ნონა ქურდოვანიძე - მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერებას ურევს წყალს, რომელიც გამოიყენება დემონსტრანტების დარბევისას - ვიდრე არ იქნება ასეთი ინფორმაცია, ეს გაართულებს მოქალაქეების მკურნალობას

მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერებას ურევს წყალს, რომელიც გამოიყენება დემონსტრანტების დარბევისას - ვიდრე არ იქნება ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ეს გაართულებს მოქალაქეების მკურნალობას, - ამის შესახებ „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, წყალში სხვადასხვა საშუალებების ერთმანეთში შერევა დაუშვებელია და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბრძანებაში შეტანილი ცვლილება საერთაშორისო სტანდარტებს არღვევს.

„როგორც კი დაიწყო ამ პრაქტიკის გამოყენება, ჩვენ მოვუწოდებდით შინაგან საქმეთა სამინისტროს, გაესაჯაროებინა იმ ნივთიერების შესახებ ინფორმაცია, რომლის შერევაც ხდება წყალში და რომელსაც აქვს უფრო ხანგრძლივი ეფექტი და დამაზიანებელი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ამის გასაჯაროებს მოვუწოდებდით იმ მიზნებისთვის, რომ სათანადოდ მომხდარიყო ადამიანის სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა სამედიცინო პერსონალის მიერ. სანამ არ იქნება ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი, ეს გაართულებს ისეთი პირების მკურნალობას, რომლებზეც გავლენა ჰქონდა ამ ნივთიერებას. ამიტომ ამ მოთხოვნას ჩვენ კიდევ ერთხელ გავაჟღერებთ და მოვუწოდებთ სახელმწიფოს, გაასაჯაროოს ინფორმაცია, რა ნივთიერებას ურევს წყალს, რომელიც გამოიყენება დემონსტრანტების დარბევისას. ეს არის აკრძალული პრაქტიკა. დაუშვებელია სხვადასხვა საშუალებების ერთმანეთში შერევა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საკუთარ ბრძანებაში რამდენიმე წლის წინ შეიტანა ცვლილება და ჩაწერა, თითქოს, ეს საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება. დაუშვა, რომ ასეთი პრაქტიკა ყოფილიყო გამოყენებული, მაგრამ ის, რაც წერია შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებაში, არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს და მისი გამოყენება მიუხედავად იმისა, წერია თუ არა ეს შსს-ს ბრძანებაში, არ აქცევს მას კანონიერად,“ - განაცხადა ქურდოვანიძემ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს