დღეს არ შემეძლო რომ არ გამოვსულიყავი - ვფიქრობ, რომ ჩვენს ქვეყანას უდგას გადამწყვეტი მომენტი. რომ ვხედავ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი მომავლით გულშეწუხებულები გამოდიან, როგორც მამა და როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, ერთგვარად ჩემ ვალად ჩავთვალე მათთან ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალზე მეყვირა აქ, ერთგვარი ბრაზი გამომეხატა, - ამის შესახებ საფრანგეთში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, გოჩა ჯავახიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, „ტვ პირველს“ განუცხადა.
დიპლომატის განმარტებით, ძალიან უხარია, რომ მისმა კოლეგებმაც მიიღეს გადაწყვეტილება თანამდებობების დატოვების შესახებ.
„დღეს არ შემეძლო რომ არ გამოვსულიყავი. ხშირ შემთხვევაში, დისტანციურად ან ისე, სოციალურ ქსელებში ვცდილობ გამოვხატო ჩემი აზრი, მაგრამ დღევანდელი ვითარება უკვე გასცდა იმ ზომიერი აღშფოთების ფარგლებს და მხოლოდ სოციალურ ქსელებში გამოვხატოთ ჩვენი ბრაზი ან აზრი. ვფიქრობ, რომ ჩვენ ქვეყანას უდგას ძალიან გადამწყვეტი მომენტი. ვხედავ ამ ახალგაზრდებს, რომლებიც საკუთარი მომავლით გულშეწუხებულები გამოდიან, როგორც მამა და როგორც უფროსი თაობის წარმომადგენელი, ერთგვარად ჩემ ვალად ჩავთვალე, რომ ამ ახალგაზრდებს, რომლებმაც ჩვენ გასაკეთებელს და ჩვენ საზიდ ტვირთს შეუდგეს მხრები, ელემენტარულად მათთან თანადგომა მინდოდა, მათთან ერთად ჩვენი ქვეყნის მომავალზე მეყვირა აქ, ერთგვარი ბრაზი გამომეხატა.
რომ ვხედავ უამრავი ადამიანია გამოსული, ქუჩებში ტევა არ არის, ვფიქრობ, როგორ შეიძლება პოლიტიკოსმა ამ ზღვა ადამიანს, ამ ოკეანე ემოციას ანგარიში არ გაუწიოს და არ დაინტერესდეს, რატომ არის, საიდან მოდის ეს ბრაზი? ეს ხომ არ არის შემთხვევითი, ან სოციალურ რაიმე შეღავათს ხომ არ ითხოვს ეს ახალგაზრდობა. ახალგაზრდობას უნდა, რომ საკუთარი ბედი გადაწყვეტილებაში მიიღოს მონაწილეობა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი კოლეგები,მეგობრები,რომლებმაც ვეღარ გაუძლეს უკვე ამ ემოციურ ფონს, მიიღეს გადაწყვეტილება და თანამდებობა დატოვეს.
მეც დიდხანს ამით ვამართლებდი ჩემს ყოფნას და გადადგომამდე ვამბობდი, რომ მთავარია ჩემი საქმე გავაკეთო ჩემი პროფესიული თავმოყვარეობიდან გამომდინარე და დღეს, უკვე ვფიქრობ, რაღაა ჩვენი საქმე, რა დარჩა ჩვენი გასაკეთებელი. ვთქვი, რომ იმ ხალხთან არაფერი მაქვს სათქმელი, რომელიც ამ პოლიტიკას უჭერს მხარს და რომელიც ერთგვარ სეირივით უყურებს იმას, რაც ხდება და როგორი ძალადობით უსწორდებიან ახალგაზრდებს, ძირს დავარდნილ ახალგაზრდებს, იმათ აზრს მაინც ვერ შევაცვლევინებ, მაგრამ მე საუბარი მქონდა იმ ადამიანებზე, იმ საჯარო მოხელეებზე, იმ დიპლომატებზე, რომლებმაც კარგად იციან, გააჩნიათ უნარი, რომ წარსულის გაკვეთილებიდან, დღევანდელი სიტუაციის და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე გამოიტანონ დასკვნა“, - განაცხადა გოჩა ჯავახიშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი - ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან. მთავრობის ამ გადაწყვეტილებას საქართველოში პროტესტი მოჰყვა. რამდენიმე დღეა თბილისსა და რეგიონებში საპროტესტო აქციები იმართება.