ლელა ჯეჯელავა - არ შეიძლება, წინდებივით იცვლებოდნენ სუს-ის უფროსები, ეს ნიშნავს, რომ არ არის გააზრებული ამ ინსტიტუციის მნიშვნელობა - მდინარაძის სუს-დან გაყვანა, ალიევთან შეხვედრის კადრები აჩვენებს, რომ ივანიშვილი უახლოვდება კობახიძეს

არ შეიძლება, რომ წინდებივით იცვლებოდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსები. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ არის გააზრებული ამ სახელმწიფო ინსტიტუციის მნიშვნელობა - ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირები ამთავრებენ ბოლოს ციხით, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას, ანალიტიკოსმა ლელა ჯეჯელავამ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მისი შეფასებით, ამ ქვეყანაში, ვიცე -პრემიერის თანამდებობა პოლიტიკური პენსიის ტოლფასი გახდა.

„ის, რომ სახელმწიფო მინისტრი გახლავთ უპორტფელო მინისტრი, არახალია და უპორტფელო მინისტრის პოლიტიკური წონა და სუს-ის უფროსის მმართველის წონა რომ ერთმანეთისგან პოლიტიკურად განსხვავებულია, ამაზე, ალბათ, ბევრი საუბარი არ გვჭირდება. მე რამდენადაც მახსოვს, გრიგოლ ლილუაშვილის გათავისუფლების შემდეგაც იქმნებოდა რაღაც ახალი სამინისტრო. ასევე მოხდა წარდგინების დროსაც, როდესაც შეიცვალა ლილუაშვილი და გვითხრეს, რომ ის ამ სამინისტროს უხელმძღვანელებდა. მაგრამ მერე ვნახეთ, რომ არც ეს ახალი სამინისტრო შეიქმნა და ლილუაშვილის ბედიც როგორ გადაწყდა… თუ მდინარაძის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულია, რომ სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა შეიქმნას, ალბათ, პარლამენტი წინააღმდეგი არ წავა, მაგრამ ამით დღის წესრიგში დგას სრულიად სხვა პრობლემა. კარგად ვხედავთ, რა დამოკიდებულება არსებობს სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. არ შეიძლება, რომ წინდებივით იცვლებოდნენ უსაფრთხოების სამსახურის უფროსები. ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ არის გააზრებული ამ სახელმწიფო ინსტიტუციის მნიშვნელობა, მისი ფუნქცია. მე ამაში ვხედავ ყველაზე დიდ პრობლემას. კონკრეტულად ამ უწყების და საერთოდ, ყველა ძალოვანი უწყების მნიშვნელობა სახელმწიფოსთვის ძალიან ცუდადაა გააზრებული ან მიზანმიმართულად კეთდება ეს ყველაფერი.

ძალიან ხშირად მიფიქრია თუ როგორ მოხდა ის, რომ პრემიერ-მინისტრი ზის ციხეში, სხვა პრემიერ-მინისტრი სამშობლოს ღალატისთვის დევნილობაში იმყოფებოდა. უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, მისი მოადგილე, თავდაცვის მინისტრი, არაერთი, ყველანი სხედან ციხეში. როგორ მოხდა? აღარაფერს ვსაუბრობ, რომ წინა ხელისუფლების პრეზიდენტიც ციხეში ზის. ასევე, ბოლოს რაც ვნახეთ, ჩემთვის შემზარავი კადრები იყო, პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრისას. ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც მე და ჩემნაირ ადამიანებს ემუქრება ციხით, თუ პრემიერ-მინისტრად არ მოვიხსენიებთ, ნაცემი ბავშვის აჩრდილივით მიჰყვებოდა უკან ივანიშვილს. ეს არის ის, რომ ადამიანების ცნობიერებაში ასე ნელ-ნელა ამოიძირკვოს ნდობა სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ და სახელმწიფოებრივი აზროვნების სრული დევალვაცია მოხდეს. ეს არის ამ ყველაფრის მიზანი. ეს არის პოლიტიკური ფსიქოლოგიური საინფორმაციო დივერსიის ნაწილი, როგორიც იყო ქართველ კაცებთან დაკავშირებული გათხოვების და ომის თემა. ამ ყველაფრის მიზანია გაჩნდეს ნდობა გაურკვეველი თანამდებობის, რომ ნებისმიერ ადამიანს, ვისაც ფული აქვს, შეუძლია, რომ ჩაანაცვლოს სახელმწიფო, ეს არის ყველაზე საშიში აქ. მეჩვენება, რომ ვიცე -პრემიერის თანამდებობა პოლიტიკური პენსიის ტოლფასი გახდა ამ ქვეყანაში.

მამუკა მდინარაძე იქ არის ძალიან დროებითი. იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ მოესწრება ამ სამინისტროს შექმნა, დაკომპლექტება. სუს-ის უფროსს ისედაც აქვს გავლენები დანარჩენ უწყებებზე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ამ უმნიშვნელოვანესი თანამდებობის პირები ამთავრებენ ბოლოს ციხით.

მე არ ვიცი, მამუკა მდინარაძის მომავალი როგორი იქნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი გადაყვანით უახლოვდება კობახიძეს, იმიტომ, რომ კობახიძის ცვლილებაც დადგება დღის წესრიგში. ჩვენ რომ ამაზე ვმსჯელობთ, ამან შეიძლება ივანიშვილს გადაავადებინოს ეს პროცესი. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის, რომ მამუკა მდინარაძე, რომელიც არის კობახიძის კადრი, ჩამოშორდა ამ მნიშვნელოვანი უწყების მართვას და მეორე, საინტერესოა, როცა ალიევთან შეხვედრის კადრები ნახა მთელმა მსოფლიომ, როგორ გგონიათ, გამოჩნდება ვინმე ლიდერი, რომელიც კობახიძეს დაელაპარაკება? რა დღეში ჩააგდო ამ კადრებით ბიძინა ივანიშვილმა ქართული სახელმწიფო?!

ჩემი აზრით, სრულიად აცდენილია ლოგიკას ჩვენ ვისაუბროთ, რომ ერთი უწყებიდან მეორეში გადაყვანა და ეს სახელისუფლებო კარუსელი მიმართულია იქითკენ, რომ რაიმე სახელმწიფოში შეიცვალოს. ეს უკავშირდება მხოლოდ ერთი ადამიანის ხედვას, თავისი ძალაუფლება როგორ გაიხანგრძლივოს, მაგრამ ამავდროულად, როგორ გააკეთოს ეს ისე, რომ თავისი როლი უფრო გაზარდოს და სახელმწიფო ინსტიტუტები დააკნინოს“, - განაცხადა ჯეჯელავამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
ათობით სტიპენდიატი და გაცემული 85 000 ლარი - NMG ახალგაზრდების მხარდამჭერი
„სილქნეტი“ აგრძელებს პრო­ექ­ტის „მსა­ხი­ო­ბე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რის­თვის“ მხარდაჭერას
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება