იურისტმა, სოფიო ხორგუანმა ახალციხის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის გაზიფიცირების მოთხოვნით მთავრობას მიმართა.
ინფორმაციის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობისათვის 2019-2021 წლებში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულებით (შემდგომში- N791 განკარგულება) დამტკიცდა გაზიფიცირების სამწლიანი გეგმა, რომლის ფარგლებშიც, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ ქვეყნის მასშტაბით, 223 დასახლებული პუნქტის, ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, გაზიფიცირების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება დაევალა.
საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 თებერვლის N405 განკარგულებით ცვლილება შევიდა N791 განკარგულებაში და გაიზარდა იმ დასახლებული პუნქტების რაოდენობა, სადაც კომპანიას გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები უნდა ეწარმოებინა. კერძოდ, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ საჭირო სამუშაოების განხორციელება 384 დასახლებულ პუნქტში არსებული 88 363 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით დაევალა.
სოფიო ხორგუანმა მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგების პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით საქართველოს მთავრობას წერილით მიმართა.
„დამტკიცებული გეგმის შესაბამისად, სამცხე ჯავახეთის რეგიონშიც უნდა უნდა გადაჭრილიყო გაზიფიცირების საკითხი, კერძოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელში (ფერსა, გიორგიწმინდა, მუგარეთი (ფერსას თემი), გურკელი, წინუბანი (აგარის თემი) მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო გაზიფიცირებისათვის საჭირო პროექტი და 2025 წელს უკვე განხორციელებულიყო შესაბამისი სამშენებლო სამუშაოები“, - აღნიშნულია მიმართვაში.
როგორც საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილშია აღნიშნული, ისედაც რთულ პირობებში უწევს ადგილობრივ მოსახლეობას ცხოვრება და ვალდებულ პირთა უპასუხისმგებლობის გამო, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ელემენტარული პირობების შექმნის ვადებმა გაუმართლებლად არ უნდა გადაიწიოს.
„მიმდინარე წლის დასრულებამდე სამი თვე დარჩა და დასახელებულ სოფლებში გაზიფიცირების საპროექტო სამუშაოები ჯერაც არ დაწყებულა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოგიწოდებთ, გამოიყენეთ თქვენს ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი ბერკეტი საპროექტო სამუშაოების დაუყოვნებლივ მოსამზადებლად, რათა 2025 წელს, დროულად დასრულდეს სამშენებლო სამუშაოები და სოფლების ბუნებრივი აირით მომარაგების ვადამ კიდევ არ გადაიწიოს. გაითვალისწინეთ, რომ ისედაც რთულ პირობებში უწევს აქაურ მოსახლეობას ცხოვრება და ვალდებულ პირთა უპასუხისმგებლობის გამო, მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ელემენტარული პირობების შექმნის ვადებმა გაუმართლებლად არ უნდა გადაიწიოს“, - ნათქვამია სოფიო ხორგუანის მიერ საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ წერილში.
ასევე, ხორგუანი მთავრობას ინფორმაციის მიწოდებას სთხოვს, კერძოდ, თუ რა ღონისძიებებს გაატარებს და როგორ უზრუნველყოფს, გეგმით გათვალისწინებულ ვადებში ხსენებული სოფლების მოსახლეობის ბუნებრივი აირით მომარაგებას.