თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტთან ენრიკო შლეიფთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას თსუ ავრცელებს.
მათივე ცნობით, შეხვედრაზე უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის გაფართოებასა და ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიური ცენტრის განვითარებაზე ისაუბრეს.
შეხვედრას გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი გერდ კარლინგი და ქართველოლოგიის მიმართულების პროფესორი მანანა თანდაშვილი, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი დარეჯან თვალთვაძე, თსუ-სა და ფრანკფურტის უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურების ხელმძღვანელები და სტუდენტები ესწრებოდნენ.
თსუ-ს რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს თითქმის 30-წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს ფრანკფურტის უნივერსიტეტთან. სწორედ ფრანკფურტის უნივერსიტეტში ფუნქციონირებს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველოლოგიური ცენტრი, სადაც ინტენსიურად მიმდინარეობს კვლევები და ვითარდება სრულიად ახალი მიმართულება - დიგიტალური ჰუმანიტარია. თსუ-ს რექტორმა მადლობა გადაუხადა ფრანკფურტის უნივერსიტეტის წარმომადგენლებს ცენტრის აქტიური ფუნქციონირებისთვის, რომელიც ხელს უწყობს გერმანიაში ქართველოლოგიის განვითარებას.
„ჩვენთვის ამ პროექტს სახელმწიფოებრივად სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. თსუ-შიც გვინდა ციფრული ჰუმანიტარიის ცენტრის შექმნა, რის შემდეგაც ჩვენი თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება“, - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
რექტორის ინფორმაციით, ფრანკფურტის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ევროკავშირის პროგრამა ერასმუს პლუსის ფარგლებშიც იგეგმება, რაც კიდევ უფრო გააფართოებს თანამშრომლობის სფეროს.
ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტის ენრიკო შლეიფის თქმით, ძალიან ბევრ სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ფრანკფურტის უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებაზე ესწავლა და კვლევები ჩაეტარებინა.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ კულტურული იდენტობა, განსაკუთრებით ისეთი მდიდარი კულტურის მქონე ქვეყნების, როგორიც საქართველოა. ის კვლევები, რაც ამ წლების განმავლობაში ჩვენს უნივერსიტეტში ქართველოლოგიის მიმართულებით მიმდინარეობდა, არის განძი, არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ თქვენც ძალიან ბევრს შეგმატებთ. გვსურს, ამ მიმართულების სწავლება სამივე საფეხურზე განვითარდეს“, - აღნიშნა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა.
ფრანკფურტის უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტის ფარგლებში ფუნქციონირებს ქართველოლოგიის მიმართულება, სადაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ისწავლონ. უნივერსიტეტში ასევე არსებობს რუსთაველის კაბინეტი.