ირაკლი მელაშვილი - “ახალი წელი ძველი პრობლემებით ანუ რა მოხდება თებერვალში?!”
გამაფრთხილებელი გასროლა? - ტოვებს თუ არა ივანიშვილის დასანქცირება სივრცეს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის
“ახლა ვინც მოერევა, ის დაადგენს წესებს” - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე
“ორპრეზიდენტიანობა” - რა გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს და როგორი პრეზიდენტი იქნება მიხეილ ყაველაშვილი
“ისტორიაში ივანიშვილის ხელისუფლებაა პირველი, რომელმაც გადაწყვიტა დაამყაროს ავტორიტარიზმი რუსეთის მფარველობით” - ისტორიკოსი ბექა კობახიძე
* * *
ირაკლი მელაშვილი - “ახალი წელი ძველი პრობლემებით ანუ რა მოხდება თებერვალში?!”
“ამერიკელებისთვის ძვირფასია საშობაო დღესასწაულები, რომელსაც ისინი, როგორც წესი, ოჯახში ატარებენ. 26-ში დილით, შობის მეორე დღეს, როდესაც ჯერ უილსონმა, მერე კიდევ რამდენიმე რესპუბლიკელმა სენატორმა გააკეთა ძალიან მძიმე განცხადებები, ეს უკვე დასტური იყო, რომ ეს არ არის ერთი და ორი კაცის პოზიცია, სპონტანური განცხადება. უკვე ჩანდა, რომ შეთანხმებული პოზიცია იყო. ეს მიუთითებს, რომ რესპუბლიკელების ადმინისტრაცია არ არის განწყობილი კომპრომისზე ბიძინა ივანიშვილთან. მე ადრეც ვთქვი, რომ ტრამპის ადმინისტრაცია და ტრამპი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, როცა გადაწყვეტილებებს იღებს, ბევრად უფრო ხისტი ნაბიჯების გადამდგმელია, ვიდრე დემოკრატები. დემოკრატიული ადმინისტრაციები შედარებით ადვილად იღებენ გადაწყვეტილებებს და ეს ძალიან მძიმე იქნებოდა საქართველოსთვის. ტრამპი რუსეთთან ურთიერთობაში რაც არ უნდა შეთანხმებაზე იყოს ორიენტირებული, განსაკუთრებული მოთხოვნები ექნებოდა იმ ქვეყნებთან, რომლებიც ამერიკისა და დასავლეთის წინააღმდეგ რუსეთსა და ჩინეთთან მუშაობენ. ჩვენ კი არა მარტო რუსეთსა და ჩინეთთან ვიმუშავეთ, ისიც მოვახერხეთ, რომ ჩვენი პრემიერ-მინისტრი “ჰამასისა” და ტერორისტული ორგანიზაციების მხარეს გამოჩნდა, რაც მიუღებელია ტრამპის ადმინისტრაციისთვის”, - აცხადებს ექსპერტი ირაკლი მელაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახალი წელი ძველი პრობლემებით ანუ რა მოხდება თებერვალში?!”
“ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციამდე და შემდეგ თებერვლის ბოლომდე ჩვენთან რაღაც გადაწყვეტილებები უნდა იქნეს მიღებული, თუ არადა, ეს რკალი სულ უფრო და უფრო მეტად შემოეჭირება “ოცნების” ე.წ. მთავრობას, რომელსაც არავინ აღიარებს. საინტერესოა ისიც, რომ დოკუმენტებში, რომლებიც საქართველოს შეეხება, ყველგან არის ლაპარაკი “ქართულ ოცნებაზე”, მმართველ პარტიაზე, არაფორმალურ ლიდერ ბიძინა ივანიშვილზე და არსად არის ლაპარაკი მთავრობაზე, პარლამენტზე, ოფიციალური სტრუქტურების ხელმძღვანელებს არ მოიხსენიებენ ოფიციალური სტრუქტურების ხელმძღვანელებად. მათ მოიხსენიებენ, როგორც მმართველი პარტიის ლიდერებს. ეს ყველაფერი კი ნიშნავს, რომ ქვეყანა დარჩენილია მოკავშირეების გარეშე, აბსოლუტურად მარტო და არა მხოლოდ რუსეთის წინაშე... არჩევნების შემდგომ, მიუხედავად ყველაფრისა, არც ქართველი და არც საერთაშორისო საზოგადოება არ ხედავდა ისეთ დარღვევებს, რომ აყირავებულიყო ყველაფერი. ყველაფერი აშკარა გახდა, როდესაც ივანიშვილმა მთავრობის თავმჯდომარეს გააკეთებინა განცხადება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენთთან საუბრისას ირაკლი მელაშვილი.
“რაც შეეხება “რუსეთის ინტერესების გატარებას”, ამერიკას აქვს სრული ინფორმაცია ნებისმიერ გადარიცხვებზე. ეს კარგია თუ ცუდი, სხვა თემაა, მაგრამ რაღაც შეთანხმებები ყოველთვის ტოვებს ფინანსურ კვალს და ჩანს, ვინ ვისთვის რას აკეთებს. აქედან გამომდინარე, თუ რაღაცის შესწავლას დაიწყებენ, ბუნებრივია, რაღაც კვალსაც იპოვიან. სხვა საკითხია, რას ამბობენ საჯაროდ და რას საუბრობენ კულუარებში. არის ინფორმაცია, რომელიც საჯაროდ არ ვრცელდება. ამ გახმაურებული საქმის უკან სხვა ინტერესებიც შეიძლება იყოს, ამიტომ ისინი კარგად არიან ინფორმირებული. როგორც ჩანს, მათი დაზვერვაც კარგად მუშაობს. არც ის გამორიცხოთ, თუკი დაინტერესდნენ, თავად რუსეთისგანაც მიიღონ ინფორმაცია. მე ახალს არაფერს ვამბობ, რომის იმპერიიდან მოყოლებული ასე იყო და არის. ალბათ, ყველა დიდ სახელმწიფოს აქვს თავისი ინფორმაციის წყაროები. აშშ-სა და ევროპას მილიარდობით დოლარი აქვთ ჩადებული საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის. საქართველო ჩვენს და მთელ აღმოსავლეთ რეგიონში უნდა ყოფილიყო ერთგვარი ნიმუში, რომელსაც უნდა ეჩვენებინა, რომ დემოკრატიული განვითარება უკეთესია ამ რეგიონის პროგრესისთვის, ვიდრე ავტორიტარული რეჟიმი”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ამაში ჩადეს დიდი ფული ევროპამ და აშშ-მა და ცხადია, დაინტერესებული იყვნენ, რომ საქართველო, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო, ყოფილიყო წარმატებულად შემდგარი პროექტი. ეს უნდა ყოფილიყო ალტერნატივა იმ სისტემისა და მოდელებისა, რასაც პუტინის რუსეთი და ჩინეთი გვთავაზობენ. ის კი, რაც გააკეთა ივანიშვილმა, რა თქმა უნდა, იყო არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის ინტერესებისა და ჩვენი საზოგადოების ღალატი, არამედ პირდაპირ წყალში ჩაყარა ამერიკელებისა და ევროპელების მილიარდები. ბუნებრივია, ივანიშვილს პასუხს მოსთხოვენ. ახლა ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვისაც მთავარია ეს ისე მოხდეს, რომ ქვეყანა არ დაზარალდეს, რაც იოლი არ არის... საქართველოში დღეს არის ორი მხარე - ერთი ხელისუფლება, ხოლო მეორე - ქუჩის პროტესტი. ამ პროცესში მხარე ოპოზიცია არ არის. კი დგანან პოლიტიკოსები ქუჩაში ხალხის გვერდით, მაგრამ პარტიების მიერ არც ეს აქციები იყო ორგანიზებული და არც მისი მართვის შესაძლებლობა აქვს ოპოზიციას. ვფიქრობ, ეს შეიძლება იყოს ის პროცესი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალი პოლიტიკური სპექტრის გაჩენას, თავისი ახალი პრინციპებით, ბევრად ადეკვატური და რეალურ ბაზარზე ორიენტირებული პლატფორმებით. ძალიან მნიშვნელოვანია ის, რაც ხდება საქართველოში, ფაქტობრივად, ახალგაზრდობამ მიზნად დაისახა, რომ ოპოზიცია არ წარმოადგენდეს მას მთავრობასთან მოლაპარაკებაში”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“ახლა ერთადერთი, ვისაც საზოგადოების ნდობა აქვს, სალომე ზურაბიშვილია. ადამიანი, რომელმაც მოიპოვა ნდობის მანდატი თავისი პოლიტიკით, განცხადებებით, ქმედებებით. რამდენიმე წლის წინ ის არ იყო ასეთი პოპულარული ლიდერი თავისუფალი საზოგადოებისთვის. წარმოუდგენელი იყო, თუ ოდესმე “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოსული საზოგადოება სალომე ზურაბიშვილს ჩათვლიდა ლიდერად. ზურაბიშვილმა კი ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში სწორად იმუშავა - ის არ გახდა მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის მარიონეტი. აჩვენა, რომ შეუძლია დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება და მას პატივს სცემენ საერთაშორისო არენაზე. მან აჩვენა, რომ მას, როგორც თანასწორს, შეუძლია საუბარი ევროპელ ლიდერებთან. მეტიც, ევროპელებმა ის აღიარეს როგორც პარტნიორი, რომელთანაც სურთ ურთიერთობა. სალომემ იცის მათი ენა, როგორ და რაზე ელაპარაკოს. ყოველივე ამან ის მოიტანა, რომ სალომე ზურაბიშვილი გახდა ამ მოძრაობის არაფორმალური ლიდერი თუ არა, ერთადერთი ფიგურა, რომელსაც მეტ-ნაკლებად ენდობა ხალხი, განსხვავებით პოლიტიკური პარტიებისგან, რომელთაც ხალხი არ ენდობა”, - ამბობს ირაკლი მელაშვილი.
“დაკავებული არიან რაღაც პარალელური პარლამენტის თუ საბჭოს შექმნით და აზრად არ მოსდით, ეს ვინმეს აინტერესებს თუ არა. ქუჩაში პარტიები მეხუთე და მეათეხარისხოვანები არიან იმ მოქალაქეებთან შედარებით, ვინც ქუჩაში დგანან. დღეს პოლიტიკურ ფიგურად იკვეთება სალომე ზურაბიშვილი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ ახალგაზრდულ მოძრაობას აქციების სულისჩამდგმელები ძალიან კარგად ორგანიზატორობენ. თუნდაც ის, რომ “ერთობის ჯაჭვი” იყო უნიკალური, ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანიზებული აქცია, დაახლოებით 27-30 კილომეტრზე იყო გადაჭიმული. ამ ადამიანების ფუნქცია მხოლოდ ის არ არის, რომ ქუჩაში იდგნენ. მათ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ მაგიდასთან თავიანთი წარმომადგენლები უნდა ჰყავდეთ, იმიტომ, რომ უფრო ღირსნი არიან, ვიდრე პოლიტიკური პარტიები. ოპოზიციის მიერ წაგებული არჩევნების შემდგომ ახალგაზრდობამ თავისი გამოსვლებით აჩვენა, რომ საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციის შანსი აქვს. ბუნებრივია, მათი ამბიციაა, გადაწყვეტილებები შეთანხმებულად იქნეს მიღებული. ვფიქრობ, სალომე ამას ძალიან კარგად ხვდება და ცდილობს სწორედ ამაზე გააკეთოს აქცენტი”, - განმარტავს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ყველა ელოდა, თუ რას იზამდა ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლეში დარჩენა-არდარჩენასთან დაკავშირებით, ოპოზიციის ნაწილი მას სწორედ დარჩენას სთხოვდა...” - პასუხობს:
“სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას ძალიან სწორია. ის არ დათანხმდა იმ ავანტიურისტულ აზრს, რომ დარჩენილიყო შენობაში. პირიქით, ძალიან სწორად მოიქცა, რომ ინაუგურაციის დროს ხალხს ორბელიანების სასახლესთან სთხოვა შეკრება, რათა პარლამენტთან არ მისულიყვნენ და დაპირისპირება არ მომხდარიყო. მომავალში როგორ განაგრძობს საქმიანობას, გამოჩნდება. ფაქტია, როგორც თავად თქვა, 31-ში ახალი წლის შეხვედრას ხალხთან ერთად აპირებს რუსთაველზე. ასევე ძალიან მომწონს, რომ აქცენტი კეთდება ახალ ძალებზე, რომლებიც შეიძლება გამოჩნდნენ. ის ახალგაზრდები, ვინც არც ერთ პარტიას არ ეკუთვნიან და ამ პროცესებს ორგანიზებას უწევენ, ქართული პოლიტიკის მომავალია”
“ინაუგურაცია კი კლოუნადა იყო, რაღაც რიტუალი შეასრულეს, სინამდვილეში ინაუგურაცია არც ყოფილა. ჩვენ ვნახეთ თავყრილობა, რომელიც პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია მხოლოდ ერთი კაცის წინაშე. ამის დემონსტრირება მოხდა, მეტი არაფერი. ეკლესიაც კი არ იყო წარმოდგენილი პირველი პირებით და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, აქამდე ინაუგურაციების დროს ასე არ ხდებოდა. ყაველაშვილი, ალბათ, მაინც შევა ორბელიანების სასახლეში და მერე რა? რაზე ისაუბრებენ ის და მოროშკინა, რომელიც, როგორც ითქვა, მისი ადმინისტრაციის უფროსი იქნება. მას ქვეყანაში არც ფუნქცია აქვს, არც ურთიერთობები და ვერც იმას ვიტყვით, რომ რამე ისეთი იცის, რითაც საზოგადოებას მოხიბლავს. ამიტომაც მაინტერესებს, რა ფუნქციას მიანიჭებენ. არსებულ მოდელში თუ პრეზიდენტს რაიმე ფუნქცია აქვს, მაინც საგარეო ფუნქციაა, ვიზიტები, შეხვედრები და ა.შ., ქვეყანაში კი თუ პოლიტიკური კონფლიქტი არ არის, პრეზიდენტს ფუნქცია არა აქვს. ვიდრე ქვეყანაში რამე ისეთი არ ხდებოდა, ზურაბიშვილიც პასიური იყო. კიდევ პრეზიდენტს ვეტოს დადების ფუნქცია აქვს და ძალიან მაინტერესებს ყაველაშვილის დადებული ვეტო. ფაქტია, ქვეყანაში ამ მხრივაც ძალიან უცნაური სიტუაცია იქნება.
გამაფრთხილებელი გასროლა? - ტოვებს თუ არა ივანიშვილის დასანქცირება სივრცეს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის
“აშშ-ის მიერ “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისათვის დაწესებული სანქციები არც ისე მძიმეა, როგორიც შეიძლება ყოფილიყო. ეს აჩენს განცდას, რომ დასავლეთს საქართველოს ხელისუფლებისგან კომპრომისზე წასვლის იმედი არ დაუკარგავს და კიდევ ტოვებს სივრცეს შესაძლო მოლაპარაკებისათვის. რა გაგრძელება ექნება ამას და რა საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ “ოცნებისაგან”? აშშ-ის სახელმწიფო ხაზინამ ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის სანქცირებულთა სიაში. სანქციები მხოლოდ ინდივიდუალურია, ანუ დასანქცირდა უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი და არა მისი ოჯახის წევრები. ამასთან, უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა გამოსცა ლიცენზია, რომლის თანახმად სანქციები არ ვრცელდება არც ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაში არსებულ კომპანიებზე. გამონაკლისის სახით სანქციები გაავრცელეს რუსეთთან დაკავშირებულ შესაძლო ტრანზაქციებზე და “კრედიტ სვისთან” დავის ფინანსურ შედეგებზე. ეს ბოლო პუნქტი იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილი, სპეციალური ნებართვის გარეშე, ვერ მიიღებს კრედიტ “სუისთან” სასამართლო დავის შედეგად დაბრუნებულ საკუთარ თანხებს”,- წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით გამაფრთხილებელი გასროლა? - ტოვებს თუ არა ივანიშვილის დასანქცირება სივრცეს მოლაპარაკებისა და კომპრომისებისთვის.
“საინტერესოა ამ გადაწყვეტილების ფორმულირებაც - აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის განცხადების თანახმად, ბიძინა ივანიშვილზე გარკვეული შეზღუდვები დაწესდა, “როგორც რუსეთთან დაკავშირებულ პირზე”. როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, “შეერთებული შტატები ასანქცირებს ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” დამაარსებელსა და საპატიო თავმჯდომარეს რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ საქართველოს დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის. ბიძინა ივანიშვილი სანქცირებულია, ვინაიდან ის არის პასუხისმგებელი ან თანამონაწილე, ან პირდაპირ თუ ირიბად ჩართული, ან მცდელობა გაუწევია ისეთი ქმედებებისა თუ პოლიტიკისთვის, რომელიც ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს ან ინსტიტუტებს როგორც შეერთებულ შტატებში, ისე საზღვარგარეთ, რუსეთის ფედერაციის მთავრობის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლისთვის”, - ნათქვამია განცხადებაში. პრემიერი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის ფორმალური დასანქცირებით არაფერი შეცვლილა, რადგან დე ფაქტოდ ის ისედაც დასანქცირებული იყო. ანალიტიკოსთა მოსაზრებები ამასთან დაკავშირებით არაერთგვაროვანია”, - აღნიშნავს გამოცემა.
“სამიზნე სწორად შეარჩიეს, ვინაიდან ივანიშვილი არის “ოცნების” ერთ-ერთი გამწევი ძალა. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ ოპოზიციას მისცენ კიდევ ერთი მაშველი რგოლი. 20 იანვრამდე ჩვენ დამატებით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ”, - განაცხადა ანალიტიკოსმა ზაალ ანჯაფარიძემ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრის და კონფლიქტოლოგის პაატა ზაქარეიშვილის აზრით კი, ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ხელახალი არჩევნები დაინიშნოს: “რა თქმა უნდა, ამერიკელებმა რაღაც სივრცეები დატოვეს. ერთადერთი გამოსავალი, რაც მას (ივანიშვილს) აქვს, ხელახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნაა. სხვა არაფერზეა ლაპარაკი”. “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, “ბიძინა ივანიშვილს რჩება სივრცე იმისთვის, რომ ის გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ახლა ქართველ ხალხს სჭირდება და ჩანიშნოს ახალი არჩევნები”. “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუჩავას თქმით კი, აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება “ადასტურებს, რომ ის საქართველოში რუსული გავლენის აგენტია”. “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ სანქციები მძიმეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასა და თავად ბიძინა ივანიშვილსაც უტოვებს ერთგვარ “გასასვლელს”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ეს სანქციები, პრინციპში, ნიშნავს იმას, რაც პრემიერმა ირაკლი კობახიძემ თქვა - რომ ეს არის არაფორმალურად დაწესებული სანქციების ფორმალიზება. მე ვფიქრობ, ამ სანქციებით შეერთებული შტატები ცდილობს რაღაცნაირად შეარყიოს არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის, არამედ ზოგადად, “ქართული ოცნების” პოლიტიკური პოზიციები. თავად ამ აქტს აქვს, ვფიქრობ, არანაკლები პოლიტიკური დატვირთვა, ვიდრე ფინანსური, რადგან ეს აქტი “ქართული ოცნების” მხარდაჭემრებში გამოიწვევს გარკვეულ შეშფოთებას, შიშს. როგორც ჩანს, სწორედ ამაზეა გათვლა, რომ მათ გამოაცალონ მხარდამჭერები. ეს მიმართულია იმისკენ, რომ ოპოზიციას მისცენ კიდევ ერთი მაშველი რგოლი, რომ მან, ამ ფაქტის გათვალისწინებით, უკეთ და ეფექტურად შეძლოს თავისი პოლიტიკური კამპანიის წარმოება და ჩვენ ოპოზიციური პარტიების განცხადებები უკვე ვნახეთ. მე ვფიქრობ, ბაიდენის ადმინისტრაციის ეს ნაბიჯი ალბათ არ არის პირველი და უკანასკნელი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ. 20 იანვრამდე ჩვენ დამატებით ნაბიჯებს უნდა ველოდოთ”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“თუ ეს სანქციებით შემოიფარგლება, კიდევ არაფერი. მთავარია სხვა უფრო მნიშვნელოვანი ზიანი არ მოგვაყენოს აშშ-ის ადმინისტრაციამ, რადგან ის ებრძვის საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას, გადაყენება და სხვისით ჩანაცვლება უნდა, თუმცა შესაძლოა ეს სასანქციო და დამსჯელი ღონისძიებები ქვეყანასა და ხალხზეც აისახოს. მე ვშიშობ რამე მსგავსი არ მოხდეს. შესაძლოა ეს ნიშნავდეს იმას, რომ აშშ “ქართულ ოცნებას” უტოვებდეს შანსს მოლაპარაკებისთვის და შეიძლება არა, რადგან თუ ეს ერთგვარი გამაფრთხილებელი გასროლაა, რომ ბიძინა ივანიშვილი და “ოცნება” წავიდნენ იმ დათმობაზე, რასაც მათგან დასავლეთი ითხოვს, ამის გამორიცხვა არ შეიძლება. თუმცა არის მეორე ვარიანტიც - ამ სანქციებმა შეიძლება “ქართული ოცნება” პირიქით, საპირისპირო პოზიციაზე დააყენოს და თქვან - თუკი მაინც გვასანქცირებენ და გვსჯიან, მოვიქცევით ისე, როგორც საჭიროდ ვთვლითო. იმიტომ, რომ „ოცნება" რაკი ერთხელ დათმობს, მაშინ შესაძლოა მისგან კიდევ სხვა დათმობებიც მოითხოვონ. ეს არის საკმაოდ მაცდუნებელი გარემოებები, რომ პოლიტიკურ ძალას გაუჩნდეს დათმობების სურვილი, მაგრამ შეიძლება ამან იქამდე მიიყვანოს, რომ მერე საერთოდ ყველაფერი დაკარგოს. ამიტომაც, “ოცნებაში” ახლა ფიქრობენ რა რეაგირება უნდა ჰქონდეთ ამაზე. მე მაინც მგონია, რომ ის მთავარი დათმობა, რასაც დასავლეთი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლებისგან ითხოვს, ანუ არჩევნების ხელახალ ჩატარებას, ალბათ არ იქნება”, - დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“სანქციების სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ამ საკითხში კომპეტენტურ პირებს ვესაუბრები და ყველა ერთხმად მეუბნება, რომ ეს არის აშშ-ის მხრიდან ყველაზე მძიმე სანქციები, რაც შეიძლებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის დაეწესებინათ. ფაქტობრივად, მთელი ფულის მოძრაობის საშუალება ეყინება. დიდხანს იფიქრეს, კარგად შეამოწმეს, ივანიშვილის საქმიანობა შეისწავლეს, მოძებნეს სად აქვს თანხები, დაელოდნენ ეუთო/ოდირისა და ევროსაბჭოს ანგარიშებს არჩევნებზე და ყაველაშვილის ინაუგურაციის წინ მიზანში მოარტყეს. დროში ძალიან კარგად იყო გათვლილი ეს სანქციები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ამერიკელები ზედმიწევნით კარგად იცნობენ საქართველოში სიტუაციას. ბუნებრივია, რაკი ასეთი დარტყმა მიაყენეს ზუსტ დროს, ესე იგი ისინი კიდევ აპირებენ შემდეგი ნაბიჯების გადადგმას, თუ ივანიშვილი და “ოცნება” ვერ მიხვდებიან რასთან და ვისთან აქვთ საქმე. ასე რომ, ეს სერიოზული გადაწყვეტილებაა”, - ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“მას ფულის მოძრაობის საშუალება არ ექნება და თანხები ვეღარ მოემატება იმდენად, რამდენადაც არ წაერთმევა. თუმცა ეს არაა მთავარი, ამაზე მნიშვნელოვანია მისთვის რეპუტაციული დარტყმა. არსებობს მილიარდერების ოჯახები და გარკვეული მოძრაობა, თუ შეიძლება ასე ითქვას და ამ მილიარდერებში მისი რეპუტაცია ძალიან შეირყევა, რადგან გამოდის, რომ თავისი ხალხის სისხლით აკეთებს ფულს. ამგვარი სანქციები ძირითადად რუსი მილიარდერების წინააღმდეგ გამოიყენეს, როცა უკრაინაში ომი დაიწყო და ამაში ჩაერთო ივანიშვილიც. რა თქმა უნდა, ამერიკელებმა რაღაც სივრცეები დატოვეს, თუმცა ეჭვი მეპარება, რომ ეს ოჯახის წევრებს არ ეხებოდეს, რადგან ფინანსური არხები და მოძრაობები ძალიან კარგად იციან. შეუძლებელია მისი ოჯახის წევრები ამ სანქციებზე დამოკიდებული არ იყვნენ. ივანიშვილს ახლა დასაკარგი დრო არ აქვს. წესით გამოსავალს უნდა ეძებდეს და საერთო ენის გამონახვაზე ფიქრობდეს როგორც ოპოზიციასთან, ასევე წინააღმდეგობის იმ ჯგუფებთან, რომლებიც საქართველოში სიტუაციას ეფექტურად მართავენ. ერთადერთი გამოსავალი მას აქვს ხელახალი სამართლიანი არჩევნების დანიშვნა, სხვა არაფერზეა ლაპარაკი. მის ფულს არავინ ედავება. სხვა გამოსავალი არ აქვთ - ან ამ დათმობაზე უნდა წავიდნენ, ან მათი რეჟიმი უნდა ჩამოიშალოს. მესამე გზა არ არსებობს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
“ახლა ვინც მოერევა, ის დაადგენს წესებს” - კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე
“ეს არ არის ყველაზე მკაცრი სანქცია, რომელიც შეიძლებოდა გამოეყენებინათ. როგორც ჩანს, ამერიკელებმა რაღაც სივრცე დატოვეს, რათა “ქართული ოცნების” რეჟიმმა იქნებ უკან დაიხიოს. თუმცა, მეორე მხრივ, აჩვენეს, რომ აშშ ყველაფრისთვის მზად არის. აშშ-მ მხარი დაუჭირა იმას, რასაც ქართველი ხალხი ითხოვს ამდენი ხანია. ჩვენ ბიძინა ივანიშვილს სანქცია ერთ თვეზე მეტია, რაც დავადეთ, ახლა ეს აშშ-მ გაიმეორა და ველოდებით, რომ დასავლეთის სხვა სახელმწიფოებიც იმავეს მოიმოქმედებენ. ჩვენ ვხედავთ ტრამპთან დაახლოებული პირების, რესპუბლიკელი სენატორების პოზიციებს. ისინი, შეიძლება ითქვას, უფრო მკაცრებიც კი არიან, ვიდრე დემოკრატები. ასე რომ, ამწუთას არ ველი, რომ ტრამპი “ქართულ ოცნებასთან” დამოკიდებულებას შეარბილებს. სანქციების დაწესება იმისთვისაა, იქნებ ხელი შეუწყოს კომპრომისს, ვნახოთ...” - აცხადებს პოლიტიკური სამართლის სპეციალისტი, კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ახლა ვინც მოერევა, ის დაადგენს წესებს”.
“ახლა “ქართულმა ოცნებამ” უნდა გააკეთოს არჩევანი, ერთი მხრივ, სამოქალაქო მშვიდობასა და სამართლიანობას და მეორე მხრივ, საკუთარ ძალაუფლებას შორის. თუ უკან არ დაიხევენ, რეპრესიები იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წინააღმდეგობის მოძრაობა გაიმარჯვებს. ხელისუფლება სამართლებრივი ჩარჩოებიდანაა გასული. ახლა საქმე ეხება ნებას, ნება კი განპირობებული იქნება იმით, თუ ვინ გაიმარჯვებს ამ დაპირისპირებაში. თუ წინააღმდეგობამ გაიმარჯვა, მაშინ “ქართული ოცნება” დანიშნავს ახალ არჩევნებს. თუ “ოცნებამ” მოახერხა და ხალხის წინააღმდეგობა გატეხა, მაშინ ახალი არჩევნები არ იქნება. ცხადია, კრიზისიდან გამოსავალი ახალი არჩევნებია, თუმცა მხოლოდ ეს არ იქნება საკმარისი, თუ “ქართულმა ოცნებამ” ჩაატარა ისევ იმ პროკურატურით, იმავე სუს-ით, იმავე ცენტრალური საარჩევნო კომისიითა და საარჩევნო ადმინისტრაციით. ასეთ შემთხვევაში, მაღალი ალბათობით, “ოცნება” კვლავ შეძლებს მანიპულირებას. ყველაფერი უნდა გადავიდეს მიუკერძოებელი მონაწილეების ხელში”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახუშტი მენაბდე და შეკითხვაზე - “მასობრივი გაფიცვებისა და ბოიკოტის გაძლიერების გარეშე შესაძლებელია აიძულო “ოცნება” არჩევნებზე დათანხმდეს?” - პასუხობს:
“ერთია შიდაპოლიტიკური, მეორე - საგარეო პოლიტიკური საკითხი. “ქართული ოცნების” დარწმუნება დანიშნოს ახალი არჩევნები დამოკიდებული იქნება ამ ორი ინსტრუმენტის სინთეზზე, თუ რამდენად სინქრონიზებული იქნება წნეხი და რამდენად შესწევს “ოცნებას” ძალა, გაუმკლავდეს. თუ გვინდა ახალი არჩევნები პოლიტიკური კრიზისიდან რეალურ გამოსავლად იქცეს, მაშინ ჯერ “ოცნება” უნდა გავტეხოთ, დავამარცხოთ, უზურპაციაზე ხელი ავაღებინოთ, ვაიძულოთ დათანხმდეს ახალ არჩევნებს.
“სალომე ზურაბიშვილის კოორდინაციას საზოგადოებრივ საბჭოსთან, ძნელად წარმომიდგენია, ამ საბჭომ შეძლოს ქვეყნის არჩევნებამდე მიყვანა, უფრო მგონია, ფორმალური ინსტრუმენტი იქნება... ერთი რამ ცხადია, რთულ რეალობაში მოგვიწევს ცხოვრება, რომელიც სახიფათოც კია, ფაქტობრივად, გვყავს ორი პირი, რომლებიც ქვეყნის პრეზიდენტობაზე აცხადებენ პრეტენზიას. ერთი მხრივ, ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გვყავს, ხოლო მეორე მხრივ, “ოცნების” დანიშნული მიხეილ ყაველაშვილი, პირი, რომელიც პრეზიდენტობას იჩემებს და ვის მხარესაც არის ძალა. იქით მხოლოდ ლეგიტიმაციაა და ამ ვითარებაში რა შეიძლება მოხდეს, ძნელი სათქმელია. ჩემი აზრით, მთავარი ის კი არ არის, სად იჯდება ზურაბიშვილი, არამედ რა სტატუსით ზის და რამდენად ეფექტურად გააგრძელებს პოლიტიკური სპექტრის კოორდინაციას, ასევე ხალხის პრეზიდენტად დარჩენას”, - განაგრძობს ვახუშტი მენაბდე.
“ხელახალი არჩევნები ინიშნება მას შემდეგ, რაც სხვადასხვა ფორმით გადადგება მთავრობა - როცა ძველი პარლამენტი ნდობას დაკარგავს, ან პრემიერ-მინისტრი გადადგება. ეს მომენტი ჯერ არ გვიდგას აქტუალურად. მე ვხედავ წინააღმდეგობის მოძრაობის წარმატებას, მაგრამ ეს წინსვლა ჯერ არ არის იმდენად გარდამტეხი, რომ “ოცნების” ძალაუფლების ციტადელი ჩამოიშალოს. მართალია, “ოცნება” ვეღარ არის ისეთი ძლიერი, მაგრამ ის ჯერ კიდევ ინარჩუნებს ციტადელს, როცა ის ჩამოიშლება, მერე ყველაფერზე დათანხმდება. ახლა სისტემა არ მუშაობს, არაფერი მუშაობს, არ არსებობს კანონები, არ არსებობს წესრიგი, არის ორი დაპირისპირებული ძალა და ვინც მოერევა, ის დაადგენს წესებს... ხალხი ქუჩაში რომ აღარ გამოვიდეს და წინააღმდეგობა შეწყდეს, რეჟიმი დაიწყებს ინდივიდუალურ დონეზე წმენდას და მისთვის ყველა არასასურველ პირს სხვადასხვა ფორმით გაანეიტრალებს - იქნება ეს თავისუფლების აღკვეთა, ქვეყნიდან გაქცევა-გადახვეწა თუ სხვა მეთოდები”, - განმარტავს კონსტიტუციონალისტი.
“ორპრეზიდენტიანობა” - რა გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს და როგორი პრეზიდენტი იქნება მიხეილ ყაველაშვილი
“საქართველოს მეექვსე პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი საქმიანობას ორბელიანების სასახლიდან დაიწყებს. მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ხელი შეუწყო იმას, რომ მოსალოდნელზე შედარებით უმტკივნეულოდ წარმართულიყო პროცესი. თუმცაღა 29 დეკემბერს დედაქალაქში ვითარება პერიოდულად მაინც იძაბებოდა. სალომე ზურაბიშვილმა თავის მხარდამჭერებს ორბელიანების სასახლის ეზოდან მიმართა, რის შემდეგაც ხალხთან გამოვიდა. ნიშანდობლივი იყო ის, რომ მას იგივე სამოსი ეცვა, რაც 2018 წელს ინაუგურაციისას. მან საზოგადოებას გეგმებზე ესაუბრა, თუ რას აპირებდა 29 დეკემბრის მერე და, რომ ის პირველ რიგში ორბელიანების სასახლის დატოვებას აპირებდა, თუმცა მიაქვს “ლეგიტიმურობა, დროშა და ნდობა”. ამის შემდეგ ის სვეტიცხოვლისკენ გაემართა, ხალხმა კი პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა. ამის პარალელურად, პარლამენტის შენობაში მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაცია მიმდინარეობდა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით “ორპრეზიდენტიანობა” - დღე პირველი და დღე უკანასკნელი ორბელიანების სასახლეში / რა გეგმა აქვს სალომე ზურაბიშვილს და როგორი პრეზიდენტი იქნება მიხეილ ყაველაშვილი.
“ფიცის დადებას ესწრებოდნენ საარჩევნო კოლეგიის წევრები, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და მთავრობის წევრები; კონსტიტუციური ორგანოების წარმომადგენლები და სასულიერო და სამხედრო პირები. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიძინა ივანიშვილი და ყაველაშვილის ოჯახის წევრები. არ იყვნენ მიწვეული ელჩები და როგორც “ოცნებაში” განაცხადეს, ეს არც იყო გეგმაში. ფიცის დადების შემდეგ, მე-6 პრეზიდენტმა თავის სიტყვაში მშვიდობის შენარჩუნების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც მიმართა. საზოგადოებაში არსებულ უკიდურესად მწვავე პოლარიზაციაზე საუბრისას მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ შეეცდება იყოს გამაერთიანებელი პოლიტიკური ფიგურა და რომ ის იქნება ყველას პრეზიდენტი. ინაუგურაციის დასრულების შემდეგ, რუსთაველის გამზირი კიდევ ერთხელ გადაიკეტა. ათონელის რეზიდენციიდან წამოსული მოქალაქეების ნაწილი ყაველაშვილის ინაუგურაციის გასაპროტესტებლად პარლამენტის წინ მივიდა. მოხდა დაპირისპირება პოლიციასთან, რის შედეგადაც 6 ადამიანი დააკავეს. ანალიტიკოსები ამ ერთგვარი “ორპრეზიდენტიანობის” გაგრძელებისა და დასრულების სავარაუდო სცენარებზე საუბრობენ. მათი შეფასებით, დიდწილად ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ დასავლეთი რა პოლიტიკას გაატარებს საქართველოს მიმართ და ქვეყანაში პროტესტი როგორ და რა ფორმით გაგრძელდება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მის მთავარ გეგმად ახალ არჩევნებამდე ქვეყნის მიყვანაა. ის მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციასაც გამოეხმაურა და ამას “ნამდვილი პაროდია” უწოდა, სადაც იყვნენ “ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები”. “არჩევნები ჩატარდება - სხვა გზა არ არის და ეს არის ყველა შემთხვევაში, ყველა ასეთი კრიზისის დროს ერთადერთი გამოსავალი. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამ არჩევნებისთვის და არა მხოლოდ იმით, რომ დავდოთ ასეთი დეტალური დოკუმენტი - პარტიები უნდა იყვნენ მზად, ახალი ძალები, რომლებიც გამოიკვეთა ამ პროტესტის დროს, ისინიც უნდა იყვნენ მზად, ვინც აპირებს, რომ ხვალინდელი ქვეყნის პოლიტიკაში იყოს - თქვენი ჯერია და მოემზადეთ, ამიტომ, რომ ეს ძალიან მალე მოვა და ამაში მეც დაგეხმარებით. მე დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან - ბიზნესთან, რომელთანაც აუცილებელია, გვქონდეს ურთიერთობა და ერთად გავიგოთ, ამ ქვეყანას როგორ უნდა გადავატანინოთ უმძიმესი ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი, რომელიც შეიქმნა ამ მმართველი გუნდის გამო, მათი დასანქცირების გამო, მათი უგუნური ნაბიჯების გამო”, - განაცხადა ზურაბიშვილმა, რომლის თქმით, “ქვეყანა უნდა გადავარჩინოთ ერთად და უნდა ვიფიქროთ ამ გზებზე”, - განაგრძობს გამოცემა.
“შევხვდები საჯარო მოხელეებს, ისინი იქნებიან ხვალინდელი სახელმწიფოს საყრდენი. ერთად უნდა დავდგეთ და ერთად უნდა მოვიფიქროთ, ეს დრო როგორ გავატარებინოთ მათ ისე, რომ მათი ოჯახებიც იყვნენ დაცულნი. შევხვდები ასევე ახალ პოლიტიკურ ძალებს, ჩვენს ახალგაზრდებს, ვინც არიან ქუჩაში, რომლებიც გვაძლევენ ამ უზარმაზარ იმედს მომავლის და რომლებმაც შექმნეს ეს ახალი, თავისუფალი საზოგადოება. გავალ რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში უნდა შევხვდე ადამიანებს, რომლებიც იქიდან აპროტესტებენ და იქიდან იცავენ ქვეყანას. წავალ უცხოეთში, უკვე მაქვს ოფიციალური ვიზიტების არაერთი შეთავაზება, რომელსაც თქვენი სახელით გავაგრძელებ იმისთვის, რომ გარეთ, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში იყოთ წარმოდგენილი, იცოდნენ რა გიჭირთ დღეს და რა იქნება თქვენი ხვალინდელი გამარჯვება. მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, უნდა გავაგრძელოთ. არ არსებობს აქ არც ახალი წელი, არც ახალი წლის მერე რაღაც დღეები, ენერგია გვაქვს ძალიან დიდი იმიტომ, რომ სიყვარულის, მშვიდობისა და მომავლის ენერგიაა”, - თქვა ზურაბიშვილმა. მისი თქმით “31 დეკემბერს, რუსთაველზე ერთად შევხვდებით ახალ წელს იმიტომ, რომ ეს ახალი წელი იქნება ნამდვილად ახალი, ბედნიერი, მშვიდობიანი და გამარჯვებული”, - დასძენს გამოცემა
“ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე აცხადებს, რომ თუ რა სცენარით წავა სიტუაცია, დიდწილად დამოკიდებულია დასავლეთის პოზიციაზე. “მე უფრო ის მაინტერესებს, რამ იმოქმედა ზურაბიშვილის გადაწყვეტილებაზე, ორბელიანების სასახლიდან რომ გამოვიდა. თუკი გარედან გადაწყდა რომ გამოსულიყო, შეიძლება საქართველოზე ზეწოლა და პოლიტიკური შეტევის ალყა საერთოდ მოიხსნას, რასაც აქამდე ვუყურებდით და ეს სადამდე გაგრძელდება, ამაზეა დამოკიდებული ის, თუ როგორი სცენარებით განვითარდება მოვლენები. თუკი ეს ალყა დიდხანს გაგრძელდა, მათ პრეზიდენტი დასჭირდებათ, როგორც პოლიტიკური ფიგურა, რომელიც საბაბად გამოადგებათ. ასეთი ალყა იყენებს იდეას, რომ არიქა, საქართველო რუსეთისკენ მიდის, ფაქტობრივს კი ვერაფერს ამბობენ, თუ როგორ მიდის რუსეთისკენ. თუ დასავლეთის პოლიტიკოსებმა ალყის მოხსნა გადაწყვიტეს, მაშინ ეს თემაც ჩაქრება და ზურაბიშვილიც შეუერთდება იმ ქვეყნებში მყოფ ქართველებს, სადაც წავა. მეეჭვება, რომ საქართველოში იცხოვროს”, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ, რომლის აზრით, “დასავლეთის პოზიციაზეა დამოკიდებული, როგორ განვითარდება შემდგომი პროცესები”, - წერს სტატიის ავტორი.
“ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ დღეს ქუჩა განსაზღვრავს პოლიტიკურ პროცესებს და მოვლენები იმ სცენარით წავა, როგორსაც პროტესტი მოიტანს. “სიტუაცია იმ სცენარით წავა, რა სცენარითაც დღეს მიდის - ანუ, დღეს ქუჩა განსაზღვრავს ძირითადად საქართველოს პოლიტიკას და ურთიერთობებს ჩვენს პარტნიორებთან. ძირითადი განმსაზღვრელი იქნება ის, თუ პროტესტი რამდენ ხანს და როგორ გაგრძელდება. ამ შემთხვევაში “ორპრეზიდენტიანობა” შეიძლება ქვეყნის შიგნით იყოს, ქვეყნის გარეთ კი ჩვენს მოკავშირეებთან - ვგულისხმობ ცივილურ სამყაროს, ცალსახა დამოკიდებულებაა, რომ პრეზიდენტან მხოლოდ ზურაბიშვილს აღიარებენ. ზურაბიშვილი კი თავის საქმიანობას გააგრძელებს, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რიგგარეშე არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნების” მიერ მიზანმიმართულად ჩატეხილი ხიდები ჩვენს პარტნიორებთან, სასწრაფოდ აღდგეს. ქვეყნის შიგნით იქნება ორი პრეზიდენტი. ერთი კი იქნება ორბელიანების სასახლეში, მაგრამ საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს მას რა ფუნქცია ექნება”, - მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე, რომლის თქმით, “ის უბრალოდ იქნება იმ გადაწყვეტილებების ნოტარიუსი, რომელსაც პარლამენტი მიიღებს”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.
“პროცესები ქუჩაში ისევ ისე განვითარდება და ვნახოთ რა შედეგს მოიტანს. გარდამტეხი მომენტი ალბათ გაზაფხულისკენ უფრო დადგება. მაგრამ სანქციები ალბათ გაგრძელდება, არა მხოლოდ ივანიშვილზე, არამედ მის გარემოცვაზე და ნელ-ნელა უფრო მკაცრი და მკვეთრი გახდება. ახლა ჩვენი პარტნიორები რამდენადაც არ უნდა ეცადონ ამ უარყოფით გავლენის შემსუბუქებას, რაც ამ სანქციებს მოჰყვება, სამწუხაროდ, ამას ალბათ ვერ შეძლებენ, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ეცდებიან. დაახლოებით გაზაფხულისთვის უნდა ველოდოთ კვანძის გახსნას. მანამდე ხელისუფლება ისევ არ იტეხს იხტიბარს - ამბობს, რომ ვარ ხელისუფალიო და ჯერჯერობით ხელისუფლებას ახორციელებს კიდეც, მაგრამ ეროზია დაწყებულია როგორც საჯარო სექტორში, ისე ძალოვან სტრუქტურებში და ძალიან მაშინებს, რომ ეს სისტემა, მათთვისაც და ჩვენთვისაც მოულოდნელად, უცებ არ ჩამოიშალოს და საერთოდ ჰაერში გამოკიდებულები არ დავრჩეთ, რასაც შეიძლება უმართავი პროცესები მოჰყვეს. სხვა დანარჩენს რაც შეეხება, პროტესტი ნორმალურად განვითარდება და მივალთ ლოგიკურ და მშვიდობიან არჩევნებამდე”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.
“ისტორიაში ივანიშვილის ხელისუფლებაა პირველი, რომელმაც გადაწყვიტა დაამყაროს ავტორიტარიზმი რუსეთის მფარველობით” - ისტორიკოსი ბექა კობახიძე
“ბელორუსში ანტირუსული განწყობა არასდროს ყოფილა ძლიერი. საბჭოეთი ისე დაიშალა, მინსკში ერთი ბელორუსულენოვანი სკოლაც არ ყოფილა, იქ რუსიფიკაცია ძალიან შორს იყო წასული. მთავარი, რაც მათგან განგვასხვავებს, ის არის, რომ ჩვენი ეროვნული იდენტობა პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსეთის იმპერიის აღდგენას, ის საბჭოთა პროექტი, რომელსაც ლუკაშენკო სთავაზობს ბელორუსს, ხოლო პუტინი რუსებს, ჩვენი ეროვნული იდენტობისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ ვერ ამბობს “ქართული ოცნება”, რომ რუსეთისკენ მივდივართ, ევროპისკენ მივდივართ, მაგრამ ახლა იმიტომ ვეუბნებით უარს, რომ ის ქართველობას ეწინააღმდეგებაო. მაგრამ ამ ქვეყანაში არის დიდი კრიტიკული მასა, ასიათასობით ჩვენი მოქალაქე, რომლებიც უარს ამბობენ იმპერიაში ხელახალ რეინკორპორაციაზე, ხელახალ დამონებაზე”, - აცხადებს ისტორიის დოქტორი ბექა კობახიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “როცა პროტესტს არა ჰყავს “თავი”, ეს ცუდიცაა და კარგიც”.
“ამიტომაც არ გაჩერდებიან, განსხვავებით რუსეთისა და ბელორუსისგან, სადაც საბჭოეთის დანგრევის შემდეგ დემოკრატია არც ყოფილა. ბოლო 33 წელია ჩვენი ხალხი შეეჩვია სიტყვის თავისუფლებას, მეტ-ნაკლებად - დემოკრატიას და რუსულ სივრცეში დაბრუნება და თავისუფლების წართმევა მისთვის წარმოუდგენელი და მიუღებელია. საქართველოში ეს გამორიცხულია! ხალხი არ აპირებს შეეგუოს ეროვნული თავისუფლების დაკარგვას. რას უზამენ ამ ხალხს? მიმდინარე პროტესტს არც პოლიტიკური პარტია უდგას სათავეში, არც ლიდერი ჰყავს... ისტორიულ ჭრილში თუ შევხედავთ, უკრაინაში უკრაინელები თუ სანგრებში იბრძვიან, ჩვენ რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქის ქუჩებში ვდგავართ. კრემლის პერსპექტივით ეს არის რეკოლონიზაციისთვის ბრძოლა, ჩვენი პერსპექტივით კი დეკოლონიზაციისთვის ბრძოლა, რათა გავთავისუფლდეთ იმ უბედურებისაგან, რასაც ორ საუკუნეზე მეტია რუსეთის კოლონიად ყოფნა ჰქვია, და შევიდეთ იმ ნავსაყუდელში, რასაც ევროკავშირი და ცივილიზებულ ერთა ოჯახი ჰქვია”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ბექა კობახიძე.
“ბელორუსში, მიუხედავად იმისა, რომ იქ გამოკვეთილი იდენტობა და ნაციონალიზმი არ არსებობს, რევოლუციამ მაინც გაიმარჯვა, მაგრამ რევოლუცია დამარცხდა რუსულ სპეცრაზმთან, რომელიც რუსეთიდან გაგზავნეს. საქართველოში ეს არ გამოვა. ქართული ჯარი არასდროს მიიღებს, რომ აქ რუსი ჩამოვიდეს და ქართველ ადამიანს რამე დაუშავოს. გარდა ამისა, საქართველოს დემოკრატიისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო შემდეგი: გლობალურ ჭრილში რომ შევხედოთ, საქართველო სუსტი, ღარიბი ქვეყანაა, დემოგრაფიულად, ბუნებრივი რესურსებით, ეკონომიკურად არ არის ისეთი მდიდარი, რათა ამ თვალსაზრისით თვითმყოფადი იყოს. მთელი XIX-XX საუკუნეების განმავლობაში როგორც რუსეთის იმპერიაში, ასევე საბჭოეთში, საქართველო დოტაციაზე მყოფი ქვეყანა იყო. სხვათა შორის, ჩვენი დემოკრატიის ძლიერება ჩვენს სისუსტეში იყო”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“პატარა ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი რომ დაამყარო, აუცილებლად გჭირდება ორიდან ერთი პირობა. 1. გქონდეს ძლიერი შინაგანი რესურსი, როგორც, მაგალითად, სპარსეთის ყურის ნავთობითა და გაზით მდიდარ პატარა ქვეყნებს (თუნდაც აზერბაიჯანს) ან 2. პატარა სახელმწიფოში ავტორიტარული რეჟიმის გამყარებას დიდი ავტორიტარული სახელმწიფო მფარველობდეს (როგორიც, მაგალითად, ბელორუსია რუსეთის პატრონაჟით, ჩრდილოეთი კორეა კი ჩინეთის). საქართველო არც ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანაა, რომ აქ თვითმყოფადი ავტოკრატია ყოფილიყო, მეორე მხრივ, რუსეთის ეროვნული ინტერესები ყოველთვის კარდინალურად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. გასული საუკუნის 90-იანების დამდეგიდან რუსეთი არის ოკუპანტი, საქართველოს ვერც ერთი ხელისუფლება ვერ ბედავდა, რომ ავტორიტარიზმის დამყარების სანაცვლოდ რუსეთს მიჰკედლებოდა, ვინაიდან რუსეთი მას მთლიანად შეჭამდა”, - განმარტავს ისტორიის დოქტორი.
“ამიტომ ყველა ხელისუფლებას, როგორც შევარდნაძის, მერე სააკაშვილის და პირველ ეტაპზე ივანიშვილისას, სჭირდებოდა დასავლეთთან მიკედლება. დასავლეთი სანაცვლოდ გვთხოვდა დემოკრატიის საბაზისო პრინციპების დაცვას. 1991 წლის შემდგომ საქართველოს ისტორიაში ივანიშვილის ხელისუფლებაა პირველი, რომელმაც გადაწყვიტა დაამყაროს ავტორიტარიზმი რუსეთის მფარველობით, რაც ძალიან სახიფათოა საქართველოსთვის. თუმცა ერთი კარგი ამბავი ის არის, რომ საქართველო 33 წელია დამოუკიდებელია, მასში მინიმუმ ორი თაობა ან მეტი გაიზარდა, რომელმაც შეიგრძნო, რა არის თავისუფლება, ეროვნული სახელმწიფო და ეს ხალხი არ გაატანს თავის ქვეყანას რუსეთს”, - დაასკვნის ბექა კობახიძე და შეკითხვაზე - “ამ საპროტესტო მოძრაობაში არ ჩანს გამოკვეთილი ლიდერი. ეს კარგია თუ ცუდი?” - პასუხობს:
“როცა პროტესტს არა ჰყავს “თავი”, ეს ცუდიცაა და კარგიც. ცუდია იმიტომ, რომ პროტესტის ორგანიზება, გაშლა ჭირს, მეორე მხრივ, როგორც კი გამოჩნდება თავი, ხელისუფლებისთვის ის იოლი სამიზნე ხდება და იწყება მისი მოჭრა. როცა ამ პროტესტის ჩახშობა ძალადობრივ ფაზაში იყო, ოპოზიციური პარტიის წევრები ინდივიდუალურად დაარბიეს, სცემეს, დააპატიმრეს. ახლა ოპოზიციური პარტიების ლიდერები და წევრები რიგით დემონსტრანტებად დგანან ქუჩაში, რაც, ვფიქრობ, უმჯობესიცაა. ამ პროცესებს საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით ლიდერობს საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომლის გამოსვლაც ევროპარლამენტში ფეხზე ამდგარი ემოციების ფონზე ვიხილეთ. დასავლეთმა იცის, საქართველოში ვის ელაპარაკოს. პროტესტი აქ დასავლეთს უბიძგებს ქმედებისკენ, ხოლო დასავლეთის ქმედება პროტესტს აძლიერებს. ამასთან, ორბანის რეიტინგი, პირველად ისტორიაში, მისი ოპოზიციისას 10%-ით ჩამორჩება და არის მაღალი ალბათობა, რომ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდეს... ჩვენ თუ გავჩერდით, ყველას სათითაოდ მოგვადგებიან კარზე და ისეთ პირობებს შეგვიქმნიან, ქვეყანაში აღარ დაგვედგომება”