საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, 35 წარმატებული მებაჟე ოფიცერი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ და კეთილსინდისიერად შესრულებისთვის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ, ხოლო 38 თანამშრომელს სახელმწიფო სპეციალური წოდება ვადამდე მიენიჭათ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული, სამართლებრივი, დემოკრატიული და ეკონომიკურად განვითარებული სახელმწიფოს მშენებლობაში მათ უმნიშვნელოვანესი მისია აკისრიათ.
„ძვირფასო მებაჟე ოფიცრებო! ნება მიბოძეთ, მოგილოცოთ და უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ სამსახურებრივი მოვალეობის ღირსეულად შესრულებისთვის. განსაკუთრებით მინდა ეს დღე მივულოცო დამწყებ მებაჟეებს, რომლებიც სულ ახლახანს ჩაერთნენ პროფესიულ საქმიანობაში. თქვენ ნამდვილად სწორი და ღირსეული არჩევანი გააკეთეთ.
ვისარგებლებ შესაძლებლობით და კიდევ ერთხელ გამოვყოფ თქვენ მნიშვნელოვან როლს, რომელიც გაკისრიათ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური საზღვრების დაცვის საქმეში, განსაკუთრებით დღეს საერთაშორისო სანქციების აღსრულების პროცესში. აქვე, სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საბაჟო სამსახურების მუშაობა ამ მიმართულებით აღიარებულია ყველა პარტნიორი ქვეყნის მიერ უმაღლეს დონეზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს და გისურვებთ წარმატებებს!“,-განაცხადა ლევან კაკავამ.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომელთა პროფესიული დღის თარიღი დაკავშირებულია მნიშვნელოვან მოვლენასთან, კერძოდ ეროვნული საბჭოს მიერ, 1918 წლის 30 აგვისტოს მიღებული იქნა კანონი- „საბაჟო დაწესებულებათა მოწყობის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა იმავე წლის 20 სექტემბერს და შესაბამისად, ფუნქციონირება დაიწყო დამოუკიდებელი საქართველოს საბაჟო ორგანომ. 2022 წელს, ფინანსთა მინისტრის ბრძანებით პროფესიული დღე დაწესდა ეროვნულ დონეზეც და 20 სექტემბერს, უკვე მეორედ აღინიშნება ეს თარიღი. ამ დღის დაწესება მიზნად ისახავს მებაჟის პროფესიის მხარდაჭერასა და დაფასებას.