ნიდერლანდების ელჩი მელინე არაკელიანი - გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასთან ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება

საქართველოს არავინ აიძულებს გახდეს ევროკავშირის წევრი. გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება საქართველოს გადაწყვეტილება იყო, მაგრამ წევრობის განაცხადით ქვეყანა თანხმობას აცხადებს, შეასრულოს წევრობის კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება, - ამის შესახებ ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

დიპლომატი განმარტავს, რომ ევროკავშირის წევრობის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა, უმცირესობების დაცვა და სანამ ამ სფეროში გაუარესებაა, საერთო პროგრესზე საუბარი არ შეიძლება იყოს, თუნდაც გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები უფრო ტექნიკურ საკითხებზე.

როგორ აფასებს ოფიციალური ჰააგა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს და კონკრეტულად რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას საქართველოს ხელისუფლებისგან იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კვლავ დაიძრას - ამ და სხვა თემებზე ნიდერლანდების სამეფოს ელჩმა საქართველოში, მელინე არაკელიანმა „ინტერპრესნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

- ინტერვიუ დავიწყოთ იმ პროტესტით, რომელიც არჩევნების შედეგების გაუქმების მოთხოვნით თბილისში იმართება. როგორც ვიცით, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა, მხარდამჭერებთან ერთად, სამი დღის წინ ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირების, ვარაზისხევისა და კეკელიძის ქუჩის დამაკავშირებელი გზაჯვარედინი ჩაკეტეს და იქ კარვები გაშალეს. პირველმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა დღეს გამთენიისას აქციის მონაწილეები საპოლიციო ძალებმა დაშალეს - კარვები აიღეს და ტერიტორია მომიტინგეებისგან გაათავისუფლეს. მოგვიანებით ასევე ვნახეთ პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირების რამდენიმე შემთხვევა, რის შედეგადაც არაერთი პირი დააკავეს. როგორ შეაფასებდით იმას, რაც ვნახეთ. თქვენი აზრით, რამდენად პროპორციული იყო ის ძალა, რომელიც საპოლიციო დანაყოფებმა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოიყენეს? ასევე, რამდენად გასაზიარებელია შსს-ს არგუმენტი, რომ აქციაზე არ იყო იმ რაოდენობის ხალხი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო კვანძის პარალიზება რომ მომხდარიყო...

- მნიშვნელოვანია, რომ დემონსტრანტებმა კანონის ფარგლებშიმშვიდობიანი პროტესტის უფლებითისარგებლონ. ამასთან, ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ დაუბრკოლებლად გააშუქონ ეს მოვლენები. ხელისუფლების მხრიდან ნებისმიერი პასუხი უნდა იყოს პროპორციული.

- რაც შეეხება სხვა საკითხებს - „ქართული ოცნება“ არჩევნების და ახალი პარლამენტის ლეგიტიმაციის აღიარების მოლოდინშია, თუმცა ევროპელი ლიდერებიდან მმართველ პარტიას გამარჯვება ჯერ მხოლოდ ვიქტორ ორბანმა და რობერტ ფიცომ მიულოცეს, რომლებიც თავის მხრივ, ევროკავშირისთვის საკმაოდ პრობლემურ ფიგურებად განიხილებიან. თავის მხრივ, ქართულ ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს უკვე საკმარისი მტკიცებულებები მოგეწოდათ იმის დასტურად, რომ 26 ოქტომბერს არჩევნების ტოტალურ გაყალბებას ჰქონდა ადგილი. რატომ იგვიანებს ევროკავშირის ქვეყნები საბოლოო პოზიციის დაფიქსირებას იმასთან დაკავშირებით, ლეგიტიმურია თუ არა საქართველოში ჩატარებული არჩევნები, ახალი პარლამენტი და ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენა...

- საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები. ამ მიზნით, ჩემმა ქვეყანამ, ნიდერლანდებმა, უფრო მეტი დამკვირვებელი გამოგზავნა, ვიდრე ჩვენ ჩვეულებრივ ვაკეთებდით ეუთო/ოდირის არჩევნების სადამკვირვებლო მისიებში. ეუთო/ოდირმა გამოაქვეყნა თავისი დასკვნები და ჩვენ ველოდებით მათ საბოლოო ანგარიშს. წინასწარ ანგარიშში ისინი ხაზს უსვამენ არსებით დარღვევებს არჩევნების კონტექსტში.ისინი საუბრობენ წინასაარჩევნო კამპანიის დროს არათანაბარ პირობებსა და ასევე არჩევნების დღეს მრავალრიცხოვან დარღვევებზე. ნიდერლანდებმა გამოთქვა სერიოზული შეშფოთება ამ დარღვევების შესახებ, რადგან ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, შემაშფოთებელია მსგავსი დარღვევების დაფიქსირება. ჩვენ შევუერთდით ევროპის სხვა ქვეყნებს და ევროპულ ინსტიტუტებს, რათა მოვითხოვოთ მიუკერძოებელი და გამჭვირვალე გამოძიება ყველა საჩივარზე და დაფიქსირებული დარღვევების აღმოფხვრა.

- 13 ნოემბერს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ევროპარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართა. რამდენიმე ევროპარლამენტარმა 26 ოქტომბრის არჩევნები საკმაოდ მწვავედ შეაფასა და აღნიშნა, რომ არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე გაიმართა. დეპუტატების ნაწილი აცხადებდა, რომ აუცილებელია საქართველოს მთავრობის სრული იზოლაცია, თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას იწონებდა... კონკრეტულად რა კითხვები გაქვთ, როცა საქმე 26 ოქტომბრის არჩევნებს ეხება?

- ჩვენ ჩვენს მოსაზრებას ძირითადად ეუთო/ოდირის ანგარიშზე ვაფუძნებთ. ეს იყო ძალიან დიდი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია. მათი დასკვნებიდან გამომდინარე, ჩვენ გამოვთქვით ჩვენი შეშფოთება. არ მინდა გავიმეორო მათ ანგარიშში წამოჭრილი ყველა საკითხი, მაგრამ ჩვენ მოვითხოვეთ მიუკერძოებელი სანდო გამოძიების ჩატარება, რადგან ეს ასევე აუცილებელია საარჩევნო პროცესის მიმართ საზოგადოების ნდობის აღსადგენად. ასევე მნიშვნელოვანია გაკვეთილის მიღება იქიდან, რაც არასწორად მოხდა. ეუთო/ოდირი ასევე ყოველთვის გასცემს რეკომენდაციებს საარჩევნო პროცესის გასაუმჯობესებლად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალიან სანდო გამოძიება ჩატარდეს საფუძვლიანად და მოხდეს მისგან გაკვეთილების გამოტანა მომავალი არჩევნებისთვის.

- გამოძიებას რაც შეეხება, ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები საქართველოში ჩატარებული არჩევნების საკითხზე საერთაშორისო გამოძიების ჩატარებას ითხოვენ. ამ საკითხზე როგორც ევროკავშირის ელჩთან, ისე უშუალოდ ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა. ხომ არ შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რა მექანიზმის ამოქმედებაზეა საუბარი - რას გულისხმობს საერთაშორისო გამოძიება და მეორე მხრივ, რამდენად რეალისტურად გამოიყურება ეს ინიციატივა?

- როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ მოვითხოვეთ მიუკერძოებელი გამოძიება. უპირველეს ყოვლისა, საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამ გამოძიების სანდო გზით ჩატარება.

- ევროკავშირის რვა ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებმა საქართველოში ვიზიტისას გააჟღერეს, რომ ევროკავშირში საქართველოსთან უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე დისკუსია მიმდინარეობს. რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ევროკავშირი საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილებამდე მივიდეს? ამ საკითხს მომხრე უფრო მეტი ჰყავს თუ მოწინააღმდეგე? მეორე მხრივ, რამდენად სამართლიანი იქნება ეს ნაბიჯი საქართველოს მოსახლეობისთვის?

- პირველ რიგში, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ, რომ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი არის პარტნიორობის პრივილეგირებული ფორმა. ის საქართველოს 2017 წელს მიენიჭა იმ პროგრესის საფუძველზე, რომელსაც ქვეყანამ წარსულში მიაღწია. უვიზო მიმოსვლის სანაცვლოდ მესამე ქვეყანა ეთანხმება რიგ ვალდებულებებს და მათ შორისაა კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვა. ეს ეხება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ეხება ყველა ქვეყანას, რომლებთანაც ევროკავშირს აქვს უვიზო მიმოსვლა. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს არ ეხება საქართველოს მოქალაქეების დასჯას. მაგრამ საქართველოს აქვს ვალდებულება შეასრულოს უვიზო მიმოსვლის პირობები, ადამიანის უფლებების და ანტიდისკრიმინაციის ჩათვლით. ეს არის საკითხი, რომელსაც ამჟამად ევროკავშირში განიხილავენ და ამ დისკუსიების შედეგს წინასწარ ვერ ვიტყვი. ეს არის საერთო დისკუსიის ნაწილი. ეს არ არის ერთადერთი ზომა, რომელიც განიხილება. რამდენიმე სხვა მექანიზმი ასევე განიხილება ევროკავშირში ამ მომენტში და ჩვენ უნდა ვნახოთ, რა იქნება ამ დისკუსიების შედეგი.

- რაც შეეხება უშუალოდ ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის თბილისში ვიზიტს - „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისინი ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში დაადანაშაულეს და ურჩიეს, რომ თავიანთ ქვეყნებს მიხედონ. მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკა მოჰყვა იმასაც, რომ 8 ქვეყნის პარლამენტის წევრები რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე მივიდნენ... ხედავთ თუ არა პრობლემას იმაში, რომ ევროპელი პოლიტიკოსები პარლამენტთან დამონტაჟებულ სცენაზე, ქართველ პოლიტიკოსებთან ერთად აღმოჩნდნენ და რითი დაარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანები ქვეყნის მტრები კი არა, მეგობრები არიან...

- პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ამ კონკრეტულ საპარლამენტო დელეგაციაში, რომელიც საქართველოში იმყოფებოდა, ნიდერლანდების პარლამენტის წევრები არ იყვნენ, მაგრამ ზოგადად, პარლამენტის წევრებმა უნდა გამოხატონ საკუთარი თავი ისე, როგორც თავად მიაჩნიათ მიზანშეწონილად. ჩემი გადასაწყვეტი არ არის, თუ როგორ გამოხატავენ აზრს პარლამენტის წევრები, რადგან ეს მათი პრეროგატივაა.

- „საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს არ განიცდის მანამ, სანამ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში უკუსვლაა. საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამის გამოა შეჩერებული“- ცოტა ხნის წინ, თქვენ ასე უპასუხეთ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას, რომლის თქმითაც, ევროკომისიის გაფართოების ანგარიში იმაზე მეტყველებს, რომ საქართველო ევროპულ გზაზე პროგრესს განიცდის. რა გაძლევთ იმის საფუძველს, რომ მსგავსი დასკვნა გააკეთოთ? კონკრეტულად, რა გარემოებები გაქვთ მხედველობაში, როცა საუბრობთ, რომ დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების სფეროში საქართველოს უკუსვლა აქვს?

- გასულ ივნისში ევროპის წევრი ქვეყნების ლიდერებმა გადაწყვიტეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება, უპირველეს ყოვლისა, ე.წ. უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის მიღების გამო, რომლის შესახებაც ევროკავშირი ძალიან ნათლად აცხადებდა, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ჩვენ ასევე ძალიან მკაფიოდ აღვნიშნეთ, რომ მიღების შემთხვევაში ის სერიოზულად გამოუთხრიდა ძირს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. ასეც მოხდა. მიღების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა გადაწყვიტეს ამ პროცესის შეჩერება. ეს პოზიცია გასულ ოქტომბერში კიდევ ერთხელ გაიმეორეს ევროპელმა ლიდერებმა. ასევე კომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა, ევროკომისიამ კვლავ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია. არ ვიცი, ამაზე უფრო გარკვევით როგორ შეგვიძლია ვთქვათ. ასე რომ, ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს არავინ აიძულებს გახდეს ევროკავშირის წევრი. გაწევრიანებაზე განაცხადის გაკეთება საქართველოს გადაწყვეტილება იყო, მაგრამ წევრობის განაცხადით ქვეყანა თანხმობას აცხადებს, შეასრულოს წევრობის კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ევროკავშირის წევრობის ყველაზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმებია მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და უმცირესობების დაცვა.

ეს არის ე.წ. „კოპენჰაგენის კრიტერიუმები“, რომლებიც გადამწყვეტია ამ პროცესში. ასე რომ, სანამ ამ სფეროში გაუარესებაა, საერთო პროგრესზე საუბარი არ შეიძლება იყოს, თუნდაც გადაიდგას გარკვეული ნაბიჯები უფრო ტექნიკურ საკითხებზე. ეს შეგვიძლია, შევადაროთ სახლს, რომელიც საჭიროებს შეკეთებას. თუ სახლის საძირკველი ირყევა და გადაწყვეტთ მხოლოდ სახლის კედლების შეღებვას, ეს მაინც არ იქნება მყარი სახლი. მინდა დავამატო, რომ ჩემი ქვეყანა დამოუკიდებლობის მომენტიდან საქართველოს ეხმარებოდა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის შენებაში. ამიტომ, როგორც საქართველოს მეგობრისთვის, ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ამ სფეროში საპირისპირო მიმართულებით განვითარების ყურება.

- 30 ოქტომბერს გაფართოების პოლიტიკის შესახებ ევროკომისიის კომუნიკაცია გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ „თუ საქართველო არ შეატრიალებს მოქმედების მიმდინარე კურსს, რომელიც საფრთხეს უქმნის მის გზას ევროკავშირისკენ, და არ გამოიჩენს ხელშესახებ ძალისხმევას გადაუწყვეტელი პრობლემებისა და ძირითადი რეფორმების გადასაჭრელად, კომისია ვერ შეძლებს განიხილოს საქართველოსთან მოლაპარაკებების დაწყების რეკომენდაცია“. თქვენ როგორ შეაფასებდით, ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველოს ამჟამინდელ პერსპექტივებს და მეტიც, ხედავთ თუ არა აღნიშნულის პერსპექტივას იქამდე, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა?

- გასული წლის დეკემბერში ჩვენ გადავწყვიტეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მარტივად არ მიგვიღია, მაგრამ მან აჩვენა ჩვენი ერთგულება საქართველოს ევროპული მომავლის მიმართ. სამწუხაროდ, კანდიდატის სტატუსს არ მოჰყოლია საკმარისი ვალდებულებების შესრულება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან საჭირო რეფორმების გასატარებლად. ეს არის ე.წ. ცხრა ნაბიჯი და პროგრესი ამ სფეროში უმნიშვნელო იყო, როგორც ევროკომისია წერს თავის ანგარიშში. უფრო მეტიც, კომისია ასევე ხედავს აშკარა უკანდახევას რიგ სფეროებში, როგორიცაა დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლა, პოლარიზაცია, არჩევნების ჩატარება და ადამიანის უფლებები. განსაკუთრებით ე.წ კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, ისევე როგორც ოჯახურ ფასეულობებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, როგორც ამას აქ უწოდებენ, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც საქართველოს ევალება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უკვე დამტკიცდა, რომ ძალიან საზიანოა ამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ე.წ. ოჯახური ფასეულობების კანონი უკიდურესად შორს მიმავალია და ის კარს უხსნის საბჭოთა სტილის ცენზურას. ეს ყველაფერი ფაქტობრივად დადასტურებულია იურიდიულ დასკვნებში, რომელიც გამოქვეყნდა, მაგალითად, ვენეციის კომისიის მიერ, რომელიც არის ევროპის საბჭოს ძალიან ავტორიტეტული ორგანო, ასევე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მიერ.

- მათ ნათლად აღნიშნეს, თუ რამდენად ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს, განსაკუთრებით ეს ორი კანონმდებლობა და ბოლოს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი, გასულ თვეებში ჩვენ ვნახეთ ბევრი შეცდომაში შემყვანი და მტრული რიტორიკა ევროკავშირის შესახებ საქართველოში მაღალი დონის ოფიციალური პირებისგან. ამ ყველაფერმა სერიოზულად შეარყია ჩვენი ნდობა საქართველოს მთავრობის ერთგულების მიმართ ევროკავშირის გზაზე და ჭეშმარიტი რეფორმების მიმართ.

- კონკრეტულად რა ნაბიჯებს ითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან იმისთვის, რომ ევროინტეგრაციის პროცესი კვლავ დაიძრას. შეიძლება საკმარისი იყოს მხოლოდ ე.წ. აგენტებისა და ე.წ. ლგბტ პროპაგანდის საწინააღმდეგო კანონების გაუქმება თუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას და საქართველოსთან ურთიერთობების გაგრძელებას არჩევნების საკითხსაც უკავშირებთ?

- თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნება, დასაწყისისთვის, მან უნდა გააუქმოს ეს კანონები, რასაც მას ევროკავშირი აშკარად მოუწოდებს. მაგრამ საქართველოს ასევე მოუწევს იმ ცხრა ნაბიჯის შესრულება, რაც ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შემდეგ ეტაპზე გადასვლის პირობაა. ბურთი მართლაც საქართველოს მოედანზეა, მაგრამ გულწრფელად რომ გითხრათ, ვფიქრობ, საქართველოს მთავრობასთან ნდობის აღდგენას დიდი დრო დასჭირდება.

- რაც შეეხება საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობას - საქართველოს ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის პოსტს ოფიციალურად დაიკავებს, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. პირადად თქვენ რამდენად ხედავთ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების გადატვირთვის პერსპექტივას ახალი ადმინისტრაციის პირობებში და რამდენად ფიქრობთ, რომ ტრამპის მთავრობა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ხელისუფლება იქნება?

- უპირველეს ყოვლისა, მთლიანად საქართველოს ხელისუფლების გადასაწყვეტია, აღადგინოს ურთიერთობა მათ მრავალწლიან პარტნიორებთან, მათ შორის ევროკავშირთან. ვფიქრობ, რომ ეს საქართველოს ინტერესებშია,მაგრამ ამისთვის საქართველოს მომავალ მთავრობას ნამდვილად მოუწევს დემოკრატიული უკანდახევის ეს შემაშფოთებელი ტენდენცია შეცვალოს და არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით და მე ზემოთ უკვე აღვნიშნე ამის გაკეთების რამდენიმე გზა.

ნიდერლანდები ღიაა საქართველოსთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, თუ მომავალი მთავრობა ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს. ჩვენ ვართ ქართველი ხალხის დიდი ხნის მეგობარი და ერთ-ერთი უდიდესი უცხოელი პირდაპირი ინვესტორი ამ ქვეყანაში. ჩვენ ვაფასებთ პარტნიორობას, ფართო ურთიერთობას, რომლითაც ბოლო დრომდე ვსარგებლობდით და გვსურს მისი აღდგენა, მაგრამ ისევ საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა.

- დაბოლოს, ნიდერლანდების მიგრაციის მინისტრის, მარიოლეინ ფაბერის განცხადებით, ნიდერლანდები სასაზღვრო კონტროლს აწესებს. უფრო კონკრეტულად კი, ნიდერლანდების მიგრაციის სამინისტროში განაცხადეს, რომ სახმელეთო საზღვრებზე კონტროლი 9 დეკემბრიდან დაწესდება და იგი მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში გაგრძელდება. შეგიძლიათ განგვიმარტოთ რატომ მიიღო ნიდერლანდებმა მსგავსი გადაწყვეტილება და ხომ არ შეუქმნის ის საფრთხეს შენგენის ზონის ქვეყნებს შორის თავისუფალ გადაადგილებას?

- ნიდერლანდებმა გადაწყვიტა აღადგინოს სასაზღვრო კონტროლი, როგორც დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიება, რომელიც გამიზნულია არალეგალური მიგრაციისა და ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად. ამრიგად, ამ დროებითი ღონისძიების მიზანია შეზღუდოს არალეგალური მიგრანტების შემოდინება ნიდერლანდებში. და დროებითი სასაზღვრო კონტროლი, ის მოწყობილია ისე, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს შეფერხებები სასაზღვრო რეგიონების ეკონომიკურ და სამგზავრო გადაადგილებაში.

ბექა ბერიაშვილი

„ინტერპრესნიუსი“

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა