სანდრო თვალჭრელიძე - “აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა...”
“ვეიმარის სამკუთხედის” გეგმა “ბე” - ევროკავშირის ქვეყნებმა ქართველი მაღალჩინოსნები, შესაძლოა, ცალ-ცალკე დაასანქცირონ
ვახტანგ ძაბირაძე - “ზურაბიშვილს მაინც მოუწევს პრეზიდენტის სასახლის დატოვება და კერძო ოფისის გახსნა“
დავით ზურაბიშვილი - “მაკრონის ზარი არ არის მარტივი ამბავი და ვნახავთ ამის გაგრძელებას...”
არჩევნები საპროტესტო ბურთაობის ფონზე - როგორი პრეზიდენტი იქნება ყაველაშვილი
* * *
სანდრო თვალჭრელიძე - “აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა...”
“ქართული ოცნების” წიაღში არსებული ყველაზე ორთოდოქსული ჯგუფის ყველაზე მარგინალი პირი შეარჩიეს კანდიდატად და მერე ყველამ ერთხმად, ფანფარებით აირჩია, ერთი ადა მარშანია წავიდა წინააღმდეგ, რისთვისაც მადლობა მას... ეს აჩვენებს ერთ რამეს - ხელისუფლებისთვის, უფრო სწორად, ბიძინა ივანიშვილისთვის, დანარჩენები ხომ მისი კლონები არიან, რასაც იტყვის ბიძინა, იმას აკეთებენ, არ არსებობს საქართველოს მოსახლეობა. მან დაკარგა საქართველოს მოქალაქეებთან ურთიერთობის ძარღვი. მისთვის ეს არის მასა, რომელიც ყველაფრის ფასად უნდა მართოს, და როცა ხალხი ეწინააღმდეგება, ძალიან უკვირს, რატომ ეწინააღმდეგებიან ამ ღვთიურ მეტრს. აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა. ჩვენ ვნახეთ, რით დასრულდა მუამარ კადაფის ისტორია, აგერ, ახლა ვნახეთ, როგორ კუდამოძუებული გაიქცა სირიიდან ბაშარ ასადი. ნუ ჰგონიათ მაგათ, რომ რუსეთი და ბელორუსი საქართველოსთვის მაგალითად გამოდგება. ეგ აბსოლუტურად სხვა ხალხია. ეგ არის ხალხი, რომელსაც დიქტატურა უყვარს”, - აცხადებს ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “აბსოლუტურად გაუგებარი რამეები ხდება და ეს ძალიან სახიფათოა...”
“უფრო მეტიც, ისტორიულად რუსეთში კლავდნენ ყველა იმ პოლიტიკურ მოღვაწეს, რომელიც შედარებით ლიბერალური მართვის მომხრე იყო და სიკეთე სურდა საზოგადოებისთვის. ავიღოთ თავად შუისკის მკვლელობა, შემდეგ ალექსანდრე მეორის - რუსეთის განმათავისუფლებლის, რომელსაც რუსეთისთვის კონსტიტუცია მოჰქონდა; შემდეგ, ნიკოლოზ მეორის დროს, სტოლიპინი მოკლეს და მალევე ნიკოლოზ მეორეც გამოასალმეს სიცოცხლეს. რუსეთში ყოველთვის მოსწონდათ ტირანები... დააკვირდით, მართალია, გვახსოვს რუსეთში ანტიპუტინური გამოსვლები, მაგრამ არასდროს ყოფილა ისეთი მასშტაბური, რომ მასში საზოგადოების ყველა ფენა ყოფილიყო ჩართული. ჩვენთან კი უკვე მთელი საზოგადოებაა ამ საპროტესტო მოძრაობაში ჩართული, ყველა ფენა - დაწყებული ხელოვანებითა და საჯარო მოხელეებით, დასრულებული მთამსვლელებითა და ფეხბურთის გულშემატკივრებით. ეს არ არის მხოლოდ ინტელექტუალი ადამიანების პროტესტი, რომლებიც ისედაც თითქმის ყოველთვის კრიტიკულად არიან ხოლმე ძალაუფლებისადმი განმსჭვალული”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას სანდრო თვალჭრელიძე.
“პროტესტმა მოიცვა რეგიონებიც, ვხედავთ, რა ხდება ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და ა.შ. ჩვენ ვხედავთ ფართო ერთსულოვნებას, ამ დროს გამოდის კახა კალაძე და აცხადებს, რომ თურმე ბავშვები არ მიუშვეს ნაძვის ხის ანთების ზეიმზე და მათ ამ ზეიმში “რადიკალურმა, საშინელმა” ოპოზიციამ შეუშალა ხელი... ამასვე იმეორებს “ძალიან გამჭრიახი” ირაკლი კობახიძე. ჯერ ერთი, იქ სად ნახეს ბავშვი, მივიდა პარტიული აქტივის მცირე ნაწილი და ძალიან კარგი, რომ ბავშვები არ იყვნენ, რადგან რუსთაველზე ყოველი კუთხე, ბუჩქი და ფოთოლი მოწამლულია ჩვენი ხელისუფლების “საგმირო საქმეების” გამო. რა ქიმიური ნივთიერებები აფრქვიეს, არავინ იცის. ამაზე დიდი ცინიზმი არ მინახავს! თურმე 14 დეკემბერს, როდესაც ასეთი მარიონეტი, უდიპლომო პრეზიდენტი შემოგვაჩეჩეს, თურმე ნაძვის ხეც უნდა აენთოთ იქ, სადაც ადამიანებს უმოწყალოდ უსწორდებოდნენ სულ ორიოდე დღის წინ. ერთი ანეკდოტისა არ იყოს, წარმოვიდგინოთ, როგორ დაწერდა ყაველაშვილზე გაზეთი “საბჭოთა სპორტი”, როგორც ცუდ სპორტსმენსა და ცუდ მუშაზე, დღევანდელი მონაცემებით კი ცუდ სპორტსმენსა და ცუდ პრეზიდენტზე - საუკეთესო ფეხბურთელი პრეზიდენტებს შორის და საუკეთესო პრეზიდენტი ფეხბურთელებშიო... როგორ წარმოგიდგენიათ ეგ მაკრონის ან ტრამპის გვერდით?! სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“არ ვიცი, რატომ სძულს ბიძინა ივანიშვილს ქართველი საზოგადოება, რატომ აყენებს ასეთ შეურაცხყოფას. ალბათ, იმიტომ, რომ თვითონაც ამგვარი წიაღიდან არის გამოსული, ტრავმირებული ადამიანია. მოკლედ, ყაველაშვილი მათი პრეზიდენტია და არა ჩვენი. უფრო სწორად, ის არალეგიტიმური ხელისუფლების ასევე არალეგიტიმური პრეზიდენტია... არ ვიცი, ხვალ-ზეგ იქნება თუ ერთ წელიწადში, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ქვეყანას ეს პროტესტი აუცილებლად მიიყვანს ახალ არჩევნებამდე და “ქართული ოცნების” ჩამოშლამდე. როგორც თოვლის უზარმაზარი მასა დნება, ასევე გაქრება “ქართული ოცნება”. მას უკვე შემოეცალა გულახდილ კეთილმოსურნეთა დიდი ნაწილი და მალე ისევე დაიშლება, როგორც თავის დროზე დაიშალა “მოქალაქეთა კავშირი” - კიდევ ერთი ძალაუფლებაზე მიჯაჭვული ძალა. ესენი ახლა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ, ეს ნაძვის ხის ანთების დაჟინებაც იმის მტკიცება იყო, რომ რასაც გვინდა, იმას გავაკეთებთო. კიდევ კარგი, ივანიშვილს ეყო ჭკუა, თორემ დანარჩენები რომ მიეშვა, ალბათ, ისევ დაშლიდნენ აქციას და სპეცრაზმით გარშემორტყმული კალაძე აანთებდა ნაძვის ხეს”, - ამტკიცებს ექსპერტი.
“როდესაც ამგვარი რამ ხდება, როდესაც ხალხს თავზე ლაფს ასხამენ ამგვარი ვითომ პრეზიდენტით და ძალაუფლების შენარჩუნებას ვითომ რკინის ხელით ცდილობენ, ისეთ თავმოყვარე ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ეს პროცესს მაგათი ძალაუფლების ჩამოშლამდე მიიყვანს. ვიმეორებ, ჩემი შეფასებით, ახალი საპარლამენტო არჩევნების ვადაზე ადრე ჩატარება გარდაუვალია. ჯობს, ეს დროზე გააკეთონ, თორემ ხელისუფლებაში მყოფ პირებს ცოტა ხანში შესაძლოა ამ ქვეყანაში აღარ დაედგომებოდეთ. არ აპირებენ აქ ცხოვრებას? არ სურთ დაცვის გარეშე ქუჩაში გასვლა, შვილების, შვილიშვილების გასეირნება?! თუ დროულად და ნებით დათმობენ ძალაუფლებას, კარგი იქნება, თუ არადა, ღმერთმა ნუ ქნას, პროცესი სამოქალაქო დაპირისპირებამდე მივიდეს, რაც ერთხელ უკვე გადავიტანეთ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების ჩამოშლის დროს. კიდევ კარგი, ქართული ჯარი ამ პროცესში არ ერევა, მაგრამ თუ ვითარება უკიდურესად დაიძაბა, ვფიქრობ, შეიძლება სწორედ ჯარმა აიღოს ხელში ვადამდელი არჩევნების ჩატარებაზე პასუხისმგებლობა. ჩემი შეფასებით, იქაც ძალიან მაღალია უკმაყოფილების მუხტი და არა მხოლოდ დაბალ ეშელონებში, არამედ გენერალურ შტაბშიც. ეს არის უკიდურესი სცენარი... იმედია, აქამდე საქმე არ მივა”, - დაასკვნის სანდრო თვალჭრელიძე.
“ჯერ რა სირცხვილია, რომ ხელისუფლების განცხადებებს იმდენად არ ენდობიან, მაკრონის მიმართვას ქართული თარგმანი თვითონ ფრანგებმა დაურთეს. მიუხედავად ამისა, ეს თარგმანი მაინც ვერ ასახავს მაკრონის სიტყვების სინატიფეს. მე კარგად ვიცი ფრანგული და შემიძლია ვთქვა, რომ ქართულ თარგმანში გადატანილი იყო მისი განცხადებების, ასე ვთქვათ, ზედაპირი, ხოლო შიდა შრეები, მინიშნებები, ნიუანსები, დეტალები, ლაპარაკის კილო ვერ გადაითარგმნა. მაკრონის სიტყვა გაცილებით ხისტი იყო, ვიდრე მშრალი თარგმანი ასახავს, უფრო დამცინავიც კი ბიძინა ივანიშვილის მისამართით, ვიდრე ეს ჩანს თარგმანში. მაკრონის გასული კვირის მოქმედებებიდან რამდენიმე საკითხს გამოვყოფ: პირველი - საინტერესო იყო, რომ ის ელაპარაკა ბიძინა ივანიშვილს და არა პრემიერ-მინისტრს. ამით გამოჩნდა, რომ მისთვის პრემიერი კობახიძე მარიონეტია და არ მიაჩნია ლეგიტიმურად არჩეულად. სამაგიეროდ, ის ელაპარაკა პირს, რომელიც ფაქტობრივი მმართველია. მთავარი მინიშნება კი ის იყო, რომ საქართველოში არ არსებობს მთავრობა და რომ ქვეყანას ერთპიროვნული ლიდერი მართავს; მეორე - ჩვენ არ ვიცით, ბიძინა ივანიშვილთან საუბრის სრული შინაარსი. ჩვენ ვიცით სულ რაღაც 3-3-წუთიანი მონაკვეთები, რაც გამოაქვეყნეს ფრანგებმა და ქართველებმა, არადა, საუბარი თითქმის ერთ საათს გაგრძელდა; მესამე - რატომ დარეკა მაინცდამაინც მაკრონმა”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ნუ დაგვავიწყდება, რომ ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და მაკრონი ელაპარაკა თავისი ქვეყნის მოქალაქეს; მეოთხე - მის ვიდეომიმართვაში იყო მინიშნებები კონკრეტულ მოთხოვნებზე, რაზეც მან, დიდი ალბათობით, ილაპარაკა ივანიშვილთან. თუ მიაქციეთ ყურადღება, მას შემდეგ, რაც მაკრონი ელაპარაკა ივანიშვილს, კობახიძეს ბრიფინგები აღარ გაუმართავს, სამი დღე დუმდა, მერე გამოვიდა და რაღაცები ილაპარაკა, მაგრამ მე მის საუბარში დიდი რიხი ვეღარ დავინახე. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში რაღაც-რაღაცები შეიძლება უკეთ გამოიკვეთოს. თუ მოილაპარაკეს, არჩევნების საკითხი შეიძლება გადაწყდეს და შექმნილი ვითარება მყისიერად განიმუხტოს. თუ ვერ მოილაპარაკეს, ძალიან ცუდი იქნება. ვფიქრობ, მაკრონმა პირდაპირ უთხრა ბიძინას, ნუ აიყვან მძევლად ქვეყანას შენი პირადი პრობლემების გადასაჭრელადო. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იმოქმედებს ევროპა, ჩემი აზრით, იანვრის ბოლომდე ძალიან ხისტი ზომები არ იქნება მიღებული, ვიდრე ტრამპთან არ ჩატარდება კონსულტაციები”, - თვლის ექსპერტი.
“ვფიქრობ, საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით აშშ, კანადა, ევროპა, ასევე იაპონიაც იქნებიან ჩართული სინერგიული ზემოქმედებით. ის, რომ ზემოქმედება იქნება მეტად მოულოდნელი და ხისტი, ეჭვი არ მეპარება, მაგრამ არა დღესვე... აგერ, ამერიკამ დაუწესა სავიზო შეზღუდვა 20 პირს, მათ შორის არიან მინისტრებიცო, მაგრამ ეს მაინც ძალიან მცირე ზომის სანქციებია, ყველა ელოდება თეთრი სახლის ახალ ადმინისტრაციას და მის ნაბიჯებს, რასაც უკვე იანვრის ბოლოს ვნახავთ. ჩემი აზრით, ჩატარდება ძალიან კარგი კვლევა და ზოგიერთი პირის, გვარს არ დავასახელებ, საზღვარგარეთულ ანგარიშებს გაყინავენ. ეს იქნება ყველაზე ქმედითი ნაბიჯი. დიდი იმედი მაქვს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ გაუქმდება, რადგან ეს იმოქმედებს იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ახლა დგანან რუსთაველზე. ვიმეორებ, ყველაზე კარგი იქნება კონკრეტული პირებისთვის ფინანსური სანქციების დაწესება. ამათ რომ უსმინო, დონალდ ტრამპს “ქართულ ოცნებაზე” ფიქრით არ სძინავს. ის გააკეთებს იმას, რასაც მრჩევლები ურჩევენ და რაზეც ევროპელ კოლეგებთან მოილაპარაკებს. ამის გათვალისწინებით კი, მერწმუნეთ, “ქართული ოცნება” კარგს არაფერს უნდა ელოდოს”, - ამბობს სანდრო თვალჭრელიძე.
“არ ვიცი, ბიძინა ივანიშვილს რა ჰგონია და რატომ უგორებს კოჭს რუსეთს. ჩემი აზრით, ის უპირველესად საკუთარი თავისთვის იღვწის. ხომ ნახეთ, რუსეთმა დაკარგა თავისი მნიშვნელოვანი საყრდენი ახლო აღმოსავლეთში ასადის რეჟიმის სახით. რუსეთისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი იყო სირია, მაგრამ ვერ დაიცვა ძალიან ბევრი მიზეზის, მათ შორის, უკრაინაში ომის, “ვაგნერის” სრულად დაშლის და სხვა მიზეზების გამო... რუსეთს აღარ აქვს ძალა, რომ მსოფლიოს ჟანდარმის როლი შეასრულოს! უკრაინაში ომმა გამოფიტა, მეტიც, იძულებული გახდა ჩრდილოეთ კორეისთვის მიემართა და მისი ჯარისკაცები ჩამოეყვანა საბრძოლველად. მთლიანად მოლპა ეს სახელმწიფო. სტრატეგიულად მას მომავალი არა აქვს. ტაქტიკურად როგორ დასრულდება ეს პროცესები, არ ვიცი. ისტორიას აქვს თავისი განვითარების გზა, რომელიც ცალსახა და წრფივი არასდროს არის - ამ გზაზე არის ხოლმე ჩავარდნები, აღმავლობა და ა.შ. საქართველოს გზა არის ევროპისკენ, ამას ვერაფერი შეეწინააღმდეგება. შეიძლება პატარა ჩავარდნები გვქონდეს, 1-2 წელიწადი ისტორიისთვის არაფერია, მაგრამ საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება - ჩვენ გვეყოლება დემოკრატიული მთავრობა და გრიალ-გრიალით შევალთ ევროკავშირში ხვალ იქნება, ზეგ თუ 2030 წელს, მაგრამ, მერწმუნეთ, თუ 2030 წელს გავწევრდით, ეს კობახიძის თაოსნობით ნამდვილად არ მოხდება”, - ვარაუდობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “როგორ აფასებთ სალომე ზურაბიშვილის როლს მიმდინარე პროცესებში?” - პასუხობს:
“სალომე ზურაბიშვილმა თავისი პრეზიდენტობის მიწურულს მიაღწია იმას, რისკენაც პრეზიდენტობის დასაწყისიდან მიილტვოდა - იქცა საზოგადოების ფართო ფენების გამაერთიანებლად. ის დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდა გაერთიანების მნიშვნელობაზე და ბოლოს და ბოლოს, პოლიტიკური ძალები მიხვდნენ, რომ ყველაზე გამოცდილი ფიგურა პოლიტიკურ ასპარეზზე სალომე ზურაბიშვილია და მას უნდა მოუსმინონ. როგორც ვვარაუდობდი, მან არ ჩამოაყალიბა ცალკე პოლიტიკური ძალა, ბევრი იღვაწა და იქცა პოლიტიკური პროცესის ლიდერად. მადლობა ღმერთს, რომ დღეს სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის უმნიშვნელოვანესი რუპორია დასავლეთში. ამას მიხვდნენ ოპოზიციაშიც. ძალიან კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლიტიკურ პარტიებთან კი არა, ხალხთან ლაპარაკობს”.
“მიუხედავად კრიტიკული ვითარებისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენი გზა საბოლოოდ გამარჯვების გზაა! იმას, რაც ახლა ჩვენს თავს ტრიალებს, აქვს ერთი ძალიან პოზიტიური მახასიათებელი - სწორედ ასეთ ბრძოლაში იჩეკება და შემდეგ ხორცს ისხამს სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც დღეს გაცილებით უფრო გამჭრიახი და მძლავრია. დღეს პოლიტიკური ლიდერები არ არიან მთავარ როლში. რაც მთავარია, იმ ხალხს, ვინც პროტესტს აცხადებს, ძალაუფლებაზე პრეტენზია არა აქვს. ეს ხალხი დარჩება ამომრჩევლად და შემდგომ ხელისუფლებასაც ზუსტად ასევე მოექცევა, როგორც ახლა ექცევა “ქართულ ოცნებას”, თუ ის შეცდომებს დაუშვებს. “ქართული ოცნების” ყველაზე დიდი შეცდომა იყო, რომ მან გადაწყვიტა შეეზღუდა სამოქალაქო საზოგადოება და სამოქალაქო მოძრაობის წევრები უცხოეთის აგენტებად მოენათლა. ეს იყო საკრალური, გამოუსწორებელო შეცდომა, რასაც ეს პარტია კრახისკენ მიჰყავს”, - დასძენს სანდრო თვალჭრელიძე.
“ვეიმარის სამკუთხედის” გეგმა “ბე” - ევროკავშირის ქვეყნებმა ქართველი მაღალჩინოსნები, შესაძლოა, ცალ-ცალკე დაასანქცირონ
“ევროკავშირში, შესაძლოა, “მსურველთა კოალიცია” ჩამოყალიბდეს, რომელშიც ის სახელმწიფოები შევლენ, ვისაც მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ხელისუფლებისათვის სანქციების დაწესება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი ორშაბათს ევროკავშირი ვერ შეძლებს სანქციებზე შეთანხმებას. რამდენად რეალურია გერმანულ მედიაში გავრცელებული ეს ინფორმაცია და რა პოლიტიკური შედეგები ექნება ამასა? “ამის შემდეგ რთული იქნება იმ ცალკეულ ქვეყნებთან, ანუ სანქციების ინიციატორ სახელმწიფოებთან, ნორმალურად ურთიერთობის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს “ცივი ომის” გამოცხადებას, გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა”, - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ “რეზონანსთან” ამ თემაზე საუბრისას. ყოფილ სახელმწიფო მინისტრსა და კონფლიქტოლოგ პაატა ზაქარეიშვილს კი მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა რეალურია და ევროპის მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ვეიმარის სამკუთხედის” გეგმა “ბე” - ევროკავშირის ქვეყნებმა ქართველი მაღალჩინოსნები, შესაძლოა, ცალ-ცალკე დაასანქცირონ.
“ნებისმიერი სანქციის განხორციელება რეალურია, მთავარია მონდომება. მთავრი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია. თუ მას სანქციები ისე შეეხება, რომ ის დაფიქრდება, რომ ევროპა მას არ ეთამაშება, ბევრს რამეს მიხვდება. ჯერ მას ჰგონია, რომ ევროპას საქართველო მაინც სჭირდება. ამიტომ ის ისე უნდა დაასანქცირონ, რომ გაიგოს - ეს ასე არაა”. როგორც გერმანული “შპიგელი” თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, გერმანია ევროკავშირის დონეზე საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს და უნგრეთის მიერ მათი დაბლოკვის შემთხვევაში, გეგმა “ბე”-ზე მუშაობს. მათივე ცნობით, იგეგმება “მსურველთა კოალიციის” ჩამოყალიბება, სადაც შევლენ ის ქვეყნები, რომლებიც სანქციებს ემხრობიან. ამის ინიციატორები კი “ვეიმარის სამკუთხედის” ქვეყნები არიან - გერმანია, საფრანგეთი და პოლონეთი. გერმანული გამოცემის წყაროების თანახმად, სანქციებთან დაკავშირებით გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ინიციატივა 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე იქნება გაჟღერებული. ამას ევროკავშირის დონეზე თავის კოლეგებთან გერმანიის ევროპის საქმეთა მინისტრი, ანა ლურმანი წარადგენს.”, - აღნიშნავს გამოცემა.
“წყაროების ცნობით, გერმანია მაქსიმალურად ცდილობს, რომ სანქციები საქართველოს მოსახლეობას არ შეეხოს. “ვეიმარის სამკუთხედის” სათადარიგო გეგმა ძირითადად საქართველოს ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლებისათვის პერსონალური შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს. “შპიგელის” ინფორმაციით, უნგრეთის გარეშე მოქმედების გეგმა “ვეიმარის სამკუთხედის” ფარგლებში გერმანიის ევროპის მინისტრმა ანა ლურმანმა, პოლონეთის ევროპის მინისტრმა ადამ შლაპკამ და საფრანგეთის ევროპის მინისტრმა ბენჯამინ ჰადადმა განიხილეს. აღსანიშნავია, ამგვარი პრეცედენტი უკვე არსებობს. დეკემბრის დასაწყისში ევროკავშირის წევრმა 3 სახელმწიფომ - ლატვიამ, ესტონეთმა და ლიეტუვამ - გადაადგილებაზე შეზღუდვები დაუწესა “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილსა და აღმსარულებელი ხელისუფლების 9 წარმომადგენელს. ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თუკი ევროკავშირის ცალკეული სახელმწიფოების მხრიდან სანქციები მართლაც დაწესდა, ეს მნიშნელოვნად გააუარესებს საქართველოს ურთიერთობას როგორც ამ ქვეყნებთან, ისე ზოგადად ევროკავშირთან ეს ურთიერთობები ფაქტობრივად “ცივი ომის” რეჟიმში გადავა”. პაატა ზარეიშვილის აზრით კი, თუ ევროპა მყისიერ ზომებს მიიღებს, “ქართული ოცნება” დათმობაზე წავა”, - განაგრძობს გამოცემა.
“თუ ეს მართლა განხორციელდა, რასაკვირველია, ამას მხოლოდ ნეგატიური პოლიტიკური შედეგები მოყვება. საქართველოს და ევროკავშირს შორის დაზიანებულ ურთიერთობას კიდევ უფრო მეტად დააზიანებს. შესაბამისად, ეს ურთიერთობები შევა ისეთ ღრმა კრიზისში, რომ შემდეგ ამ პროცესის შემობრუნება ძალიან რთული და ხანგრძლივი იქნება. არ ვიცი ეს ინფორმაცია ვინ გაავრცელა და რამდენად სწორად მოიტანეს ქართულ მედიამდე, მაგრამ თუ, დავუშვათ, ეს მოხდა, მაშინ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რომ საქართველოსა და ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებს შორის ურთიერთობები შესაძლოა სერიოზულად გაუარესდეს. მეორე საკითხია რა სანქციებზეა საუბარი. თუ ეს არის ეკონომიკური ტიპის და ფინანსური სანქციები, ალბათ ეს გარკვეულ გავლენას მოახდენს ქვეყნის ეკონომიკაზე. ჩვენ ვიცით, რომ გარკვეული პროგრამები ისედაც შეჩერებულია”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“თუ მათ დაასანქცირეს მთავრობის მეთაური, მინისტრები და ხელისუფლების კონკრეტული წარმომადგენლები, ეს ფაქტობრივად ნიშნავს, რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები კიდევ უფრო დაბალ დონეზე გადავა. ფაქტობრივად, განულებაზე შეიძლება იყოს საუბარი. შენ თუ ასანქცირებ კანდიდატი ქვეყნის მთავრობის მეთაურს, წევრებს, პარლამენტარებს და ა.შ., თავისთავად მიუთითებს იმაზე, რომ მათ ურთიერთობები დაღმავალი მიმართულებით მიჰყავთ. ამის შემდეგ რთული იქნება იმ ცალკეულ ქვეყნებთან, ანუ სანქციების ინიციატორ სახელმწიფოებთან ნორმალურად ურთიერთობის გაგრძელება. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს “ცივი ომის” გამოცხადებას, გადატანითი მნიშვნელობით რა თქმა უნდა”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“როგორც ჩანს, ევროპაში ბოლომდე დარწმუნებული არ არიან, რომ რაც ახლა საქართველოს ქუჩებში ხდება, მთელი ხალხის ნების გამოხატულებაა. რეალურად კი ეს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებაა. საზოგადოება შუაზე გახლეჩილი არაა. არსებობს ევროპის მომხრე ადამიანები და მეორე მხარეს არაფერი არ უნდა, მათ არაფრის გაკეთების მოტივაცია არ აქვს და რასაც ეტყვიან, იმას ეთანხმებიან... ეს ყველაფერი ევროპამ უნდა გაიგოს. ან ევროპა იქნება, ან საშინელი განუკითხაობა, რასაც “ოცნება” ახორციელებს. მთავარი სამიზნე ბიძინა ივანიშვილია. თუ მას სანქციები ისე შეეხება, რომ ის დაფიქრდება, რომ ევროპა არ ეთამაშება, ბევრს რამეს მიხვდება. ჯერ მას ჰგონია, რომ ევროპას საქართველო მაინც სჭირდება. ამიტომ ის ისე უნდა დაასანქცირონ, რომ გაიგოს - ეს ასე არაა. ამის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლება ახალ არჩევნებზე უნდა წავიდეს. შეიცვლება ცესკოს ადმინისტრაცია. არჩევნები უნდა ჩატარდეს მაქსიმალურად გამჭვირვალედ ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო თანამეგობრობის ჩართულობით, სადაც ეჭვი აღარავის შეეპარება პროცედურებში. ვინც გაიმარჯვებს - ღმერთმა გაუმარჯოს, მაგრამ გაყალბების მიმართ ეჭვები აღარ უნდა არსებობდეს”, - მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
ვახტანგ ძაბირაძე - “ზურაბიშვილს მაინც მოუწევს პრეზიდენტის სასახლის დატოვება და კერძო ოფისის გახსნა“
“ძალზე დაძაბული ვიყავი შაბათს, იმიტომ, რომ ხელისუფლების განცხადებები და მოწოდებები, ჩვენი მომხრეები მობრძანდით ბავშვებთან ერთად ნაძვის ხის ასანთებადო, და ამასთანავე ის, რომ პროტესტანტები პროტესტს არ წყვეტენ, ქმნიდა ისეთ სიტუაციას, რომ შეიძლებოდა სამოქალაქო დაპირისპირება დაწყებულიყო და ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი ამას მშვენივრად გამოიყენებდა. როგორც იქნა, ხელისუფლებამ და კალაძემ მიიღეს, ჩემი აზრით, პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება, როდესაც უარი თქვეს ნაძვის ხის ანთებაზე და თავიდან ავიცილეთ დაპირისპირება. რაც შეეხება ზოგადად პროცესს, ის დაიწყო და მისი გაჩერება უკვე წარმოუდგენელია. ამ პროტესტს არა ჰყავს კონკრეტული ლიდერი, პოლიტიკური სპექტრი არ არის მისი მოთავე. ეს არის ხალხი, რომელმაც უეცრად დაინახა საფრთხე, რომ ევროპისკენ კი არა, შეიძლება რუსეთისკენ გადავუხვიოთ და რეალურადაც ასეა, ხომ? ამიტომ ეს ხალხი გამოდის და აპროტესტებს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “თუ ზურაბიშვილი არ დატოვებს პრეზიდენტის სასახლეს, ძალით დაატოვებინებენ“.
“მათ ძირითად ასაკობრივ შემადგენლობას თუ შევხედავთ, ეს არის საშუალო და ახალგაზრდა თაობა, ისინი, ვინც ხვალ-ზეგ ქვეყნის მართვის, პოლიტიკის, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარების სიმძიმე უნდა იტვირთოს... და როდესაც ასეთი გამოსვლებია, ხელისუფლება, ბუნებრივია, დაიბნა, რადგან დღეს ვითარება სრულიად განსხვავებულია. წინა პერიოდში პროტესტის მაორგანიზებელი ყოველთვის იყვნენ პოლიტიკური ძალა, ქარიზმატული ლიდერები და ა.შ., მაგრამ დღევანდელი ვითარება სრულიად სხვაა. ალბათ, დამეთანხმებით, რომელიმე ერთ პოლიტიკურ ძალას ან, გნებავთ, იმ ოთხ ოპოზიციურ პარტიას რომ ჰქონდეს 20-30%-იანი შანსი, რომ ეს მიტინგი მათ დაემორჩილება, ახლავე აიღებდნენ ხელში მეგაფონს, მაგრამ არა აქვთ ამის იმედი. უფრო პირიქით, მიაჩნიათ, რომ თუკი სააშკარაოდ შეეცდებიან მიტინგის დამორჩილებას, უარეს შედეგს მიიღებენ. დღეს საქართველოში მართლაც სამოქალაქო საზოგადოება იბადება, რომელიც აცნობიერებს, რა შედეგი შეიძლება მოიტანოს ავტორიტარიზმმა ქვეყანაში, რომელიც აცნობიერებს, რომ დასავლური ღირებულებები, როგორც არ უნდა ილაპარაკოს ხელისუფლებამ, მხოლოდ ლგბტ არ არის, და თუ გვინდა შევინარჩუნოთ ჩვენი ეროვნულობა, ეს ყველაზე უკეთ არის შესაძლებელი დასავლეთთან ინტეგრაციით და არა პირიქით. ამიტომაც ძალიან კარგია ეს ხალხი რომ გამოდის, მას შეგნებული აქვს, რომ ამისთვის უნდა იბრძოლოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ვფიქრობ, ხელისუფლებაც ნელ-ნელა იწყებს გააზრებას, რომ ქვეყანაში სერიოზული კრიზისია. ამ პროცესში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ჩვენს დასავლელ პარტნიორებს და უნდა აღინიშნოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის წვლილიც, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ პროტესტანტებმა არ უნდა იჩქარონ, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ პროცესს, უნდა მივცეთ საშუალება ხელისუფლებასა და მათ მხარდამჭერებს, რომ გააცნობიერონ არსებული რეალობა. ასევე ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც, რომ თანდათან გააძლიერონ წნეხი მთავრობაზე და ასე უნდა მივიდეთ ახალ არჩევნებამდე. ამ ახალ არჩევნებში კი, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, “ოცნება” არ დარჩება 5%-იან ბარიერს მიღმა. ხვალ რომ არჩევნები ჩატარდეს, ვგულისხმობ მართლა თავისუფალ არჩევნებს, “ქართულ ოცნებას” იმდენი რესურსი აქვს, რომ პარტიებს შორის მაინც პირველ ადგილს დაიკავებს. მე არც “ქართული ოცნება” და არც “ნაციონალური მოძრაობა” არ მიმაჩნია ისეთ ძალად, ვისაც ამ პოლიტიკური კრიზისიდან შეუძლია ქვეყნის გამოყვანა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი. თუ ამას დაემატება ახალგაზრდების ის გულწრფელობა, რაც დღეს აქვს ამ პროტესტს, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ დონეს მაინც მიაღწევს საზოგადოების პოლიტიკური კულტურა, რაც იყო თუნდაც ბალტიისპირეთში ამ 30 წლის წინ”, -განაგრძობს რესპონდენტი.
“ხელისუფლება აცნობიერებს, რომ მთლად ისე არ არის საქმე, როგორც ლაპარაკობს. ღმერთმა ნუ ქნას, სამოქალაქო დაპირისპირება დაიწყოს, რადგან ეს კატასტროფა იქნება უპირველესად ხელისუფლებისთვის და ქვეყნისთვისაც. მესმის, რომ ძალიან ძნელია მოსთხოვო მათ, ვისაც თავ-პირი დაალეწეს, ცივი გონებით მსჯელობა, მაგრამ ყველამ ერთად უნდა შევძლოთ მივიდეთ არჩევნებამდე ისე, რომ ქვეყანა დიდ შარში არ გავხვიოთ. ცხადია, არავინ არავის არ სთხოვს, ხვალ-ზეგ ერთმანეთს ჩავეხუტოთ, მაგრამ ეს არჩევნებიც ხომ იმისთვის გვინდა, რომ ქვეყანა უკეთესი იყოს? მაშინ, თუ გაცნობიერებული გვაქვს, რომ ქვეყნისთვის ვიბრძვით, უნდა ვიცოდეთ, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისვლა დაუშვებელია. ბოლო დღეებია, რუსთაველზე არც პოლიცია დგას და არც რობოკოპები თუ სხვა ხალხი, არც პარლამენტში შევარდნილა ვინმე - ანუ მიხვდა ხელისუფლება, რომ დაპირისპირების პროვოცირება არ იქნებოდა, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გვყავს ისეთი მეზობელი, რომელიც დაპირისპირების პროვოცირებას შეეცდება, ისევე, როგორც ეს თუნდაც 1990-იან წლებში, როდესაც დღემდე არავინ იცის, ვინ და როგორ დაიწყო. მერწმუნეთ, ძალიან ბევრს გულწრფელად სჯერა, რომ “ოცნება” მართლა დასავლეთისკენ მიდის და ვერ მოსთხოვ მომენტალურად გაიაზრონ პროცესები” - განმარტავს ანალიტიკოსი.
“მიუხედავად ყველაფრისა, დღეს მაინც ვიღაცას ჰგონია, 20 იანვარს ტრამპი თეთრ სახლში რომ დაჯდება, “ოცნება” მასთან იმ დღესვე ყველაფერს მოაგვარებს. ამას თუ დავამატებთ იმასაც, რომ ამ პროცესიდან მთლად უდანაკარგოდ ვერ გამოვალთ და იქნება სანქციები, შეზღუდვები, რაც ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ გარემოზე ძალიან ცუდად იმუშავებს, მაგრამ ჯობს, ასე თანდათანობით მივიდეთ მიზნამდე, ვიდრე ვითარება სამოქალაქო დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თუმცა, მეორე მხრივ, შესაძლოა იყოს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც დღეს არ ჩანს. შესაძლოა როგორც ხელისუფლებამ, ასევე ჩვენმა პარტნიორებმა სრულიად მოულოდნელი გადაწყვეტილებები მიიღონ. მე არა ვარ დარწმუნებული, ავცდებით თუნდაც იმ ვარიანტს, რომ ივანიშვილს ჩვენმა პარტნიორებმა უსაფრთხოების გარანტიები არ შესთავაზონ. რაც მთავარია, უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არ არის ტრაგედია. თუ ხალხი, ვინც დღეს რუსთაველზე დგას და ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებს, მართლაც ჩამოყალიბდება როგორც სამოქალაქო საზოგადოება, არანაირი ხელისუფლება საშიში აღარ იქნება. მაგრამ, თუ ეს ხალხიც ჩათვლის, რომ ახლა არჩევნები ჩატარდება და ჩვენ არაფერი აღარ გვეხებაო, მაშინ შესაძლოა ისევ იმ წრეზე წავიდეთ”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.
“არ ვიცი, ზურაბიშვილი რას გულისხმობს, როდესაც ამბობს, არ გადავდგებიო, ფაქტია, დღეს ხელისუფლება ქვეყანას მართავს არა კონსტიტუციით, არამედ ძალოვანი სტრუქტურებით. ვფიქრობ, ინაუგურაცია გაიმართება და ინაუგურაციის შემდეგ თუ ზურაბიშვილი არ დატოვებს პრეზიდენტის სასახლეს, ძალით დაატოვებინებენ. ის, რომ პარლამენტსა და ახალი პრეზიდენტის არჩევნებს არალეგიტიმურად ვთვლით, არ იძლევა იმის გარანტიას, რომ ზურაბიშვილი დარჩება იურიდიულად პრეზიდენტად. ზურაბიშვილი უნდა დარჩეს პოლიტიკაში, ის დღეს მთავარი ფიგურაა, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან აწარმოებს მოლაპარაკებებს. ზურაბიშვილი ნეიტრალურია, არ გამოხატავს არც ერთი პარტიისადმი კუთვნილებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი ბატონო, ყაველაშვილი არალეგიტიმურია და ასე მიგვაჩნია არა მხოლოდ საზოგადოების დიდ ნაწილს, არამედ კონსტიტუციონალისტების უმეტესობასაც, მაგრამ ზურაბიშვილს მაინც მოუწევს პრეზიდენტის სასახლის დატოვება და კერძო ოფისის გახსნა. ორხელისუფლებიანობა ამით ვერ და არ იქნება, მაგრამ თავად ეს პროცესი ხელს შეუწყობს პარტნიორებთან ურთიერთობასა და იმას, რომ გაზაფხულისთვის არჩევნები დავნიშნოთ”, - დასძენს ძაბირაძე და შეკითხვაზე - “ამ პროცესში გარდამტეხი მაკრონის ივანიშვილთან დარეკვა იყო, თუ სხვა ფაქტორებმა მოახდინა გავლენა?” - პასუხობს:
“რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომ ივანიშვილთან დარეკვით მოხდა მათი ლეგიტიმაცია, ეს სრული სისულელეა. პრემიერთან რომ დაერეკა, ამას კიდევ ექნებოდა რამე საფუძველი, მაგრამ მან დარეკა პარტიის საპატიო თავმჯდომარესთან, რითაც ამათი მართვის მთელი სისტემა გაშიშვლდა. ამ ზარით გამოჩნდა, რომ ეს იციან ჩვენმა პარტნიორებმაც და იციან ძალიან კარგად, ვის და როგორ ელაპარაკონ. არ გამოვრიცხავ, მათ ივანიშვილის უსაფრთხოების თემებზეც ელაპარაკათ, ამას კი შემდეგ მოჰყვა მაკრონის განცხადება და როდესაც ევროპის ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო, დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოს პრეზიდენტი ერთვება ჩვენს საკითხში, ეს უკვე არის ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი. იმედია, გერმანიაც და პოლონეთიც ძალიან მალე ჩაერთვებიან ამ პროცესში, რა თქმა უნდა აშშ-ც, ინგლისი კი უკვე ჩართულია. ასე რომ, ეს იმდენად მძლავრი პროტესტია, ამის იგნორირებას ხელისუფლება, უბრალოდ, ვერ შეძლებს”.
არჩევნები საპროტესტო ბურთაობის ფონზე - როგორი პრეზიდენტი იქნება ყაველაშვილი
“საქართველოს არაპირდაპირი წესით არჩეული პირველი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი გახდა. ქვეყნის მოსახლეობისა და დასავლეთის პოლიტიკური წრეების წარმომადგენელთა ნაწილი მის ლეგიტიმაციას არ ცნობს. რამდენად შეძლებს ის ასეთ პირობებში საზოგადოების მაკონსოლიდირებელი პოლიტიკური ფიგურის როლის შესრულებას? ყაველაშვილმა უკვე მიიღო უცხოეთიდან რამდენიმე მილოცვა. მას პრეზიდენტად არჩევა მიულოცეს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ და სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა, რომელმაც ყაველაშვილი სერბეთშიც მიიწვია. დასავლეთის გარკვეული პოლიტიკური წრეები კი ლეგიტიმურად არ ცნობენ არც 26 ოქტომბრის არჩევნებს, არც ამ არჩევნების შედეგად ფორმირებულ პარლამენტს და არც ამ პარლამენტის წევრებისგან შემდგარი ხმოსანთა კოლეგიის მიერ პრეზიდენტის არჩევას. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ მიხეილ ყაველაშვილს არანაირი ლეგიტიმაცია არ გააჩნია და საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია, რომელიც ამ თანამდებობაზე ლეგიტიმაციას 29 დეკემბერს დანიშნული ყაველაშვილის ინაუგურაციის შემდეგაც შეინარჩუნებს”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით არჩევნები საპროტესტო ბურთაობის ფონზე - როგორი პრეზიდენტი იქნება ყაველაშვილი.
“აღსანიშნავია, რომ მიხეილ ყაველაშვილი დასავლეთში თავიდანვე შეფასებული იყო, როგორც “ულტრამემერჯვენე და პრორუსი” კანდიდატი. 14 დეკემბერს, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქცია-პერფორმანსის ფონზე, 300-კაციანმა ხმოსანთა კოლეგიამ მიხეილ ყაველაშვილი პრაქტიკულად ერთხმად აირჩია პრეზიდენტად. ოპოზიციის ბოიკოტის გამო, არჩევნებში მხოლოდ 225 ხმოსანი მონაწილეობდადან და 224-მა ყაველაშვილის სასარგებლოდ მისცა ხმა. ერთი ბიულეტენი ცესკომ ბათილად სცნო. ეს ბიულეტენი, სავარაუდოდ, ყოფილ პარლამენტარსა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრ ადა მარშანიას ეკუთვნოდა, რომელმაც ხმის მიცემისას საჯაროდ განაცხადა, რომ ყაველაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერდა: “უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თქვენ, ყველამ ერთად, საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც, როგორ პოლიტიკურ ძალას. მე არ შემოვხაზავ, ცარიელს, შემოუხაზავს ვაგდებ”. კენჭისყრა ღია წესით ჩატარდა. ხმა ჯერ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, შემდეგ კი კოლეგიაში მყოფი სხვა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებმა, ანბანური თანმიმდევრობით მისცეს. შედეგების გამოცხადებას კოლეგიის წევრები ტაშით შეხვდნენ”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ცესკო-ს თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილს გადასცა და საარჩევნო პროცესი დასრულებულად გამოაცხადა. მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი იყო. პარლამენტის წინ და ასევე ორბელიანების სასახლესთან კი ხალხი იყო შეკრებილი, რომლებიც ყაველაშვილის კანდიდატურას აპროტესტებდნენ. მათ ნაწილს აქციაზე საკუთარი დიპლომები ჰქონდა მიტანილი, რითაც ხაზს უსვამდნენ და აპროტესტებდნენ იმ ფაქტს, რომ ქვეყნის უმაღლეს პოლიტიკური თანამდებობაზე ასარჩევ პირს უმაღლესი განათლება არ აქვს. ამასთან, მათ რუსთაველზე ბურთებიც მიიტანეს და ყაველაშვილის სპორტული წარსულზე მინიშნების ნიშნად, სიმბოლურად ფეხბურთს თამაშობდნენ. გარდა ამისა, მოქალაქეებმა 9 აპრილის ქუჩაზე დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საფეხბურთო მაისური მიიტანეს, რომელიც მოგვიანებით პროტესტის ნიშნად დაწვეს”, - განაგრძობს გამოცემა.
“რუსთაველის გამზირზე რამდენიმე წუთით მოქმედი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც იმყოფებოდა. მან მედიასთან აღნიშნა, რომ “სამსახურში მიდიოდა”, თუმცა ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ გაიარა რუსთაველის გამზირი მაშინ, როცა ორბელიანების სასახლეში ამ გზით არასდროს მისულა, უპასუხოდ დატოვა. რუსთაველზე პრეზიდენტის გამოჩენას აქციის მონაწილეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. “გვიყვარხარ, პრეზიდენტო” - სალომე ზურაბიშვილის მისამართით ისმოდა ამ ტიპის შეძახილები. თავის მხრივ, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებთან აღნიშნა მხოლოდ ის, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”. შემდეგ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან მივიდა და მადლობა გადაუხადა. “მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს. ყველანი ვართ დედები, ყველანი ჩვენი შვილია, ვინც აქ დგანან ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი”, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა”, - დასძენს გამოცემა.
“მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 1988–1995 წლებში იყო “დინამო თბილისის” ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი. სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორებიცაა “მანჩესტერ სიტი”, “გრასჰოპერსი”, “ციურიხი” და “ლუცერნი”. რაც შეეხება მის პოლიტიკურ მოღვაწეობას, პარლამენტის წევრობისას ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი დაამახსოვრა თავისი ანტიევროპული და ანტიდასავლური პოზიციით. ასევე პოლიტიკურ ოპონენტთა მკვეთრი კრიტიკით, ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში მონაწილეობითა და ზოგ შემთხვევაში უცენზურო ლექსიკით. ედიშერ გვენეტაძის თქმით, მიხეილ ყაველაშვილს აქვს ისეთი პიროვნული მახასიათებლები, რითაც შეძლებს კარგი პრეზიდენტი იყოს”, - წერს სტატიის ავტორი.
„მე მყარად შემიძლია ვთქვა, რომ მიხეილ ყაველაშვილი არის ქვეყნის უდიდესი პატრიოტი და ის ერთ ფეხს არ გადადგამს იმ პროცესიდან, რასაც ჰქვია საქართველოს სიყვარული. დარწმუნებული ვარ, რომ ის არის ისეთი პირონება, რომელიც ქვეყანას საკუთარ ინტერესებზე მაღლა დააყენებს და იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი. ამას იმიტომ ვლაპარაკობ, რომ ბოლო 20 წელია ჩვენ არ გვყოლია ისეთი პრეზიდენტი, რომელიც საკუთარ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესებს დააყენებდა. სწორედ ამ თვისებების გამო არჩეული მიხეილ ყაველაშვილი ამას შეძლებს. ყაველაშვილი იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი არაპირდაპირი წესით არჩეული პრეზიდენტი, რომელიც შეძლებს ქვეყნის გაერთიანებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ედიშერ გვენეტაძე.
“დიპლომი ჰქონდა ილია ჭავჭავაძეს? აკაკი წერეთელს? გალაქტიონ ტაბიძეს? არ ჰქონიათ, მაგრამ საქართველოს სიყვარულში ჩაიწვნენ. ორი მუყაოს ყდაა, რომელიც არაფერს ნიშნავს. დიპლომი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამბობდა - რა მოხდა მერე, 150 სოფელი რომ დავკარგეთო. ასევე დიპლომიანი იყო დავით კეზერაშვილი, რომელიც ომის პერიოდში ბრილიანტების შეძენით იყო დაკავებული. დიპლომიანი იყო ნინო კალანდაძე, საგარეო საქმეთა მინისტრიც, რომელმაც სადღაც იყიდა. ამ ადამიანებმა ქვეყანა დააქციეს. ამრიგად, მინდა გითხრათ, რომ დიპლომი არის ადამიანისთვის სული, გული და სამშობლოს მსხურება, რომელიც ყაველაშვილს გააჩნია. უფრო მეტიც მინდა გითხრათ, რომ ყაველაშვილი ვაჟკაცია, რადგან სკოლა რომ დაამთავრა და უნივერსიტეტიდან გამოვიდა, იმ პერიოდის მომსწრე ვარ, შეიძლებოდა ერთი კი არა 50 დიპლომის ყიდვა დაახლოებით 20-30 დოლარად, თუმცა მან ეს არ იკადრა. რამდენია “ნაცებში” დიპლომიანი? უამრავი. რამდენია იმ მაკრიტიკებლებში ისეთი, ვინც ეს დიპლომი ზოგმა მეტროში იყიდა და ა.შ.”, - ამბობს ედიშერ გვენეტაძე.
დავით ზურაბიშვილი - “მაკრონის ზარი არ არის მარტივი ამბავი და ვნახავთ ამის გაგრძელებას...”
“მე ვერ ვხედავ “ქართული ოცნების” რაიმე გაგებით მოძრაობას. უფრო იმის ცდას ვხედავ, რომ არ შეიმჩნიონ პროტესტი, ვითომ მართლა არაფერი ხდება, ვითომ მართლა ცოტა ხალხია - ანუ მთელი მათი პროპაგანდა, რითაც ხალხს ტვინი გამოურეცხეს და რასაც მუდმივად იმეორებენ, არის ცდა, რომ თავად დაიჯერონ, თითქოს მართლა ასეა. ძალიან სიმპტომატური მომეჩვენა “ფეისბუკის” ერთ-ერთ ჯგუფში გამოქვეყნებული პოსტი. ერთი ჯგუფი აქვთ “ოცნების” მომხრეებს, სადაც დიდი გლოვა ჰქონდათ გამოცხადებული ნაძვის ხის ანთების გადადების გამო და როგორც ჩანს, ერთი პატიოსანი “ქოცი”, რომელმაც ეტყობა დაიჯერა ეს პროპაგანდა, რასაც ეუბნებიან, წერდა, მივედი რუსთაველზე და ძალიან ბევრი ხალხი იყო. ესაა, რომ ამბობთ, არავინ დადისო? ანუ მან და მასავით, ალბათ, კიდევ ბევრმა მართლა დაიჯერა, რომ აქციაზე ხალხი არ დადის და ბევრი ხალხი რომ დაინახა, გაუკვირდა. ნაძვის ხის ანთების გადადების გადაწყვეტილებაც ძალიან სპონტანური იყო და გეგმის ნაწილის შთაბეჭდილებას არ ტოვებდა”, - აცხადებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მაკრონის ზარი არ არის მარტივი ამბავი და ვნახავთ ამის გაგრძელებას...”
“ნაძვის ხის ანთების გადადება არ იყო კალაძის ან თუნდაც კობახიძის გადაწყვეტილება, რომ არ გაემწვავებინათ სიტუაცია. მგონი, ეს უფრო ზევით მიიღეს და მაგათ ზემოთ ვინც დგას, კი ვიცით. კალაძე ლამის კბილების ღრჭიალით ლაპარაკობდა, რადგან აშკარა იყო, რომ გადადება ძალიან არ უნდოდა და პრინციპში, იქ ხალხი საჩხუბრად ჰყავდა მიყვანილი, ზონდერები. როდის იყო, ასეთ ადამიანებს ან ნაძვის ხის დადგმა უხაროდეთ, ან მსგავსი რაღაც? კი, ალბათ, იყო ერთი-ორი კაცი, ვინც მართლა მიიყვანა ბავშვი, მაგრამ უფრო იყვნენ შუახნის კუნთმაგარი მამაკაცები - მოჭიდავეები, შტანგისტები, კორცხელის “გმირები”. სპეცრაზმიც გამზადებული ჰყავდათ, წყლის ჭავლით, წიწაკის სპრეით და ა.შ. კი ვამბობდით ბიძინაზე, გადარეულიაო, მაგრამ, როგორც ჩანს, ამათში ყველაზე ადეკვატური მაინც ეგ არის. ისეთი გადარეულია ხელისუფლება, რომ მათ შორის ყველაზე ნაკლებად გადარეული ეგ არის. ეტყობა, იფიქრა, ხალხის დარბევის ფონზე ნაძვის ხის ანთება ზესიგიჟე იქნებაო, რასაც არავინ აპატიებდა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ზურაბიშვილი.
“დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბიძინას რაღაც დონით ადეკვატურობის მცირე ნაპერწკალი, რაც გამოიხატა სწორედ ამ ნაძვის ხის ანთების ცერემონიის გადადებაში, აშკარად სწორედ მაკრონის ზარმა გააჩინა. საფრანგეთის რივიერაზე ვილები რომ აქვს, ასე მარტივად ვერ დაივიწყებს. ცენტრალური აფრიკის კაციჭამია იმპერატორ ბოკასასაც ჰქონდა საფრანგეთში ვილები, მაგრამ წაართვეს. ამიტომაც საფრანგეთის პრეზიდენტის ზარი ბიძინასთვის სერიოზული სიმპტომი უნდა იყოს, რომ ასე მარტივად ტრამპთანაც არ დალაგდება მისი ამბავი. საფრანგეთი, როგორც წესი, ან არ არის საერთოდ აქტიური კონკრეტულ რეგიონებში, მაგრამ თუ თავზე აიღო კონკრეტული ქმედება და ასე ვთქვათ, რომელიღაც რეგიონი თავისი ინტერესის სფეროდ მიიჩნია, ძალიან აქტიურდება. ეს კი ბიძინას არ მოეწონებოდა. მაკრონის ზარი არ არის მარტივი ამბავი და ვნახავთ ამის გაგრძელებას. დარწმუნებული არა ვარ, რადგან ინსაიდერული ინფორმაცია არა მაქვს, მაგრამ ტრამპის მიდგომებიდან თუ გამოვალთ, რომელიც მიიჩნევს, რომ ევროპამ ევროპელებზე მეტად უნდა იზრუნოს და მთლად ამერიკას არ გადააბაროს, არ არის გამორიცხული, სწორედ საფრანგეთს გადაელოცოს ამ საკითხების მოგვარება”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ბიძინას სწორედ ამის იმედი ჰქონდა, ამერიკა თავს დამანებებს, ევროპას არაფრის თავი არა აქვს და კარგად ვიქნებიო, და ახლა ხედავს, რომ მთლად ასე არ არის საქმე. საფრანგეთი თუ საქართველოს საკითხში ჩაერთო და როგორც ჩანს, ერთვება, ბიძინასთვის სასიამოვნო ამბავი არ არის. უფრო მეტიც, ძალიან უსიამოვნოც არის, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაკრონი და ქალბატონი სალომე საკმაოდ კარგ ურთიერთობაში არიან. აქ მიმდინარე პროცესების თავად მაკრონის შეფასებებიც ვნახეთ. თუ საფრანგეთი გახდა აქ ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო, რომელიც საქართველოში და საერთოდ, კავკასიაში შექმნილ ვითარებას ევროკავშირის მხრიდან გაუწევს კურირებას, ეს იქნება ძალიან უსიამოვნო სიურპრიზი ხელისუფლებისთვის... კობახიძე რომ არის გაჩუმებული, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ეგეც მაგის შედეგია. ბუნებრივია, ბიძინაც არ არის ჯერ ბოლომდე აზრზე მოსული, რაღაც ძალიან მცირე ყოყმანისა და იმის გააზრების ნაპერწკალი, რომ მთლად ისე არ არის საქმე, როგორც უნდათ, რომ წარმოაჩინონ, შეიმჩნევა. ამისთვის კი აუცილებელია ეს პროტესტი გაგრძელდეს ისე, როგორც მიდიოდა. მთავარ ფრონტს ეს ქმნის, ამის გამოა საფრანგეთიც აქტიური, ევროპაც, და დარწმუნებული ვარ, ამერიკაც აქტიური იქნება”, - განმარტავს ანალიტიკოსი.
“აქ რომ არაფერი ხდებოდეს, რა თქმა უნდა, ევროპაც და ამერიკაც უფრო პრაგმატულად შეხედავდნენ სიტუაციას და არ არის გამორიცხული, ხელისუფლებას ყველაფერი მარტივად გადაეგორებინა, მაგრამ ასეთი მასშტაბური აქციების იგნორირებას ვერავინ მოახდენს. თუ ბიძინამ უახლოეს დღეებში რაიმე ძალიან მკაფიო მესიჯები არ მიიღო, თუნდაც ტრამპისგან და ერთი-ორჯერ საფრანგეთისგანაც, არა მგონია, 20 იანვრამდე ეს პროცესები გადააგოროს. რაც შეეხება პრეზიდენტის დანიშვნას, თუ არ ვცდები, გახარიამ თქვა და ვეთანხმები, რომ ბიძინა ცდილობს ყველა ინსტიტუცია ბოლომდე ჩაიგდოს ხელში და ამით ივაჭროს ტრამპთან, აი, ყველაფერი ხელში მაქვს, სრულ ძალაუფლებას ვფლობ და ყველაფერს მე ვაკონტროლებო. მის ამ გეგმას კი ხელს ის უშლის და რასაც ვერაფერს უხერხებს, რაც მის ძალ-ღონეს აღემატება, ქუჩაში გამოსული ხალხია. მგონი, დღემდე ვერაფრით გაიგო და უკვირს, რატომ ვერაფერს შვრება. სხვა მეთოდები არა აქვს, ან უნდა სცემოს, დაარბიოს, დაიჭიროს, ან იგნორირება გააკეთოს და ხალხი ორივე შემთხვევაში მაინც გამოდის. ისტორია არ იციან, ხალხს არ იცნობენ და ეს არის ამათი პრობლემა. ქართველებმა აქციები თუ დაიწყეს, მერე მათ სიცივე და ასეთი მოპყრობა ვერ აჩერებს”, - ამტკიცებს დავით ზურაბიშვილი.
“2008 წლის პრეზიდენტის არჩევნების მერეც ძალიან ციოდა, მაგრამ მასშტაბური აქციები მაინც იყო. ვინც იმ აქციებში ვმონაწილეობდით, უმეტესობა ამ აქციებშიც ვმონაწილეობთ და ვინც არ მონაწილეობდა და სახლში იჯდა, ახლა ხელისუფლებაში არიან. არ იციან, გამოცდილება არა აქვთ და ჰგონიათ, ხალხიც სახლში დაჯდება. მე უკვე წინასწარ ვიცი, ახალ წელს სად შევხვდები - ყველა ვარიანტში რუსთაველზე. ამათ სულ ტყუილად აქვთ იმედი, რომ ასე არ იქნება და ვნახავთ, უფრო მეტი ხალხი მოვა. ახალი წლის მოსვლას თბილისი რუსთაველზე იზეიმებს და დარწმუნებული ვარ, კარგი წელი იქნება, კარგი ამბების მომტანი... რაც შეეხება ორპრეზიდენტიანობის დილემას, მე ამაზე დიდ ყურადღებას არც გავამახვილებდი, რადგან ამან შესაძლოა სულ სხვაგან გადაგვიყვანოს. არც ლეგიტიმურობაზე ზედმეტი აქცენტირება მომწონს. ახალი არჩევნები რომ დაინიშნოს, წმინდა სამართლებრივად შეუძლებელია იმის გარეშე, თუ ამ პარლამენტმა, ამ გაყალბებული არჩევნებით არჩეულმა 89 დეპუტატმა არ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ჯერ უნდა გადადგეს კობახიძე, მერე პარლამენტმა არ უნდა დანიშნოს ახალი პრემიერი და მერე უკვე ყაველაშვილმა (თუ ეს 29-მდე არ მოხდა) უნდა დანიშნოს ახალი არჩევნები”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“29 დეკემბრამდე ამას თუ გააკეთებენ, ძალიან კარგი, მაგრამ მეეჭვება და თითქმის დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება. მაშინ სხვა სამართლებრივი გზა არ არის, გარდა იმისა, რომ ჩამოშალოს ყველაფერი, დაჯდეს ხუნტა, როგორც 1992 წელს, როდესაც ხუნტამ დანიშნა არჩევნები... ეს ორი გზაა, სხვა არ არსებობს. ცხადია, ხუნტას ისევ ყაველაშვილის დანიშვნა სჯობს და რაც მთავარია, მეორე ვარიანტი როგორ უნდა გათამაშდეს, ვერ წარმომიდგენია, მაშინ მართლა ყველაფერი უნდა დაინგრეს. ამიტომაც ახლა აქცენტს ყაველაშვილის პრეზიდენტობაზე კი არა, ახალი არჩევნების დანიშვნაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლასა და ამ არჩევნების ჩატარებაში საერთაშორისო თანამონაწილეობაზე გავაკეთებდი”, - თვლის ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “ოპოზიციის გააქტიურება და პროცესებში ჩართვა რამდენად არის საჭირო?” - პასუხობს:
“ჯერჯერობით პროცესები მათი მონაწილეობის გარეშე უფრო უკეთ მიდის. რუსთაველზე ისეთი პერფორმანსები იმართება, რომ იქ ოპოზიციის ადგილი აღარ არის. ბოლოს და ბოლოს, “რეალის” და “ბარსელონას” ფანების ერთობლივი მსვლელობა გაიმართა, ასეთი რამ მსოფლიოში არ მომხდარა, ეს აქციები კი მართლაც ისეთი უნიკალურია, რომ მსოფლიოს ისტორიაში ნამდვილად შევა. ამიტომ ახლა ოპოზიციის გააქტიურება სულ არ არის საჭირო. თუმცა, ცხადია, ისინიც უნდა გააქტიურდნენ და თავისი დღის წესრიგი შექმნან, რომელიც რაღაცებით გადაიკვეთება აქციების მოთხოვნებთან. მოკლედ, ყველა აქციის მონაწილეები ვიქნებით”.