პაატა ზაქარეიშვილი - ჩანს, რომ მაია სანდუს მოლდოვის შიგნით არ ჰქონდა დიდი წარმატება, უფრო დიასპორა დაეხმარა - დასავლეთი დაინახავს, რომ საჭიროა მეტი დახმარება ასეთი სახელმწიფოების მიმართ

ჩანს, რომ მაია სანდუს მოლდოვის შიგნით არ ჰქონდა დიდი წარმატება, უფრო დიასპორა დაეხმარა და ამ შედეგებმა გააძლიერა პრორუსული ძალების მოლოდინი, რომ პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვებენ - დასავლეთი დაინახავს, რომ საჭიროა მეტი დახმარება ასეთი სახელმწიფოების მიმართ,- ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპული მაია სანდუს გამარჯვება შეაფასა.

ზაქარეიშვილი ფიქრობს, რომ მოლდოვაში როგორც რეფერენდუმის, ისე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ რუსეთი ძლიერად მუშაობს.

„მოლდოვაში მაია სანდუს გამარჯვება მნიშვნელოვანია, რადგან ეს ნიშნავს, რომ შენარჩუნდება კურსი, რაც მოლდოვას ჰქონდა. ამით არსებითად არაფერი შეიცვლება - გაგრძელდება პოლიტიკა. მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა და არა საპრეზიდენტო, ამიტომ მნიშვნელოვანია საპარლამენტო არჩევნები. შედეგებით, რაც ახლა დაიდო და ასევე, რეფერენდუმის შედეგებით ჩანს, რომ სანდუს მოლდოვის შიგნით არ ჰქონდა დიდი წარმატება, უფრო დიასპორა დაეხმარა, უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეები. ამ შედეგებმა გააძლიერა პრორუსული ძალების მოლოდინები, ჩათვალეს, რომ პარლამენტის არჩევნებში გაიმარჯვებენ. შემდეგი არჩევნები ძალიან მძიმე და რთული იქნება. ამ შედეგებმა აჩვენა, რომ მოლდოვას მოუწევს სერიოზული გამოცდის გავლა საპარლამენტო არჩევნებზე. რეფერენდუმის შედეგებმა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებმა შიგნით, მოლდოვაში აჩვენა, რომ რუსეთი ძლიერად მუშაობს და დიდი გავლენები აქვს. ამიტომ, საჭიროა, ამ ერთი წლის განმავლობაში, რაც მოლდოვას საპარლამენტო არჩევნებამდე ექნება, მაქსიმალურად ეფექტიანად შეეწინააღმდეგოს რუსეთის პოლიტიკას. რადგან რუსეთმა ძალიან დიდი ფული დახარჯა, აშკარად ჩანს, იქ სერიოზული დაპირისპირება იქნება საპარლამენტო არჩევნებში. თუ იქ სანდუმ ვერაფერი გააკეთა და თავისი პოლიტიკა ვერ განახორციელა პარლამენტის საშუალებით, მომავალში პრობლემები შეიქმნება. ახლა ჯერჯერობით პრობლემები არაა და ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ ეს უნდა იყოს გარკვეულწილად შეტყობინება და იცოდეს, რომ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა იქნება საპარლამენტო არჩევნებზე. წინა საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ახლა, თუ შეიძლება ასე ითქვას და გამოიკვეთა გარკვეული სირთულეები რუსეთის კონტექსტიდან გამომდინარე. თუ საჭიროა, მთელი დემოკრატიული, დასავლური სამყარო მხარში უნდა ამოუდგეს მოლდოვას და გაითვალისწინოს რუსული გავლენების შედეგები, რაც რუსეთს არ გაუჭირდება. ძალიან პატარა სახელმწიფოა მოლდოვა და ძალიან იოლია იქ მოსახლეობის ყიდვა. ვნახეთ, ჩვენთან როგორ იოლად ხდება ფულით ადამიანებით მანიპულირება. იქ მეტი ფული წავა, ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს არის სერიოზული შეტყობინება, სერიოზული მოვლენა მოხდა მოლდოვაში რუსეთის გავლენების გამოაშკარავებისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულება“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

მისი თქმით, მაია სანდუს გამარჯვება, გარე ძალების და უცხოეთში მცხოვრები მოლდოვის მოქალაქეების დამსახურებაა.

„სხვა ქვეყნებში მცხოვრებმა მოლდოვის მოქალაქეებმა, 4 ათასმა ადამიანმა, პრაქტიკულად გადაწონა არჩევნების შედეგები. ამიტომ, ეს არის სერიოზული რესურსი მოლდოვაში დემოკრატიის გამარჯვების. საჭიროა, რომ დასავლეთმა ეს მაქსიმალურად დაინახოს, როგორ მანიპულირებს იქ, სადაც ინსტიტუტები გამართული არაა და როგორ ეფექტიანად მუშაობს მოქალაქის ნება უცხოეთში. საქართველოს არჩევნებმაც აჩვენა, რომ უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეების ხმა არ იკარგება, არ ყალბდება, ასე მოხდა მოლდოვაში. საერთო გვაქვს. უცხოეთში ჩატარებულმა არჩევნებმა აჩვენა, რას ნიშნავს არა გაყალბებული და არა მანიპულირებული პროცესი და როგორია გაყალბებადი და მანიპულირებადი, როგორც საქართველოს ტერიტორიის შიგნით, ისე მოლდოვის ტერიტორიაზე. ეს იყო მკაფიო ნიშანი, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფოში მოქალაქეების ნება საკმაოდ დაუცველია. ეს არის სერიოზული ზარი დასავლეთისთვის, რათა ნახონ, როგორ ახერხებს რუსეთი შიგნით, სახელმწიფოებში მანიპულირებას“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, რა შეიცვლება გეოპოლიტიკურ ველზე საქართველოსთვის, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპული კანდიდატის გამარჯვებით, პოლიტოლოგი ამბობს, რომ რადგან მოლდოვაში ხელისუფლება არ შეცვლილა, „გეოპოლიტიკურ ველზე ჩვენთვის არაფერი შეიცვლება და არსებული პოლიტიკა გაგრძელდება“.

„ძალაუფლება პროდასავლურ ძალებს შორის რჩება, ამიტომ საპარლამენტო არჩევნებამდე არაფერი შეიცვლება. ღმერთმა ქნას, ყველაფერი კარგად წავიდეს და საპარლამენტო არჩევნებში სანდუს პოლიტიკურმა ძალამ გაიმარჯვოს, შეიძლება შემდეგ ეს კითხვა დაისვას. ჯერჯერობით, ცენტრი გადაერთო საპარლამენტო არჩევნების მოლოდინსა და მზადებაში. დასავლეთი დაინახავს, რომ საჭიროა მეტი დახმარება ასეთი სახელმწიფოების მიმართ. მაგრამ ვინაიდან სანდუ პროევროპულია და თანამშრომლობს ევროპასთან, იქ უფრო იოლი იქნება დაეხმარონ, ვიდრე ჩვენთან, როდესაც ხელისუფლება აშკარად ფარისეველია და მანიპულირებს დასავლეთსა და რუსეთს შორის. საქართველო ასეთ შემთხვევაში უფრო მოწყვლადი რჩება, რადგან უფრო სპეკულირებს დასავლური ღირებულებებით, ვიდრე მოქმედებს. ამიტომ, არ მგონია, ჯერჯერობით რამე შეიცვალოს, ყველა - როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი, საპარლამენტო არჩევნებისკენ მიდის“,- განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.

შეგახსენებთ, გუშინ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც, წინასწარი შედეგების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ქართული პრესის მიმოხილვა 21.04.2025
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის