ბორჯღალოსნები 2025 წლის ზაფხულის ტესტ-მატჩების პირველ თამაშში, რომელიც 5 ივლისს გაიმართება, ირლანდიას [„სამყურებს“] დაუპირისპირდებიან.
ტიერ 1-ის მესამე გუნდს (შოტლანდიის და იტალიის შემდეგ), რომელიც საქართველოში ჩამოვა, ბორჯღალოსნები მიხეილ მესხის სტადიონზე, 21:00 საათზე შეერკინებიან.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რაგბის კავშირი ავრცელებს.
მათი ცნობით, ზაფხულში რიჩარდ ქოქრილის შეგირდებს, ორი უმაღლესი დონის ტესტ-მატჩი ელით. ირლანდიელებთან დაპირისპირების შემდეგ, ისინი სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრებიან და 12 ივლისს ბლუმფონტეინში ადგილობრივ ფრენჩაიზ „ტოიოტა ჩიტასს“ ეთამაშებიან, 19-ში კი ნელსპრუიტში, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის, სამხრეთ აფრიკის წინაშე „მბომბელას“ სტადიონზე წარდგებიან.
მათივე ინფორმაციით, ბორჯღალოსნებს ირლანდიელებთან, აქამდე 5-ჯერ უთამაშიათ და მეტოქე სრულ უპირატესობას ფლობს. ბორჯღალოსნები „სამყურებს“ პირველად 1998 წელს, 1999 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე დაუპირისპირდნენ და მეტოქემ დუბლინში 70:0 იმარჯვა. 4 წლის შემდეგ ირლანდიამ კვლავ დუბლინში, მსოფლიო თასის შესარჩევ მატჩში 63:14 მოიგო. 2007 წლის მსოფლიო თასზე მეტოქესთან ბორჯღალოსნებმა საუკეთესო შედეგი დააფიქსირეს. ირლანდიელებმა 14:10 მოიგეს და ამ შეხვედრაში საქართველომ მსოფლიო თასზე პირველი (ნუგეშ) - ქულა მოიპოვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მას შემდეგ, ირლანდიას, დუბლინში კიდევ ორჯერ ეთამაშა. 2014 წელს მასპინძლებმა ტესტ-მატჩში 49:7 გაიმარჯვეს, 2020 წელს კი 23:10 მოიგეს.
„ირლანდიასთან ტესტის ოფიციალურად დადასტურება ძალიან კარგი სიახლეა. წელს საუკეთესო ზაფხულის ტესტები გველის - 2 ყველაზე ძლიერ გუნდთან, რაც სარაგბო ერების განვითარებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს“, - განაცხადა რიჩარდ ქოქრილმა.
მათივე ცნობით, ირლანდია ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებულია. ბოლო ორი ტიტული მან 2023 და 2024 წლებში აღმართა, წელს კი პირველობა საფრანგეთს დაუთმო. მიუხედავად ამისა, მსოფლიო რეიტინგში ის ევროპულ გუნდებს შორის საუკეთესო, მესამე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე სამხრეთ აფრიკაა, მეორეზე კი ახალი ზელანდია.
რაგბის კავშირის ინფორმაციით, რაგბის მოყვარულებისთვის ორგანიზატორებმა დაგეგმეს განსაკუთრებული ფანზონა მიხეილ მესხის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ დატკბნენ სხვადასხვა გასართობი აქტივობებით, დააგემოვნონ გემრიელი საჭმელი და სასმელი, ასევე შეიძინონ საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების ოფიციალური ატრიბუტიკა.