ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი მალხაზ სონღულაშვილი პოლიციას - ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ  ბავშვების მიმართ, რომლებიც სცემეს, აწამეს - ეს ყველას სირცხვილია

ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც სცემეს, აწამეს ჩვენს ქალაქში და ეს ყველას სირცხვილია - თქვენი სირცხვილია, ჩვენი სირცხვილია, ჩვენი სამშობლოს სირცხვილია - ღმერთმა შეგაძლებინოთ, რომ სამართლიანობის მხარეზე იყოთ ყოველთვის და თქვენი სინდისის კარნახის მიხედვით მოქმედებდეთ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელსაც თქვენ იღებთ, - ასე მიმართა საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, მალხაზ სონღულაშვილმა ჭიჭინაძის ქუჩაზე მდგარ სამართალდამცველებს.

სასულიერო პირმა პოლიციელებს სთხოვა, უყვარდეთ საკუთარი მომავალი.

„ჩვენ ყველას გვწამს, რომ ღმერთი ერთია, ადამიანობა ერთია, ეს პლანეტა ერთია და ჩვენთვის, ამ ქვეყნის მკვიდრთათვის, ეს არის ერთი სამშობლო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და ცხოვრების ის პაწაწინა მონაკვეთი, რომელიც ადამიანმა უნდა გაატაროს ამ ქვეყანაზე, სჯობია, რომ გაატაროს მშვიდობაში, სიყვარულში, თავისუფლებაში, ურთიერთპატივისცემაში.

ჩვენ სხვადასხვანაირად გვაცვია, სხვადასხვა საღვთო წერილს ვკითხულობთ, მაგრამ ყველანი ერთ საქმეს ვემსახურებით, რომ ადამიანმა შეძლოს დაინახოს ღმერთი, დაინახოს ადამიანი, შეძლოს ადამიანის მიმართა თანაგრძნობა გამოხატოს, რომელიც დაჩაგრულია, დამცირებულია, შევიწროებულია. ჩვენ სოლიდარობას გამოვხატავთ იმ ბავშვების მიმართ, რომლებიც სცემეს, აწამეს ჩვენს ქალაქში და ეს ყველას სირცხვილია - თქვენი სირცხვილია, ჩვენი სირცხვილია, ჩვენი სამშობლოს სირცხვილია. ამ ბავშვებზე უკეთესი ჩვენ არავინ და არაფერი გვყავს ამ ქვეყანაზე. თუ ესენი არ იქნებიან ჩვენ, ჩვენი მომავალი არ გვაქვს, არც ჩვენ კულტურას არ აქვს მომავალი, არც ჩვენ ქვეყანას არ აქვს მომავალი. დაზოგეთ, გიყვარდეთ საკუთარი მომავალი. გიყვარდეთ ისინი, ვინც ყველაზე ძვირფასები არიან ჩვენში. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ, ყველანი გაკურთხოთ, შეგაძლებინოთ, რომ სამართლიანობის მხარეზე იყოთ ყოველთვის და თქვენი სინდისის კარნახის მიხედვით მოქმედებდეთ ყველა გადაწყვეტილებაში, რომელსაც თქვენ იღებთ. ღმერთი იყოს თქვენთან, ღმერთი იყოს ჩვენთან, ღმერთი იყოს საქართველოში“, - მიმართა მალხაზ სონღულაშვილმა პოლიციის წარმომადგენლებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს