რაც შეეხება დარღვევებს, გულწრფელად ვიტყვი, სასაცილოა ის, რაზეც აქცენტებს აკეთებენ. მაგალითისათვის, ერთ-ერთი საჩივარი დაწერილი იყო, თითქოს ერთმა დამკვირვებელმა მეორე დამკვირვებელი გადაკოცნა, ვიღაცამ თვალი ჩაუკრა, ვიღაც ვიღაცას მიესალმა, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, “ქართული ოცნების” გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ოპოზიციის მხრიდან არის მცდელობა, რომ არჩევნებს ზიანი მიაყენონ.
„წარმოუდგენელია, ეს არის ჩვეულებრივი სპეკულაციები და სიყალბე. უბრალოდ, სურვილი აქვთ, რომ არანაირ საფუძველზე დაყრდნობილი მონაცემებით დაწერონ საჩივრები და ეს რაც შეიძლება მეტი იყოს. რეალურად, ამ საჩივრების შინაარსი სასაცილოა. ერთადერთი, რაც ამ ადამიანებს დარჩენიათ, არის მცდელობა იმისა, რომ არჩევნებს რაიმე ზიანი მიაყენონ. არ გამოუვათ იმიტომ, რომ მთელი საარჩევნო კამპანია მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა მოსახლეობას შეხვედროდა“, - განაცხადა კალაძემ.