„არემჯის“ საზაფხულო სკოლაში ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სტუდენტების მე-6 ნაკადმა გაიარა

"არემჯის" საზაფხულო სკოლაში ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა სტუდენტების მე-6 ნაკადმა გაიარა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, პროექტის საზეიმო დახურვაზე, რომელიც დაბა კაზრეთში "არემჯის" სათავო ოფისში გაიმართა, საზაფხულო სკოლის მონაწილეებმა მოწვეულ სტუმრებს შემაჯამებელი პრეზენტაციები წარუდგინეს.

წელს, პირველად საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, პროექტში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც ჩაერთნენ.

პროექტის მსვლელობის დროს, სტუდენტები თავიანთი პროფესიებისა და ინტერესების შესაბამისად გადანაწილებულები იყვნენ ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა: გეოლოგია, ბურღვის ტექნოლოგიები, წიაღისეულის გადამუშავება, მარკშეიდერია, გეოტექნიკა და სამთო ტექნოლოგიები. წელს, პირველად მომავალ გეოლოგებს საშუალება ჰქონდათ, პრაქტიკა გაევლოთ ბექთაქარის მიწისქვეშა მაღაროში, რომელიც „არემჯი ჯგუფის“ თანამედროვე ტექნოლოგიებით განხორციელებული პროექტია.

„საზაფხულო სკოლა“ "არემჯის" ერთთვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამაა, რომელიც სტუდენტებს საზაფხულო არდადეგების პერიოდში დაბა კაზრეთში, კომპანიის საწარმოში პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობას სთავაზობს.

“ამ სტუდენტურ პროექტს უკვე მეექვსე წელია ვახორციელებთ. წელს ერთთვიანი პრაქტიკა 24-მა სტუდენტმა გაიარა, აქედან 18 სტუ-ის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის, ხოლო 6 თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტია. "არემჯის" საზაფხულო სკოლის მე-6 ნაკადის მონაწილეები ჩართულები იყვნენ კომპანიის ყოველდღიურ სამუშაოებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ამ ახალგაზრდების მომავალი პროფესიის შერჩევისა და მათ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში“, - აცხადებს „არემჯის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე საკადრო საკითხებში, გიორგი ჩხეიძე.

„წელს გაფორმდა მემორანდუმი არემჯისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის და თსუ-ის სტუდენტებს პირველად მოგვეცა შესაძლებლობა მონაწილეობა მიგვეღო „საზაფხულო სკოლაში“. სხვა სტუდენტებსაც ვურჩევდი ამ პროგრამაში ჩართვას, რადგან აქ დიდ პრაქტიკულ გამოცდილებას მიიღებენ“, - აცხადებს თსუ-ის სტუდენტი, არემჯის საზაფხულო სკოლის მონაწილე, ანნა კიკვაძე.

„თეორია აუცილებელია ამ საქმეში, მაგრამ პრაქტიკული ცოდნა უმნიშვნელოვანესია და ძალიან გამომადგება სამომავლოდ კარიერულ წინსვლაში. ჩვენი თვალით ვნახეთ ყველაფერი, პროფესიონალები გვიძღვებოდნენ და ძალიან მეგობრულ გარემოში ვეცნობოდით კომპანიის საწარმოო პროცესებს", -აცხადებს სტუ-ის სტუდენტი, "არემჯის" საზაფხულო სკოლის მონაწილე, ნიკოლოზ ბეჟუაშვილი.

ღონისძიების მეორე ნაწილში სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ, გამოჩენილი ინტერესისა და პროექტში წარმატებით ჩართულობისთვის კი ყველა მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა.

6 წლის განმავლობაში, საზაფხულო სკოლის პროექტში 250-ზე მეტი სტუდენტი ჩაერთო, მათგან 70%-ზე მეტი დასაქმებულია, აქედან კი 30-მდე სტუდენტი სხვადასხვა წლებში უშუალოდ "არემჯის" გუნდს შემოუერთდა.

კორპორაციული პასუხისმგებლობის ფარგლებში "არემჯი" მიჰყვება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ხარისხიანი განათლების ხელშეწყობა. ამ კუთხით, კომპანია სხვადასხვა საგანმანათლებლო ინიციატივას ახორციელებს, მათ შორის გამორჩეულია ის სტუდენტური პროგრამები, რომელთაც "არემჯი" საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში ახორციელებს.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა