ნიკა მელია - არავინ აპირებს ბრძოლაზე უარის თქმას, პატივი და პრივილეგიაა ვიყოთ ამ ბრძოლის ავანგარდში - პროტესტი გამარჯვებამდე - ეს არის ხედვაც, გეგმაც და სტრატეგიაც, რომელიც არ შენელდება - ხვალ განუზომლად მეტი უნდა ვიყოთ!

არავინ აპირებს ბრძოლაზე უარის თქმას! პატივი და პრივილეგიაა ვიყოთ მართლები, პატივი და პრივილეგიაა ვიყოთ ამ ბრძოლის ავანგარდში, - ამის შესახებ კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა მელიამ გმირთა მოედანზე განაცხადა.

როგორც ნიკა მელიამ აღნიშნა, პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე „რეჟიმი არ ჩამოიშლება და იძულებული არ გახდება ახალი არჩევნები დანიშნოს“.

„დღევანდელი პროტესტი შედგა, პროტესტი გაგრძელდება მანამდე, სანამ გამარჯვება არ იქნება მოპოვებული და ამ ქვეყანაში არ ჩატარდება ახალი საპარლამენტო არჩევნები. მსოფლიო პარლამენტარიზმის ისტორიაში, ალბათ, ძნელად მოიძებნება პრეცედენტი, როდესაც ასეთი ყალბი და შინაარსისგან დაცლილი პარლამენტი სადმე არსებობდეს ან ეარსება, ე.წ. პარლამენტი, სადაც საკონსტიტუციო რაოდენობაც კი არსებობს, 2/3 შემადგენლობაც კი არ არის. მას არ აღიარებს არავინ მსოფლიოში.

აქ შეკითხვას სვამენ სახელისუფლო მედიები და დღეს კონტრშეკითხვა დამებადა - თუ ჩვენ რამეში ვცდებით, როგორ ხდება, რომ დემოკრატიული მსოფლიო არ აღიარებს ერთხმად ივანიშვილის მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგებს? არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო საზოგადოება არ აღიარებს. უამრავი ჩიხური მდგომარეობა აქვს ე.წ. ხელისუფლებას, რომელიც არის ყალბი და თვითმარქვია. ეს უნდა ვიცოდეთ, ამ ქვეყანას ჰყავს თვითმარქვია ხელისუფლება, რომელმაც უბრალოდ დაიწერა ის, რაც ეგონა, რომ შერჩებოდა.

ხვალ და ზეგ არის უმნიშვნელოვანესი დღეები. ხვალ, 24 ნოემბერს, 21:00 საათზე, ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვაპროტესტებთ მანამ, სანამ რეჟიმი არ ჩამოიშლება და არ გახდება იძულებული მივიღოთ ახალი არჩევნები. ეს არის თავისუფალ ხალხსა და ავტორიტარიზმის მომხრე ხალხს შორის დაპირისპირება. მე-11 მოწვევის პარლამენტია, მაგრამ ჩვენთვის ეს არის იმ მე-11 არმიის მემკვიდრე, რომელმაც ერთხელ შეძლო ქართული დამოუკიდებელი სახელმწიფოს სუვერენიტეტი ფეხქვეშ გაეთელა, მაგრამ მეორეჯერ ვერ უნდა შეძლოს.

არავინ აპირებს ბრძოლაზე უარის თქმას! პატივი და პრივილეგიაა ვიყოთ მართლები, პატივი და პრივილეგიაა ვიყოთ ამ ბრძოლის ავანგარდში. ხვალ განუზომლად მეტი უნდა ვიყოთ და ველოდებით მთელ საქართველოს საღამოს 9 საათზე. პროტესტი გამარჯვებამდე - ეს არის ხედვაც, გეგმაც და სტრატეგიაც, რომელიც არ შენელდება. გამარჯვება მთელ საქართველოს“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი