სამყაროში რეგიონული და გლობალური რყევებია, „ქართული ოცნების” მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი კი ყოველთვის იყო მშვიდობა და სტაბილურობა და ამ დროს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ორი უფროსი, რომლებიც ჯამურად 12 წლით არიან პარლამენტის მიერ არჩეული, 8 თვის განმავლობაში გაუშვა ბიძინა ივანიშვილმა, - ამის შესახებ პარტია „ფედერალისტების” ერთ-ერთმა ლიდერმა, თენგო კირთაძემ „პალიტრანიუსის” გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში” მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
კირთაძის შეფასებით, „ქართული ოცნების” ნარატივი სტაბილურობაზე გადის, თუმცა თავისივე წიაღში არასტაბილურობის უამრავ მაგალითს აჩვენებს.
„თუ რამე აჩვენებს რეჟიმის შიგნით არასტაბილურობას, ასეთი საკადრო გადაადგილებები აჩვენებს ყველაზე ნათლად. ეს არის სწორედ ის პროცესი, რაც პოლიტიკური ანალიზის მიღმა არის, დიდი სიბრძნე არ სჭირდება და „ქართული ოცნების” რიგითი წარმომადგენლისთვისაც ძალიან ცხადია, თუ რამხელა კრიზისს გადის ივანიშვილის რეჟიმი შიგნიდან.
სამყაროში რეგიონული და გლობალური რყევებია, „ქართული ოცნების” მთავარი პროპაგანდისტული გზავნილი კი ყოველთვის იყო მშვიდობა და სტაბილურობა და ამ დროს ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის ორი უფროსი, რომლებიც ჯამურად 12 წლით არიან პარლამენტის მიერ არჩეული, 8 თვის განმავლობაში გაუშვა ბიძინა ივანიშვილმა.
რეჟიმი, რომლის მთავარი ნარატივი არის სტაბილურობა, თავისივე წიაღში საშინელ არასტაბილურობას აჩვენებს, დევნის თავისიანებს, იჭერს, ხსნის და ა.შ.” - განაცხადა კირთაძემ.
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა პარტიების გაუქმებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ასაკრძალ პარტიათა სიაში „ფედერალისტების” დამატებით, ბიძინა ივანიშვილი პროცესს ახანგრძლივებს, რადგან პარტიების გაუქმების საფრთხე დასავლეთთან სავაჭროდ სჭირდება.
„ოქტომბერში პაპუაშვილი ამბობდა, არ ვკრძალავთ „ფედერალისტებს”, მათ ასეთი დიდი გავლენა არ აქვთ პოლიტიკაშიო. შვიდი თვის თავზე ჩვენი არსებითი გავლენის ზრდა პოლიტიკაში ამ ქმედებით ირიბად აღიარეს, თუმცა ჩვენთვის ეს არაფერს არ ცვლის.
ეს ქმედება არის რეჟიმის სისუსტის კიდევ ერთი გამოვლინება. ცხრა თვიანი პროცესია, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ უნდა მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება, ვხედავთ, რომ მეშვიდე თვეა დაწყებული პირველ სარჩელთან დაკავშირებით. ამასობაში არანაირი ნაბიჯი საკონსტიტუციო სასამართლოს არ გადაუდგამს, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური გადაწყვეტილება არ ჰქონდა მიღებული და საკონსტიტუციო ელოდებოდა. რადგანაც ეს ვადა გადის და მას სავაჭროდ სჭირდება პარტიებზე დამოკლეს მახვილივით ჩამოკიდებული საფრთხე პოლიტიკურ ასპარეზზე, ვადის გახანგრძლივების მიზნით გააკეთა, რომ აი, თუ რამე, მე ამათ გავაუქმებ, მოდი ჩემთან ივაჭრე… ბევრი რამ სჭირდება დასავლეთთან სავაჭროდ - პოლიტიკური პატიმრები, პარტიების აკრძალვა, ეკონომიკური მაქინაციები, ჩინეთის როლის გაძლიერება - ქვეყნის ხვალინდელი დღით ვაჭრობს პირადი კეთილდღეობისა და ძალაუფლების შენარჩუნებისთვის”, - განაცხადა თენგო კირთაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.