ქართული პრესის მიმოხილვა 31.03.2025

მირიან მირიანაშვილი - “მეგობარი აქტით” ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ”

ბოლო ტესტი ზურაბიშვილისა და ოპოზიციისათვის - ჩაშლილი ერთობა და არანაირი გეგმა

ვახტანგ ძაბირაძე - “წულუკიანის კომისიის მუშაობის მიზნებია - ყურადღების გადატანა “მეგობარი აქტიდან” და რუსეთისთვის კოჭის გაგორება”

სისხლისმღვრელი ბრძოლები რუსეთის კიდევ ერთ ოლქში - გახდება თუ არა ბელგოროდი “მეორე კურსკი”

მამუკა არეშიძე - “მრჩება შთაბეჭდილება, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ხაფანგში შეგნებულად გაყო თავი”

* * *

მირიან მირიანაშვილი - “მეგობარი აქტით” ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ”

“ვისთვის არის ეს მეგობარი აქტი ამ ეტაპის მოცემულობით განკუთვნილი, ვინ არის მისი ადრესატი? ამერიკის ის გავლენიანი წრეები, რომლებიც დღეს ამ თემას ქოქავენ, როგორც ჩემი წყაროებიდან დავადგინე, ამ აქტის ადრესატად უპირველესად რუსეთს მიიჩნევენ. ამ წრეებს მიაჩნიათ, რომ რამე სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის უაზროა, რადგან ის რუსეთის ხელისუფლების გარეშე ნაბიჯებს ვერ გადადგამს, შესაბამისად, ეს გზავნილი პირდაპირ რუსეთისთვის არის განკუთვნილი. მესმის, ეს მძიმე შეფასებაა, მაგრამ ამერიკელები ამ პრინციპით მოქმედებენ. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი საკითხი, რაც ქართველებს ყურადღების მიღმა დაგვრჩა - საზოგადოებასაც, ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც - “მეგობარი აქტის” სტატუსის გამოცვლა. ის თავდაპირველად მზადდებოდა როგორც რეზოლუცია, თუმცა იქცა კანონპროექტად”, - აცხადებს ექსპერტი მირიან მირიანაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით „ტრამპის ადმინისტრაციაში კავკასიას მარკო რუბიო კურირებს და ...“

“როგორც ამბობენ, დაახლოებით ერთი თვის წინ, სადღაც თებერვლის მიწურულს, მარკო რუბიოს ტრამპთან მორიგი შეხვედრისას, რომელსაც ესწრებოდა საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე, სენატორი ჯინ რიში და როგორც ამბობენ, იყო ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსიც. ტრამპს აცნობდნენ სენატის მომავალ დღის წესრიგსა და კანონპროექტებს, რომლებიც უნდა იყოს უახლოეს მომავალში გატანილი, რუბიომ და რიშმა მიაღწიეს იმას, რომ ამ აქტის, როგორც კანონპროექტის განხილვა, გაგრძელებულიყო და ქცეულიყო კანონად, რომლის ხელმოწერაც, ორივე პალატის მიერ მიღების შემთხვევაში, სწორედ ტრამპს მოუწევს. 5 მარტს კი განახლებული “მეგობარი აქტი”, რომელსაც ორპარტიული მხარდაჭერა აქვს, სენატში მაღალი რანგის დემოკრატმა და რესპუბლიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა წარადგინეს. ეს ნიშნავს იმასაც, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მისი რეალიზებისთვის უნდა ჩამოყალიბდეს ნორმატიული ბაზა - ანუ მასში ჩაიდება მთელი ის ღონისძიებები, რაც ტრამპის ადმინისტრაციისთვის იქნება სავალდებულოდ გასატარებელი. ეს ნიშნავს საკმაოდ მძიმე პერსპექტივას ჩვენი ქვეყნისთვის. “ოცნებამ” შეიძლება ილაპარაკოს, რომ “დიფ სთეითმა” დაამარცხა ტრამპი, რომ “გლობალური ომის” პარტია დგას ამის უკან, რომ ტრამპი არაფერ შუაშია, მაგრამ ეს ვითარებას არ ცვლის...”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მირიან მირიანაშვილი.

“ისეთი აბსურდული რაღაცები მესმის, მაგალითად, ის, რომ ტრამპი არ მოაწერს თურმე ხელს. როგორ არ მოაწერს ხელს იმას, რაც მასთან შეთანხმებით გაკეთდა?! თუ ვინმეს მართლა ჰგონია, რომ რესპუბლიკელები, რომლებსაც სენატში უმრავლესობა აქვთ, კანონპროექტებს განიხილავენ და იღებენ ტრამპთან შეუთანხმებლად, მეტიც, მისგან მალულად, ეს მიამიტობაც აღარ არის უკვე, ანეკდოტს ჰგავს. კონგრესის ორივე პალატაზე მეთვალყურეობა და მიმდინარე პროცესების ზედმიწევნით კარგად ცოდნა არის დღევანდელი და ყველა სხვა ადმინისტრაციის უპირველესი ფუნქცია. ჯერ კიდევ გასულ წელს, როდესაც პოლიტიკური გარიგებები მიდიოდა სენატში ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტების შესახებ, რესპუბლიკელთა ელიტასა და სენატორების იმ ჯგუფთან, რომელიც ყველაზე დიდ რუსოფობად მიიჩნევა, გარიგებების შედეგად ტრამპმა გადასცა როგორც სახელმწიფო მდივნის თანამდებობა, ასევე მთელი რიგი პოლიტიკური ბენეფიტები, მათ შორის კავკასიაზე პოლიტიკის ჩამოყალიბების უფლება სწორედ ამ ჯგუფს - ანუ აშშ-ის კავკასიურ პოლიტიკას ტრამპის ადმინისტრაციაში აყალიბებს სახელმწიფო მდივანი რუბიო და სენატორთა ის ჯგუფი, რომელიც ყველაზე მეტად რუსოფობია”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“იმის გათვალისწინებით, რომ ეს აქტი სიგნალია უპირველესად რუსეთისთვის, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ამით ამერიკელები პირდაპირ ამბობენ, რომ საქართველოსა და კავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს რუსებს არ გადააბარებენ. პარალელურად, ერთ სერიოზულ უცნაურობას შეგვიძლია გავუსვათ ხაზი - წინა წლებისგან განსხვავებით დღეს ამერიკის საგარეო პოლიტიკა და ევროპის საგარეო პოლიტიკა აღარ არის იდენტური. ძნელად ჩამოსათვლელია ის თემები, როდესაც ისინი ერთმანეთთან სოლიდარული არიან, მაგრამ მაინცდამაინც საქართველოს საკითხზე აშშ-ისა და ევროპის საგარეო პოლიტიკა იდენტურია. შესაბამისად, ეს აქტი არის იმის დასტურიც, რომ ამერიკელები უერთდებიან ევროპის სურვილს, რუსეთმა ამოიძირკვოს ფეხი საქართველოდან და საერთოდ, კავკასიიდან. საქართველოდან წასვლა, ფაქტობრივად, მთელი კავკასიის დათმობას ნიშნავს, ამიტომაც რუსეთი საქართველოში ყოფნას მაქსიმალურად მოეჭიდება, მაგრამ ამერიკელების გზავნილი გულისხმობს, რომ აშშ არ აპირებს ამ ტერიტორიებზე საკუთარი გავლენის დათმობას”, - განმარტავს ექსპერტი.

“ასეთ ვითარებაში უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ აქტის კანონად ქცევას, მოჰყვება მთელი რიგი კანონქვემდებარე დოკუმენტები, რომელთა თანახმადაც, არა მხოლოდ სანქციები დაწესდება... როგორც მე გავიგე უკრაინელი ტრამპისტებისგან, უკვე მიმდინარეობს საქართველოში რუსული ეკონომიკური გავლენების შესწავლა. გარდა ამისა, რუსული გავლენით საქართველოში შემოვიდა ჩინეთის ინტერესებიც... მეტიც, ჩინეთი ცდილობს ეკონომიკურად საქართველოშიც იგივე გააკეთოს, რაც გააკეთა, მაგალითად, შუა აზიაში - ჯერ რუსეთის გავლენის ქვეშ შევიდა და მერე იქიდან რუსეთის გაძევება დაიწყო. როდესაც აშშ რუსულ ინტერესებს უპირისპირდება, ამის პარალელურად უპირისპირდება ჩინეთის გავლენებსაც. რომ გადახედოთ სენატში კანონპროექტების ნუსხის დღის წესრიგს, აღმოაჩენთ, რომ “მეგობარი აქტი” განიხილება ისეთ საკანონმდებლო ინიციატივებთან ერთად, რომლის მატერიალური ღირებულებაც ასობით მილიარდი დოლარია. არ ვიცი, რატომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა, რომ აშშ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში საქართველოში, კავკასიასა და შავ ზღვაზე საკუთარ ინტერესებზე უარს იტყოდა და ამ სივრცეს რუსეთს გადააბარებდა. არსებობს არაერთი დოკუმენტი როგორც პენტაგონის, ისე სახელმწიფო დეპარტამენტის, რომლებშიც შავით თეთრზე წერია, რომ ამერიკა ვერ შეეგუება შავ ზღვაში ჩინეთის გამოჩენას. რატომ ეგონათ "ქართულ ოცნებაში", რომ ეს ყველაფერი ფარატინა ქაღალდებია, არ მესმის...” - დაასკვნის მირიან მირიანაშვილი.

“ნაციონალური მოძრაობა” და ის პარტიები, რომლებსაც ხელისუფლებაში მის სატელიტებს უწოდებენ, ფაქტობრივად, ჩამოყალიბდნენ იმ მაამებლურ გარემოში, რასაც კოაბიტაცია ერქვა. ბევრი ვეცადე, გამერკვია სხვადასხვა წყაროდან, იყო თუ არა დასავლეთისგან რაიმე მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” შეენარჩუნებინა ხელისუფლებას, მაგრამ მსგავსი ვერაფერი აღმოვაჩინე - ანუ “ნაცმოძრაობასა” და მის სატელიტ პარტიებს ხელისუფლება წლების განმავლობაში მშვენივრად იყენებდა პოლიტიკური ბუის როლში და ისინი “ქართულ ოცნებას” ძალაუფლების შენარჩუნებაში ძალიან გამოადგნენ. ისევ რომ არ მოსულიყო ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი, ელექტორატის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის ძალიან პრინციპული საკითხი იყო. შესაბამისად, უნდოდათ თუ არა, ეს ხალხი ხმას აძლევდა “ოცნებას”. რას მისცემს “ქართულ ოცნებას” ამ ოთხი პარტიის გაუქმება? ხელისუფლებისთვის ცენტრალური თემა ხომ ამერიკელებსა და საზოგადოდ დასავლეთთან ურთიერთობის დალაგებაა, რომლის გარეშეც შიდაპოლიტიკური სტაბილურობა თუ, ფაქტობრივად, გაყინული საგარეო ურთიერთობების განვითარება ვერ მიიღწევა. ამ ოთხი პარტიის გაუქმებით ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობა დალაგდება?” - ამბობს რესპონდენტი.

“როგორც წესი, დემოკრატებისგან განსხვავებით, რესპუბლიკელები სხვა ქვეყნების შიდა პოლიტიკაში ნაკლებად ერევიან ხოლმე. შესაბამისად, ნახევრად ავტორიტარულ თუ ავტორიტარულ ქვეყნებში შიდა ვითარების გამო გადაწყვეტილებებს იშვიათად იღებენ. დავუშვათ, ახლაც დახუჭეს თვალი პარტიების აკრძალვაზე, მაგრამ მერე რა? ვინმე ფიქრობს, რომ ამ ფაქტიდან გამომდინარე, ამერიკელები შეურიგდებიან რუსებისა და ჩინელების საქართველოში პარპაშს? ეს ხომ ბლეფია! ამერიკასთან ურთიერთობის დალაგებისთვის ეს აბსოლუტურად უსარგებლო ქეისია. იმის მაგივრად, ხელისუფლება ახლა ზრუნავდეს იმ პოლიტიკური კურსის ჩამოყალიბებაზე, რითაც პირველ რიგში რუბიოს გარშემო არსებულ ჯგუფთან ურთიერთობის დალაგებას შეეცდებიან, გართულია რაღაც გაუგებარი აქციებით, მათ შორის ამ წარსულის გამოკვლევით, რაც მის მძიმე პოლიტიკურ მდგომარეობას არაფრით არ გააუმჯობესებს. რა ვიცი, ალბათ, ბიძინა ივანიშვილი ფიქრობს, რომ რესპუბლიკელთა ამ დაჯგუფებამ მის საწინააღმდეგოდ არ მოძებნოს ამ ოთხ პარტიაში დასაყრდენი, ამიტომ გადაწყვიტა მათი აკრძალვა, მაგრამ ამით მხოლოდ ძალიან ძვირფას დროს დაკარგავს...”, - დასძენს ექსპერტი და შეკითხვაზე - “რომც დავუშვათ, რომ საგამოძიებო კომისიის მუშაობა რელევანტურია, რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მაინცდამაინც 2008 წლის ომის თემის წამოწევა?..” - პასუხობს:

“მართალი გითხრათ, ბოლომდე ვერ ჩამოვყალიბდი, რის გარკვევას ცდილობენ, ძალიან ზიგზაგურად მიდის კომისიის მუშაობა. ვერ გაიგებ, რას იკვლევენ. დაიწყეს სხვა თემებით და უცებ ომის საკითხი გახდა მათთვის პრიორიტეტული. არ გამოვრიცხავ, ცოტა ხანში კიდევ სხვაგან გადაუხვიონ. ერთ რამეზე მინდა ხელისუფლება გავაფრთხილო - თუ ამ გამოძიებისა და კომისიის ფუნქცია ის არის, რომ დადონ დასკვნა, თითქოს ომი საქართველომ დაიწყო დასავლეთის, კონკრეტულად კი აშშ-ის მითითებით, თუ ამისთვის იურიდიული სახის მიცემას აპირებენ და აპირებენ ამერიკის ელიტის დადანაშაულებას, ეს არის ძალიან დიდი ხიფათის მატარებელი მათთვის! პირდაპირ ვამბობ, ცეცხლს ეთამაშებიან... ჯერ ერთი, ეს არის აბსურდი, მეორეც, ამერიკული ელიტა ამას მარტივად არ გადაყლაპავს, ამაზე რეაქცია ექნებათ და არ გამოვრიცხავ, “მეგობარ აქტს” ამ რეაქციამ გადაასწროს კიდეც თავისი სიმწვავით”.

ბოლო ტესტი ზურაბიშვილისა და ოპოზიციისათვის - ჩაშლილი ერთობა და არანაირი გეგმა

“ოპოზიცია 31 მარტის აქციისთვის ემზადება. მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციის ლიდერთა ბოლო შეხვედრა კვირას გაიმართა, რის შედეგადაც გაირკვა, რომ ოპოზიციის ერთობა საბოლოოდ დარღვეულია და ორშაბათს ზურაბიშვილი არ წარმოადგენს ერთობლივი მოქმედების რაიმე გეგმას, რაც ადრე იყო დაანონსებული. ცალკეული ოპოზიციონერები კი უკვე ღიად საუბრობენ, რომ ყველამ თავისი პარტიული პლატფორმით უნდა დაიწყოს მოქმედება. თავად ოპოზიციაში ზურაბიშვილის მიერ ინიცირებულ ახალ ერთობასთან დაკავშირებით შიდა წინააღმდეგობებისა და დაპირისპირების ფონზე, ამგვარი რამ მოსალოდნელიც იყო. როგორ აისახება ეს საპროტესტო მუხტსა და ხელისუფლების ოპონენტთა განწყობებზე, ჯერჯერობით ძნელი სათქმელია. თუმცა, ანალიტიკოსთა შეფასებით, 31 მარტის აქცია იქნება ერთგვარი ბოლო ტესტი როგორც ზურაბიშვილისთვის, ისე ოპოზიციისთვის და ამას მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ოპოზიციის შემდგომ აქტივობებსა და ქუჩაში მიმდინარე პროტესტზე”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ბოლო ტესტი ზურაბიშვილისა და ოპოზიციისათვის - ჩაშლილი ერთობა და არანაირი გეგმა / 31 მარტის აქციის შემდეგ ცალკეული პარტიები, სავარაუდოდ, დამოუკიდებლად მოქმედებაზე გადავლენ.

“უნდა აღინიშნოს, რომ ზურაბიშვილი უშუალოდ ამ აქციის წინ ბალტიის ქვეყნებში იმყოფებოდა. ამ აქციისა და ოპოზიციის ერთობის ინიციატივაც მას ეკუთვნის, თუმცა დიდ ფსონებს ამაზე თავად ოპოზიციაც დებს. ენმ-ის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა იმასაც კი აცხადებდა, რომ 31 მარტი ერთგვარ ბოლო ვადად უნდა განისაზღვროს, რადგან თუ ერთობა მართლაც ეფემერული და უტოპიურია, მაშინ უნდა დასრულდეს ამაზე “ყალბი საუბარი” და ყველა პარტიამ საკუთარი შესაძლებლობის ფარგლებში იმოქმედოს. აქციისთვის მზადებას და ზურაბიშვილთან კონსულტაციებს მშვიდად არ ჩაუვლია. ჯერ ენმ-ის წევრები სალომე ზურაბიშვილის მისამართით აკეთებდნენ მწვავედ კრიტიკულ განცხადებას, ძირითადი თემა კი თავის დროზე მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არშეწყალება იყო. მეორეს მხრივ კი პარტიის “გახარია საქართველოსთვის” წევრები განსაკუთრებით მიუღებლად მიიჩნევდნენ “ნაცმოძრაობასთან” რაიმე ტიპის ერთობას. ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა კი “ტვ პირველთან” განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გახარიას პარტიას სხვადასხვა ეთერში ოპოზიციისა და “ნაციონალური მოძრაობის” სალანძღავად ფული და სხვა პრივილეგიები შესთავაზა, რის საპასუხოდაც გახარიას პარტიამ ენმ-ს განცხადებას სისულელე უწოდა და მოუწოდა, მათ და “ახალს” თავად გაესაჯაროვებინათ დაფინანსების წყაროები”, - აღნიშნავს გამოცემა.

“რაც შეეხება უშუალოდ აქციიის დეტალებს, პარლამენტის წინ შეკრება ორშაბათს საღამოს 8 საათზეა ანიშნული. გარკვეული ჯგუფები კი რეგიონებიდან დედაქალაქისკენ მსვლელობით უკვე 29 მარტს დაიძრნენ. 30 მარტს სალომე ზურაბიშვილის ოფისში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ “კოალიცია ცვლილებისთვის”, “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის”, “ძლიერი საქართველოს” და პარტია “ფედერალისტების” წარმომადგენლები. “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა მაია კოპალეიშვილმა 29 მარტს განაცხადა, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციასთან კონსულტაციების შედეგად სამოქმედო გეგმის შეთანხმებულ ვარიანტს გააჟღერებდა. “31 მარტს პრეზიდენტი ზუსტად განაცხადებს შედეგებს. ვფიქრობ, ის იტყვის რაღაც შეთანხმებულ ვარიანტს, მათ შორის, ისიც გაირკვევა, სად თანხმდებიან და სად - ვერა”, - განაცხადა კოპალეიშვილმა. თუმცა, 30 მარტის შეხვედრის შემდეგ ოპოზიციონერი ლიდერები პირდაპირ აცხადებდნენ, რომ არანაირი ერთიანი გეგმა არ არსებობს და ოპოზიციური ერთობაც ჩაშლილია”, - განაგრძობს გამოცემა.

“ასეთ მოლოდინს მგონი არავინ უნდა ქმნიდეს, რომ ხვალ რაღაც გეგმა უნდა გახმოვანდეს - ასეთი რამ მე არ მომისმენია. გეგმა არსებობს სტრუქტურულად შემდეგი - არის პროტესტი, არის ჩვენი პარტნიორების მობილიზება იმ ხალხის მხარდაჭერისთვის, რომელიც იბრძვის, რომ იყოს ახალი დემოკრატიული პროცესი და არჩევნები, არ იყოს პოლიტპატიმრები, შეწყდეს რეპრესიები და ამ მიმართულებით რა უნდა გააკეთოს პოლიტიკურმა სპექტრმა საზოგადოებასთან ერთად”, - განაცხადა “ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გიგი წერეთელმა. კიდევ უფრო კრიტიკული და პესიმისტური იყო ენმ-ის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავას განცხადება: “სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ რეალურად, ერთიანი პოზიციები არ არსებობს. ამიტომ, დღეს როდესაც რეჟიმი რეპრესიების ახალ ტალღას იწყებს და პირდაპირ აანონსებს პოლიტიკური პარტიების აკრძალვას, ჩემი აზრით, ყველაზე ძვირფასია დრო. ნამდვილად არ არის დასაკარგი დრო უტოპიურ და არარეალისტურ საკითხებზე. ამიტომ, ჩვენ ჩვენი ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ არა ყალბი მოლოდინებით, არამედ პოლიტიკური და პარტიული პლატფორმით”. “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ კი განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილი ორშაბათის აქციაზე შეკრებილებს გააცნობს “თავის შეფასებებს” და არა რაიმე გეგმას. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე აცხადებს, რომ გარკვეულწილად ეს აქცია მართლაც ტესტია და ხელისუფლების ოპონენტთა შემდგომი ნაბიჯებიც ამ აქციაზეა დამოკიდებული”, - დასძენს გამოცემა.

“რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ასეც იქნება. მინდა შეგახსენოთ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის თინა ბოკუაჩავას განცხადება. მან თქვა, რომ ეს აქცია იქნება ერთგვარი ტესტი, თუ წითელი ხაზი, რომ თუ ეს აქცია ვერ შედგა და ვერ გამოცხადდა ერთიანი გეგმა, ან რაღაც პროდუქტი არ დაიდო, ამის შემდეგ უკვე ყველა პარტია თავად გადაწყვეტს როგორ იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი დღის წესრიგით. ვფიქრობ, ეს გარკვეულწილად მართლაც არის ერთგვარი ბოლო ტესტი ამ აქციის ორგანიზატორისთვის და ორგანიზატორი, როგორც ვიცით, არის სალომე ზურაბიშვილი. ამ აქციაზე თუ არ გამოცხადდა ერთობის ან კოორდინაციის რაღაც მკაფიო, საზოგადოებისთვის გასაგები და მისაღები მონახაზი, ან გეგმა, მაშინ ეს აქცია ჩვეულებრივად ისე ჩაივლის, როგორც ადრე ჩატარებული აქციები და სავარაუდოდ, პარტიები მოიქცევიან ისე, როგორც თინა ბოკუჩავამ თქვა - ყველა საკუთარ თავს მიხედავს. თუ ამ აქციაზე რაღაც კონკრეტული ერთიანობის მონახაზი გამოცხადდა - ოპოზიციური ძალების, მათთან აფილირებული არასამთავრობო სექტორის და სხვადასხვა ახალგაზრდული დაჯგუფებების - შესაბამისად, ამის შემდეგ დაიწყება რაღაც კოორდინირებული მოქმედებები”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.

“მაგრამ, თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ჩათვალეს, რომ ეს ერთიანობის შემოთავაზებული გეგმა არასრულყოფილია, ან რაღაც მიზეზების გამო მათთვის ბოლომდე მიუღებელი, მაშინ ისინი ყველანაირად შეეცდებიან სიტუაციიდან რაღაცნაირად ლამაზად გამოძვრნენ, როგორც ადრე გაუკეთებიათ. თქვან, რომ - კი, ბატონო, ჩვენ ერთობის მომხრეები ვართ, მაგრამ არის ნიუანსები და პარტიის საკუთარი დღის წესრიგი და ა.შ., რის გამოც უარს ვამბობთ. ყველაფერი ეს წავა იმისკენ, რომ არაფერიც არ მოხდება”, - თვლის ანჯაფარიძე. კონფლიქტოლოგი და ყოფილი სახელწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ასევე აცხადებს, რომ 31 მარტი იქნება ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტი. “მარტის აქციაზე ბევრი ხალხი იქნება, თითქმის ყველა აპირებს მისვლას და თუ ხალხი ბევრი მივიდა, ესე იგი ხალხი არ კარგავს ნდობას პოლიტიკოსების მიმართ და ეს მომენტი პოლიტიკოსებმა გონივრულად უნდა გამოიყენონ და ამ ხალხს დაელაპარაკონ. კარგი იქნება, თუ ამ სერიოზული გამოსვლის შემდეგ დაიწყება დიალოგი ოპოზიციასა და ამ აქციის ლიდერებს შორის - რას აკეთებენ, როგორ მოქმედებენ და რა გეგმები აქვთ”, - ამბობს ზაქარეიშვილი, რომლის თქმით “ეს აქცია იქნება ერთგვარი ტესტი - ხალხთან ლაპარაკი თუ შეიძლება და თავად ამ ხალხის ხედვა როგორია”, - წერს სტატიის ავტორი.

ზაალ ანჯაფარიძის აზრით, თუ რა გავლენა ექნება ამ კონკრეტულ აქციას მიმდინარე პროტესტზე, ეს დამოკიდებული იქნება, თუ რა გაჟღერდება აქციაზე. მისივე ვარაუდით, აქცია მშვიდობიანად ჩაივლის, თუმცა ბოლომდე გამორიცხული არაფერია. “ყველა ელოდება, რომ ამ აქციაზე რაღაც კონკრეტული გეგმა გამოცხადდება. თუმცაღა, თუ ეს აქცია არაფრით არ დამთავრდა საპროტესტო აქციები თავისთავად გაგრძელდება, რადგან ეს არის ის ერთადერთი ინსტრუმენტი, რითაც აქციის მონაწილეებიც და ორგანიზატორებიც ინარჩუნებენ დასავლეთის ყურადღებას და მხარდაჭერას. ამიტომაცაა, რომ ამ აქციებში საკმაოდ სერიოზული თანხები იდება. პროკურატურამ ამიტომაც დააყადაღა ის 4 ფონდი. ეს აქციები გაგრძელდება მიუხედავად იმისა, რა შედეგით დამთავრდება 31 მარტის მიტინგი. არ ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილმა აქციის მონაწილეებს რადიკალური ქმედებებისკენ მოუწოდოს, დანარჩენი საზოგადოების თვალში აქცია მიიღებს არაცივილიზებული რადიკალური მოქმედების სახეს, რაც საზოგადოების უმრავლესობისღვის მიუღებელია. თუმცა ბოლომდე არაფერია გამორიცხული. აქცია ჩვეულებრივ რეჟიმში ჩატარდება, თუ, რა თქმა უნდა, აქციის მონაწილეებმა არ გამოიჩინეს რაღაც ინიციატივა, მაგრამ ამას ნაკლებად ველოდები”, - ამბობს ანჯაფარიძე. ზაქარეიშვილი კი ფიქრობს, რომ აქცია მშვიდობიანად დასრულდება”, - განაგრძობს სტატიის ავტორი.

“აქცია ალბათ მშვიდობიანად დასრულდება, რადგან საზოგადოებაში განცდაა, რომ მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა. მე არსაიდან არ გამიგია სხვა რამ მოსაზრება, გარდა მშვდობიანი ფორმით რეჟიმის შეცვლისა... თუკი ოპოზიციის ერთობა ვერ შედგა, ეს ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ტრაგედიად არ უნდა იყოს აღქმული. საერთოდ, ნურავის ნუ ეშინია, თუ ვიღაც ერთადაა და ვიღაც ერთად არაა. ვინც ერთადაა იყოს და მას ის ხალხი ენდობა, ვისაც ერთობა მოსწონს. ვინც ცალკეა, ამას თავის ხალხიც ეყოლება. ანუ საჭირო არაა მუდმივად ერთობა-არაერთობაზე საუბარი, ვინ ვისთანაა და როგორ”, - მიიჩნევს ზაქარეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - “წულუკიანის კომისიის მუშაობის მიზნებია - ყურადღების გადატანა “მეგობარი აქტიდან” და რუსეთისთვის კოჭის გაგორება”

“ყოველთვის ვამბობდი, რომ “ქართულმა ოცნებამ” თავის დროზე შუა იმიტომ გაკრიფა და ოპოზიციაში “ნაციონალური მოძრაობა” უკონკურენტო ძალად დატოვა, რომ საჭიროების შემთხვევაში საპირწონედ გამოეყენებინა. ბიძინა ივანიშვილი მთელი 12 წლის განმავლობაში რომ საფრთხობელად იყენებდა ამ პოლიტიკურ ძალას, ეს უკვე ყველამ იცის. ამჯერად ისევ “ნაციონალების” წყალობით ცდილობს გადაფაროს “მეგობარი აქტის” ძალიან მნიშვნელოვანი თემა. სრულიად ლოგიკური და წინასწარ გათვლილია “ქართული ოცნების” ლიდერებისა და ამ პარტიის მხარდამჭერების საუბარი იმის შესახებ, რომ ტრამპი “მეგობარ აქტს” ხელს არ მოაწერს”, - აცხადებს ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “ამ ეტაპზე პოლიტიკური ლიდერების დაჭერას არ ველოდები...” / “წულუკიანის კომისიის მუშაობას რამდენიმე მიზანი აქვს: პირველი - ყურადღების გადატანა “მეგობარი აქტიდან” და მეორე - რუსეთისთვის კოჭის გაგორება”.

“ალბათ, გახსოვთ, “ოცნების” პოლიტიკოსები ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამბობდნენ, რომ ახალ ადმინისტრაციასთან დაალაგებდნენ ურთიერთობებს. შემდეგ ამბობდნენ, რომ ყველაფერი მოგვარდებოდა 20 იანვრიდან, როდესაც ტრამპის ადმინისტრაცია ოფიციალურად დაიწყებდა მუშაობას, მერე, დრო კიდევ არის საჭირო, ვიდრე ტრამპი საქართველოსთვის მოიცლისო. ახლაც დროის მოგებას ცდილობენ, რადგან ორი-სამი თვე მაინც არის საჭირო იმისთვის, რომ "მეგობარი აქტის" დოკუმენტმა შესაბამისი პროცედურები გაიაროს და ტრამპის მაგიდაზე აღმოჩნდეს. რა თქმა უნდა, "ოცნებას" ამ დოკუმენტის შინაარსზე საუბარი არ აწყობს. შესაბამისად, იოლი გზა გამონახეს და თქვეს, რა მოხდა მერე, ორპარტიული მხარდაჭერა რომ აქვს, ტრამპი ხელს მაინც არ მოაწერსო. მე ვფიქრობ, მოაწერს. პროცესი დაძრულია და ამას “ოცნება” ვეღარ შეაჩერებს, რაც არ უნდა დრო გაწელოს სხვადასხვა მიზეზით” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

“სხვათა შორის, ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხიც დროში გაწელილი პროცესია. ჯერ კანონი უნდა მიიღონ, მერე საკონსტიტუციო სასამართლოში საჩივარი წავიდეს და ა.შ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, იმ ოთხ ბარიერგადალახულ პარტიას მმართველი გუნდისვე აღიარებული შედეგებით მილიონობით მოქალაქის მხარდაჭერა აქვს. რა გამოდის, ოპოზიციის ლიდერების მოღალატეებად გამოცხადების და მათი პარტიების გაუქმების შემდეგ ამ მილიონამდე ადამიანსაც მოღალატედ გამოაცხადებენ? სრული აბსურდია საუბარი იმის შესახებ, რომ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს არ ერჩიან, ამაზე ბორდის სხდომაც მეტყველებს”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“გამოდის, ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, ვინ იქნება წესიერი ოპოზიცია! “ქართული ოცნების” ლოგიკას თუ გავყვებით, ერთადერთი წესიერი ოპოზიცია “ხალხის ძალაა”, დანარჩენები სულ მტრული ძალები ყოფილან. ყველაფერი ისე მეორდება, როგორც გასულ საუკუნეში - საქმე ტროცკისტების და სხვა პოლიტიკური ჯგუფების პროპაგანდისტული განადგურებით დაიწყეს, რასაც შემდეგ რეპრესიები მოაყოლეს. ზუსტად ამის მინი-სცენარი განმეორდა ბორდის სხდომაზე - ჯერ გააკრიტიკეს განსხვავებული პოზიციის მქონე ჟურნალისტები და ბოლოს თქვეს, პროკურატურამ უნდა გამოიძიოს, თუ ვის სასარგებლოდ მუშაობენო. ახლახან ზუსტად ასეთივე სცენარი განმეორდა პოლიტიკურ ველზე, მდინარაძემაც გააკრიტიკა ოპონენტები და შემდეგ მათი აკრძალვა დააანონსა. არ ვიცი, რამდენად შორს წავლენ, ვნახოთ..”, - ამბობს ანალიტიკოსი.

“ საზოგადოების კი არა, ჩემს განწყობაზე იქონია ძალიან მძიმე გავლენა წულუკიანის დამოკიდებულებამ გენერალ ყურაშვილის მიმართ - ასეთი ტონითა და ჟესტებით საბავშვო ბაღის აღსაზრდელებსაც კი აღარ მიმართავენ! წულუკიანი არ სვამდა კითხვებს, ის ტუქსავდა ამხელა კაცს, აღარაფერს ვამბობ მის სტატუსზე. საბოლოოდ წულუკიანის კომისიის მუშაობას რამდენიმე მიზანი აქვს: პირველი - ყურადღების გადატანა “მეგობარი აქტიდან” და მეორე - რუსეთისთვის კოჭის გაგორება. არ გაგიკვირდეთ, მალე აღმოჩნდეს, რომ ტრამპმა არა, მაგრამ “დიფ სთეითმა” კი ნამდვილად აიძულა სააკაშვილი 2008 წლის აგვისტოში ომი გაეჩაღებინა საკუთარ ტერიტორიაზე. საკანონმდებლო ორგანო რომ საკუთარ ტერიტორიაზე ომის გაჩაღებაში საკუთარ ხელისუფლებას ადანაშაულებს, თუნდაც ყოფილს, ეს ქვეყნის კიდევ ერთი დიდი უბედურებაა. როგორც ჩანს, წულუკიანს კიდევ ერთი განზრახვა აქვს - სააკაშვილთან ერთად პოლიტიკაში გუშინ და გუშინწინ შემოსული ძალებიც მოხარშოს. აკი თქვა კიდეც მდინარაძემ, რომ თურმე 2003 წელს დაწყებული მოღალატეობრივი პოლიტიკა დღემდე გრძელდება. ე.ი. "ქართული ოცნება" აცნობიერებს, რომ შეიძლება მალე ვადამდელი არჩევნების ჩატარება დასჭირდეს და ამ დროისთვის ოპოზიციური ველი მოსუფთავებული თუ არ ექნება, ოპოზიციის პოლიტიკოსები მაინც ეყოლება დისკრედიტებული”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.

“ქართულმა ოცნებამ" ვადამდელი არჩევნები შეიძლება ჩაატაროს იმ შემთხვევაში, თუ ამერიკასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები რუსეთის სასარგებლოდ არ დასრულდება, “ოცნება” იძულებული გახდება ჩაატაროს რიგგარეშე არჩევნები. თუ ყველაფერი რუსეთის სასარგებლოდ გადაწყდება, მაშინ რეპრესიებიც იქნება და ოპოზიციის გაუქმებაც. “ოცნებას” სტრატეგიული ამოცანა არა აქვს, ძირითადად, ტაქტიკური ამოცანების შესრულებით არის დაკავებული. მათთვის ახლა ძალაუფლების შენარჩუნება ყველაზე მნიშვნელოვანია და ამისთვის ყველაფერს გააკეთებენ. დღეს საზოგადოება არ არის მზად ზედმეტად რადიკალური მოქმედებისთვის. როდესაც პოლიტიკურს ეკონომიკური კრიზისი წამოეწევა, სწორედ მაშინ იქნება რადიკალური ნაბიჯების დრო და საშუალება. ამ ეტაპზე დასავლელი პარტნიორების მოქმედებებს უნდა დაველოდოთ და ქვეყანაში საპროტესტო მუხტი შევინარჩუნოთ”, - განმარტავს რესპონდენტი.

“ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი მოდის - 9 აპრილი. 31 მარტის შემდეგ სწორედ ამ თარიღზე უნდა გაკეთდეს აქცენტი, იმიტომ, რომ რუსთაველზე ყოველდღიურად 20 000 ან 30 000 კაცი ვერ შეიკრიბება. მე არ მესმის “ნაციონალების” პრეტენზიები სალომე ზურაბიშვილის მიმართ, თუ რამის თავი აქვთ, გააკეთონ, ვინ უშლის? ვინც ყოველდღე ქუჩაში დგას, ისინი ყველაფრისთვის მზად არიან, მაგრამ საჭიროა ამ ნეიტრალური ნაწილის აყოლიება. არადა, სწორედაც საზოგადოების ნეიტრალური ნაწილია გარიყული ოპოზიციისგან, მათი პროპაგანდა ამ ელექტორატზე არ არის გათვლილი. აი, ამის გამოსწორებაა ძალიან მნიშვნელოვანი”, - მიIჩნევს ანალიტიკოსი და შეკითხვაზე - “როგორ წარმოგიდგენიათ, რა გავლენას იქონიებს ოპოზიციონერი ლიდერების ბრძოლისუნარიანობაზე მათ წინააღმდეგ დაანონსებული სამართლებრივი დევნა?” - პასუხობს:

“ამ შემთხვევაში საქმე ეხება ნერვების ომს. მე როგორც ვაკვირდები მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძესა და არც სხვებს სულ არ ეშინიათ დაჭერის. შესაბამისად, არც ის მგონია, რომ “ქართული ოცნების” ამ სტრატეგიამ გაამართლოს. ხომ ხედავთ, ბოლო დროს სტრატეგია შეცვალეს, აქციის დარბევებიდან და აქტივისტების დაჭერებიდან ლიდერების სამართლებრივი დევნის მუქარაზე გადავიდნენ და თან რეაქციებს აკვირდებიან. მმართველმა გუნდმა ჯერ ვერ გამონახა საშუალება, რომლითაც ამ განგრძობით აქციებს დაასრულებს. 50 ახალგაზრდა ჰყავთ ციხეში, მაგრამ ხომ ხედავთ, რა მაგრად დგანან! ამ ეტაპზე პოლიტიკური ლიდერების დაჭერას არ ველოდები, მგონი, ეს თემა დასატრიალებლად და დროის გასაყვანად უფრო სჭირდებათ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ პროცესის ასეთ რეჟიმში გაგრძელების შემთხვევაში ლიდერების დაპატიმრებებიც დაიწყოს. ამისთვის მზად უნდა იყვნენ ოპოზიციონერი ლიდერები...”

სისხლისმღვრელი ბრძოლები რუსეთის კიდევ ერთ ოლქში - გახდება თუ არა ბელგოროდი “მეორე კურსკი”

ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ჯერჯერობით წარუმატებელი მოლაპარაკებების ფონზე, უკრაინის არმიამ ბელგოროდის რეგიონში საკონტროლო ტერიტორია გააფართოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალებმა რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში 3-4 კილომეტრით წინ წაიწიეს. ანალიტიკოსების შეფასებით, ამ ოპერაციას როგორ სამხედრო, ასევე პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. თუმცა ფიქრობენ, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელთა შეტევა არ იქნება ისეთივე წარმატებული, როგორც გასული წლის ზაფხულის შეტევა კურსკის ოლქზე. “უკრაინელების ძირითადი მიზანი მაინც არის რუსული ძალების ყურადღების გადატანა კურსკისა და პოკროვსკის მიმართულებებიდან”, - განაცხადა გენშტაბის ყოფილმა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია კი ვარაუდობს, რომ უკრაინა კურსკის ოპერაციის ანალოგს ბელგოროდის მიმართულებაზე ვერ განახორციელებს”, წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით სისხლისმღვრელი ბრძოლები რუსეთის კიდევ ერთ ოლქში - გახდება თუ არა ბელგოროდი “მეორე კურსკი”.

“უკრაინის არმიის სარდლობა ამ მოვლენებზე ოფიციალური განცხადებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი განაცხადა, რომ უკრაინის არმიამ “გარკვეული ნაბიჯები” გადადგა კურსკის ოლქის გარეთ უკრაინის პოზიციებზე ზეწოლის შესამცირებლად. რუსული სამხედრო ბლოგი “რიბარი”, რომელსაც 1.3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს, იტყობინება სასტიკი ბრძოლების შესახებ ბელგოროდის ოლქის სოფელ პოპოვკაში, სადაც ორივე მხარე აქტიურად იყენებს საბრძოლო დრონებს. ვახტანგ კაპანაძის შეფასებით, უკრაინის მიერ ბელგოროდში განხორციელებულ ოპერაციას შესაძლოა სამი მიზანი ჰქონდეს, მათ შორის პოლიტიკურიც. ვახტანგ მაისაიას კი ეეჭვება, რომ უკრაინამ მოახერხოს კურსკის ვარიანტის გამეორება”, - აღნიშნავს გამოცემა.

“უკრაინელების ძირითადი მიზანი მაინც არის რუსული ძალების ყურადღების გადატანა კურსკისა და პოკროვსკის მიმართულებებიდან. მეორე ისაა, რომ საომარი მოქმებები რუსულ ტერიტორიებზე გადაიტანონ და უკრაინის საზღვრებიდან მოშორებით გარკვეული ბუფერული ზონა შეიქმნას; და მესამე ეს არის პოლიტიკური მიზანი - პუტინი რომ გამოდის და იძახის - რუსული ჯარები წინ მიიწევს და წარმატებულ საომარ მოქმედებებს ვაწარმოებთო, ასე არაა და ამის დანახება უნდათ უკრაინელებს მსოფლიოსთვის”, - დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ კაპანაძე.

“სავარაუდოდ, უკრაინას იგივე მისია აქვს, რაც კურსკთან დაკავშირებით ჰქონდა. თუმცა არ მგონია ბელგოროდში კურსკის ვარიანტი გაიმეორონ, რადგან რუსები ალბათ მომზადებული იქნებიან და უკრაინულ შეიარაღებულ ძალებს უფლებას არ მისცემენ კურსკის ოპერაცია გაიმეორონ. ასე რომ, მე ეჭვი მეპარება უკრაინელებმა მიზანს მიაღწიონ, ვინაიდან რუსები უფრო მოძლიერებული არიან და ოპერატიულ-სტრატეგიული დაჯგუფება, რომელიც შექმნილი იყო კურსკის გათავისუფლების მიზნით, არსად წასულა და გადასროლილია ბელგოროდის მიმართულებით. რამდენადაც მე ვიცი, რუსებმა გარკვეულ მონაკვეთებზე შეძლეს უკრაინული შეიარაღებული ძალების ბლოკირება. ამიტომ არ მგონია კურსკის ანალოგი ბელგოროდში შეიქმნას, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი სურვილია უკრაინამ ეს მოახერხოს. ამ შემთხვევაში ეს რეალობა უნდა მივიღოთ”, - ამბობს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.

მამუკა არეშიძე - “მრჩება შთაბეჭდილება, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ხაფანგში შეგნებულად გაყო თავი”

“ყოველთვის ვამბობდი, ეს გამოძიება უნდა დაწყებულიყო ადრე, 2012 წლის ნოემბერ-დეკემბერში, და მაშინაც, როდესაც “ქართული ოცნების” პარტიის წევრი ვიყავი, მაგრამ ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. თუმცა არის ერთი ნიუანსი, რომელიც ანგარიშგასაწევია - ზოგიერთ შემთხვევაში სხდომა დახურული უნდა იყოს. ვგულისხმობ 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს, რადგან ისეთ ნიუანსებზე იყო ლაპარაკი ზაზა გოგავას ან ჯანაშვილის გამოკითხვის დროს, უცხო ყურისთვის ამის მოსმენა არ იყო საჭირო. თუ ზოგად შეფასებას მივცემთ ამ ყოველივეს, შეიძლება ფართო საზოგადოებისთვის ან თუნდაც ახალგაზრდა თაობისთვის ეს ფაქტები მოულოდნელი იყო, მაგრამ ჩვენ, ვინც ასე თუ ისე, ჩართული ვიყავით ამ პროცესებში, ყველაფერი კარგად ვიცოდით. ვიცოდით, რომ ეს ცუდად ორგანიზებული პროცესი იყო, რომელიც წამოიწყო საქართველოს ხელისუფლებამ, ვგულისხმობ არა საომარ ვითარებას, არამედ პროპაგანდისტულ პროექტს, რომელიც დაიწყო ასეთი ლოზუნგით: “კოკოითი ფანდარასტ” და ასე შემდეგ, იმდენად გაუაზრებელი იყო, რომ არ იყო საბოლოო შედეგი გათვლილი. ძალიან კარგად იცოდა მაშინდელმა ხელისუფლებამ, რომ ხაფანგი დაუგეს, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ შეგნებულად გაყო თავი”, - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “მრჩება შთაბეჭდილება, რომ მაშინდელმა ხელისუფლებამ ხაფანგში შეგნებულად გაყო თავი”.

“ეს რუსეთის პროვოკაცია იყო. ომი დაიწყო რუსეთმა. პუტინს არც დაუმალავს, რომ ყველაფერი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 2006 წელს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუშვა ძალიან სერიოზული შეცდომა, როდესაც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის აზრით, ეს იყო მათთვის სილის გაწვნა, მათი მეგობარი სერბეთის დაჩაგვრა და კონტრღონისძიებებზე დაიწყო მუშაობა. პუტინმა თქვა კიდეც, რომ აფხაზეთი და ეგრეთ წოდებული სამხრეთი ოსეთი მაშინ იქნა ამორჩეული სამიზნედ. ასე რომ, ისეთი მოულოდნელი არაფერი ყოფილა. 2008 წლის ივლისში სოფელ მსხლებში გახლდით, ჯავის მუნიციპალიტეტში. ვნახე, ჯავის რაიონში რუსები როგორ ემზადებოდნენ მომავალი საომარი მოქმედებისთვის. რომ ჩამოვედი, ყველაფერი ვთქვი და დაიწერა კიდეც გაზეთ “კვირის პალიტრაში”, მაგრამ სერიოზულად არავინ მიიღო. ის, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება მეტ-ნაკლებად საქმის კურსში იყო, რაც შეიძლებოდა მომხდარიყო, ეს ძალიან კარგად ჩანს თუნდაც იმ წერილიდან, რომელიც სააკაშვილმა მედვედევს გაუგზავნა. ქართულ მხარეს რუსულმა მხარემ ხაფანგი დაუგო და ქართულმა მხარემ ეს იცოდა. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცის სურვილი აასრულა საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ. ჩემი ეჭვით, ეს იყო ჯგუფი, რომელსაც ჩვენ შემდგომში ნეოლიბერალებს ვუწოდებდით და რომელშიც მოიაზრებოდნენ პენტაგონის მაშინდელი ხელმძღვანელი, ასევე მაკკეინი და ა.შ.” - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას მამუკა არეშიძე.

“ჩემთვის ომი გაზაფხულიდან დაიწყო, ცხელი ფაზა კი 1-ლი აგვისტოდან. როცა იქ ვიყავი ჩასული, მავთულხლართები და ტრანშეები ვნახე. ქალაქ ჯავაში წყლის მეურნეობის სამმართველოს შენობაში მზადდებოდა სამხედრო შტაბი. ცხინვალში ბუნკერები ითხრებოდა - ეს ჩემი თვალით აღარ მინახავს, მაგრამ გავიგე. ჩემთვის რუსეთის დამატებითი კონტინგენტი შემოვიდა 7 თუ 8 აგვისტოს, თორემ მანამდე რუსეთის ჯარი სამშვიდობოების გარდა სერიოზული წარმომადგენლობით იყო ამ რეგიონში. ჯავის რაიონში მაშინ ვნახე რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის წარმოებული ახალი ბეტეერები, ჯავშანმანქანები. მე თუ ვნახე ყველაფერი, საქართველოს დაზვერვამ ეს არ იცოდა? ნათლად ჩანდა, რომ ერთიანი ხელმძღვანელობა ჩვენს სამხედრო კონტინგენტს არ ჰყავდა - ნაწილი ექვემდებარებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, მეორე - თავდაცვას, ხოლო მესამე ვის, ვერ გაიგებდი”, - განაგრძობს რესპონდენტი.

“თავისმომჭრელი ამბები გახმაურდა, ეს ვიცოდით, უფრო მეტიც ვიცოდით იმ ჟურნალისტებმა, ვინც მაშინ იმ ზონაში მუშაობდა. ვიცოდით, რომ ქართულ სატანკო შენაერთებს და მექანიზებულ ფეხოსნებს განსხვავებული რაციები ჰქონდათ და ტალღების სიხშირე განსხვავებული იყო. ერთმანეთს რომ ვერ უკავშირდებოდნენ, ეგეც ვიცოდით, ასევე განსხვავებული კავშირის სისტემები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს შენაერთებს. ქაოსი იყო, ბრძანებები იცვლებოდა, რუკები მოძველებული იყო. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო პოლიტიკური შეფასება და არა სამართლებრივი. რასაკვირველია, სამართლებრივი საჭირო იყო, კონკრეტული პირები პასუხისგებაში უნდა ყოფილიყვნენ მიცემული, სამხედრო პროკურატურას ამაზე აქამდეც უნდა ეზრუნა. უამრავი მოქალაქე დაგვეღუპა ზუსტად იმიტომ, რომ დროზე არ გამოიყვანეს. ეს იყო საქართველოს ხელისუფლების ძალიან უხეში ქმედება, მერე შეფასებით ნაწილში საერთოდ თავი მოიჭრეს”, - მიიჩნევს ექსპერტი.

“სულში ჩაფურთხებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც იქ ცხოვრობდა, როცა ქვა-ღორღებზე საუბრობენ. მე ამ სოფლებს ვიცნობდი 1989 წლიდან, როცა პირველად შეიქმნა იქ დაძაბულობის კერა. ვიცნობდი იმ ხალხს, უაღრესად კეთილშობილ, წესიერ ადამიანებს. რა ქვა-ღორღი, ფანტასტიკური სახლები და მეურნეობები ჰქონდათ. გავანებოთ სახლებს და მეურნეობებს თავი, გავანებოთ იმასაც თავი, რომ ივანე მაჩაბლის, ჩვენი ერთ-ერთი სასიქადულო ქართველის სახლ-მუზეუმი მიწასთან არის გასწორებული, ადამიანების სიცოცხლეზე იყო ლაპარაკი და როგორ შეიძლება ასეთი ტიპის შეფასება... ცხინვალში შესვლა შეცდომა იყო თუ არა ამაზე პასუხს არ გაგცემთ იმიტომ, რომ ეს ყველაფერი თანმხვედრი მოვლენებია. ოპერაციის დაწყება იყო თუ არა შეცდომა, აი, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. მე ამ შემთხვევაში ლაპარაკი მაქვს არა უშუალოდ სამხედრო ოპერაციაზე, თუ როგორი შეუთანხმებლობა იყო, რამხელა დანაკარგი ვნახეთ და როგორ გაწირეს თავი ოფიცრებმაც და ბიჭებმაც... ეს პროცესი, რომელიც წამოიწყო მაშინდელმა ხელისუფლებამ, რამაც მოგვიყვანა აქამდე, ტრაგედია იყო. ამაზე უნდა აგონ პასუხი. მთელი ის ღონისძიება, რომელიც დაიწყო მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მოსვლის პირველი დღეებიდან, ორიენტირებული იყო ე.წ. სამხრეთ ოსეთში სიტუაციის შეცვლაზე, რაც გულისხმობდა იქ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებული ტერიტორიების მიწებებას ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისთვის, ასევე აფხაზეთის შემთხვევაში, ზემო აფხაზეთის, ზემო კოდორის ხეობის, შეცდომა იყო. მთელი ეს პროცესი იყო უტვინო, პლუს, კონკრეტული ძალების მიერ, ხელწაკრული ჩვენი ქვეყნის გარედან”, - დაასკვნის მამუკა არეშიძე და შეკითხვაზე - “თქვენც ფიქრობთ, რომ ზოგიერთი სხდომა დახურული უნდა იყოს?” - პასუხობს:

“რაღაც ნაწილი მაინც. ვინ შევიდა ცხინვალის რეგიონში, ეს და სხვა დეტალების გამოტანა არ არის საჭირო. არ უნდა დაავიწყდეს ვინმეს, რომ 56-ე არმიის სარდლობა დაჭრილი გაიქცა ბრძოლის ველიდან. მე ვიცი, იქ ვინ მონაწილეობდა ქართული მხრიდან ოპერაციაში, ბრწყინვალედ ჩაატარეს ის მინიოპერაცია და გაანადგურეს კოლონა, რომელშიც იმყოფებოდა რუსეთის სამხედრო კორესპონდენტი და მან ზუსტად აღწერა მთელი სიტუაცია - სარდლის დაჭრისა და კოლონის განადგურების ამბავიც. თვითონაც უამრავი შეცდომა დაუშვეს რუსებმა. უბრალოდ, დიდი იყო მათი შეიარაღების, კონტინგენტის რაოდენობისა და ტექნიკის უპირატესობა. ბოლოს და ბოლოს, თავისი თვითმფრინავი ჩამოაგდეს, ქართველებს მისცეს საშუალება, რომ ოთხი თვითმფრინავი ჩამოეგდოთ. არ მინდა დასახელდეს ვიღაცების გვარები, არ არის ეს საჭირო, თორემ ეს პროცესი აუცილებელია. ამიტომ კარგი იქნება, თუ ზოგიერთი სხდომა დაიხურება. როდესაც 2013-14 წლებში მე და კიდევ ბევრი ვინმე ვითხოვდით, რომ ამ ტიპის კომისიები შექმნილიყო, პოლიტიკური შეფასება მიგვეცა, ზუსტად ეს პოლიტიკური მიზანი გვქონდა. ახლაც პოლიტიკური მიზნისთვის არის ეს ყველაფერი, უბრალოდ, დაგვიანებულია, მაგრამ იყოს. მინდა დასკვნის მთავარი შინაარსი ასეთი იყოს - ჩვენ შეცდომა დავუშვით და რუსეთი შემოიჭრა, მოახდინა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია და რა თქმა უნდა, ის ოკუპანტია! არც ერთ სხვა პოლიტიკურ ჯგუფს აღარ უნდა დაემართოს იგივე, ხაფანგში თავი აღარ უნდა გავყოთ!”

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ