენილი. შეიძლება სიზარმაცის ბრალია. 2012 წელს ჩვენ ივანიშვილს სოფელ-სოფელ დავატარებდით, მიტინგებს, მანიფესტაციებს ვმართავდით და ამან შედეგიც მოიტანა. ეს პოლიტიკის აუცილებელი ელემენტია. ისე მოვიდა არჩევნები, ოპოზიცია მხოლოდ იმაზე ზრუნავს, ვინ ვისთან და როგორ დაჯდება და ა.შ.”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკური ელიტის ამბიციები აბსოლუტურ შეუსაბამობაშია მათ რეალურ შესაძლებლობებთან. ისინი რომ ამბობენ, გასაგებია, აბა, რას იტყვიან, წავაგებთო? გარკვეული საფუძველი აქვს იმას, რომ ხელისუფლებასაც საქმე ცუდად აქვს. ხელისუფლების ლეგიტიმაცია დღეს ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. მათი ნედლი რეიტინგი დაახლოებით 25%-ის ფარგლებში ტრიალებს, მაგრამ ხელისუფლებას საქმე ცუდად რომ აქვს, ეს ავტომატურად ოპოზიციის გამარჯვებას არ ნიშნავს. ოპოზიციას შეიძლება ჰგონია, რადგან ხელისუფლება აგებს, მე ვიგებო, მაგრამ რეალობაში ასე არ ხდება. ამომრჩეველი ასე კი არ ფიქრობს, რადგან ეს ცუდია, მეორე მხარე ავტომატურად კარგიაო. გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ ვიცი ეს ცუდია და ისიც ცუდიაო, არც ერთი არ მოსწონს. აი, ეს საქმეა გასაკეთებელი, რომ გაერკვნენ, ეს ცუდია და ის კარგი. პოტენციურად გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხომ ყველა ლოგიკით ოპოზიციური ამომრჩეველია? მაგრამ ამ აქტივს კაპიტალიზაცია სჭირდება. ამომრჩეველს ხონჩით ოფისში არავინ მიაწვდის და ბიძინა ივანიშვილის გათვლა სწორედ ამაზეა”, - მიიჩნევს ანალიტიკოსი.

“ივანიშვილი მოქმედებს ამ ლოგიკით - მე შეიძლება ცუდი ბიჭი ვარ, მაგრამ ისინი საერთოდ არავინ არ არიან. შესაბამისად, ვიღაცას ვიყიდი, ვიღაცა სახლში დარჩება და საბოლოოდ შედეგს მივიღებო. ოპოზიცია, კი ბატონო, ჯამურად რაღაცას წარმოადგენს, მაგრამ ყველა, ფაქტობრივად, ბარიერის ზღვარზეა და დამშვიდების იმედს ეს არ იძლევა. ელემენტარული არითმეტიკით, ხელისუფლება კი აგებს, მაგრამ ვინ იგებს, გაურკვეველია. ბოლო ერთი თვე მაინც რაღაც დინამიკა უნდა აკრიფონ. რა გახდა ევროპის სახელით თუნდაც თბილისში ერთი კარგი მარშის ჩატარება? ხომ იყო ხალხმრავალი აქცია, სად გაქრა?! ეს თემები აღარ არის აქტუალური. რომელიმე პრობლემა გადაწყდა, რასაც აპროტესტებდნენ? რა თქმა უნდა, არა. პირიქით, უფრო გაუარესდა მდგომარეობა. ეს კი, რა თქმა უნდა, ამომრჩეველში სკეპტიციზმს, ნიჰილიზმს ბადებს. აქტიური კამპანია, ფაქტობრივად, არ მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს არჩევნები მნიშვნელობით აღემატება ყველა წინა არჩევნებს, ყველაზე მდორე და ყველაზე უღიმღამო საარჩევნო კამპანიაა”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.

“თუ წინასწარ არ მუშაობენ არჩევნებისთვის, არ ცდილობენ მომხრეების მომრავლებას, არჩევნების მერე რაღა უნდა ქნან? ხელისუფლება რევოლუციის მზადების შესახებ მესიჯებს იმიტომ უშვებს, რომ ამომრჩეველი როგორმე დააფრთხოს, შეაშინოს და ამით, ასე ვთქვათ, ოპოზიცია დააზიანოს, ამომრჩევლის პოზიციისგან დისტანცირება მოახდინოს. ამისთვის ლაპარაკობენ, თორემ ხელისუფლებამ მშვენივრად იცის, რომ ოპოზიციას ახლა არანაირი რესურსი ასეთი მოქმედებებისთვის არა აქვს”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “სალომე ზურაბიშვილის ქარტია, რატომ დაივიწყეს, რა მიზნები შეიძლება ჰქონდეთ და ეს ახდენს ამომრჩევლებზე გავლენას, თუ მოსახლეობასაც აღარ ახსოვს?” - პასუხობს:

“ეგ კითხვები მეც მაქვს. ქარტია იყო ამ არჩევნების რეფერენდუმად გადაქცევის ფუნდამენტი, მთელი პროცესი მის ირგვლივ უნდა დატრიალებულიყო, მაგრამ რატომღაც მრჩება შთაბეჭდილება, რომ ოპოზიციონერები რატომღაც ემიჯნებიან. სიმბოლურად კი მოაწერეს ხელი, მაგრამ რეალიზება არ ხდება. პრეზიდენტი ძალიან სწორ განცხადებებს აკეთებს, მაგრამ სიმართლე გითხრათ, მისგანაც ვერ ვხედავ რაღაც ნაბიჯებს, რომ სიტუაცია გამოაცოცხლოს”.

“პრეზიდენტი როგორ ჩაერთოს, ის რომ ჩაერთოს, პარტიებმა მზადყოფნა ხომ უნდა გამოთქვან? მივიდნენ, დაელაპარაკონ. რა, დალაპარაკებაზე უარი უთხრა? გასაგებია, რომ ნაბიჯები პრეზიდენტმაც უნდა გადადგას, მაგრამ ბურთი ძირითადად მაინც ოპოზიციის მხარეს არის და ისინი უნდა იყვნენ დაინტერესებული. არჩევნების ბენეფიციარები ხომ პარტიები არიან და არა პრეზიდენტი? ამათ სჭირდებათ პრეზიდენტი, პრეზიდენტს კი არ სჭირდება ეგენი. ამიტომ თვითონ უნდა მიდიოდნენ პრეზიდენტთან, მაგრამ ეს არ უნდათ. სურთ ყველაფერი სხვის ხარჯზე მიიღონ და თვითონ არაფერი გასცენ, თან სხვას უსაყვედურონ იმის გამო, რომ ეგენი ხელისუფლებაში ვერ მოიყვანეს. საზოგადოებას საყვედურობენ, პრეზიდენტს საყვედურობენ, მე ხელისუფლებაში მინდა მოსვლა და გაინძერითო. ეს განცხადებები იმას ნიშნავს, მე ხელისუფლებაში რომ მოვიდე, კეთილინებე და შენ გაინძერიო. აი, ამ ენაზე გველაპარაკებიან და ჩვენ იმაზე ვმსჯელობთ, აქტიური საარჩევნო კამპანია რატომ არა აქვთ”... - დასძენს გია ხუხაშვილი.

თენგიზ ფხალაძე - რეზოლუციის აღსრულების ვადებთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არჩევნების შედეგად იქნება მიღებული, თუმცა, შესაძლოა, „ოცნების“ რომელიმე ნაბიჯმა პროვოცირება გაუკეთოს გადაწყვეტილებების იმაზე ადრე მიღებას, ვიდრე იგეგმება
სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.10.2024
წინანდლის მამულში „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმი წარმატებით ჩატარდა
Gebrüder Weiss-ი თბილისში არსებულ ლოგისტიკურ ცენტრს აფართოებს
ახალი მედიკამენტების კვლევა და განვითარება GM PHARMA-ში